Facebook Twitter

საქმე №ას-540-2022 29 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.მ–ი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებას, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

2.1. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

2.2. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება დაიდო ნდობის ბოროტად გამოყენებით. მოპასუხის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მის მიერ გადახდილი შეუსაბამოდ მაღალი პროცენტები სასამართლომ არ გაითვალისწინა. სს "ს.ბ–ის" მიერ ცალმხრივად განისაზღვრა არასამართლიანი პირობები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღოდასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შდრ. ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).

8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

8.2. 2017 წლის 19 სექტემბერს სს ,,ს.ბ–სა“ და კასატორს შორის, საკრედიტო რეფინანსირების მიზნით (სს ,,ს.ბ–ი“ – LND4773..; სს ,,ს.ბ–ი“ - LND30..) გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (4826750), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი - 6 730 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15,00%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო პირველი ვადაგადაცილების დღისათვის ერთჯერადად მაქსიმუმ 10 ლარი, ხოლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2019 წლის 14 ივნისს დადებული N1419995599/02 მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,ს.ბ–მა“ შპს ,,ფ.ბ–ოს“ დაუთმო თ.მ–ის მიმართ მოთხოვნები N4826750 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 16 029.34 ლარის ოდენობის ვალდებულების სრული მოცულობა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6 730 ლარი, პროცენტი - 750.72ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 7388.73 ლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო - 159.89 ლარი.

9. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმომშობი ფაქტობრივი წინაპირობები კასატორს საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. მისი პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია სსკ-ის 129-ე, 130-ე, მუხლებიდან გამომდინარე და, შესაბამისად, შეუძლია, უარი თქვას შესრულებაზე. ამდენად, მოპასუხის მტკიცებით, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო, მოთხოვნა განხორციელებადი არ არის.

10. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-386-2019, 2 აპრილი, 2021 წელი; სუსგ საქმე №ას-934-899-2016, 14 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-68-68-2018, 3 აპრილი, 2018 წელი).

11. უდავოა, რომ მხარეთა შორის, თავდაპირველი სასესხო ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წელს. საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების 19.09.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელს გადახდა უნდა დაეწყო 2017 წლის 11 ნოემბრიდან, რაკი მხარეები შეთანხმდნენ ახალ პირობებზე და სესხის გადახდის ახალ გრაფიკზე, ხანდაზმულობის ვადა 2015 წლიდან ვერ აითვლება. ვინაიდან, სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 25 აგვისტოს, 2017 წლის ნოემბრიდან სარჩელის წარდგენამდე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა დაცულია. ამგვარი გარიგება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს წარმოშობს. იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის განსხვავებული წესს ითვალისწინებს, კერძოდ, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და თითოეული ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია (სსკ-ის 129.2 მუხლი) (შდრ. სუსგ Nას-1432-1351-2012, 20.05.2013 წელი; Nას-1005-966-2014, 08.06.2015 წელი). რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელემ ბოროტად ისარგებლა უფლებით და სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების ბოროტად გამოყენებად ვერ შეფასდება. იმის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომლებიც გადაწონიდა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და დავის სხვაგვარი სამართლებრივი შეფასების საფუძველს შეუქმნიდა სასამართლოს, კასატორს არ წარუდგენია.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს 24.06.2022წლის განჩინებით გადაუვადდა საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, 415.9 ლარის ოდენობით, მასვე უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 415.9 ლარის 30% – 124.77 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 415.9 ლარის გადახდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი