Facebook Twitter

საქმე №ას-519-2023 13 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - თ.ლ–ძე, თ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.ბ–მა სარჩელი აღძრა მ.ფ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) თ.ლ–ძისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და თ.მ–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ და დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ.ფ–ძეს, თ.ლ–ძეს და თ.მ–ს, მოსარჩელე ლ.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14 000 აშშ დოლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინება.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

8. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას სარჩელი არ ჩაჰბარებია, რასაც ადასტურებს ციხის თანამშრომლის მიერ შედგენილი ოქმი, რომელზეც არ არის მითითებული მისი ხელმოწერა და თარიღი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატის განსჯის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების შემოწმება და, ამ კონტექსტით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ კანონით დადგენილი იმპერატიული პირობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1454-2018, 30 ივლისი, 2021 წელი).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თავად უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად თავიანთ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყაროს შესაგებელი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შეჯიბრებითობის ზემოაღნიშნული პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს უფლება მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენაზე გააჩნია, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი).

17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მოპასუხეებმა თ.ლ–ძემ და თ.მ–მა 2021 წლის 31 მარტს ჩაიბარეს, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის 02.04.2021 წლის მომართვაზე დართული ხელწერილის მიხედვით, მოპასუხე მ.ფ–ძემ გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. (იხ. ტომი I, ს.ფ. 345-351). თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსთვის.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

19. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – შესაგებლის წარდგენა. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (იხ.: სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021 ).

20. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. სააპელაციო სასამართლომ მარათებულად აღნიშნა, რომ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მიერ შედგენილი ხელწერილებით დგინდება, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მეორე და მესამე მოპასუხემ 2021 წლის 31 მარტს ჩაიბარეს, ხოლო პირველმა მოპასუხემ/კასატორმა გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, მოპასუხეებს თ.მ–ს და თ.ლ–ძეს გზავნილი 2021 წლის 31 მარტიდან ჩაბარებულად ეთვლებათ, ხოლო რამდენადაც მოპასუხე მ.ფ–ძეს გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის ხელწერილზე თარიღი მითითებული არ არის, ამიტომ ჩაბარებაზე უარის თქმის თარიღად სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მომართვის თარიღით იხელმძღვანელა და შესაბამისად, მოპასუხეზე გზავნილი ჩაბარებულად 02.04.2021 წლიდან ჩაითვალა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.

21. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი არასაპატიოა და, შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს ასეთი, სამართლებრივად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივი გარემოებების წრე და სამართლებრივად სათანადოდ სამართლებრივი შეაფასოს. სწორედ ეს საკითხი უნდა გახდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. თუ აღნიშნული მსჯელობის შედეგად სააპელაციო პალატა დაასკვნის, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, აშკარა იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

22. განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხისათვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება. კერძოდ, მას ჰქონდა გასაჩივრებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა პირველ მოპასუხეს არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება წარუდგენია. მეტიც, იგი ისეთ გარემოებებზე მიუთითებდა, რომლებსაც შემხებლობა არ ჰქონდა დავის საგანთან.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი