Facebook Twitter

საქმე №ას-933-2022 17 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ქ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.გ–ძე, ც.გ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ქ–ი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, მ.ქ–ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ნ.გ–ძისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ც.გ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე, ერთად მოპასუხეები) მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა განმარტა არასწორად. სავალდებულო არ არის, მარტივი წერილობით ფორმით დადებული ხელშეკრულება აუცილებლად გაგრძელდეს წერილობით ფორმით. სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, ვინაიდან მოპასუხეებისათვის გადაცემული თანხა სულ 10 000,00 ლარი და 200,00 აშშ დოლარია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილითა და პოლიციაში მეორე მოპასუხის გამოკითხვის ოქმით. 2017 წელს მოპასუხემ ვალდებულება ნაწილობრივ, 3000 ლარისა და 200 დოლარის ნაწილში შეასრულა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადად მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) მუხლები.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები ვერ შესრულდა, კერძოდ, სააპლაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ვერ ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ მან მოპასუხეებს ასესხა 10 000 ლარი და 200 დოლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება მხოლოდ პირველი მოპასუხის მიერ 4500 ლარის სესხების ფაქტი (ტ.1, ს.ფ. 15). ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ დანარჩენი თანხა მან მოპასუხეებს გადასცა მოგვიანებით ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითა მეორე მოპასუხესთან პოლიციის სატელეფონო გასაუბრების ოქმი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის წარმოდგენილ დოკუმენტს ვალის აღიარების მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს. პირველ რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 341-ე მუხლით (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას) გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარებისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაცული არაა. ფიზიკურ პირთან პოლიციის თანამშრომლის სატელეფონო გასაუბრების ოქმი წერილობით დოკუმენტად (ვალის აღიარების ხელშეკრულებად) ვერ მიიჩნევა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მას ის პირი არ აწერს ხელს, ვისაც გაესაუბრენ. გარდა ამისა, სხვისი ვალის გადახდის კისრება (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც) სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის არსებობის აღიარებად არ განიხილება. ამ დროს შესაძლებელია, შემოწმდეს, ხომ არ არსებობს სხვისი ვალის აღიარების ან ვალის გადაკისრების სამართლებრივი წინაპირობები. სხვისი ვალის აღიარების ნორმატიულ რეგულირებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს, თუმცა სამართლის თეორიაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, მისი შინაარსი ისაა, რომ მესამე პირი კრედიტორის წინაშე კისრულობს იმ ვალდებულების შესრულების მოვალეობას, რომელიც მის პირად ვალდებულებას არ წარმოადგენს. ასეთ დროს თავდაპირველი მოვალე კი არ შეიცვლება, არამედ სხვისი ვალის მკისრებელი მესამე პირი, თავდაპირველ მოვალესთან ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს კრედიტორის წინაშე. რაც შეეხება ვალის გადაკისრებას, ამ უკანასკნელის ნორმატიულ რეგულირებას სსკ-ის 203-ე მუხლი ითვალისწინებს. ამ ნორმით მოწესრიგებულ შემთხვევაში, მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს და ეს უკანასკნელი თავისუფლდება კრედიტორის წინაშე პასუხისმგებლობისგან. სწორედ ეს გარემოება განასხვავებს ერთმანეთისგან სხვისი ვალის აღიარებასა და ვალის გადაკისრებას. ამ ორი ინსტიტუტის გამიჯვნა მნიშვნელოვანია, რადგან განსხვავებულია მათგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ტელეფონით პოლიციის თანამშრომელთან ისაუბრეს და არა კრედიტორთან, თავად ოქმში მითითებული მეორე მოპასუხის განმარტება ვერცერთ ზემოხსენებულ შემთხვევად ვერ შეფასდება, რადგან მოპასუხე მტკიცებით ფორმაში არ ამბობს, რომ თავისი დის ვალს გადაუხდის მოსარჩელეს. მეორე მოპასუხის სიტყვები, რომ „ის აპირებს ვალის გასტუმრებას“ ვერც ვალის აღიარებად და ვერც ვალის გადაკისრებად ვერ შეფასდება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (სუსგ №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.).

9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

12. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი