Facebook Twitter

საქმე №ას-759-2022 6 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-პ.ჯ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.გ–ძე ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.გ–ძის სარჩელი სს ,,ე-პ.ჯ–ის" მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

2.1. ვ.გ–ძე 2012 წლის 17 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, დაინიშნა სს „ე-პ.ჯ–ას“ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრში უბნის მენეჯერად, ხოლო 2014 წლის 25 აგვისტოდან სს „ე-პ.ჯ–ას“ მესტიის მომსახურების ცენტრის მენეჯერად. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 2 160 ლარით (იხ. ს/ფ 75-91);

2.2. 22.01.2020 წლის შიდა აუდიტის №1 დასკვნით დადგენილია, რომ ,,2020 წლის იანვრის თვეში, სს ,,ე-პ.ჯ–ას“ სხვადასხვა სამსახურების მიერ, კომპანიის მენეჯმენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა ერთობლივი შემოწმება დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის მესტიის მომსახურების ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ქსელზე უკანონოდ მიერთებული სიმძლავრეების გამოვლენის მიზნით. შემოწმების პროცესში გამოვლინდა კომპანიის ქსელზე, უკანონოდ, არალეგალურად მიერთებული სატრანსფორმატორო პუნქტები, რომლებითაც კვებას იღებდა კრიპტოვალუტის მაინერების ფერმები. როგორც ჩატარებული შემოწმების შედეგებმა გვაჩვენა დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის, მესტიის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩატარებული შემოწმების პროცესში გამოვლინდა ელ.ენეგრიის დატაცების საგანგაშო მასშტაბები. დაფიქსირებულ 3 ფაქტზე, საერთო ჯამში კომპანიის ქსელზე არალეგალურად მიერთებული ძალოვანი ტრანსფორმატორების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინა 4160 კვ., ხოლო ფიდერ ჭუბერზე მიერთებული არალეგალური სიმძლავრის დადგენა შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა. 2020 წლის 18 იანვრის შემოწმების პროცესში დაფიქსირებულ ელ.ენერგიის დატაცების 2 შემთხვევაში, არალეგალური სიმძლავრეების კომპანიის ქსელზე მიერთება შეუძლებელი იყო ქვესადგურების შესაბამისი გამორთვების გარეშე, რაც ცალსახად ადასტურებს კომპანიის თანამშრომლების ჩართულობას არალეგალური სიმძლავრეების კომპანიის ქსელთან მიერთების პროცესში. თუ გავითვალისწინებთ, რომ არალეგალური სიმძლავრეები ქსელთან მიერთდა ქვესადგურების/ფიდერების გეგმიური გამორთვების დროს, ამ შემთხვევაშიც ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის თანამშრომლების ჩართულობის გარეშე, ვინაიდან ელ.ენერგიის დამტაცებელ აბონენტს ვერ ექნებოდა ინფორმაცია გეგმიური გამორთვების დროსა და ხანგრძლოვობაზე. ცალკე აღსანიშნვია მესტიის მუნიციპალუტეტის თანამშრომლების პასუხისმგებლობა დაფიქსირებული ელ.ენერგიის დატაცების ფაქტების ვერ ან არ აღმოჩენაში, ვინაიდან მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იყო დატაცების ფაქტების გამოვლენა, აღმოფხვრა და კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმირება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს გატარდეს დისციპლინური ღონისძიებები დარღვევაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მიმართ“ (იხ. ს/ფ 238-240);

2.3. სს „ე-პ.ჯ–ის“ 2020 წლის 28 იანვრის №396790 გადაწყვეტილებით, ვ.გ–ძეს დისციპლიური ღონისძიების სახით გამოეცხადა საყვედური, რისი საფუძველიც იყო შიდა აუდიტის დასკვნით (დასკვნა №R-1 მესტია) აღმოჩენილი დარღვევები (იხ. ს/ფ 164);

2.4. სს ,,ე-პ.ჯ–ის“ დირექტორის 24.02.2020 წლის მიმართვით ვ.გ–ძეს ეცნობა, რომ მისი კუთვნილი საშვებულებო ვადის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან არ გამოცხადებულა სამსახურში, არ წარმოუდგენია გაცდენის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც იყო კომპანიაში მოქმედი შინაგანაწესით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სთხოვეს, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, გამოცხადებულიყო სამსახურში, წარმოედგინა 2020 წლის 17 თებერვლიდან სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგანაწესით გათვალისწინებული პირობების დარღვევის საფუძველზე, განიხილებოდა მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების საკითხი, მათ შორის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. აღნიშნული წერილი ადრესატს ჩაჰბარდა 26.02.2020წ. (იხ. ს/ფ 93);

2.5. ვ.გ–ძემ 26.02.2020 წლის ახსნა-განმარტება დაწერა სს ,,ე-პ.ჯ–ას“ დირექტორის სახელზე, რომლის თანახმადაც ის აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან სამსახურში არ ცხადდებოდა ოჯახური პირობების გამო, ოჯახის წევრი ჰყავდა ავად და იმყოფებოდა საზღვარგარეთ (იხ. ს/ფ 100);

2.6. ვ.გ–ძემ 26.02.2020 წლის ახსნა-განმარტებაში მიუთითა შემდეგი: ,,მესტიის მუნიციპალიტეტში სქემები გაკეთდა 2019 წლის აგვისტოში, რა დროსაც დამატებით არალეგალური მინაერთებები არ ყოფილა 6/10 კვ. ხაზზე. ცალხაზოვანი სქემები გაკეთდა სრული სიზუსტით. თანაშრომლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციის საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში აღმოჩნდა უნებართვოდ მიერთებული ტრანსფორმატორები, აქედან გამომდინარე, კითხვაზე - თუ რითი დასტურდება ცალხაზოვანი სქემების გაკეთების სიზუსტე, პასუხობს, რომ დაეყრდნო თანამშრომლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ ცალხაზოვანი სქებების მოკვლევის დროს, დამატებითი ტრანსფორმატორები არ აღმოჩნდა ქსელში. ქსელზე უნებართვო მიერთებები 6/10 კვ. ხაზში მის მიერ გადამოწმდა სექტემბრის თვეში არასრულად... იმის გათვალისწინებით, რომ ხარჯი იყო გაზრდილი, რაც სავარაუდოდ შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო უნებართვო მიერთებებით, რატომ არ მოხდა ქსელის გადამოწმება, მათ შორის იმ ფიდერებზე, რომლებზეც იანვრის თვეში აღმოჩნდა დატაცებები, პასუხობს, რომ პერიოდულად მუდმივად ამოწმებდა ფიდერებს, მაგრამ სრული გადამოწმება ცალხაზოვანი სქემების გაკეთების შემდეგ ვერ მოახერხა, რთული რელიეფიდან გამომდინარე. კონკრეტულად იმ ფიდერებზე, სადაც აღმოჩნდა დატაცებები არ ყოფილა გადამოწმებაზე, ვერ მოასწრო, ვინაიდან სხვა ფიდერებზეც იყო ხარჯები კატასტროფულად გაზრდილი და ის ფიდერები გადაამოწმა... ფიდერებზე არალეგალური 1000 კვ. სიმძლავრის მიერთების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა, მის მიერ გაკეთებული მოკვლევის წინა დღეებში, დაახლოებით 8-10 იანვარს. კონკრეტულ ველზე არ გაუკეთებია ხაზის გადამოწმება და შესაბამისად, არ უნახავს არალეგალური მიერთება ქსელზე... აღნიშნული ახსნა-განმარტება სს ,,ე-პ.ჯ–აში“ შევიდა 27.02.2020 წელს (იხ. ს/ფ 93-98);

2.7. დადგენილია, რომ სს ,,ე-პ.ჯ–ას“ 26.02.2020 წლის №13 გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ცენტრის მენეჯერ ვ.გ–ძესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი პუნტის ,,ზ“ ქვეპუნტის საფუძველზე (იხ. ს/ფ 30);

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3.1. კასატორის განმარტებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ისევე, როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობა.

3.2. ,,ე-პ.ჯ–ის“ მიერ წარმოდგენილი დასკვნა საერთოდ არ ეხება და არ ადასტურებს ვ.გ–ძისათვის დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას. დასკვნაში საუბარია ზოგადად კომპანიის თანამშრომელთა ვალდებულებების შეუსრულებლობაზე და იძლევა მათ მიმართ დისციპლინური ღონისძიების რეკომენდაციას, თუმცა კონკრეტული პირის მხრიდან კონკრეტული ფუნქციების შეუსრულებლობის შესახებ დასკვნა მითითებას არ შეიცავს და არც მოპასუხე მხარეს არ დაუსაბუთებია. ზოგადად ფაქტი, რომ მესტიაში ელექტროენერგიის დატაცება და მოსახლეობის მხრიდან ქვესადგურების თვითნებური გათიშვა გამოვლინდა, თავად სს "ე პ.ჯ–აც" ადასტურებს, ამ პროცესში ჩართული არიან სამართალდამცავი ორგანოები, თუმცა მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი რომელი ვალდებულება დაარღვია ან მენეჯერის რომელი ფუნქცია/ფუნქციები არ შეასრულა და კონკრეტულად რით გამოიხატა მათი შეუსრულებლობა, მოპასუხემ ვერც მიუთითა და ვერც დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მენეჯერს საცხოვრებელი სახლები და მათი ეზოები (მიწის ნაკვეთები) უნდა შეემოწმებინა, მცდარია, მას ეს არ ევალებოდა, ამასთანავე, კერძო საკუთრებასთან მიმართებით ამ ვალდებულების განხორციელებას რას აფუძნებდა, არ მიუთითებია.

3.3. კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შემოწმების პროცესში ვ.გ–ძეს მონაწილეობა არ მიუღია, დამსაქმებელმა მხოლოდ 2020 წლის 26 თებერვალს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დღეს ჩამოართვა ახსნა-განმარტება. ფორმალურად შრომითი ურთიერთობა შვებულების დასრულებიდან სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისათვის შეწყდა. 2020 წლის 26 თებერვლის ვ.გ–ძისათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტება შეეხება ელექტროენერგიის დატაცებისა და მენეჯერის ფუნქციების შესრულების ფაქტებს. რეალურად სს „ე-პ.ჯ–ამ“ თანამშრომლები 2021 წლის 26, 27 და 28 აპრილს გამოჰკითხა, მას შემდეგ, რაც პირი უკვე გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. ამასთან, სარჩელის წარმოდგენის შემდეგ გაუგზავნა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით მისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიები.

3.4. კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ვ.გ–ძისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და თანამშრომლების გამოკითხვა გადაწყვეტილების გამართლების მცდელობაა, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მცდელობის დამადასტურებლადაც კი ვერ გამოდგება. დამსაქმებელი უფლებამოსილია, შეამოწმოს და დაადგინოს დასაქმებულის ფუნქციების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, თუმცა აღნიშნული ცალმხრივად, დასაქმებულის მოსაზრების მოსმენის, მისი მხრიდან საკუთარი არგუმენტების წარდგენის გარეშე არ უნდა იქნეს მიღებული. საკითხის სრულყოფილი, დეტალური გამოკვლევა გამორიცხავს დამსაქმებლის დაინტერესებას და გააქარწყლებს ობიექტური დამკვირვებლის ეჭვს არამართლზომიერი (არაობიექტური) გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

3.5. კასატორის მტკიცებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით საყვედურის გამოცხადების შესახებ მოპასუხის 2020 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება, დაუსაბუთებელია, ზოგადი ხასიათისაა, არ შეიცავს ვ.გ–ძის ფუნქციების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების თაობაზე კონკრეტულ მითითებას, არ არის ცხადი, თუ რით გამოიხატა მისი მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების უგულებელყოფა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულებით დასაბუთებულად მიიჩნია, რომ ეწინააღმდეგება კანონს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

3.6. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთი არასწორად გადანაწილდა მხარეებს შორის და, ნაცვლად იმისა, რომ სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ნიშანდობლივია შრომითსამართლებრივი ურთიერთობისათვის, დამსაქმებელისთვის დაეკისრებინა იმისი დადასტურების ვალდებულება, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა უვადო სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ დასაქმებულთან შრომითი საქმიანობის გაგრძელება, სააპელაციო სასამართლომ ეს ტვირთი დასაქმებულზე გადმოიტანა. უნდა შეფასდეს გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებების ობიექტურობა, დამსაქმებლისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებები, რამაც შეუძლებელი გახადა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება, თუ ეს გარემოებები დამსაქმებლის ქმედებების უშუალო შედეგია, მიმართული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ. ვ.გ–ძის საქმეში წარმოდგენილი მისი პირადი საქმის მასალებით დგინდება, რომ ვ.გ–ძეს, არცერთ თანამდებობაზე ყოფნისას სამსახურში გამოუცხადებლობის, დაგვიანებით გამოცხადების ან მისი მხრიდან სხვა უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამოჩენის თაობაზე დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაუმსახურებია, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ დასაქმებული ჯეროვნად ეკიდებოდა სამსახურებრივ საქმიანობას. 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

6.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დასაქმებულთან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლიანობა, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ვრცელი და დასაბუთებული სამართლებრივი განმარტებებია მითითებული, როგორც სასამართლო პრაქტიკის, ისე იურიდიულ დოქტრინაში ასახული მსჯელობებისა და დასკვნების საფუძველზე, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს.

8. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას, ამასთან, დამსაქმებელს მტკიცების უფრო მეტი ტვირთი მოეთხოვება, ვიდრე დასაქმებულს (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები; იხ. სუსგ-ები: N ას-1338-2022, 16.02.2023წ; N ას-1404-2022, 15.02.2023წ; N ას-1316-2022, 23.12.2022წ; N ას-1114-2021, 14.12.2022წ; N ას-788-2021, 14.12.2022წ.).

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა:

9.1. 26.02.2020 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა).

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომისსამართლებრივი ვალდებულების დარღვევის „უხეშად“ მიჩნევისთვის შესაფასებელია ჩადენილი დარღვევის ხასიათი, სიმძიმე, შედეგი, დასაქმებულის პიროვნება და შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურებები.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავის განხილვისას, აუცილებელია „Ultima Ratio“-ს („უკიდურესი საშუალება“) პრინციპის გათვალისწინება. „Ultima Ratio“-ს პრინციპის მიხედვით, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა მისი კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების „უხეში“ დარღვევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის ანდა ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-949-2021 განჩინება).

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. „თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-891-2015 განჩინება).

13. საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:

13.1. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას - სს ,,ე-პ.ჯ–ის“ შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელის მიერ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რადგან მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა ელექტროენერგიის უკანონო დატაცების ფაქტები, რისი აღრიცხვა და გამოვლენა უშუალოდ დასაქმებულის ფუნქციებში შედიოდა. ვ.გ–ძის მიერ სამუშაო მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარდა შიდა აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნისა, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი თვით ვ.გ–ძის ახსნა-განმარტებითაც, რომლის მიხედვით, კონკრეტულად ის ფიდერები, სადაც აღმოჩნდა დატაცება, არ ყოფილა გადამოწმებული. ვ.გ–ძე 2020 წლის 31 იანვრიდან 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში. მიუხედავად საშვებულებო ვადის გასვლისა და დამსაქმებლის მიერ წერილის მიწერისა, ის სამსახურში არ გამოცხადდა; რაც ეწინააღმდეგება მხარეთა შორის არსებულ შრომით ხელშეკრუკლებასა და შინაგანაწესს, სადაც მითითებულია, რომ დასაქმებული ვალდებულია, შვებულების დასრულებისთანავე დაბრუნდეს სამუშაო ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული შვებულების დამთავრებისთანავე საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, მან წერილობით უნდა შეატყობინოს ამის შესახებ დამსაქმებელს წინასწარ ან არაუგვიანეს ორი დღის ვადაში შვებულების დამთავრებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოუცხადებლობა აღქმული იქნება როგორც სამუშაოსათვის თავის არიდება და დასაქმებული დაექვემდებარება შრომის შინაგანაწესით დადგენილ დისციპლინურ სასჯელს ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლის შესაძლებლობის ჩათვლით;

13.2. საკასაციო პალატა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზანშეუწონლობის შეფასების თვალსაზრისით, ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებამდე გამოყენებულ დისციპლინურ სახდელს, კერძოდ, კომპანიის 2020 წლის 28 იანვრის №396790 გადაწყვეტილებით, კასატორს გამოეცხადა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „საყვედური“. დასაქმებულის მიერ, საშვებულებო ვადის გასვლის შემდგომ სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა და, დამსაქმებლის მოთხოვნის მიუხედავად, საპატიო მიზეზის შესახებ შესაბამისი მტკიცებულების წარუდგენლობა, სამსახურში მოქმედი რეგულაციების (შრომის ხელშეკრულების, შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციის) უხეში დარღვევაა.

14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი საქმიანობის ფარგლებში დაშვებული გადაცდომა - სამსახურში გამოუცხადებლობა და დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა, ამასთანავე, აღნიშნულ საკითხზე ხელმძღვანელი პირის გაუფრთხილებლობა უნდა შეფასდეს იმგვარ სამსახურებრივ გადაცდომად, რომელიც აუცილებელს ხდიდა მოსარჩელის მიმართ უკიდურესი ზომის - დაუყოვნებლივ გათავისუფლების გამოყენებას. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ე-პ.ჯ–ას" 2020 წლის 26 თებერვლის №13 გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ვ.გ–ძის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

15. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგ: №ას-45-2019, 05.04.2019წ.; №ას-1001-2018, 05.03.2021წ.; №ას-113-2021, 27.04.2021წ.).

16. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრების ყველა პრეტენზიაზე.

17. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ვ.გ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 02.06.2022წ. №13474625142 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი