საქმე №ას-895-2022 24 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ჭ–ი, გ.ა–ი, რ.ღ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის გადაანგარიშება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,ს.რ–ა" ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, თ.ჭ–ის (შემდეგში - პირველი მოსარჩელე), გ.ა–ისა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) და რ.ღ–ძის (შემდეგში - მესამე მოსარჩელე, ერთად მოსარჩელეები) სარჩელი სს ,,ს.რ–ის" მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ.ჭ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს ,,ს.რ–ას’’ დაეკისრა მოსარჩელე თ.ჭ–ის სასარგებლოდ, 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით სარჩოს დანაკლისის - 2250 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; მოსარჩელე თ.ჭ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.01.2014 წლის №2/8165-13 გადაწყვეტილებით, თ.ჭ–ისათვის ყოველთვიურად გადასახდელი სარჩო 1125 ლარი გაიზარდა 112.50 ლარით და მოპასუხე სს ს.რ–ას, დაეკისრა: მოსარჩელე თ.ჭ–ის სასარგებლოდ, 01.08.2021 წლიდან ყოველთვიური სარჩოს, 1237.50 ლარის, გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის სახით 196.50 ლარის გადახდა; მოსარჩელე გ.ა–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სს ,,ს.რ–ას’’ დაეკისრა: მოსარჩელე გ.ა–ის სასარგებლოდ, 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით სარჩოს დანაკლისის - 1000 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; მოსარჩელე გ.ა–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.10.2013 წლის №2/6889-13 გადაწყვეტილებით - გ.ა–ისათვის ყოველთვიურად გადასახდელი სარჩო 500 ლარი გაიზარდა 50 ლარით და მოპასუხე სს ,,ს.რ–ას’’ მოსარჩელე გ.ა–ის სასარგებლოდ 01.08.2021 წლიდან დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს - 550 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელე გ.ა–ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე სს ,,ს.რ–ას’’ დაეკისრა სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა. მოსარჩელე რ.ღ–ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს ,,ს.რ–ას,’’ მოსარჩელე რ.ღ–ძის სასარგებლოდ, 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით სარჩოს დანაკლისის - 1800 ლარის გადახდა დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. მოსარჩელე რ.ღ–ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.10.2013 წლის №2/8630-13 გადაწყვეტილებით რ.ღ–ძისათვის ყოველთვიურად გადასახდელი სარჩო 900 ლარი გაიზარდა 90 ლარით და მოპასუხე სს ,,ს.რ–ას’’ დაეკისრა მოსარჩელე რ.ღ–ძის სასარგებლოდ, 01.08.2021 წლიდან ყოველთვიური სარჩოს - 990 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. მოპასუხე სს ,,ს.რ–ას,’’ სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 151.20 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი. სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც სპეციალური დანაწესია და ადგენს პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ადგენს ასეთ შემთხვევაში, რა მეთოდით უნდა ანაზღაურდეს ზიანი და აღდგეს პირვანდელი ვითარება, ხოლო მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება, დაუშვებელია. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ყოველთვიური სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება.
2.1. შეუძლებელია მიუღებელი შემოსავლის მთელი ცხოვრების მანძილზე წინასწარ ზუსტად განსაზღვრა. კანონი ლოგიკურად დარჩა საკითხის მოწესრიგების იმგვარ ფორმაზე, როგორიცაა - სარჩოს გამოანგარიშება და დანიშვნა იმ ოდენობიდან, რამდენითაც დაზარალებული იღებდა ხელფასს ზიანის მიყენების დროს და მას ეს სარჩო ერიცხება ცხოვრების ბოლომდე. ასეთ შემთხვევაში, როგორც ერთი მხარის, ისე მეორის უფლებების მოსალოდნელი შეზღუდვა დაყვანილია მინიმალურ დონეზე. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 18 სექტემბრის N9/43 დადგენილებით დამტკიცდა სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დასაქმებულთა და დასასაქმებელ პირთა პირველადი და სავალდებულო, პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნების შესახებ ინსტრუქცია. დასაქმებულმა პერიოდული სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს 3 წელიწადში ერთხელ. 60 წლის ზემოთაც - ერთხელ.
2.3. კასატორმა მიუთითა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადახდის ვალდებულება, ყოველთვიური სარჩოს სახით განისაზღვრა 65 წლამდე და არა სიცოცხლის ბოლომდე (სუსგ-ები Nას-789-746-2015; ას-1220-1145-2015). კასატორის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების წარმოშობამდე პრეზუმირებულია, რომ მემანქანე აღნიშნულ თანამდებობაზე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ ვერ იმუშავებდა, რომელიც იმ დროს მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, მამაკაცებისთვის 65 წელს შეადგენდა. დღევანდელი კანონმდებლობითაც მამაკაცის საპენსიო ასაკი დადგენილია 65 წლით; კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
6. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.
7. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, მისი განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლები, არამედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება აღნიშნული წესი, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენს ამ წესის მეხუთე პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებ პირს. შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსკ-ით დადგენილია ზიანის ანაზღაურების ორი წესი: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და დელიქტური ვალდებულებები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018, 18.06.2020წ; Nას-57-57-2018, 08.02.2021წ; Nას-269-2022, 31.05.2022წ).
8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ.ჭ–ი საწარმოო ტრავმის მიღებამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში მემანქანის თანამდებობაზე. პირველმა მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რითაც დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 90%-ით. მეორე მოსარჩელე საწარმოო ტრავმის მიღებამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში ასევე მემანქანედ. მოსარჩელე გ.ა–მა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რითაც დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 80%-ით. მესამე მოსარჩელე საწარმოო ტრავმის მიღებამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში მემანქანის თანაშემწის თანამდებობაზე. მოსარჩელე რ.ღ–ძემ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რითაც დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 90%-ით.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.01.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული N2/8165-13, 25.10.2013 წლის N2/6889-13 და 11.10.2013 წლის N8630-13 წლის გადაწყვეტილებების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრებული აქვს სარჩოს გადახდა: თ.ჭ–ის სასარგებლოდ 2013 წლის ივნისიდან ყოველთვიურად - 1125 ლარი, გ.ა–ის სასარგებლოდ 01.06.2013 წლიდან ყოველთვიურად - 500 ლარი, ხოლო რ.ღ–ძის სასარგებლოდ 01.06.2013 წლიდან ყოველთვიურად - 900 ლარი. მეორე მოსარჩელის შემთვევაში, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა მუშაკის თანაბრალეულობა დამდგარ ზიანში, რის გამოც მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სარჩოს გადახდა ყოველთვიური ხელფასის 40%.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული მუშაკის სარჩოს ოდენობა მისი დასაქმების პერიოდს უკავშირდება. შრომისუნარიანობის შემცირება ან დაკარგვა არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე ზიანის მთელი ის ოდენობა, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. დასაქმებულის მიერ შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს. (მსგავს სამართლებრივ საკითან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის №ას-1220-1145-2015 გადაწყვეტილება და 2018 წლის 27 დეკემბრის №ას-1742-2018 განჩინება). ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები, მაღალი ალბათობით, იმუშავებდნენ თავისი პროფესიით და მიიღებდნენ იმ შეღავათებსა და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. მაშასადამე, მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებლობა, შრომითი ანაზღაურების სახით მიეღო გაზრდილი ხელფასი, რაც დასაბუთებულს ხდის სარჩოს ოდენობის გაზრდის შესახებ მოსარჩელეების მოთხოვნას. რაც შეეხება მიუღებელი სარჩოს დაკისრების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მოპასუხე საწარმოში გაიზარდა მოსარჩელეთა თანამდებობებზე მომუშავე მოქმედი მუშაკების ხელფასი და 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე მემანქანის ხელფასი შეადგენს 1375 ლარს, ხოლო მემანქანის თანაშემწის ხელფასი - 1100 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მაღალი ალბათობით მიიღებდნენ დამატებით ანაზღაურებას საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში. ყოველივე ეს კი, მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018 18.06.2020წ; Nას-1216-1141-2015, 03.06.2016წ; Nას-1220-1145-2015 03.06.2016 წ; Nას-799-766-2016, 08.05.2017 წ; Nას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ; Nას-269-2022, 31.05.2022 წ ).
11. №ას-738-690-2017 განჩინებაში საკასაციო პალატამ განმარტა სარჩოს გადაანგარიშების პერიოდის ასაკობრივი შეზღუდვის მართლზომიერება და ყურადღება მიაქცია იმაზე, რომ სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს. თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება, თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ერთ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ 65 წლამდე დაზარალებული იმუშავებდა და ზიანის მიმყენებელი ვალდებულია, სარჩოს სახით აუნაზღაუროს მას ზიანი. საპენსიო ასაკის მიღწევისას კი, იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილში, უკვე განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი, საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
12. კასატორის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე 65 წლის ასაკის შემდეგ ვერ გაივლიდა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ შემოწმებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ დასკვნას: მოსარჩელეებს ჯერ არ მიუღწევიათ 65 წლისათვის, ხოლო, რაც შეეხება ჯანმრთელობის პერიოდულ გადამოწმებას, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებად ვერ გამოდგება, ვინაიდან უდავოდ დადგენილია მოპასუხის ბრალეულობით მოსარჩელეების, თ.ჭ–ის მიერ 90%-ით, რ.ღ–ძის მიერ 90%-ით, ხოლო ორმხრივი ბრალეულობით გ.ა–ის მიერ 80%-ით პროფესიული საქმიანობის უნარის დაკარგვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გადამოწმების შედეგად, მხოლოდ მოპასუხის ვარაუდია, რაც რაიმე სახის მტკიცებულებით, გარდა ახსნა - განმარტებისა, არ არის გამყარებული და მიეკუთვნება ალბათობის თეორიის სფეროს. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში არ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ დასაქმებული ვერ გაივლიდა შემოწმებას. რომ არა პროფესიული შრომისუნარიანობის უვადოდ დაკარგვა, დასაქმებულს შეეძლო არა მხოლოდ ემუშავა, არამედ კარიერული დაწინაურების პრინციპითაც ესარგებლა და საკუთარი შრომით არათუ მის მიერ მანამდე დაკავებულ პოზიციაზე განსაზღვრული და შემდეგ გაზრდილი ოდენობის ხელფასი, არამედ უფრო მეტი ანაზღაურება გამოემუშავებნა. ამდენად, ყველა ვარაუდი იმ პირის სასარგებლოდ მოქმედებს, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, საწარმოო ტრავმის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა და მოეშალა შრომის უნარი ნაწილობრივ ან სრულად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის Nას-62-2023 განჩინება).
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ს.რ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს ,,ს.რ–ას" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 01.07.2022წ. №712 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი და 08.08.2022წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 15 ლარის 70% – 10.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი