Facebook Twitter

საქმე №ას-575-2023 13 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ნ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.11.2022წ. გადაწყვეტილებით - ს.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნა ე.ნ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა, (იხ: გადაწყვეტილება, ს.ფ.281-304). აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.04.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოსარჩელემ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა (იხ: განჩინება, ს.ფ. 350-353).

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინება რომლითაც განისაზღვრა ხარვეზის შესავსებად დამატებითი ვადა, მას ვერ ჩაბარდებოდა 2023 წლის 25 მარტს, ვიანიდან 2023 წლის 24 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა ქალაქგარეთ. 2023 წლის 24 მარტს მან ჩაიბარა გზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან, ხოლო გზავნილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 2023 წლის 28 მარტს ჩაბარდა.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით აპელანტ, ს.კ–ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან; კერძოდ, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით - 1426 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის (შემოსავლის ორდერის) და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის სასამართლოსათვის წარმოდგენა. 06.03.2023წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ს.კ–ძის წარმომადგენელმა მ.თ–მა და მოითხოვა ხარვეზის სრულად შევსების მიზნით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება დამატებით 7 დღით, იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ვერ მოახარეხა განჩინებით დადგენილ ვადაში მასთან კომუნიკაცია ხარვეზის შინაარსის გაცნობის მიზნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით ს.კ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - ს.კ–ძეს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 7 დღით, განჩინების ჩაბარებიდან. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს მ.თ–ს (იხ. ს.ფ. 245) გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე - თბილისი, ..... გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება რომ გზავნილი - პირადად მ.თ–ს, 25.03.2023წ ჩაბარდა (იხ. ს.ფ. 346). ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 26 მარტიდან და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით, 2023 წლის 3 აპრილს ამოიწურა. აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია. აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ - 2023 წლის 4 აპრილს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილი ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 3450 ლარის გადახდის დამასტურებელი ქვითრის დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია;

7. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.

8. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როცა მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენელთან მიმართებით შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საპროცესო მოქმედების შედეგი ვრცელდება მხარეზე, ამასთან, კანონმდებელი წარმომადგენელს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, რაც მდგომარეობს სასამართლოს უწყებისა თუ გზავნილის ჩაბარების შესახებ მხარის ინფორმირებაში. თუმცა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები მხარეს შეერაცხება.

10. მოცემულ შემთხვევაში, განჩნება ჩაბარდა წარმომადგენელს, რაც, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მხარისთვის ჩაბარებად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე, 71-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით გაუგზავნა აპელანტ მხარეს ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება და იგი მხარისათვის ჩაბარებულად მართებულად მიიჩნია. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სსსკ-ის მე-60 მუხლის 2-ე ნაწილის (წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი) თანახმად, დაიწყო 2023 წლის 26 მარტიდან. უდავოა, რომ აღნიშნული დღიდან - 7 დღის განმავლობაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და არც სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით არ მიუმართავს. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (17 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა 2023 წლის 3 აპრილს ამოიწურა.

12. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია. შესაბამისად, დასაბუთებული და კანონიერია სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ Nას-1397-2019, 21.11.19 წ.).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.04.2023 წლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი