Facebook Twitter

საქმე №ას-304-2023 28 აპრილი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე.ნ.მ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მოპასუხე ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე.ნ.მ–ის“ (შემდგომ - ააიპ, მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ. სამტრედიაში, ......... მდებარე 482.80 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ .......) მეორე სართულზე მდებარე 155.2 კვ.მ ფართი და დაუბრუნდა მერიას. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა; კანონიერ ძალაში შეუსვლელი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ამავე გადაწყვეტილების სრულად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს კანონიერ ძალაში შეუსვლელი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ამავე გადაწყვეტილების სრულად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების თაობაზე განცხადება მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/186-21) დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაუბრუნდა 2022 წლის 2 დეკემბერს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 25 ლარი.

5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაკი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ უთითებდა ამავე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გასაჩივრების წესსა და ვადაზე, მოთხოვნა სამოქალაქო სააპროცესო კოდექსის 375.2 მუხლის შესაბამისად უნდა განხილულიყო. შესაბამისად, პალატამ აპელანტს კერძო საჩივრისათის გადახდილი 25 ლარი დაუბრუნა.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაკი დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა იყო, ვლინდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

7. გარდა ზემოაღნიშნული საფუძველისა, პალატამ მიუთითა, რომ აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია, წარმოდგენილ იქნეს სსსკ-ის 375.2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი გარანტია, რაც განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელს არ წარუდგენია.

8. საყურადღებოა, რომ მოპასუხე საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელესთან კანონით დადგენილი წესით უძრავი ქონების სარგებლობასთან დაკავშირებით სარჩელში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობას. შესაბამისად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების თაობაზე განცხადება დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შუამდგომლობის ავტორმა წარადგინა რა აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა, არ წარადგინა სსსკ-ის 375.2 მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიები. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს ზემოაღნიშნული ნორმა არ უნდა გამოეყენებინა, რამდენადაც აპელანტმა მიუთითა, რომ დაუყოვნებლი აღსასულებლად მიქცევის საკითხი კერძო საჩივრით საჩივრდება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 418.2 მუხლი, რომელიც არ ითხოვს გარანტიების წარდგენას. ამასთან, სასამართლომ ისე გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი, რომ მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, მოეთხოვა ვადა უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების წარდგენისათვის.

11. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს ჩანაწერს დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების კერძო საჩივრით გასაჩივრების თაობაზე, თუმცა კანონით გარანტირებული ამ უფლების გამოყენება არ არის დამოკიდებული სასამართლოსა თუ გადაწყვეტილების შინაარსზე. ამის გამო სასამართლოს არ უნდა შეეცვალა შუამდგომლობის განხილვის წესი. თუკი პალატას ასე მნიშვნელოვნად მიაჩნდა გასაჩივრების წესის შესახებ ჩანაწერის არარსებობა, მას სსსკ-ის 418.2 მუხლით უნდა განეხილა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების საკითხი, ხოლო ამავე კოდექსის 375.2 მუხლით დადგენილი წესით განეხილა - ყველა ის საკითხი, რომელიც ასევე მიქცეულ იყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და რომელთა შეჩერების საკითხს აყენებდა აპელანტი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება.

15. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობებს შეეხება სსსკ-ის 268-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილებები.

16. სსსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე - აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 270-ე მუხლი წაგებულ მხარეს აღჭურავს უფლებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე წარადგინოს კერძო საჩივარი და ამ გზით შეეცადოს სადავო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას (შდრ: სუსგ № ას-393-2021, 24 მაისი, 2021 წ.; №ას-756-2021, 14 სექტემბერი, 2021 წელი).

17. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ საპროცესო კანონმდებლობით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისათვის განსაზღვრული ზემოხსენებული ორივე პროცესუალურ სამართლებრივი ბერკეტით ისარგებლა, კერძოდ, წარდგენილი სააპელაციო საჩივართან ერთად მან იშუამდგომლა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, ამასთან, მოპასუხემ სსსკ-ის 270-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრიც წარადგინა.

18. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა სსსკ-ის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის ფარგლებში განიხილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებაზე უარის მოტივად მიუთითა, რომ რაკი დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა იყო, ვლინდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტების გამოყენების წინაპირობა და აპელანტმა ვერ წარადგინა აღსრულების შეჩერების თაობაზე დასაბუთებული არგუმენტები.

19. კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებული მთავარი არგუმენტი ისაა, რომ სასამართლომ მისი შუამდგომლობა ნორმით გათვალისწინებული გარანტიის წარუდგენლობის გამო არ დააკმაყოფილა მაშინ, როდესაც თუკი მოთხოვნას, როგორც კერძო საჩივარს განიხილავდა, სსსკ-ის 418.2 მუხლიდან გამომდინარე ამგვარი გარანტიის წარუდგენლობა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება ვერ გახდებოდა.

20. საკასაციო პალატა, უპირველესად მიუთითებს, რომ, როგორც აღინიშნა, შუამდგომლობის უარყოფის მიზეზი მისი დაუსაბუთებლობა გახდა და არა - გარანტიის წარუდგენლობა. ეს უკანასკნელი პალატამ დამატებით არგუმენტად დაასახელა. ამასთან, სააპელაციო პალატას შუამდგომლობის განხილვის ვალდებულება ჰქონდა, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, მოპასუხემ სსსკ-ის 375.2 მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა წარადგინა. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ შუამდგომლობის განხილვა, კერძო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი არ არის და იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ, მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენის უფლების მიუთითებლობისა, მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გარანტირებული ეს უფლება არ დაუკარგავს და სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით უნდა განიხილოს (იხ. საქმე №ას-923-889-2016, 26 დეკემბერი, 2016 წელი).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს მოპასუხისათვის კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე.ნ.მ–ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე.ნ.მ–ისათვის“ კერძო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში (განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი);

3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე