ბს-33-10-გ-05 18 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა მ. ფ-ის, ვ. ს-ისა და სხვათა სარჩელის განსჯადობის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 25 ივნისს მ. ფ-მა, ვ. ს-ემ, დ. ვ-მა, მ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა “ჯ-ას”, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის, შპს “თ-ის”, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტისა და მთავარი არქმშენინსპექციის მიმართ და მოითხოვეს შპს ინდბინათმშენებლობას “ჯ-ას” აკრძალვოდა მრავალბინიანი-მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რადგან აღნიშნული მათ პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ფიზიკური პირების _ მ. ფ-ის, დ. ვ-ის, ვ. ს-ისა და მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების, ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ჯ-ას” და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიმართ, მესამე პირები _ საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი და ქ. თბილისის არქმშენინსპექცია, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს _ ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ჯ-ას” დაეკისრა მისივე სახსრებით განხორციელებული, მშენებლობისათვის კანონით დადგენილი ნებართვებისა და შეთანხმებების გარეშე, პროექტის დარღვევით ქ. თბილისში, ..... აშენებული დაუმთავრებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მთლიანი დანგრევა (დემონტაჟი). მოსარჩელეების მეორე მოთხოვნას სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ჯ-ას” თავმჯდომარე მ. ხ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომელიც ქ. თბილისში, ...... აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დანგრევას ეხებოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით აღნიშნული დავა განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცა იმ მოტივით, რომ, რამდენადაც მოცემული საქმის მასალები კერძო სამართლის სუბიექტები იყვნენ, ხოლო დავა თავისი ხასიათით სამოქალაქო ბუნების იყო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 დეკემბრის განჩინებით ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ჯ-ას” სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაეგზავნა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში დადგინდა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისში, ... უნებართვოდ აშენებული მრავალბინიანი სახლის დანგრევა, ანუ აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნებოდა მშენებლობის უნებართვოდ წარმოებასა და “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონს, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ამ კანონის მეორე თავის მე-3 მუხლის და მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “თ” ქვეპუნქტს ეფუძნებოდა და შესაბამისად, დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას უნდა განეხილა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული განჩინებით ზემდგომ სასამართლოს გადაუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პლატის საოქმო განჩინებისა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელციო პალატის განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმშენებლონის ამხანაგობა “ჯ-ას” სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო მე-2 ნაწილით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს:
a) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
b) ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ იმისათვის, რათა დავა მიჩნეულ იქნეს ადინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად, ერთობლიობაში უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები: საქმეში მხარეს, ანუ მოსარჩელეს ან მოპასუხეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო დავის საგანს _ ზემომითითებული მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამართალურთიერთობები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს. მხოლოდ ამ პირობის არსებობა კერძო სამართლის პირებს შორის მიმდინარე დავაში არ შეიძლება დაედოს საფუძვლად ამ კონკრეტული საქმის ადმინისტრაციულ დავად გადაქცევას. საქმეში არც მესამე პირის სტატუსით ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ცვლის დავის არსს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, თუ მოცემულ დავაში მოთხოვნილი იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელება ან მისთვის აქტის მიღების დავალდებულება, დავა ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა კატეგორიის იქნებოდა, მაგრამ აღნიშნული კერძო სამართლის სუბიექტებს შორის დავაა, რომელიც თავისი ხასიათით არის სამოქალაქო ბუნების და სსკ-ის მე-11 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იქნეს განხილული.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული სადავო ურთიერთობა სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობათა რიგს განეკუთვნება და ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ჯ-ას” თავმჯდომარე მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 26-ე მუხლებით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ჯ-ას” თავმჯდომარე მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. განჩინების ასლები მხარეებს გადაეგზავნოთ დადგენილი წესით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.