Facebook Twitter

საქმე №ას-540-2022 29 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ო“ (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ფ–ომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.მ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2022წ. განჩინებით თ.მ–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად; თ.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 415.9 ლარის გადახდა გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უნდა გასწორდეს უსწორობა.

4. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

5. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (სუსგ-ებები: 24.06.2011წ, №ას-636-597-2011, 31.01.2019წ. №ას-1489-2018).

6. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

7. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს 24.16.2022წლის განჩინებით გადაუვადდა საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, 415.9 ლარის ოდენობით, მასვე უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 415.9 ლარის 30% – 124.77 ლარი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთარი ინიციატივით უნდა გაასწოროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა საქმეზე №ას-540-2022. კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში არსებული წინადადება „თ.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 124.77 ლარის გადახდა“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2022წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში გასწორდეს უსწორობა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: თ.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 124.77 ლარის გადახდა.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი