საქმე №ას-540-2023 13 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს ,,მ.კ. მ.გ.დ.ც–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს–ო" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.01.2023 განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.10.2022 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა. 2021 წლის 25 იანვრიდან შეწყვეტილად ჩაითვალა მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 14 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულება და შპს „მ.კ. მ.გ.დ.ც–ს“ დაევალა გამოათავისუფლოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება; შპს „მ.კ. მ.გ.დ.ც–ს“ შპს „ს–ოს“ სასარგებლოდ, ხელშეკრულების შეწყვეტემდე არსებული საიჯარო დავალიანების 15 354.84 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა; შპს „მ.კ. მ.გ.დ.ც–ს“ შპს „ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, 2022 წლის 4 აპრილის მდგომარეობით 63 667.86 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და ასევე 2022 წლის 4 აპრილიდან ფართის გამონთავისუფლებამდე, ყოველთვიურად 12 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.01.2023 წლის განჩინებით შპს ,,ს–ოს" შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ,,მ.კ. მ.გ.დ.ც–ს" აეკრძალა შპს ,,k. M.C."-ში მისი კუთვნილი 100% წილის - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2023 წლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.01.2023 წლის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
7. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ № ას-1477-2018, 31.01.2019წ.). პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.
8. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ №ას-1586-2018, 26.10.2018წ.).
9. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლების შეფასების სტანდარტი პროპორციულობის ტესტია. აღნიშნული ტესტის თანახმად, საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს მხარის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
10. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2023 წლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი და ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატოის 24.01.2023 წლის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება.
11. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ 24.01.2023 წლის განჩინებით მართებულად დაკმაყოფილდა გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა შპს ,,K. M.C."-ში მოპასუხის საკუთრებაში არსებულ 100% წილს.
12. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „მ.კ. მ.გ.დ.ც–ის“ შპს „K. M.C.”-ში მისი კუთვნილი 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასარჩელო მოთხოვნის მიმართ პროპორციული და ადეკვატურია. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან შეწყვეტილი იყო საიჯარო ქირის გადახდა იმ ფონზე, როდესაც იგი აგრძელებდა საიჯარო ქონებით სარგებლობას და ამის საწინააღმდეგოდ საჩივრის ავტორს საჩივრის გარდა არაფერი წარმოუდგენია და თუ საბოლოოდ ძალაში შევა სასამართლოს გადაწყვეტილება საიჯარო ქონების გამოთავისუფლების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილებას შეიძლება შეექმნას საფრთხე ან დარჩეს აღუსრულებელი. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ წარმოდგენილი განცხადება თავისი არსით, მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების თავიდან არიდებას ემსახურება.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).
14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ადეკვატური ღონისძიებაა გამოყენებული და მისი გამოყენებით არ არის დარღვეული მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი და პროპორციულობის პრინციპი. საჩივრის ავტორს არ მიუთითებია აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო გარემოებებზე და არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მ.კ. მ.გ.დ.ც–ის" საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.01.2023 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი