საქმე №ას-14-2023 27 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.ლ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს.კ.რ..“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ლ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს.კ.რ..-ის“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ და მოითხოვა, 2019 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების - 7023.12 ლარისა და ამ თანხაზე დაყოვნების პირგასამტეხლოს ყოველთვიურად 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრება 2019 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო 2013 წლიდან. 2019 წლის 2 სექტემბრიდან მასთან შეწყდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.
3. დასაქმებულს არ ჩაერიცხა 2019 წლის აგვისტოს ფაქტობრივად ნამუშევარი ხელფასი - ჯამურად 7023.12 ლარი, რაც დამსაქმებელს უნდა დაეკისროს.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს მიღებული შრომის ანაზღაურება. მან პირადი გადაწყვეტილებით დატოვა მოპასუხე კომპანია, რის თაობაზეც დამსაქმებლისათვის წინასწარ არ უცნობებია.
5. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიური დაუბეგრავი 5000 ლარი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2019 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების დარიცხული 6647.76 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე, 6647.76 ლარზე დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0.07%, 10.09.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, დამსაქმებლის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დასაქმებულის (მოსარჩელის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს, თუმცა აღნიშნული დანაწესი იმგვარად არ უნდა განიმარტოს, რომ დასაქმებული სრულიად გათავისუფლებულია მტკიცების ტვირთისგან. დასაქმებულმა, როგორც მოსარჩელემ, თავისი პოზიციის გასამყარებლად უნდა მიუთითოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და წარმოადგინოს მტკიცებულებები, რაც მტკიცების ტვირთის მინიმალური სტანდარტის გადალახვისა და მტკიცების მოპასუხეზე შებრუნების შესაძლებლობას წარმოშობს.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა 2019 წლის 2 სექტემბერს შეწყვიტა, თუმცა ამ უკანასკნელს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დასაქმებულმა აცნობა დამსაქმებელს და ურთიერთობა სწორედ 2019 წლის 2 სექტემბერს შეწყდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების პროცესში მოსარჩელეს არ დაუყენებია შუამდგომლობა, რომ სასამართლოს დაევალებინა მოპასუხისთვის, წარედგინა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელეს ასეთი ხელთ არ გააჩნდა.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ითხოვს 2019 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას და სარჩელი წარმოდგენილია 2021 წლის 23 ივლისს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან ფაქტობრივად ორი წლის შემდეგ. საქმეში არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელემ ერთხელ მაინც მიმართა დამსაქმებელს დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ მოსარჩელემ 2021 წლის 23 ივლისამდე რაიმე სახით დააფიქსირა სახელფასო დავალიანების თაობაზე პრეტენზია, თუნდაც მაშინ, როდესაც საპენსიო დანაზოგი უკან დაუბრუნდა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს მისი მტკიცების ტვირთის მინიმალური სტანდარტის ფარგლებშიც არ დაუდასტურებია ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის აგვისტოში კვლავ მოპასუხე კომპანიის თანამშრომელს წარმოადგენდა, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 2 სექტემბერს, რისი გათვალისწინებითაც, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. კასატორის მითითებით, დაუშვებელია მტკიცების ტვირთის მოსარჩელისათვის გადაკისრება, როცა საკითხი მოპასუხის მტკიცებადია და შესაძლებლობაც, უპირატესად მას აქვს. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოპასუხე კომპანიაში გაიგზავნა დასაქმებულთან დაკავშირებული სამსახურში არსებული ინფორმაციის გამოთხოვისა და ვალდებულების შესრულების მოთხოვნის შესახებ წერილობითი განცხადება. აღნიშნული შუამდგომლობა დაყენებულ იქნა სარჩელშიც. 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, საქალაქო სასამართლომ მოპასუხე კომპანიას დაავალა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მტკიცებულებების წარმოდგენა, შესაბამისად, მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების პროცესში მოსარჩელეს არ დაუყენებია შუამდგომლობა, სასამართლოს დავალებით მოპასუხეს წარედგინა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაუსაბუთებელია და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება. ამასთან, ის გარემოება, რომ ხელშეკრულება 2019 წლის 2 სექტემბერს შეწყდა, მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 41-ე (2. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. 4. დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 44-ე (დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება მისი შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა მისი ინიციატივით 2019 წლის 2 სექტემბრიდან შეწყდა, თუმცა არ აუნაზღაურდა 2019 წლის აგვისტოს ფაქტობრივად ნამუშევარი ხელფასი (სულ - 7023.12 ლარი), რაც დამსაქმებელს უნდა დაეკისროს.
19. დამსაქმებელმა სადავოდ გახადა სახელფასო დავალიანების არსებობა და მის მიერ სახელფასო ვალდებულების სრულად ანაზღაურებაზე მიუთითა.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ მოცემულობაში კი, გასათვალისწინებელია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015წ.; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.; №ას-1298-2021, 16.06.2022წ.; №ას-155-2022 20.05.2022წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის დროისა და სადავო პერიოდში დაკისრებული შრომით მოვალეობების დასაქმებულის მიერ შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შრომითსამართლებრივი ურთერთობის 2019 წლის 2 სექტემბერს დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტა, პრეზუმირებულად აქცევს იმ ფაქტს, რომ ამ პერიოდამდე შრომითსამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა შორის არსებობდა.
21. პალატის შეფასებით, დამსაქმებელმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება საქმეში სათანადო მტკიცებულებები არარსებობის გამო. კასატორმა, გარდა საკუთარი განმარტებებისა, ვერც ფაქტობრივ ნაწილში ვერ წარადგინა დასაბუთებული და სარწმუნო მტკიცება ისევე, როგორც - შესატყვისი მტკიცებულებები, რითაც დაამტკიცებდა სადავო გარემოებას. მას ამ კუთხით არსებითი ხასიათის შედავება არ წარუდგენია. მეტიც, მან, არათუ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ დავალებული დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა, არამედ, შესაგებლითაც სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა სწორედ 2019 წლის 2 სექტემბერს შეწყდა.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
23. სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. იმავე კოდექსის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
24. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ - წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
25. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 2017 წლის 2 მარტი).
26. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს, როგორც უკვე აღინიშნა შესაგებლითაც სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა სწორედ 2019 წლის 2 სექტემბერს შეწყდა. შესაგებლით ეს უკანასკნელი მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ დამსაქმებელს სრულად ჰქონდა მიღებული შრომის ანაზღაურება, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების უარყოფის მიზეზებსა და არგუმენტებს, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად დამატებით ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა 2019 წლის 2 სექტემბერს შეწყდა.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგინდა სადავო პერიოდისთვის (2019 წლის აგვისტოში) მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო პერიოდში შრომის აუნაზღაურებლობა დადგენილია, რისი გათვალისწინებითაც ვლინდება, აგვისტოს სახელფასო დავალიანებისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დამსაქმებლისათვის დაკისრების საფუძველი.
28. საკასაციო პალატა ასანაზღაურებელ სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მოპასუხეს ამ კუთხითაც საქმეში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც მისი პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საბანკო ცნობით დგინდება, რომ დასაქმებულს ფიქსირებული ხელფასი არ ჰქონდა, კერძოდ, ზემოაღნიშნული ცნობის თანახმად, იანვარსა და თებერვალში მოსარჩელეს ყოველთვიურად 4742.50 (დაბეგრილი) დაერიცხა, მარტში - 5507.70 (დაბეგრილი), აპრილში და მაისში - 5498.90 (დაბეგრილი), ივნისსა და ივლისში - 5618.50 ლარი (დაბეგრილი). აღნიშნულის გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საშუალო თვიური ხელფასი უნდა გამოითავლოს (ზემოაღნიშნული თანხები გაყოფილი უნდა იყოს ჩარიცხვების პერიოდზე 7 თვეზე) და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 5318.21 ლარი (ხელზე ასაღები) უნდა დაეკისროს და ამ თანხის 0.07%, 2019 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
29. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 5318.21 ლარისა (ხელზე ასაღები) და პირგასამტეხლოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
30. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს დაეკისრება ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
31. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ დანაწესებზე მითითებით, პალატა განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯის - 800 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ.ლ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,ს.კ.რ..-ს“ გ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 5318.21 ლარისა და ამ თანხის 0.07%-ის გადახდა გადახდა 2019 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
5. შპს ,,ს.კ.რ..-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 800 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი