საქმე №ას-140-2020 17 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ.პ. (მოსარჩელე)
მოპასუხე - ვ.პ.
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მესაკუთრედ აღიარება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. კ.პ.მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა (შემდგომ – პირველი მოპასუხე, კასატორი) და ვ.პ.ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე, მოსარჩელის მეუღლე, მოვალე) მიმართ, თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა, ცნობილ იქნეს მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის 1/2 წილის მესაკუთრედ და თავისი წილი ქონება ყადაღისგან გათავისუფლდეს.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელე და მეორე მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2001 წლის 18 დეკემბრიდან. მის მეუღლეს შემოსავლების სამსახურის მიმართ გარკვეული დავალიანება აქვს, რის გამოც დაყადაღებულია ქორწინების განმავლობაში შეძენილი მეორე მოპასუხის სახელზე რიცხული ქონება, საიდანაც 1/2 წილი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს.
მოპასუხეების პოზიცია:
3. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ქონება მეორე მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს და მოსარჩელის სარჩელი მისი მეუღლის დავალიანების გამო უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას ემსახურება.
4. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; მოსარჩელე ცნობილ იქნა მეორე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ახალქალაქის რაიონში, სოფელ ........ (ს/კ .......) და ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა - „ფორდ ტრანზიტ“, საიდენტიფიკაციო ნომერი - WF......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - OV0094708, გამოშვების წელი – 1998, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომერი - ...... 1/2 ნაწილის მესაკუთრედ და ამ ქონებათა 1/2 ნაწილი ყადაღისაგან გათავისუფლდა; დანარჩენ ნაწილში (ცეცხლსასროლი იარაღის თანამესაკუთრედ ცნობისა და აღნიშნული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 173-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1164-ე 1168-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით, მიუხედავად იმ გარემოებისა, ვის სახელზეა შეძენილი ან რომელმა მეუღლემ გადაიხადა თანხა.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს, როგორც მეორე მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იგი წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრეს, ხოლო აღნიშნული პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლება მოპასუხის ვალდებულებაა, რაც მისი მხრიდან სათანადოდ არ დასაბუთებულა.
9. ცეცხლსასრული იარაღის მოსარჩელის თანასაკუთრებად ცნობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დანიშნულების (ნადირობის) გათვალისწინებით, ის უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული მეორე მოპასუხესთან და მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილი არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მხარეთა თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მეუღლეთა საერთო ვალების არსებობის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, შესაბამისად, მოსარჩელე ცნობილ უნდა იქნეს უძრავი ქონებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ და არსებობს ზემოაღნიშნული ქონების ნაწილის ყადაღისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან გამომდინარე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. კასატორის მითითებით, 2018 წლის 18 დეკემბერს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა, რომლითაც მეორე მოპასუხის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის ნებართვა მოითხოვა. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, რომელიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ბრძანება და განმარტა, რომ მეორე მოპასუხის აღიარებული საგადასახადო დავალიანება - 27 704.41 ლარია. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ სადავო ქონება მოვალის საკუთრებას არ წარმოადგენდა. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა მოვალის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მას სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.
13. კასატორი მიუთითებს, რომ მოვალემ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის შენიშვნაში მიუთითა, რომ სადავო ქონება სხვა პირს ეკუთვნოდა და არა მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს, თუმცა მეუღლეებმა სასამართლო პროცესზე აღიარეს, რომ სადავო ქონება ყადაღის დადების მომენტისათვის მეორე მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა და არა ვინმე მესამე პირის. აშკარაა, რომ მოვალეს ქონების აღწერის შედგენის მომენტისათვის განზრახული ჰქონდა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება მოეხდინა ყველანაირი საშუალებით, რაც აღნიშნული სარჩელით გამოიხატა.
14. კასატორის განმარტებით, სასამართლო პროცესზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოვალე ეკონომიკურ საქმიანობას მეუღლის დახმარებით ეწეოდა და ეკონომიკური შემოსავლიდან მიღებული სარგებელიც მთელი ოჯახის ინტერესებს ხმარდებოდა. აღნიშნული კი, სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის კანონიერებაზე მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, დავალიანება შეიძლებოდა თუ არა ჩათვლილიყო მეუღლეთა საერთო ვალად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოსარჩელის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული დაყადაღებული ქონების მოსარჩელის თანასაკუთრებაში გადაცემისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საკითხი. სარჩელი იმ ფაქტობრივ გარემოებას ეფუძნება, რომ სადავო ქონება შეძენილია ქორწინების განმავლობაში და, შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.
20. სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის (შდრ: სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი; №ას-1426-1346-2017, 2 მარტი, 2018 წელი).
22. საქმის მასალების მიხედვით, უდავოა, რომ მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2001 წლის 18 დეკემბრიდან, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, უძრავი ქონება შეძენილია 2011 წლის 29 აგვისტოს, ხოლო სატრანსპორტო საშუალება - 2009 წლის 17 თებერვალს. არ დასტურებდა, რომ მეუღლეთა შორის საქორწინო ხელშეკრულება იყო დადებული, რაც ქონების განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმზე მიუთითებდა, შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ სადავო უძრავ-მოძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას (თანასაკუთრებას).
23. პალატა განმარტავს, რომ მესაკუთრედ აღიარებულ ნაწილში პირველ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ სადავო ნივთები არ წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას და მოვალეს მათზე ინდივიდუალური საკუთრება გააჩნია (სსკ-ის 1161-ე მუხლი), რაც მან სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ვერ შეძლო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დაყადაღებული ქონების სამართლებრივი რეჟიმი და სსკ-ს 1151-ე და 1158-ე მუხლებიდან გამომდინარე, სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად კანონიერად მიიჩნია.
24. საკასაციო პალატის მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცის გარანტია და ნორმის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
25. საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ვინაიდან მართებულად დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ნივთებზე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
26. პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მართალია ქონების დაყადაღება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევაში სსკ-ის 312-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის დაცვითი ფუნქცია არ გამოიყენება, რამდენადაც სპეციალური კანონი - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ითვალისწინებს სასარჩელო წარმოების გზით მესაკუთრის უფლების დაცვის გარანტიას (იხ. სუსგ საქმე №ას-621-588-2015, 3 ივნისი, 2016 წელი).
27. პალატის მითითებით, კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულება - საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, რაც საჯარო მართლწესრიგის მოწესრიგებას განეკუთვნება და მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმის შეფასებისას ვერ გახდება მხარეთა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-569-540-2015, 1 ივლისი, 2016 წელი).
28. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დავალიანება შეიძლებოდა თუ არა ჩათვლილიყო მეუღლეთა საერთო ვალად, პალატა ასევე უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს და სსსკ-ის 219-ე მუხლხე მითითებით (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული) განმარტავს, რომ კასატორმა ახალ გარემოებაზე მტკიცების ტვირთი არასწორად გასწია, კერძოდ, საპროცესო კანონმდებლობის არა იმ ეტაპზე, რომელიც სასამართლოს მისცემდა დამატებითი მსჯელობის შესაძლებლობას და ვალდებული იქნებოდა, გამოერკვია კონკრეტული გარემოება, არამედ, მაშინ, როდესაც მხარეები კარგავენ ასეთ უფლებას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. ამასთან, მოპასუხეს შეგებებული სარჩელის უფლებით არ უსარგებლია, რის გამოც მხოლოდ შესაგებლის ფარგლებში სსკ-ის 1170-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-621-588-2015, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-569-540-2015, 1 ივლისი, 2016 ; №ას-1887-2018, 15 მარტი, 2019 წელ).
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1887-2018, 2019 წლის 15 მარტის განჩინება; №ას-180-169-2017, 2018 წლის 19 ივლისის განჩინება; №ას-569-540-2015, 2016 წლის 1 ივლისის განჩინება, Nას-621-588-2015, 2016 წლის 3 ივნისი).
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე