Facebook Twitter

საქმე №ას-356-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ნ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.კ–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს ,,ბ.ნ–ის“ მიმართ და კუთვნილი მილსადენისა და საყრდენი ბოძების დემოტაჟი და მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. ქ. ბათუმში, ....... #26-ის მიმდებარედ არსებული 332 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ......... ძველი ს.კ. ......), 2011 წლის 20 დეკემბრიდან აღრიცხულია ნ.კ–ის საკუთრებად (საფუძველი: ჩუქების ხელშეკრულება). 2011 წლის 20 ივლისიდან 20 დეკემბრამდე ეს მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო მ.ჯ–ძის, ხოლო 2009 წლის 18 ივნისიდან 2011 წლის 20 ივნისამდე მ.დ–ძის საკუთრებად. ნ.კ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მიმართ (ს/კ ......) აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი და სხვა უფლებები, ასევე - საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა) რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 18-19, 118, 119-122, 116).

3.2. მოპასუხე შპს „ბ.ნ–ი“ წამოადგენს შპს „ბ–ის“ სამართალმემკვიდრეს. 2011 წლის 27 სექტემბერს შპს „ნ–ის“ საკუთრებაში აღირიცხა ქ. ბათუმში, ...... ნავთობის სატვირთო ნავმისადგომებამდე გამავალი ხაზობრივი ნაგებობა (ს/კ .....), სიგრძით 6602.3 გრძივი მეტრი, რომელიც 24.08.1999 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა შპს „ბ–ის“ საკუთრებად (ს. ფ. 82-83).

3.3. ქალაქ ბათუმის მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის #11 დადგენილებისა და 2006 წლის 11 აპრილის #100 დადგენილების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ........ პარკიდან ტერმინალის ძირითად ტერიტორიამდე არსებული 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, (საკადასტრო კოდით ......) და შპს „ბ–ის“ ..... გამავალი 6600 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით ........), 2006 წლის 20 აპრილიდან აღირიცხა სახელმწიფო საკუთრების ობიექტად (ს. ფ. 69-70, 71-72).

3.4. 2006 წლის 27 აპრილს ქ. ბათუმის მერიასა და შპს „ბ–ს“ შორის გაფორმდა უზუფრუქტის ხელშეკრულება. მესაკუთრემ უზუფრუქტუარს, სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით, გადასცა შპს „ბ–ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც მილები გადიოდა, მათ შორის - შპს „ბ–ის“ ს.პ. „კ–დან“ შპს „ბ.ო.ტ.ლ - ის“ ძირითად ტერიტორიამდე გამავალი მილსადენების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთები ფართობით - 0.80 ჰა (ს/კ ......) და 0.66 ჰა (ს/კ .....). 2006 წლის 27 აპრილს სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა შპს „ბ–ის“ უფლება იმ მიწის ნაკვეთებზე, სადაც მილები მდებარეობდა (ს.ფ. 55-64, 69-70, 71-72).

3.5. 2006 წლის 27 აპრილის სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4. პუნქტის თანახმად, უზუფრუქტუარი უფლებამოსილი იყო, მიწის ნაკვეთზე გაეყვანა დამატებითი მილსადენი, არსებული მილსადენები შეეცვალა ახლით, საჭიროების შემთხვევაში შეესრულებინა სხვადასხვა სახის სამუშაო - რემონტი, რეკონსტრუქცია და სხვა, მიწის ნაკვეთზე განეთავსებინა ისეთი კონსტრუქციები, რომლებიც აუცილებელი იქნებოდა მილსადენის ექსპლუატაციისათვის (უზუფრუქტის ხელშეკრულება - ს. ფ. 55-64)

3.6. 2012 წლის 16 ოქტომბერს შპს „ბ.ნ–მა“ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, უ.კ–დან ძირითადი ტერმინალისაკენ მიმავალი მაბლოკირებელი მილსადენის ახალი ხაზის მშენებლობის კონსტრუქციული სქემის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქალაქ ბათუმის მერიის 2012 წლის 18 ოქტობრის #1425 ბრძანებით შპს „ბ.ნ–ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაიცა მშენებლობის ნებართვა (ს.ფ. 88-89).

3.7. ქალაქ ბათუმის მერიის 2012 წლის 18 ოქტობრის #1425 ბრძანებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე შპს „ბ.ნ–მა“ 2012-2013 წლებში შეასრულა სარეკონსტრუქციო/სამშენებლო სამუშაოები. ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 11 მარტის #02/122 ბრძანებით, დასრულებული ობიექტი მიღებული იქნა ექსპლუატაციაში. ამ ბრძანების საფუძველზე ხაზოვანი ობიექტი - ნავთობსადენი (ფაქტობრივი სიგრძით - 6063.6 მ) 2014 წლის 25 მარტს საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „ბ.ნ–ის“ საკუთრებად, საკადასტრო კოდით - ..... (ს.ფ. 90-91; 92; 93-94; სიტუაციური გეგმები - ს.ფ. 95-98, 88-89, 84-85, 86).

3.8. ქ. ბათუმში, ....... #26-ის მიმდებარედ ნ.კ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - 332 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ........) 16.1 კვმ-ით გადაფარულია შპს „ბ.ნ–ის“ საკუთრებში არსებული მილსადენით (ს. ფ. 26-29).

3.9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და მიუთითა, რომ მოცემული დავა სამეზობლო სამართლის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. სამეზობლო სამართალი სანივთო სამართლის ნაწილია და ამ ნორმათა მიზანი მეზობლებს შორის არსებული დავების გადაჭრა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფაა. სამეზობლო სამართლის ნორმებით დგინდება მეზობელ მიწის ნაკვეთსა ან სხვა უძრავ ქონებაზე დასაშვები ზემოქმედების ფარგლები - „მეზობელი მესაკუთრის“ ვალდებულება.

3.10. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 179-ე მუხლები და განმარტა, რომ 2012 წელს ქალაქ ბათუმის მერიის 18.10.2012 წლის #1425 ბრძანების შესაბამისად, გაცემული #000350 მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე განხორციელდა უკვე არსებული მილსადენის რეკონსტრუქცია, შესაბამისად, მილსადენის ადგილმდებარეობა არ შეცვლილა (მანამდე მილები ჩალაგებული იყო მიწაში, მიწის ქვემოთ, ხოლო რეკონსტრუქციის შემდეგ განლაგდა მიწიდან ზემოთ იმავე ადგილზე, დაახლოებით 6-8 მეტრის სიმაღლეზე, როდესაც სწორედ მოსარჩელის კუთვნილ 16 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიმართა 3 ბოძი, რაზედაც ეს მილებია დამაგრებული), გამომდინარე აღნიშნულიდან, უდავოა, რომ ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა მშენებლობის ნებართვის დაცვით რეკონტსრუირებული მილსადენი, რაც 2014 წლის 20 მარტს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გადაფარვა არ დაფიქსირებულა. უდავოა ისიც, რომ მესაკუთრე ნ.კ–ის მხრიდან, სარჩელის წარდგენამდე (2016 წლამდე), რაიმე პრეტენზიის წარდგენის (არც მოპასუხისა და არც მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ) დამადასტურებელი მტკიცებულება, მის კუთვნილ ნაკვეთზე მილსადენის ნაგებობის აღმართვასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

3.11. პალატამ განმარტა, რომ პრეტენზიის გაცხადების თაობაზე მითითება მოსარჩელის მხრიდან გაცილებით მეტ მტკიცებას საჭიროებს (შესაბამის მტკიცებულებათა წარდგენის გზით). მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც არსებობს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი და მოსარჩელის მიერ შეუდავებელი საფუძველი - მილსადენის რეკონსტრუქციის თაობაზე მშენებლობის ნებართვა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4.1. კასატორის განმარტებით, ის წარმოადგენს მიწის ნაკვეთის (ს.კ. .......) მესაკუთრეს, რომელზეც გადის მოწინააღმდეგე მხარის მილსადენები და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღმართულია მილსადენების ბოძები. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის არავითარი სახის უფლება (მათ შორის უზუფრუქტის უფლება) ნ.კ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით. მოწინააღმდეგე მხარეს უზუფრუქტის უფლება სადავო მიწის ნაკვეთან დაკავშირებით ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი უზუფრუქტის უფლება დარეგისტრირდებოდა ნ.კ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და აისახებოდა ამონაწერის შესაბამის გრაფაში, რაც არ გამოვლენილა. უფრო მეტიც, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ ნ.კ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არც ამჟამად და არც წინა პერიოდში, გარდა ნ.კ–ის საკუთრების უფლებისა, არ იყო რეგისტრირებული სხვა სახის უფლება, ამიტომ სასამართლოს დასაბუთება იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა ნ.კ–ის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლება, სამართლებრივად არასწორია.

4.2. მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპის დასრულების შემდეგ სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული შესაგებელი, რომელშიც მიუთითა ახალ გარემოებებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ მოითხოვა, რომ სასამართლოს არ დაერთო საქმისთვის დაგვიანებით წარმოდგენილი შესაგებელი და არ გაეზიარებინა მასში დასახელებული ახალი გარემოებები.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

7.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რასთან დაკავშირებითაც გასაჩივრებულ განჩინებაში ვრცელი და დასაბუთებული სამართლებრივი განმარტებებია მითითებული (იხ. ამ განჩინების 3.1-3.11 ქვეპუნქტები), როგორც სასამართლო პრაქტიკის, ისე იურიდიულ დოქტრინაში ასახული მსჯელობებისა და დასკვნების საფუძველზე, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს.

9. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს სსკ-ის 170-ე; 172-ე და 179-ე მუხლების გამოყენებასთან დაკავშირებით. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად განსაზღვრავს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (შდრ. სუსგ: №ას-1041-998-2016, 12.02.2016; №ას-843-809-2016, 26.10.2016).

10. სსკ-ის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. საკვანძო საკითხი ამ დროს არის ის, თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა: განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. თუ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, მესაკუთრეს შეუძლია დაეყრდნოს 172.2 მუხლს და მოითხოვოს დემონტაჟი. თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე მხარის ეკონომიკური ინტერესი, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მისი მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინაწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დარღვევა, თუკი ასეთს აქვს ადგილი ადვილად შესამჩნევი ხდება მეზობელი მესაკუთრისთვის. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა იმ მესაკუთრისაგან, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდეს ადგილი მსგავს ზემოქმედებას, მოითხოვს საზღვრის დარღვევის შესახებ მეორე მხარის დაუყოვნებლივ ინფორმირებას შეტყობისთანავე - იმ მომენტში, როგორც კი აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა. თუკი მესაკუთრემ არ განახორციელა ეს მოქმედება, შემდგომ იგი კარგავს მისი მიწის ნაკვეთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას (იხ., თამარ ზარანდია „სანივთო სამართალი“ , თბილისი, 2019 წელი, გვ. 275). (იხ. სუსგ №ას-1029-2021 23.06.2022წ. №ას-25-2021, 27.04.2021წ: №ას-1065-2020, 08.2021წ; N ას-1085-1005 -2017. 10.11, 2017წ: N ას-142-138-2016, 28.11.2016წ.).

11. განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის მერიის 2012 წლის 18 ოქტომბრის #1425 ბრძანების შესაბამისად, გაცემული #000350 მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხის მიერ რეკოსნტრუირდა (განახლდა) მხოლოდ ხაზობრივი ნაგებობა და რეკოსტრუქციის დროს ხაზობრივ ნაგებობებს ადგილი არ შეუცვლია, არამედ განახლდა იმავე ადგილზე, სადაც თავდაპირველად იქნა გაყვანილი ხაზობრივი ნაგებობები, კერძოდ: მანამდე მილები ჩალაგებული იყო მიწაში, ხოლო რეკონსტრუქციის შემდეგ, აღნიშნული მილები განლაგდა იმავე ადგილზე, მიწიდან ზემოთ, დაახლოებით 6-8 მეტრის სიმაღლეზე, როდესაც სწორედ მოსარჩელის კუთვნილ 16 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიმართა სამი ბოძი, რაზედაც ეს მილებია დამაგრებული.

12. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართაც კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არ არსებობის შესახებ. ამრიგად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

13. სააპელაციო სასამართლო მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლაია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს რ. ხ–ის მიერ 2022 წლის 26 აპრილს №28537544 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.კ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, გადამხდელი რ.ხ–ში, პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150.00 ლარის (საგადასახადო დავალება N28537544, გადახდის თარიღი 26.04.2022წ), 70% –105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი