საქმე №ას-568-2022 6 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ჯ.ჯ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ს.კ–ი“, შპს „მ.ჰ.კ–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ინფორმაციის ცილისწამებად აღიარება, სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ჯ.ჯ–მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ს.ს.კ–ისა“ და შპს „მ.ჰ.კ–ი“ მიმართ და ინფორმაციის ცილისწამებად აღიარება, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს.ჯ.ჯ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოტივით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.03.2022წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
4.1. კასატორის განმარტებით, 2020 წლის 11 აგვისტოს ონლაინ მედია საშუალების - კომერსანტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ,,G. C-ის წარუმატებელი პროექტი - ,,ს.ჯ.ჯ–ი" არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა". აღნიშნულ სტატიაში ,,კომერსანტის" მიერ მიზანმიმართულად გავრცელდა ,,ს.ჯ.ჯ–ისა" და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების მადისკრედიტირებელი, უსაფუძვლო და ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებული ინფორმაცია. სტატიაში მოყვანილი ფაქტები არ ეყრდნობა არანაირ მტკიცებულებას და აშკარად შეიცავს არაერთ დამახინჯებულ და მცდარ ინფორმაციას, რომლის ერთადერთი მიზანიც არის ,,ს.ჯ.ჯ–ის" საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ზიანის მიყენება.
4.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა და განსაზღვრა მნიშვნელოვანი საკითხები, თუ რამდენად წარმოადგენს მედია საშუალების მიერ პერმანენტულად არაზუსტი/გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელების აგრესიული კამპანია მხოლოდ შეფასებით მსჯელობასა და უტრირებას, სად გადის ზღვარი ერთი პირის აზრის, სუტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე პირის პატივის. ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის უფლებას შორის და რა შემთვევაში ირღვევა ეს ზღვარი. იკვეთება კასატორის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძელია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, სსსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის: „არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე“ საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად გნხილვის გზით შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
8. ვიდრე დადგენილი გარემოებების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებას შეუდგებოდეს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე: მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე შინაგანი რწმენა. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს ვერ მიიღებს მხარეებისგან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის, საქმე №ას-1181-2018 განჩინება).
9. საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება არის თუ არა მოსარჩელის სსსკ-ის მე-18 მუხლითა და სპეციალური კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.
10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნევს სადავო სტატიაში გავრცელებულ შემდეგ გამონათქვამებს:
(1). „ს.ჯ.ჯ–ის“ აქციები არალიკვიდურობის გამო მოიხსნა ლონდონის საფონდო ბირჟიდან; (2). ეს ფაქტი მენეჯმენტის არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტურობის დამსახურებაა; (3). მონოპოლისტი ორგანიზაცია (იგულისხმება ს.ჯ.ჯ–ი), სახელმწიფოს მიერ ლობირებული და ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბანკის პარტნიორია; (4). „მოზიდული კაპიტალის დივიდენდებში დაბანდება ორგანიზაციის (იგულისხმება ს.ჯ.ჯ–ი) კუთვნილ საავადმყოფოებში პაციენტების შემთხვევითი გარდაცვალების პარალელურად ხდებოდა“; (5). არავინ ზრუნავს ექიმებისთვის სამუშაო პირობების შექმნაზე და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე“; (6). „ს.ჯ.ჯ–ს“ ჯანდაცვის სექტორში ინვესტიცია ფაქტიურად არ განუხორციელებია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამების აზრისა თუ ფაქტისადმი კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მთლიანი განცხადების შინაარსის მხედველობაში მიღების გარეშე. მოპასუხეების სტატიებიდან ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებებს კონტექსტის გარეშე ვერ მიენიჭება მნიშვნელობა, ვინაიდან მათი განცალკევებულად განხილვა გამოიწვევს გამონათქვამის შინაარსის დაკარგვას. შინაარსს კი სიტყვებსა და წინადადებებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოსარჩელის მიერ მითითებული ამონარიდების შეზღუდული კონტექსტით ვერ შემოიფარგლება და მათ განცხადებასთან ერთიანობაში განიხილავს. დადგენილია, რომ საინფორმაციო სააგენტო B.G-ზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით - ,,გ–ძე განმარტავს, რატომ მოიხსნა ლონდონის საფონდო ბირჟიდან ს.ჯ.ჯ–ი“. სტატიის თანახმად, ,,ს.ჯ.ჯ–ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნ.გ–ძემ დელისტინგის გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ Forbes კ-ში, გ.ი–ძესთან ისაუბრა შემდეგი: "დელისტინგი გადავწყვიტეთ სუფთა ტექნიკური მიზეზის გამო ანუ საქართველოში იყო ოთხი საერთაშორისო ბირჟაზე კვოტირებული კომპანია, იყო ორი ბანკი - ს.კ–ი და ს.ჯ.ჯ–ი. მაკროეკონომიკური ფაქტორების გამო გლობალურადაც და ლოკალურადაც ეს 4 კომპანია მნიშვნელოვნად დაპატარავდა საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით, შესაბამისად, დაპატარავებამ გამოიწვია დღიური ვაჭრობის შემცირება, რასაც ჩვენ ლიკვიდურობას ვეძახით და ეს არ არის დაკავშირებული ფინანსურ ლიკვიდურობასთან; ეს არის დაკავშირებული დღიურ ვაჭრობასთან ბირჟაზე. შესაბამისად, როდესაც ასე პატარავდები და დაბალი ლიკვიდურობა გაქვს, უკვე აღარ გიღირს ხარჯის გაღება საჯარო კომპანიად ყოფნისას. ეს საკმაოდ დიდ ხარჯებს მოიცავს, რამდენიმე მილიონია ყოველწლიურად და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ეს ორი კომპანია, "ს.კ–ი" და "ს.ჯ.ჯ–ი" ერთმანეთზე შეგვერწყა და მიგვეღო ერთი უფრო მსხვილი კომპანია, რომელსაც მეტი ლიკვიდობა ექნებოდა ბაზარზე." წარმოდგენილია ასევე, 2019 წლის 30 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო BM.GE -ზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით ,,ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე’’. აღნიშნული სტატიის თანახმად: ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა (სს ,,ს.ბ–ი“, ,,ს.ჯ.ჯ–ი“, სს ,,თ.ბ–“, ,,G. Ca.”) დალისტური, მხოლოდ ,,ს.ბ–მა“ დაამთავრა ვაჭრობა დადებითად, დანარჩენი სამი კომპანიის აქციების ღირებულება კი შემცირდა. საქმეშია ასევე, 2020 წლის 7 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო B.G -ზე გამოქვეყებული სტატია სათაურით ,,ს.ჯ.ჯ–ი“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა“. სტატიის თანახმად: ს.ჯ.ჯ–მა" ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოხსნის გადაწყვეტილება 8 ივლისს მიიღო, რაც ძალაში 2020 წლის 5 აგვისტოს შევიდა. G. კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები G. C-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „ს.ჯ.ჯ–ის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. G. C-მა სპეციალური შეთავაზება გაუკეთა GHG -ის აქციონერებს, რომლის თანახმადაც, GHG -ის აქციონერები ყოველი 5 აქციის სანაცვლოდ იღებენ G.C-ის 1 აქციას. კომპანია ,,ლონდონის საფონდო ბირჟაზე’’ 2015 წელს პრემიუმ კატეგორიაში დაილისტა. 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 87 მილიონი ფუნტ სტერნლინგი იყო. ბოლო 1 წელიწადში კომპანიის აქციები 70.3 პროცენტით გაუფასურდა. ზემოხსნებულ სტატიაში უდავოა, რომ რესპოდენტის - ნ.გ–ძის მიერ გამოყენებულია ტერმინი ,,ლიკვიდურობა“.
10.1. საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 13 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო f.ge - ზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით,, ,,ე–ის“ ლონდონის ბირჟაზე გასვლა რეალური IPO თუ ფინანსური ბუშტი?“; ასევე წარმოდგენილია 2014 წლის 7 ოქტომბერს, საინფორმაციო სააგენტო ,,ტ–ას“ მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით - ,,ს.ბ–ის ჯგუფმა 60-საწოლიანი კლინიკა ტრავმატოლოგი შეიძინა“. აღნიშნულ სტატიაში მითითებულია, რომ სამედიცინო კორპორაცია ევექსი ს.ბ–ის კუთვნილი ჩემი ოჯახის კლინიკის რებრედინგის შემდეგ ჩამოყალიბდა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული სტატიები წინ უსწრებდა
მოპასუხის მიერ გამოქვეყნებულ სადავო სტატიას, უდავოა ასევე ის გარემოება, რომ "ს.ჯ.ჯ–ი" აერთიანებს ისეთ კომპანიებს როგორიცაა სს „ე.ჰ–ბი“ და სს „ე.კ–ბი“. შესაბამისად, სადავო ფრაზები: ა) ,,ს.ჯ.ჯ–ი“ სახელმწიფოს მიერ ლობირებული და ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბანკის პარტნიორია; და ბ) ,,ს.ჯ.ჯ–ში“ არავინ ზრუნავს ექიმებისათვის სამუშაო პირობების შექმნაზე და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, როგორც მოპასუხის შეფასებები შესაძლოა ემყარებოდეს ევექსის შესახებ ზემოხსნებულ სტატებში გავრცელებულ ინფორმაციებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს კიდეც მოპასუხის მიერ გავრცელებული შეფასების საფუძვლად.
10.2. საქმეზე მოწმის სახით დაკითხა კომერსანტის თანამშრომელი - საბანკო - საფინანსო მიმართულების რედაქტორი ნ.თ–ი, რომელმაც განმარტა, რომ ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობის, მათ შორის სტატიის მომზადების პროცესში დამოუკიდებელია. თითოეული ჟურნალისტი თავად იღებს გადაწყვეტილებას იმ თემის შესახებ, რომელზეც სურს, სტატიის მომზადება. ამასთან, მისი როგორც რედაქტორის ჩართულობა სტატიის მომზადების პროცესში შესაძლოა შემოიფარგლოს მხოლოდ ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მოძიებაში დახმარებით (ჟურნალისტის სურვილის არსებობის შემთხვევაში). მოწმის განმარტებით, 2021 წლის სექტემბრის თვეში საინვესტიციო ბანკი G & T - იდან გამოითხოვა ინფორმაცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების აქციების ფასის შესახებ, რომლის თაობაზეც კომუნიკაცია ჰქონდა კომპანიის თანამშრომელთან - გ.ბ–თან. საქმეზე, მოწმის სახით ასევე დაკითხა საინვესტიციო ბანკი G & T -ის უფროსი ასოცირებული ბროკერი გ.ბ–ი, რომელმაც დაადასტურა ნ.თ–ის მიერ ზემოხსენებული ინფორმაციის გათხოვა 2021 წლის სექტემბრის თვეში და დამატებით აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და სურვილის შემთხვევაში ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის ჟურნალისტს, შეუძლია მისი მოძიება ინტერნეტსივრცეში. შესაბამისად, სადავო გამონათქვამები, მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, არ იძლევა მათი ფაქტის კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს.
11. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამასთან, იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით; ე.ი. ექვემდებარება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას. რაც შეეხება ცილისწამებას, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
12. თუმცა, სარჩელის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას დამატებით მნიშვნელოვანია, რომ კანონი განსხვავებულად აწესრიგებს საჯარო და კერძო პირების მიმართ ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს, კერძოდ, საჯარო პირის ცილისწამებისათვის, კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ კასატორი წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროში მოქმედ ერთ-ერთ მსხვილ დაწესებულებას, რომლისკენ მიმართულია საზოგადოების ყურადღება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მოსარჩელე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს საჯარო პირს. ვინაიდან, მოსარჩელე წარმოადგენს/უთანაბრდება საჯარო პირს, ამიტომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი.
13. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, ის თუ გამონათქვამი რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-1477-1489-2011). „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითებაა, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბერის განჩინება საქმეზე Nას-179-172-2012). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივად ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი დასაყრდენის მნიშვნელობას. სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ აბსოლუტური უფლებაა აზრის ქონა, ხოლო მისი გამოხატვა გარკვეულ შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებაროს. გამოხატვის თავისუფლება მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისაგან განუყოფელია. მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დარღვევამ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების დარღვევა გამოიწვიოს. აზრის ქონის უფლება მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული არ არის. მოვალეობებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტი უნდა ცდილობდეს შეძლებისდაგვარად სხვა ინტერესებთან დაპირისპირებას თავი აარიდოს. სხვათა ინტერესებში კი, პირველ რიგში, სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვა იგულისხმება. შესაბამისად, შერჩეულ უნდა იქნეს გამოხატვის ის ფორმა, რომლითაც სხვა ღირებულებათა (სხვათა პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია) იგნორირება არ მოხდება. მით უფრო, როდესაც გამოხატვის უფლების რეალიზაცია სხვა ღირებულებათა ნაკლები ხელყოფით არის დასაშვები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Müller v. Switzerland“). ასევე, განსხვავება ფაქტებსა და შეხედულებებს (აზრს) შორის და მათი სისწორის დამტკიცების მოთხოვნის აკრძალვა ამ უკანასკნელთან მიმართებაში (აზრთან მიმართებით) შიდასამართლებრივ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, როდესაც საკვლევ გარემოებას ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა წარმოადგენს. ერთმანეთისაგან განასხვავა რა, ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა, აზრი), სასამართლომ განაცხადა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა მტკიცებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება შეფასებითი მსჯელობის, მტკიცების ვალდებულების დაკისრებას, იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც სასამართლოს აზრით, კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე „Lingens v. Austria“ და „Dichand and Others v. Austria“). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. „შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986). ამასთანავე, საგულისხმოა, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მარტო ის „ინფორმაცია“ თუ „იდეები“, რომლებიც ხელსაყრელად მიიღება ან მიიჩნევა როგორც არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელო, არამედ აგრეთვე ისეთის მიმართ, რომელიც შეურაცხმყოფელია, შოკირებადია და შემაწუხებელი. ასეთია მოთხოვნები პლურალიზმის, ტოლერანტობის და ფართო აზროვნებისა, რომლის გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1976 წლის 7 დეკემბრის №5493/72 გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, §49).
14. გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისობრივად ნეიტრალური ქართული მოდელზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი ყიფიანისა და ა.უ–ძის საქმეში. სასამართლოს განმარტებით „პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/3/421,422 ,,საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ა.უ–ძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2009 წლის 10 ნოემბერი. პარაგრაფი II.7.). წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ სპეციალური კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს: „1. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. 2. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვის ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. 3. კერძო ან საჯარო პირის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პირისათვის საჯარო პირის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. 4. საზოგადოებრივი ყურადღების ან ცნობისმოყვარეობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მოვლენისათვის საზოგადოებრივი ყურადღების სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. 5. აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. 6. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. 7. დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი“, მოხმობილ ნორმათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ სამართლებრივად ვარგისი, დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებებით ვერ შეძლო მოპასუხეების მიერ გავრცელებული ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობის დადასტურება.
15. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებასაც მოიცავს. თუმცა, ეს თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
16. გამოხატვის თავისუფლებამ, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების საყრდენად და მისი განვითარების წინაპირობად არის მიჩნეული, შეიძლება თავად შეუქმნას საფრთხე საზოგადოებრივ ინტერესებს და შეიზღუდოს მისივე დაცვის მოსაზრებით. აქედანვე წარმოდგება კონვენციის მე-10 მუხლში საგანგებო მითითება გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტის შესაბამის “მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე“ და ის გარემოებაც, რომ ასეთი მითითება კონვენციაში მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაშია გაკეთებული და არა სხვა უფლებებთან მიმართებებში, რომლებიც ასევე შეიძლება შეიზღუდონ საჯარო თუ სხვა კანონიერი ინტერესების დასაცავად. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი სპეციფიკურობის ერთი მხრივ დემოკრატიული პროცესის ფუნქციონირებისათვის მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის, ხოლო მეორე მხრივ, სხვა ინტერესებში ენერგიული შეჭრის უნარის გამო, გაცილებით უფრო პრობლემატური ხდება სამართლიანი ბალანსის განსაზღვრა ამ უფლების სხვა ღირებულებებთან დაპირისპირების შემთხვევაში; გართულებულია იმის შეფასება, თუ რამდენად გამართლებული იყო მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაში ჩარევა შესაბამისი საჯარო ან სხვა პირთა ინტერესის დასაცავად (იხ. ე.გოცირიძე, გამოხატვის თავისუფლება კონფლიქტურ ღირებულებათა სამართლიანი სამართლიანი დაბალანსების კონტექსტში, თბილისი 2007; იხ. D.G.Harris, M.O’Boyle, C.Warbick; მითითებული ნაშრომი, გვ.376). მოხმობილ ნორმათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო განცხადებები, გამონათქვამის კონტექსტის გათვალისწინებით, წარმოადგენს სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებული აზრის გამოხატვას (შეფასებას) და არა ობიექტურ მოცემულობას. შეფასების ნამდვილობის დამტკიცების მოთხოვნის შესრულება კი შეუძლებელია და ის არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლების არსს, რაც დაცული უფლების ფუნდამენტური ნაწილია. სადავო განცხადებებს არ გააჩნია, ცილისწამებისათვის მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი - ადგილი არა აქვს მოსარჩელის შესახებ ფაქტების გადმოცემას, რომელთა სინამდვილესთან შესაბამისობის ან მცდარობის დადასტურება/უარყოფაც შესაძლებელი იქნებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხეების აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისა და გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ
მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის პოზიციის მართებულობას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
18. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
19. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ჯ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინება.
3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილია