Facebook Twitter

საქმე №ა-2268-შ-65-2023 15 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.კ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ი–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის №2-8673/19 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ–ვას სარჩელი ზ.ი–ის მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ ზ.ი–ს ლ.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 7 500 000 რუბლის, პროცენტის - 1 704 760 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის ხარჯების 54 224 რუბლის გადახდა.

2. 2023 წლის 1 მაისს შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. განმცხადებელი ასევე შუამდგომლობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის, ასევე, საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოთხოვის შესახებ, ისევე როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოპასუხის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 15 ოქტომბერს.

4. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ფედერალური სამსახურის სასამართლო აღმასრულებლების მთავარი სამმართველოს 2022 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით დასტურდება, რომ No17045/77055-ип სააღსრულებო წარმოება დასრულდა, თანხის ამოღება (ნაწილობრივ ამოღება) არ განხორციელებულა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით ლ.კ–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. ზემოაღნიშნული განჩინება და ლ.კ–ვას შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარეს ზ.ი–ს 2023 წლის 18 მაისსა და 2 ივნისს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ........., თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ზ.ი–ისათვის (მისამართი: ქ. თბილისი, ......, დაბადების თარიღი: 18.01.1975 წელი) ჩაებარებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება, ლ.კ–ვას შუამდგომლობა და თანდართული მასალები.

8. ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 29 ივნისს.

9. 2023 წლის 10 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოს მომართვით ირკვევა, რომ ზ.ი–ის მოძიება ქ. თბილისში, ......., N4-ში ვერ მოხერხდა.

10. 2023 წლის 14 ივლისს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაციის მოპოვება მოპასუხის საცხოვრებელი/საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ დამოუკიდებლად ვერ შეძლო (იხ: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 13.07.2023წ. უარი ინფორმაციის გაცემაზე).

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით ლ.კ–ვას წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა წერილობითი ინფორმაცია ზ. გ. ძე ი–ის (დაბადების თარიღი: 18.01.1975 წელი) საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემების, საცხოვრებელი ადგილის/რეზიდენციის (და სხვა მონაცემების) შესახებ.

12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 2 აგვისტოს N01/184118 წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 1975 წლის 18 იანვარს დაბადებული ზ.გ. ძე ი–ის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოიძებნა 1976 წლის 18 იანვარს დაბადებული ზ.გ. ძე ჯ–ი (შეცვლილი გვარი - ი–ი, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ .........., რეგისტრაციის ადგილი: თბილისი, ......ჩიხი, N4).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლები განსაზღვრავს გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წესს.

15. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სპეციალურ კანონმდებლობასთან ერთად, პროცესუალური საკითხების გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც.

17. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები) [სსსკ-ის 187.2 მუხლის მე-2 წინადადება].

18. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ დანაწესებსა და მათ საფუძველზე სასამართლოს მიერ განხორციელებულ საპროცესო ქმედებებზე, რაც საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების თაობაზე, მასში მითითებული მოპასუხის (მოვალის) ინფორმირებას და ამ უკანასკნელის უფლებას, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, უკავშირდება [იხ. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

20. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6-მე-7 პუნქტები). ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ზ.გ. ძე ი–ის (დაბადების თარიღი: 18.01.1975 წელი) საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემების, საცხოვრებელი ადგილის/რეზიდენციის (და სხვა მონაცემების) შესახებ.

21. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 2 აგვისტოს N01/184118 წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 1975 წლის 18 იანვარს დაბადებული ზ.გ. ძე ი–ის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოიძებნა 1976 წლის 18 იანვარს დაბადებული ზ.გ. ძე ჯ–ი (შეცვლილი გვარი - ი–ი, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ ....., რეგისტრაციის ადგილი: თბილისი, ........ ჩიხი, N4).

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 1976 წლის 18 იანვარს დაბადებული ზ.გ. ძე ჯ–ის (შეცვლილი გვარი - ი–ი) მისამართი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა როგორც საცნობ გადაწყვეტილებაში, ისე წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებში აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარის პირადი მონაცემები (დაბადების თარიღი, გვარი) არ ემთხვევა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოწოდებული პიროვნების მონაცემებს. რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოწინააღმდეგე მხარეს ჩააბაროს შუამდგომლობა და თანდართული მასალები და განუმარტოს უფლება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება სსსკ-ის 399-ე, 372-ე 71-ე მუხლის მე-4-ნაწილის, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

23. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 278-ე (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით) მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს (საცნობ გადაწყვეტილებაში დაზუსტდება მოპასუხის პირადი მონაცემები), მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.კ–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის №2-8673/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში, არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი