Facebook Twitter

საქმე №ას-553-2022 29 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „შემოსავლების სამსახური“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ შემოსავლების სამსახური ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, შპს ,,ა–ის" სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 23 763.55 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

2.1. კასატორის მტკიცებით, განჩინება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად, იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს. იგი გამოტანილია საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები და დარღვეულია საკანონმდებლო ნორმები. სასამართლომ სამართლებრივად არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, არასწორად განმარტა საკანონმდებლო ნორმები და განსაზღვრა არასწორი სამართლებრივი შედეგი.

2.2. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს შპს "ა–ის" დირექტორს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის წერილი (N21-02/140563), რომლითაც ეცნობა სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შესახებ და მოეთხოვა სამუშაოების სწრაფად და ხასისხიანად დასრულება. მიუხედავად ამისა, სამუშაოების დასრულება შპს "ა–მა" ვერ მოახერხა 30 ნოემბრამდე, რის გამოც გაფორმდა 30 ნოემბრის შეთანხმების ოქმი. შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. მოპასუხემ მოსთხოვა, 2018 წლის 10 დეკემბრამდე წარმოედგინა საინჟინრო ექსპერტიზით დადასტურებული, 2018 წლის 29 ნოემბრის მონაცემებით შესრულებული სამუშაოების აქტი, რათა ანგარიში 15 დეკემბრამდე გასწორებულიყო. შპს "ა–მა" , ნაცვლად 2018 წლის 10 დეკემბრისა, დაგვიანებით - 2018 წლის 12 დეკემბერს, წარმოადგინა შპს "ს.მ.ჯ–ის" 2018 წლის 11 დეკემბრის N001724 ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად, სსიპ - შემოსავლების სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ) ტერიტორიის მონიტორინგის შედეგსა და ექსპერტიზის დასკვნას შორის აღმოჩენილ იქნა არაერთი შეუსაბამობა და უზუსტობა, რის შესახებაც მოსარჩელეს ეცნობა 2018 წლის 17 დეკემბრის წერილით (21-02/151164).

2.3. კასატორი განმარტავს, რომ მიუხედავად სსიპ შემოსავლების სამსახურის არაერთგზის სიტყვიერი და 2018 წლის 17 დეკემბრის N21-02/151164 წერილობითი მიმართვისა, მოსარჩელის მიერ დეფექტი არ აღმოფხვრილა. კასატორი აღნიშნავს, 2018 წლის 24 აგვისტოს N2/146 ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2 და 11.3 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, შპს "ა–ს" დაეკისრა პირგასამტეხლო - 13,559.80 ლარი, რაც გადახდილია. მოსარჩელის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების ვადა და მათი მხრიდან ეს აღიარებულია გადახდის გზით. საქმეში არსებული მასალებით, ნათლად ჩანს, რომ საზოგადოების მხრიდან სამუშაოები ჯეროვნად არ სრულდებოდა, არც კეთილსინდისიერად და არც დათქმულ დროს. მოსარჩელის ქმედებების გამო რამდენჯერმე გადაიწია ხელშეკრულების მოქმედების ვადა და, მიუხედავად ამისა, მაინც არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს დროულად. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო იყო ნაკლიანი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შპს "ა–ი" გაფრთხილებულ იქნა სამუშაოს ხარისხიანად შესრულების ტაობაზე, თუმცა მათ უგულებელყვეს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა უარი თქვა ხელშეკრულებასა და ანაზღაურებაზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6. მოსარჩელის მოთხოვნაა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლი.

7. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

7.1. 2018 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელე შპს „ა–ს“ და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის N2/146 ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების დასრულების თარიღი განისაზღვრა 2018 წლის 30 ნოემბრით. 2018 წლის 30 ნოემბრის შეთანხმების N1 ოქმით მხარეებმა ხელშეკრულების ვადა გააგრძელეს 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

7.2. მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა: 2018 წლის 19 ოქტომბერს - 70 053.80 ლარი და 2018 წლის 16 ნოემბერს - 31 909.86 ლარი, სულ - 101 963.66 ლარი.

7.3. მოპასუხემ 2018 წლის 14 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს მიუთითა ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე (ვადის დარღვევა) და მოსთხოვა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება. აღნიშნულის მიუხედავად, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დადგინდა, რომ შესრულების დამატებითი ვადის განსაზღვრის მიუხედავად (2018 წლის 30 ნოემბერს გაგრძელდა ხელშეკრულების ვადა და მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა, დაესრულებინა სამუშაოები, ხარისხზე მითითების შესაბამისად), მოსარჩელემ სათანადო ხარისხით არ შეასრულა შენობების სარემონტო სამუშაოები.

7.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მე-3 ეტაპზე სამუშაოები, მოპასუხის შეფასებით, ხარვეზიანად შესრულდა, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს თანამშრომლების მიერ მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა არაერთი შეუსაბამობა „ს.მ.ჯ–ის“ 2018 წლის 11 დეკემბრის N001724 ინსპექტირების ანგარიშთან, 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელის დირექტორს ეცნობა 2018 წლის 17 დეკემბრის წერილით. 2018 წლის 17 დეკემბრის წერილში დეტალურად იყო აღწერილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 12 დეკემბრის მონიტორინგის შედეგად, სარემონტო სამუშაოების მე-3 ეტაპზე აღმოჩენილი დეფექტები და ხარვეზები. წერილს ერთვოდა შესაბამისი ფოტომასალა. აღწერილი გარემოებების საფუძველზე, წერილში მითითებული იყო, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური შპს „ა–ს“ მე-3 ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებას ვერ აუნაზღაურებდა. იმავე წერილში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების დასრულების თარიღი განსაზღვრული იყო 2018 წლის 22 ოქტომბრით. შესაბამისად, ვადაგადაცილება წერილის გაგზავნის დღისთვის შეადგენდა 53 კალენდარული დღით.

7.5. მე-3 ეტაპზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება ინსპექტირების ორგანო „ს.მ.ჯ–ის“ ინსპექტირების ანგარიშით განისაზღვრა - 43 506,88 ლარით.

7.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 15 იანვრის N000249919 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით: შპს „ა–ის“ მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურთან 2018 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული N2/146 ხელშეკრულების ... ფარგლებში შესრულებული, სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ ტერიტორიაზე არსებული შენობების სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების მე-3 ეტაპის ღირებულება, სახელშეკრულებო კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენები ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს 23 763.55 ლარს, რაც 19 743.33 ლარით ნაკლებია ფორმა N2-ში შესრულებულად ნაჩვენებ 43606.88 ლარზე. ზოგიერთი სამუშაოს ხარისხი გარეგნულად არადამაკმაყოფილებელია და არ ექვემდებარება მიღებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში (№ას-306-293 2015) მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ (შემკვეთმა) მოსარჩელეს (მენარდეს) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური არ გადაუხადა იმის გამო, რომ მენარდემ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად (უხარისხოდ) შეასრულა. ამდენად, შემკვეთი თავადვე ადასტურებს მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სამუშაოები არაჯეროვნად (უხარისხოდ) შესრულდა. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ მენარდის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯეროვნად (ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) შესრულების ფაქტი. აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, რაც მას უფლებას აძლევს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვოს შეთანხმებული საზღაურის გადახდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის N306-293-2015 განჩინება).

9. დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 11.2 მუხლით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს დაკისრების პირობა ხელშეკრულების ვადის დარღვევისთვის, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კასატორის 2019 წლის 14 იანვრის წერილით მოსარჩელეს წარედგინა პირგასამტეხლოს მოთხოვნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 39 დღის ვადაგადაცილებით შესრულების გამო. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 13 599.80 ლარი, მოსარჩელემ სრულად გადაიხადა 2019 წლის 4 აპრილს (იხ. ტომი I, ს.ფ. 200-201). ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებაზე უარი სამუშაოს დასრულებამდე არ უთქვამს, მან ხელშეკრულების ვადა გააგრძელა და შესრულებული სამუშაოც მიიღო. შესაბამისად, მოსარჩელემ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო აანაზღაურა მიყენებული ზიანი, რაც უსაფუძვლოს ხდის გაწეული სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე მის პრეტენზიას. მენარდეს შეუძლია მოსთხოვოს შემკვეთს მომსახურებისათვის გათვალისწინებული გასამრჯელო, თუკი შემკვეთს გაწეული მომსახურების მიმართ კვლავ გააჩნია რაიმე ინტერესი. შემკვეთს მხოლოდ შესრულების ნაკლის მის მიერ გამოსწორების შედეგად წარმოშობილი ღირებულების მოთხოვნის უფლება აქვს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის Nას-889-1175-09 განჩინება).

10. სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამავე კოდექსის 645-ე მუხლის თანახმად შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. დასახელებული ნორმების შინაარსიდან ირკვევა, რომ თუ შემკვეთის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების მოშლა და მენარდემ დაასრულა მის მიერ ნაკისრი სამუშაო, შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური. ნაკლის არსებობის შემთხვევაში შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება ან ნაკეთობის ნაკლის გამო საზღაურის შემცირება. შემკვეთს არა აქვს უფლება, უარი განაცხადოს საფასურის გადახდაზე. მას შეუძლია მხოლოდ ნაკლის გამო შეამციროს ანაზღაურება ან მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება. ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომ თუ მენარდემ შეასრულა მისი ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეზუმფციას, ამ უკანასკნელსაც გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი, თუკი დადგინდება, რომ შემკვეთი, არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში მოითხოვს ნაკლოვანების აღმოფხვრას, ან, თავად გამოასწორებს ნაკლს და მენარდისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. თუ შემკვეთი არ განახორციელებს ამგვარ ქმედებას/მოთხოვნას, მას შეუძლია, ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მოითხოვოს მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება; შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო სრულიად უხარისხო და გამოუსადეგარია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის Nას-959-2019 განჩინება). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებები შესრულებულია და მე-3 ეტაპზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 23 763.55 ლარს; მოპასუხის მიერ სამუშაოს ღირებულება არ არის ანაზღაურებული. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 23 763.55 ლარის ანაზღაურება.

11. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი