Facebook Twitter

საქმე №ა-3877-შ-99-2023 2 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.ი–ა

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ი–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №2-5743/2018 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №2-5743/2018 გადაწყვეტილებით ლ.მ. ასული ი–ას სასარჩელო მოთხოვნები რ.ი. ძე ი–ის წინააღმდეგ მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდა; ჩამოერთვა 1981 წლის 4 აგვისტოს დაბადებულ რ.ი. ძე ი–ს მშობლის უფლებები 2005 წლის 2 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ა.რ. ასული ი–ას მიმართ.

2. 2023 წლის 18 ივლისს ლ.ი–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №2-5743/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ ლ.ი–ა საქართველოს მოქალაქეა. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №2-5743/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს შემდეგში, რომ შუამდგომლობის ავტორს სურს მისმა არასრულწლოვანმა შვილმა მეორე მშობლის თანხმობის გარეშე მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.

4. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №2-5743/2018 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ცნობილი იყო სასამართლო სხდომის შესახებ, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადებულა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2019 წლის 19 იანვრიდან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით ლ.ი–ას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინფორმაცია მოპასუხის - რ.ი–ის საცხოვრებელი მისამართის შესახებ.

7. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე - ......mail.com და ჩაბარდა 2023 წლის 24 ივლისს.

8. 2023 წლის 28 ივლისს შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ინფორმაცია მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით ლ.ი–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №2-5743/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

10. ზემოაღნიშნული განჩინება და შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე და ჩაბარდა 2023 წლის 13 სექტემბერს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა. მოწინააღმდეგე მხარემ გზავნილის ჩაბარების შემდგომ სასამართლოს აცნობა, რომ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ ჰქონდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ი–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №2-5743/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

15. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის შესახებ. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №2-5743/2018 გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.მ. ასული ი–ას სასარჩელო მოთხოვნები რ.ი. ძე ი–ის წინააღმდეგ მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდა და ჩამოერთვა 1981 წლის 4 აგვისტოს დაბადებულ რ.ი. ძე ი–ს მშობლის უფლებები 2005 წლის 2 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ა.რ. ასული ი–ას მიმართ, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ი–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №2-5743/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №2-5743/2018 გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.მ. ასული ი–ას სასარჩელო მოთხოვნები რ.ი. ძე ი–ის წინააღმდეგ მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდა და ჩამოერთვა 1981 წლის 4 აგვისტოს დაბადებულ რ.ი. ძე ი–ს მშობლის უფლებები 2005 წლის 2 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ა.რ. ასული ი–ას მიმართ;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი