ბს-350-51-გ-03 12 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ი-ის, გ. გ-ის, ქ. გ-ის სარჩელის განსჯადობის საკითხი
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელეებმა მ. ი-მა, გ. გ-მა, ქ. გ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების შპს “დ-ეს”, შპს “ი-ის”, ქ. თბილისის მერიის, თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის, საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების, ა. ხ-ის, ი. ჯ-ის, ჯ. გ-ის, ჯ. კ-ის, ლ. ს-ის, პ. ხ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს:
1. გ. გ-ის, ქ. გ-ის და მ. ი-ის ქ. თბილისში .......... ხეივანზე მდებარე იმ მიწის ნაკვეთის (214 კვ.მ) 48%-ის (102.72 კვ.მ) მესაკუთრეებად აღიარება, რომელზედაც აღმართული იყო სასაუზმე “ს-ი”, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთის (650 კვ.მ) 48%-ის (312 კვ.მ) კეთილსინდისიერ მფლობელებად და მოსარგებლეებად აღიარება, რომელზედაც ფუნქციონირებდა სასაუზმე “ს-ი”;
2. საქართველოს სახელმწიფოს, შპს “ი-ის” და შპს “დ-ეს” თავიანთი ხარჯებით ქ. თბილისში, ......... ხეივანზე მდებარე იმ ნაგებობის დემონტაჟის დავალება, რომელიც აღმართულია შრომითი კლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე “ს-ის” ტერიტორიაზე;
3. ქ. თბილისის ტექ აღრიცხვის სამსახურის მიერ სასაუზმე “ს-ის” შპს “დ-ეს” სახელზე აღრიცხვის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგოდ და უფლებამოსილების გადამეტებით განხორციელებული ქმედების, ბათილად და იურიდიული ძალის არამქონედ აღიარება;
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 14.05.96წ. ¹08.70.554 დადგენილების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის კაბინეტის 05.06.98წ. ¹11.20.237 დადგენილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას და შპს “ი-ს” დაუმაგრდათ ქ. თბილისში, .......... ხეივანში სასაუზმე “ს-ის” მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი;
5. ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას შორის 15.11.96წ. ¹1237 ხელშეკრულების, აგრეთვე ქ. თბილისის მერიასა და შპს “ი-ს” შორის 03.09.98წ. ¹2571 ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
6. ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს “ი-ის” სახელზე ქ. თბილისში, ......... ხეივანზე მდებარე მიწის იმ ნაწილის აღრიხცხვის ბათილად ცნობა, რომელზედაც ფუნქციონირებდა სასაუზმე “ს-ი”;
7. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, სკ-ს 170-ე მუხლის, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 და მე-5 მუხლების საფძველზე შპს “ი-ის” მიერ ქ. თბილისში, ........ ხეივანში მდებარე იმ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ცნობა, რომელზედაც ფუნქციონირებდა სასაუზმე “ს-ი”;
8. არქიტექურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიერ საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისათვის და შპს “ი-ისათვის” ქ. თბილისში, .......... ხეივანში მდებარე მიწის ნაკვეთზე გაცემული გეგმების (წითელი ხაზების), რომელშიც შეტანილია შრომითი კოლექტივის კუთვნილი სასაუზმე “ს-ი” და მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ბათილად ცნობა;
9. შპს “დ-ესა” და შპს ი-ს” შორის 20.06.98წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
10. სკ-ს 54-ე, 323-ე, 328-ე და 1427-ე მუხლების საფუზველზე შპს “დ-ეს” მიერ მ. ი-თან, ა. ხ-ესთან, მ. კ-თან, ჯ. კ-თან, ჯ. გ-თან, ი. ჯ-ესთან 30.06.98წ. გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
11. საქართველოს სახელმწიფოს მიერ (ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის სახით), შპს “დ-ესა” და შპს “ი-ის” მიერ მ. ი-ისათვის, გ. გ-ისათვის, ქ. გ-ისათვის მიყენებული ზიანის – 77322 აშშ დოლარისა და 70080 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
24.12.02წ. მოსარჩელეებმა დამატებითი სარჩელით მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც დამატებით მოითხოვეს სასაუზმე “ს-ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრთა კრების 29.06.98წ. ¹1 ოქმის უცილობლად ბათილად (არარა) გარიგებად ცნობა და შპს “დ-ეს” მიერ მ. ი-თან, ა. ხ-ესთან, მ. კ-თან, ჯ. კ-თან, ჯ. გ-თან, ი. ჯ-ესთან 30.06.98წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 07.08.03წ. განჩინებით დააკმაყოფილა მხარეთა შუამდგომლობა და საქმე განსჯადობით გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს, იმ საფუძვლით რომ მხარეები შეთანხმდნენ და დაადგინეს სასამართლოს განსჯადობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 15.09.03წ. განჩინებით, სასკ-ს 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დაუშვებლად მიიჩნია სასკ-ს 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სსკ-ს 21-ე მუხლის გამოყენება, ამასთანავე, კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ სარჩელში აღძრული მოთხოვნებიდან არც ერთი არ წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსჯად საქმეს, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ განეკუთვნება სასკ-ს მე-6 მუხლში ჩამოთვლილ საქმეთა კატეგორიას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას განსჯადობის საკითხზე შეთანხმების მიღწევის დაუშვებლობის შესახებ. სსკ-ს 21-ე მუხლის თანახმად, ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლოს დაუდგენლობის შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა, შეთანხმება ასეთ შემთხვევაში ფორმდება წერილობით. ამასთანავე, სასკ-ს პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაიულ სამართალწარმოებაში სსკ-ს დებულებების გამოყენება იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით სასკ-ს შეიცავს სსკ-ს ნორმებისაგან განსხვავებულ ნორმებს. ადმინისტრაიული კეტეგორიის საქმეებზე განსჯადობის საკითხები რეგულირდება სასკ-ს მე-5, მე-6, 26-ე მუხლების საფუძველზე. სასკ-ს 26-ე მუხლის თანახმად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე, არუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეების (სასკ-ს მე-5 მუხ.). სასკ-ს 6-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ადმინისტრაციული კატეგორიის იმ საქმეთა ჩამონათვალს, რომლებიც პირველი ინსტანციის წესით განეკითვნებიან საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეთა რიგს, არ დაიშვება ამ ჩამონათვალის განვრცობითი განმარტება, საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალის გაფართოება მხარეთა შეთანხმების შედეგად. მოსარჩელეების მიერ სარჩელში აღძრული მოთხოვნებიდან არც ერთი მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული სასკ-ს მე-6 მუხლის ჩამონათვალით. ამასთანავე, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 07.08.03წ. განჩინება, რომლითაც საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს, არ შეიცავს რაიმე არგუმენტს საოლქო სასამართლოს კოლეგიისადმი საქმის განსჯადობით მიკუთვნების შესახებ, რაიონულმა სასამართლომ განსჯადობის მიხედვით საქმის გადაგზავნის საკითხი გადაწყვიტა სსკ-ს 21-ე მუხლზე მითითებით, სასკ-ს პირველი მულის მე-2 ნაწილის, მე-5, მე-6, 26-ე მუხლების ნორმათა გათვალისწინების გარეშე. სამართლებრივი აქტები, რომელთა ბათილად ცნობას ითხოვს მოსარჩელე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 14.05.96წ. ¹08.70.554, 05.06.98წ. ¹11.20.237 დადგენილებები, არქიტექტურული და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული ნაკვეთის გეგმა (“წითელი ხაზები”)) წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს, შესაბამისად ადგილი არა აქვს სასკ-ს მე-6 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული გარიგების ღირებულება (შპს “დ-ესა” და შპს “ი-ის” 20.06.98წ. ხელშეკრულება, საერთო წილობრივ საკუთრებაში წილების გასხვისების შესახებ 30.06.98წ. ხელშეკრულება, სასაუზმე “ს-ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 29.06.98წ. კრების ¹1 ოქმი, შპს “ი-ის” მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მინიჭება, ქ. თბილისის მერიასა და ბუნების დაცვის საზოგადოებას შორის 15.11.96წ. დადებული ხელშეკრულება, ქ. თბილისის მერიასა და შპს “ი-ს” შორის 03.09.98წ. დადებული ხელშეკრულება), აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოებისაგან მოთხოვილი ზიანის ანაზღაურების ოდენობა (77322 აშშ დოლარი, 70080 ლარი) მთლიანობაში არ აღემეტება 500000 ლარს, რის გამო არ არსებობს სზაკ-ს მე-6 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველ საქმეთა რიგს არ განეკუთვნება აგრეთვე ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავოდ ქცეული ჩანაწერების გაუქმების მოთხოვნა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელება, ქმედების განხორციელების ღირებულება არ წარმოადგენს სასკ-ს მე-6 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის საოლქო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით განხილვის საფუძველს. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთზე აშენებული ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნა, შენობის დემონტაჟის ღირებულების მიუხედავად, არ ადასტურებს განსხვავებული საქმის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისადმი განსჯადობას. ზემოაღნიშნლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილელი საქმე განეკუთვნება თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საქმეთა რიცხვს, მით უფრო, რომ ვეკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 02.09.02წ. განჩინებით, რომლითაც სარჩელის ფასის ოდენობით შპს “ი-ის” ქონებას დაედო ყადაღა, სარჩელის ფასი განისაზღვრა, როგორც მიუღებელი მოგების (70080 ლ.) და მიყენებული ზიანის (77322 ლ.) ჯამი, შემდგომში 27.09.02წ. განჩინებით უზრუნველყოფის ღონისძიებების მოხსნა განპირობებული იყო 230000 ლარზე გაცემული საბანკო გარანტიით, რაც ასევე ადასტურებს განსახილველი საქმის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეთა კუთვნილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე განეკუთვნება რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეთა რიცხვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-5, მე-6, 26-ე მუხლებით, სსკ-ს 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ი-ის, გ. გ-ის, ქ. გ-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
2. მ. ი-ის, გ. გ-ის, ქ. გ-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.