Facebook Twitter

საქმე №ას-660-2022 17 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მარტის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, ა.კ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი. მისი განმარტებით, სამინისტროსთვის ცნობილი იყო 2016 წლის 18 აპრილს ზიანის არსებობა, თუმცა მხოლოდ ზიანის მიყენება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოითხოვო მისი ანაზღურება. კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან 2016 წლის 16 აპრილს დაიწყო გამოძიება, რის შედეგადაც უნდა დადგენილიყო ავტოავარიის ამომწვევი მიზეზი და ბრალეული პირის ვინაობა, რაც გამოძიების დასრულების შემდგომ თავდაცვის სამინისტროს მისცემდა შესაძლებლობას, სარჩელით მიემართა უკვე დადგენილი პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

7. მოსარჩელის მოთხოვნაა ავტოსაგზაო შემთხვევვის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

8. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2016 წლის 18 აპრილს, ასევე - 2016 წლის 16 დეკემბრის დადგენილების თანახმად, ა.კ–ძე სსკ 125-ე მუხლის მე-5 ნაწილით ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი, 12 თვით შეუჩერდა მართვის უფლება. კასატორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაუყოვნებლივ გახდა ცნობილი ავტომობილის მძღოლის ვინაობის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, შემთხვევის შემდეგ, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ზიანის შესახებ და ასევე იდენტიფიცირებული იყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი (იხ. ს.ფ. 177-184).

9. პალატა მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის განსაზღვრის უზოგადესი წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ზოგადი წესის გამოყენებამდე, სასამართლოს ვალია, შეამოწმოს, იმ სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, ხომ არ არსებობს ხადაზმულობის ვადის განსაზღვრის განსხვავებული წესი.

10. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოთხოვნა გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობიდან, რომლის მიმართაც მოქმედებს ხანდაზმულობის განსაზღვრის სპეციალური წესი, პალატა ხელმძღვანელობს არა ზოგადი, არამედ სპეციალური დანაწესით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის დანაწესით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა დაკავშირებულია დაზარალებულის მიერ ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შეტყობასთან. განსახილველ შემთხვევაში, შემთხვევის დღეს კასატორისათვის ცნობილი იყო, ზიანის არსებობისა და ზიანის ანაზღურებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ, რასაც თავადვე ადასტურებს (იხ.ტ. I. ს.ფ. 19-20; 177-184). შესაბამისად, მოსარჩელისათვის ზიანის, მისი ოდენობისა და ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ 2016 წლის 16 აპრილს უკვე ცნობილი იყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდება სსკ-ის 1008-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადა. კასატორის პრეტენზია უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისს, კერძოდ, მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს ხანდაზმულობის ვადა გამოძიების დასრულების შემდგომ უნდა აეთვალა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ 2010 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ (ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედება, რომელიც აღარ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საქმეზე), სახელმწიფოსათვის ან სამართლებრივი ურთიერთობის სხვა სუბიექტისათვის დანაშაულით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების მიმართ, სსკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაწყება, დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, თუ რა წესით ითხოვს დაზარალებული მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. თუ დაზარალებული ითხოვს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას გამარტივებული წესით, მაშინ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა ზიანის მიმყენებლის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარვევის საქმეზე გამოცემულ იქნა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებული მოითხოვს დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას საერთო სასარჩელო (და არა გამარტივებული სამართალწარმოების წესით) წესით, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2019 წლის 4 აპრილის №ას-1322-2018; განჩინება).

11. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა, ავტოსაგზაო შემთხვევის დღიდან უნდა აითვალოს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორისათვის დაუყოვნებლივ გახდა ცნობილი როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის, ისე ავტომობილის მძღოლის შესახებ (2016 წლის 18 აპრილი). მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი 2021 წლის 7 ივნისს წარადგინა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

13. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი