საქმე №ას-406-2022 7 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ქ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 11 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, კრედიტორი) და შპს ,,ა.ქ–სს“ (შემდეგში - მოპასუხე, მენარდე, მოვალე) შორის გაფორმდა Nქ-01 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქუთაისში, მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, წარმოდგენილი განშლის ოქმით გათვალისწინებული ფართებიდან 3003 კვმ, სულ 52 ბინის საცხოვრებელი ფართის შესყიდვა (ს.ფ. 16-26).
2. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით უნდა შესრულებულიყო, ხოლო 2018 წლის 6 ივლისის Nქ-01-02 ხელშეკრულების თანახმად, მიწოდების ვადა 2018 წლის 30 აგვისტოთი განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულების ღირებულებამ 3 178 885.71 ლარი შეადგინა.
3. ხელშეკრულების მე-5 მუხლით დადგენილი პირობის თანახმად, შპს „ა.ქ–სმა“ იკისრა ვალდებულება, ნასყიდობის საგნის საცხოვრებლად ვარგისად გახდომის მიზნით, უზრუნველეყო სამშენებლო/სარეკონსტუქციო/სარემონტო სამუშაოები. სამინისტრომ კი, იკისრა უძრავი ქონების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით. ამასთან, განისაზღვრა მშენებლობის შესრულების ვადების, ასევე, საცხოვრებელი ფართების შესაბამისობისა და ხარისხის ინსპექტირების ნებისმიერ ეტაპზე განხორციელების თაობაზე სამინისტროს უფლებამოსილება. ამავე მუხლის 5.4. პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგინდა „მენაშენის“ ვალდებულება, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის განსაზღვრული ნორმები (მათ შორის - შრომის უსაფრთხოება), რომლის შეუსრულებლობა იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პასუხისმგებლობას.
ხელშეკრულების მე-11 მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან ვადის გადაცილებისათვის, თუკი შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით. ამავე მუხლის 11.2 პუნქტით განიმარტა, რომ ფორსმაჟორი ნიშნავდა ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობის გამო მხარისათვის ობიექტურად შეუძლებელი იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება (სტიქიური მოვლენები, საომარი მოქმედება, ეპიდემია და სხვა).
ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისგებლობის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, 12.2 პუნქტის მიხედვით, უძრავი ქონების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომელიც დაეკისრებოდა „მენაშენეს“ ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
4. შპს „ა.ქ–სმა“ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში - 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, სამუშაოს დასრულება ვერ უზრუნველყო.
5. 2018 წლის 26 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა ვალდებულების შესრულების თაობაზე #ქ-01/03 შეთანხმება. შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შეთანხმების დანართში მითითებული საცხოვრებელი ფართი შეესაბამება ხელშეკრულების დანართი #1-ით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ტექნიკურ პირობებს, „უძრავი ქონება“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო დაექვემდებარა სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას. ამავე შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3 205 212.35 ლარით (ს.ფ. 36-40). ამავე შეთანხმების მე-3 მუხლით, მენაშენეს 2018 წლის 31 აგვისტოდან 2018 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით, ვადაგადაცილების 116 დღისათვის, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0.02 %, ჯამურად - 73 719.88 ლარი, რომლის გადახდის ვადა განისაზღვრა შეთანხმების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღით.
6. 2019 წლის 2 ივლისს შემკვეთმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მენარდისათვის 74 360,93 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა. მოპასუხის მტკიცებით, მან ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა, მას სამუშაოების დროულად დასრულებაში ფორსმაჟორულმა გარემოებამ - ავდარმა შეუშალა ხელი, როდესაც დაუშვებელი იყო სამონტაჟო - სამშენებლო სამუშაოების შესრულება, არაერთჯერ მიმართა მხარეს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინებით, მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 37 180.46 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 629-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 14 102.88 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
11.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის ბრალეული ქმედებით ვადაგადაცილებულმა დღეებმა შეადგინა 22 დღე, რის გამოც წარმოეშვა პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება, რისი გათვალისწინებითაც, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 14 102.88 ლარით განსაზღვრა.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
12.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, რაც მიღებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. კერძოდ, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება სრულად იმ გარემოებას დააფუძნა, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად კი არ მიიჩნია, არამედ მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა ნაწილობრივ გამოწვეული იყო ფორსმაჟორით, რაც მისთვის დაკისრებული პირგასამატეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი იყო. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში ფორსმაჟორული 94 დღე იყო, როდესაც შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკისა და უსაფრთხოების ნორმატივების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.
12.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა გარემოება და სრულად არ გაიზიარა სააგენტოს შემდეგი პოზიცია, რომ ქუთაისში, ქარიანი დღეების დროს, 2017 წლის 13 სექტემბრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით, მოპასუხე კომპანიას სააგენტოსთვის არ მოუმართავს და არ უცნობებია ავდრიანობის გამო ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე. მოპასუხემ სააგენტოს 2018 წლის 16 და 23 აგვისტოს წერილით ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ მიმართა, თუმცა აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ვერ ასწრებდა ვალდებულების შესრულებას, წერილი იყო სრულიად დაუსაბუთებელი და მასში არ მითითებულა, თუ რა იყო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზი. მოპასუხე კომპანიამ როდესაც სააგენტოს აცნობა ავდარის თაობაზე, მან გაიზიარა, გაითვალისწინა და მიწოდების ვადის გაგრძელებაზე შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ მითითებულ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს განსახილველ საქმეზე და სასამართლოს სააგენტოს მიერ მითითებული გარემოებები რომ გაეთვალისწინებინა, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღებოდა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
14. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
15. მოცემულ შემთხვევაში, დასაბუთებულია კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი და ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილების თაობაზე წინააღმდეგობრივი დასკვნები.
16. მოსარჩელის მოთხოვნაა, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება სსკ-ის 629.1-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლით და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით.
17. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით დაიდო და მხარეები პირგასამტეხლოზეც შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად არ შეასრულა, თუმცა მიუთითა, რომ ვადაგადაცილება გამოწვეული იყო რთული მეტეოროლოგიური პირობებით. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობას მენარდე ვეღარ შეედავება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებების არასათანადო შეფასების შედეგად საქმე არასწორად გადაწყვიტა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, თუმცა, ვინაიდან დადგენილია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო შეუძლია, განსახილველ საქმეზე თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გაფრთხილება ვალდებულების შესრულების უპირობო და არაორაზროვან მოთხოვნას წარმოადგენს. გაფრთხილება იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ გამორიცხავდეს ყოველგვარ ეჭვს კრედიტორის ინტერესში მიიღოს დროული შესრულება. კრედიტორი არ არის ვალდებული განუმარტოს მოვალეს, რომ შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი მოთხოვნის დაკმაყოფილების მეორად საშუალებებს მიმართავს. თუ ეს ვალდებულების ხასიათს არ ეწინააღმდეგება, კრედიტორს შეუძლია შესრულების მოთხოვნა და გაფრთხილება ერთდროულად, ერთი აქტის მეშვეობით განახორციელოს. თუმცა ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე გაკეთებულ გაფრთხილებას სამართლებრივი ძალა არა აქვს (400-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), მაშინაც კი თუ იგი უპირატესად ვადის დაზუსტებას ისახავს მიზნად. გაფრთხილება არ გულისხმობს გარკვეული ვადის დადგენას. თუმცა კრედიტორს შეუძლია დაადგინოს დამატებითი ვადა (394-ე მუხლის II ნაწილი), რომლის ამოწურვამდეც ვადა არ ჩაითვლება გადაცილებულად. ეს ვადა უნდა იყოს გონივრული, რომლის განმავლობაშიც კრედიტორი მეორადი მოთხოვნის დაყენების უფლებაში იზღუდება. კრედიტორს ასევე უფლება აქვს, დამატებითი ვადა ვალდებულების დროულად შესრულების პირობით დააწესოს, რა შემთხვევაშიც, თუ მოვალე ვალდებულებას დამატებითი ვადის განმავლობაში არ შეასრულებს, ვადა გადაცილებულად ჩაითვლება გაფრთხილების მომენტიდან (ex tunc) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აპრილის საქმე Nას-1166-2019 გადაწყვეტილება).
20. განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულების 11.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდენენ, რომ ფორსმაჟორული გარემოებებისას ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე, შეტყობინების ყველა შესაძლო საშუალებით, უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს ასეთი გარემოებისა და მათი გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქუთაისში 2017 წლის 13 სექტემბრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით სხვადასხვა დღეს იყო ქარიანი ამინდი, სულ 97 დღე. მოპასუხეს სამინისტროსთვის ამ პერიოდში არ უცნობებია, ქარის არსებობის გამო ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე. მოპასუხე მხარემ 2018 წლის 16 აგვისტოს და 23 აგვისტოს წერილით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ ასწრებდა ვალდებულების შესრულებას, ხოლო ამის გამომწვევი მიზეზის შესახებ, მოპასუხეს აღნიშნული წერილებითაც კი არ უცნობებია. ამასთან, უდავოა, რომ 26.12.2018 წლის Nქ-01/03 შეთანხმების მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ მენაშენეს 2018 წლის 31 აგვისტოდან 2018 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით, ვადაგადაცილების 116 დღისათვის, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.02%, ჯამურად - 73 719.88 ლარი, რომლის გადახდის ვადა განისაზღვრა შეთანხმების გაფორმებიდან 20 კალენარული დღით. მენარდეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია (იხ. ამავე განჩინების მე-5 პუნქტი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ უძრავი ქონების მიწოდების ვადას 116 დღით გადასცილდა.
21. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა ვადაში უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. პალატა განმარტავს, რომ ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დროს, როგორც წესი, განსაზღვრავენ ვალდებულების სუბიექტები. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, საკუთარი ნებისა და თავიანთი ინტერესების შესაბამისად, შეუძლიათ დაადგინონ შესრულების დრო და შესრულების ვადის დასაწყისი. იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ ხდება, როგორც წესი, გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესი და იგი უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე (იხ. შდრ. სუსგ საქმე №ას-1027-2021; 17 დეკემბერი, 2021 წელი).
22. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობაში გამოცდილი იურიდიული პირია. პალატის მოსაზრებით, მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ, საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში.
23. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება. (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი). რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, ვალდებულების დარღვევის მოცულობის, დარღვევის ვადისა (3 205 212.35 ლარის საქონელი მიწოდებულია 116 დღის ვადის დარღვევით და ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 37 180,46 ლარის ოდენობით.
24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რადგან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აკმაყოფილებს მოპასუხისათვის 37 180.46 ლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას.
25. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 3641,11 (1115.41+1371,83+1153,87) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.04.2021 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. შპს ,,ა.ქ–სს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 37 180 ლარის და 46 თეთრის გადახდა.
5. შპს ,,ა.ქ–სს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 3641,11 (1115.41+1371,83+1153,87) ლარის გადახდა;
6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი