Facebook Twitter

საქმე №ას-886-2022 23 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ტ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.11.2021წ. გადაწყვეტილებით - დ.ტ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სასარჩელო მოთხოვნა თ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", ,,კერძო საჩივრის ავტორი'') მიმართ დაკმაყოფილდა, თ.ხ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა იქნა უძრავი ნივთი, რომლის მისამართია: ქალაქი თბილისი, ........, ფართი 41.78 კვ.მ, ს/კ №...... და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრე დ.ტ–ძეს (იხ: გადაწყვეტილება, ს.ფ.46-51). აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.06.2022წ. განჩინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2022 წლის 2 ივნისს წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნები, ამასთან, ბანკში განუმარტეს, რომ სახელმწიფო ბაჟი აისახა შესაბამის ანგარიშზე გადახდის დღეს. ზემოაღნიშნული განჩინებით კი, დაირღვა მათი უფლება, ესარგებლათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2022 წლის 2 ივნისს წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნები.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა ხარვეზის შევსების მიზნით ა) სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომელზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათ. ბ) სააპელაციო საჩივარზე 80 ლარის და კერძო საჩივარზე 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2022 წლის 29 მარტს, განცხადებით მიმართა თ.ხ–მა, რომელმაც მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება იზოლაციაში და ვერ შეძლო დადგენილი ხარვეზის შევსება. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და თ.ხ–ს ხარვეზის აღმოსაფხვრელად გაუგრძელდა ვადა 5 დღით. თ.ხ–ს - დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 80 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - ნ.ქ–ს. ასევე, 08.04.2022 წლის განჩინება გაეგზავნა თ.ხ–ს, თუმცა არ ჩაბარდა. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტის თანახმად 2022 წლის 25 მაისს მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა აპელანტს თ.ხ–ს ტელეფონის ნომერზე ....., რომელსაც აცნობა 2022 წლის 8 აპრილის განჩინების შინაარსი და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 5 დღიან ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2022 წლის 2 ივნისს განცხადებით მომართა აპელანტმა თ.ხ–მა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 80 ლარისა და 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები. ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 26 მაისიდან და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2-ე მუხლის მიხედვით, 2022 წლის 30 მაისს ამოიწურა. აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია.

7. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.

8. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

9. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხე მიუთითებს, რომ 2022 წლის 2 ივნისს წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნები. ბანკში კი განუმარტეს, რომ სახელმწიფო ბაჟი აისახა შესაბამის ანგარიშზე, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად არ მიიჩნევა. უდავოა, რომ აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა დამატებით კიდევ ხუთი დღით, თუმცა მითითებულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და არც დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (15 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. აპელანტმა სასამართლოს მიმართა დაგვიანებით, კერძოდ, 2022 წლის 1 ივნისს ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა 2022 წლის 31 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრები, თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა 2022 წლის 30 მაისს ამოიწურა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.

10. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის საქმე Nას-6115-2019 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა (იხ. ასევე, საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება.

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 9.06.2022 წლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი