ბს-339-323(გ-06) 11 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავა დუშეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისა და შპს ხანძარსაწინააღმდეგო მთავრი სამმართველოს სააპელაციო საჩივრის ვ. ჩ-სა და სს “ს...ს” შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 13 აგვისტოს ვ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა დუშეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დუშეთის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის უფროს ლ. ლ-ის მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ სს “ს...ში” მუშაობდა 1987 წლიდან 2000წ. თებერვლამდე.
მოსარჩელის განმარტებით, ორგანიზაციას მისთვის არ მიუცია ხელფასი 1570 ლარი. ვინაიდან, ორგანიზაციაში ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, შეუძლებელი იყო ხელფასის გადახდა, მოპასუხე ორგანიზაციამ ვალში შესთავაზა ავტომანქანა, რაზედაც მან თანხმობა განაცხადა და მათ შორის დაიდო გარიგება მარკა “ზილ-130” მარკის ა/მანქანაზე, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის შესყიდვის შესახებ. გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა ¹37897, ასევე, დამატებითი ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა.
მოსარჩელის მითითებით, დუშეთის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმს მანქანა წაყვანილი ჰყავს ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე და არ ირიცხება მათ ბალანსზე. მან აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელს მიმართა მისთვის მისი კუთვნილი ავტომანქანის გადაცემის ან სახელფასო დავალიანების - 1570 ლარის გადახდის თაობაზე, მაგრამ მიიღო უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მისი კუთვნილი ა/მანქანის მის საკუთრებაში გადაცემას.
2004წ. 30 აგვისტოს დუშეთის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა Dდუშეთის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა, რომელმაც მოითხოვა ვ. ჩ-ის სახელზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის, სერია 01 ¹2222 და სასაქონლო ზედნადების – სერია ¹379897, როგორც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 7 დეკემბრის ¹845 დადგენილების მოთხოვნათა საწინაღმდეგოდ დადებული გარიგების ბათილად ცნობა.
დუშეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ასევე, მესამე პირმა, საქართველოს შს სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარმა სამმართველომ.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ვ. ჩ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე დუშეთის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიმართ და მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს დაუბრუნდა სადავო ავტომანქანა “ზილ-130”; ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი და მესამე პირის _ შს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარი სამმართველოს სარჩელი სადავო ავტომანქანაზე სს “ს...ის” გაკოტრების მმართველსა და ვ. ჩ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დუშეთის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურმა და შს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარმა სამმართველომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2005წ. 21 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ მას წარმოდგენილი საქმის მთლიანი მოცულობით განხილვის უფლებამოსილება არ გააჩნდა, ვინაიდან საქმე ორ დამოუკიდებელ მოთხოვნას მოიცავდა, რომელთაგან ერთი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ ქონების დაბრუნებას შეეხებოდა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესით უნდა განხილულიყო და მეორე, ვ. ჩ-სა და სს “ს...ის” გაკოტრების მმართველს შორის არსებული დავა ავტომანქანა “ზილ-130-ის” თაობაზე დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე კერძო სამართლებრივი ხასიათის იყო და იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ცალკე წარმოებად უნდა გამოყოფილიყო ადმინისტრაციული დავა ქონების დაბრუნების თაობაზე და იგი სამოქალაქო საქმისწარმოების დასრულებამდე უნდა შეჩერებულიყო. ამავე განჩინებით სასამართლომ საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
აღნიშნული განჩინება ვ. ჩ-ის წარმომადგენელმა ი. ჩ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ გამიჯნული ორი დამოუკიდებელი მოთხოვნა ერთმანეთთან არავითარ სამართლებრივ კავშირში არ იმყოფებოდა და არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2005წ. 5 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის განჩინებით ვ. ჩ-ის წარმომადგენლის, ი. ჩ-ის, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 21 ივნისისა და 5 ივლისის განჩინებები.
ამავე განჩინებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება უნდა დარეგულირებულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესების დაცვით და ამ ნაწილში საქმე მიიჩნია სამოქალაქო პალატის განსჯად საქმედ, რის საფუძველზეც დავა მითითებულ ნაწილში დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სამოქლაქო საქმეთა პალატა არ დაეთანხმა საქმის სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხს და 2006წ. 20 აპრილის საოქმო განჩინებით სადავოდ გახადა განსჯადობის საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, ცალკე წარმოებად გამოიყო და განსახილველად დაექვემდებარა სამოქალაქო საქმეთა პალატას დავა ვ. ჩ-ისა და შპს “ს...ის” გაკოტრების მმართველს შორის ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობას მხარეები ითხოვენ იმ მოტივით, რომ მხარეთა მიერ დარღვეულია მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 7 დეკემბრის ¹845 დადგენილების მოთხოვნები, რისი გათვალისწინებითაც აღნიშნული დავა, პალატის მოსაზრებით, გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და შესაბამისად მითითებული ხელშეკრულების ბათილობაც განხილულ უნდა იყოს ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 20 აპრილის საოქმო განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ დუშეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისა და შს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ვ. ჩ-სა და სს “ს...ს” შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად განმარტავს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
როგორც მითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევისათვის კანონმდებელმა სავალდებულოდ დაადგინა ორი ძირითადი პირობის არსებობა: სავალდებულობა: ხელშეკრულება მიმართული უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ და ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად.
იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ჩ-სა და სს “ს...ის” გაკოტრების მმართველს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს კერძო სამართლის პირებს შორის დადებულ გარიგებას და ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, მითითებული ხელშეკრულება არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ამ ხელშეკრულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგს: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2005წ. 5 ოქტომბრის განჩინებით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ნაწილში განსაზღვრა განსჯადობის საკითხი და მიუთითა, რომ დავა ამ ნაწილში განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესების დაცვით.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნის მომენტისათვის დავის არსი არ შეცვლილა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას უნდა ეხელმძღვანელა და საქმე განეხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი განსჯადობის წესის დაცვით.
ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე და სსკ-ის მე-11 მუხლის 1 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განსჯადობით განსახილველად ექვემდაბარება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 და სსკ-ის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დუშეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისა და შს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ვ. ჩ-სა და სს “ს...ს” შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.