Facebook Twitter

ბს-353-337(გ-06) 19 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 20 დეკემბერს რ. წ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ რ. წ-ა იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე, მუშაობდა მარტვილის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების მორიგის ...ედ და საკუთარი ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით უკანონოდ დაუკავდა 78 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ხსენებული თანხის _ 78 ლარის მისთვის უკან დაბრუნება.

მოპასუხე მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილებამ მარტვილის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო რ. წ-ს სარჩელი და აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება დაქირავებულის ფაქტობრივი საქმიანობის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში და ამდენად, მოსარჩელეს არასწორად ჰქონდა სასარჩელო განცხადებაში მითითებული საშემოსავლო გადასახადის მიმღები ორგანიზაცია. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაბრუნებოდა საგადასახადო ინსპექციის დასკვნის საფუძველზე და მაშასადამე, აღნიშნული საგადასახადო ინსპექციის და არა მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენდა, ხოლო მოსარჩელეს შეეძლო, ხსენებული საკითხის მოგვარება იმ ორგანიზაციასთან, ვისთანაც დადებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილებამ მოითხოვა არასათანადო მოპასუხედ ცნობა.

მარტვილის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ზემოხსენებულ შესაგებელზე და 2006წ. 24 მარტის საოქმო განჩინებით დაადგინა, რომ მოსარჩელეს უნდა დაეზუსტებინა, თუ ვინ იყო მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხე.

2006წ. 24 მარტს რ. წ-მ კვლავ წარადგინა სასარჩელო განცხადება მარტვილის რაიონულ სასამართლოში, დააზუსტა მოპასუხე და ამჯერად მოპასუხედ მიუთითა ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციაზე.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006წ. 24 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე მოსარჩელე რ. წ-ს სარჩელის გამო მოპასუხე ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცა ფოთის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით და აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე მოპასუხე იყო ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექცია.

ფოთის საქალაქო სასამართლომ 2006წ. 3 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ, ვინაიდან ამავე სასამართლოს 2006წ. 3 მაისის სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა მარტვილის შინაგან საქმეთა სამმართველოზე როგორც მის წინაშე ვალდებულ პირზე _ მოპასუხეზე, მოცემულ საქმეზე განსჯადი სასამართლო იყო მარტვილის რაიონული სასამართლო, ხოლო ხელფასიდან თანხის დაბრუნებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა მარტვილის შინაგან საქმეთა სამმართველო და არა მარტვილის საფინანსო განყოფილება ან ფოთის საგადასახადო ინსპექცია.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 3 მაისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მარტვილის რაიონული სასამართლოსა და ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მარტვილის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თავიდანვე არ არსებობდა მარტვილის რაიონული სასამართლოს მიერ ფოთის საქალაქო სასამართლოში რ. წ-ს სასარჩელო განცხადების განსჯადობით გადაგზავნის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან, როგორც მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, მარტვილის რაიონულმა სასამართლომ 2005წ. 29 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო რ. წ-ს სარჩელი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესი, რომლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მარტვილის რაიონულმა სასამართლომ რ. წ-ს სასარჩელო განცხადება წარმოებაში მიიღო ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესის დაცვით, კერძოდ, აღნიშნული რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნებოდა მოპასუხე მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების ადგილსამყოფელი.

სსკ-ის 22-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. აღნიშნული კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში.

სსკ-ის 22-ე მუხლი, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, მოითხოვს, რომ ტერიტორიული განსჯადობის წესების დაცვით წარმოებაში მიღებული საქმე განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს იმ სასამართლომ, რომელმაც იგი წარმოებაში მიიღო, თუნდაც შემდგომში ეს საქმე სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. აღნიშნული წესი, სსკ-ის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხე სადავოდ არ ხდის განსჯადობას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან მარტვილის რაიონულმა სასამართლომ რ. წ-ს სასარჩელო განცხადება წარმოებაში მიიღო განსჯადობის წესების დაცვით, სსკ-ის 22-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, არ არსებობდა აღნიშნული სარჩელის სხვა სასამართლოში გადაგზავნის საფუძველი და მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოცემული საქმე უნდა განეხილა და გადაეწყვიტა არსებითად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, მოსარჩელე რ. წ-მ 2006წ. 24 მარტს მარტვილის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ მიუთითა ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციაზე, მაგრამ მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საქმეში დაზუსტებული სარჩელით მოპასუხედ ჩაბმული ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექცია არაგანსჯადი სასამართლოს _ მარტვილის რაიონული სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წინააღმდეგი იყო და მოითხოვდა განსჯადი სასამართლოსათვის _ ფოთის საქალაქო სასამართლოსათვის საქმის გადაცემას. მოპასუხის ასეთი მოთხოვნის არარსებობის პირობებში, სსკ-ის 22-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, მარტვილის რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეეცვალა ტერიტორიული განსჯადობა და საქმე განსახილველად გადაეცა ფოთის საქალაქო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო განცხადებაზე მოპასუხეს ნებისმიერ შემთხვევაში განსაზღვრავს მხოლოდ მოსარჩელე. საკასაციო სასამართლო იზიარებს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას, რომ, ვინაიდან ამავე სასამართლოს 2006წ. 3 მაისის სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა მარტვილის შინაგან საქმეთა სამმართველოზე როგორც მის წინაშე ვალდებულ პირზე _ მოპასუხეზე, მოცემულ საქმეზე განსჯადი სასამართლოა მარტვილის რაიონული სასამართლო, ხოლო ხელფასიდან თანხის დაბრუნებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს მარტვილის შინაგან საქმეთა სამმართველო და არა მარტვილის საფინანსო განყოფილება ან ფოთის საგადასახადო ინსპექცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე მარტვილის რაიონული სასამართლოს განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ადმინისტრაციული საქმე რ. წ-ს სარჩელის გამო მარტვილის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს მარტვილის რაიონულ სასამართლოს;

2. მოცემული საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.