Facebook Twitter

საქმე №ას-675-2022 24 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ე.გ–ი, ლ.მ–ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.გ–ი და ლ.მ––ე ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, მ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: აღიკვეთა ე.გ–ისა და ლ.მ–ის ხელშეშლა და მ.გ–ს მიეცა მის თანასაკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე თბილისში, ...... (სხვენის სართული), საკადასტრო კოდით № ......, თავისუფლად შესვლისა და საცხოვრებლად გამოყენების შესაძლებლობა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორების განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი რელევანტური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი პოზიციის სისწორეს.

2.1. კასატორების განმარტებით, ისინი ცხოვრობენ როგორც სხვენის, აგრეთვე, სხვენის ქვედა სართულის ბინებში. ორივე ბინაში განთავსებულია ლ.მ–ისა და ე.გ–ის ყოველდღიურად საჭირო პირადი ნივთები. გარდა ამისა, მათ ჰყავთ ქალიშვილი ქ.გ–ი, რომელიც ცხოვრობს იმ ბინაში, რომელიც მ.გ–ის საერთო საკუთრებაა. ზემოაღნიშნული პირების გარდა, იქ არავინ ცხოვრობს შესაბამისად, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე აცხადებდა მოსარჩელე, რომ კასატორებს გაქირავებული ჰქონდათ ბინა და, რატომ გაიზიარა სასამართლომ აღნიშნული პოზიცია, მაშინ, როცა არ არსებობდა ამის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი გარემოება.

2.2. კასატორები არ ეთანხმებიან მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, თითქოს ლ.მ–ე და ე.გ–ი ხელს უშლიან მას და არ უშვებენ კუთვნილ ბინაში, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. მათი განმარტებით, მ.გ–ი თავისუფლად სარგებლობს თავისი კუთვნილი წილით და მას ხელს სარგებლობაში არავინ უშლის. ქ.გ–ი იმყოფება მხოლოდ დედის, ლ.მ–ის, კუთვნილ 1/2 წილში. ეს პოზიცია მათ გამოხატეს როგორც შესაგებელში, აგრეთვე - სასამართლო პროცესზეც მოწინააღმდეგე მხარეებმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი არ უშლიდნენ მოსარჩელეს, შესულიყო და ეცხოვრა კუთვნილ 1/2 ნაწილში, თუმცა მას ლ.მ–ესა და ე.გ–თან ერთად ცხოვრება არ სურდა და ამ შეთავაზებაზე უარს აცხადებდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი, მოსამართლემ არ გაიზიარა ლ.მ–ისა და ე.გ–ის პოზიციები და უარი ეთქვათ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უცნობია, რა სახის ფაქტობრივ გარემოებებს ან/ და რომელ სამართლებრივ ნორმებს დაეყრდნო სასამართლო.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

7. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა სსკ-ის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა, სახელდობრ:

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.04.2019წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ე.გ–სა და ლ.მ–ეს აეკრძალათ, მ.გ–ისათვის ხელი შეეშალათ თბილისი, ..... მდებარე ბინა №73-ით (საკადასტრო კოდით №.......) სარგებლობაში, ხოლო წინამდებარე სარჩელით მოთხოვნილია ხელშეშლის აღკვეთა ........ ბინა №73ა-თი (საკადასტრო კოდით №......) სარგებლობაში.

7.2. უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ....., ბინა №73ა (სხვენის სართული), ფართი 78.97 კვ.მ რეგისტრირებულია მ.გ–ისა და ე.გ–ის თანასაკუთრებად (ს.ფ. 17).

7.3. მოსარჩელე და ე.გ–ი არიან ერთი ოჯახის წევრები, ლ.მ––ე ე.გ–ის მეუღლეა. ასევე უდავოა, რომ მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

7.4. მოპასუხეებმა სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს, რომ ისინი ფლობენ სადავო ქონებას.

7.5. მოსარჩელე ვერ სარგებლობს კუთვნილი ქონებით, მოპასუხეები ხელს უშლიან მას ბინაში შესვლაში და არ აძლევენ გასაღებს.

7.6. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის თანახმად, პატრული გამოცხადდა მისამართზე, ....., სადაც ადგილზე გაარკვიეს, რომ ბინა №73-ში ცხოვრობდა მოსარჩელის ძმისშვილი თავის მეგობართან ერთად, ხოლო ამ ბინის მესაკუთრეები იყვნენ მ.გ–ი და მისი ძმა.

7.8. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის 10.02.2019წ. რეაგირების ოქმის მიხედვით, პოლიცია გამოცხადდა მისამართზე, ......, ბინა №73, სადაც დახვდათ მოსარჩელე, რომელმაც განაცხადა, რომ არის ქონების ერთ-ერთი მესაკუთრე და ქონების მეორე მესაკუთრე არ აძლევს ამ ბინით სარგებლობის უფლებას.

7.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.04.2018წ. მიმართვით ირკვევა, რომ 14.03.2018წ. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა თბილისში, ...... №43-ში მდებარე ე.გ–ისა და მ.გ–ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. 19.04.2018წ. ექსპერტი გამოცხადდა მისამართზე, სადაც უძრავი ქონება უნდა დაეთვალიერებინა და დაესურათებინა, მაგრამ ბინაში მყოფმა პირმა არ დართო ნება (ს.ფ. 39).

8. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა ნების გარეშე მოსარჩელე სადავო ბინაში ვერ შედის. მოსარჩელის მითითებით, მისი საკუთრებაა მოპასუხეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ½ ნაწილი, თუმცა, მიუხედავად მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებისა (რომლითაც საკუთრების უფლება აღრიცხა), მოპასუხეები ხელს უშლიან ბინით სარგებლობაში, კერძოდ, არ აქვს ბინის გასაღები, ვერ შედის კუთვნილ სახლში და, უფრო მეტიც, მხარე აღნიშნავდა, რომ ბინა გაქირავებულია და ქირის თანხას სრულად იღებენ მოპასუხეები. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დაადასტურეს მოპასუხეებმა.

9. ამდენად, საქმეზე ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა. მოსარჩელემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტების საფუძველზე შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოპასუხეები ხელს უშლიან კუთვნილი ფართით სარგებლობაში, ხოლო მოპასუხეებს სადავო ბინის მოსარჩელისთვის სარგებლობასა და მფლობელობაში გადაცემის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

10. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგები: №ას-1041-998-2016, 12.02.2016; №ას-843-809-2016, 26.10.2016).

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას, უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.

12. კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლოს ანალოგიურ საკითხზე უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს შემდეგს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.04.2019წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ე.გ–სა და ლ.მ–ეს აეკრძალათ, მ.გ–ისათვის ხელი შეეშალათ თბილისი, ...... მდებარე ბინა №73-ით (საკადასტრო კოდით №......) სარგებლობაში, ხოლო წინამდებარე სარჩელით მოთხოვნილია ხელშეშლის აღკვეთა ........ მდებარე №73ა ბინით (საკადასტრო კოდით №.....) სარგებლობაში. შესაბამისად, არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. კნიაზის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №13272529547, გადახდის თარიღი - 10.05.2022), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.გ–ისა და ლ.მ––ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.გ–სა (პ/ნ .......) და ლ.მ––ეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს კ.ნ. მიერ 10.05.2022წ. №1327252.. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი