საქმე №ას-696-2022 6 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ს.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. 13.01.2022წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს ,,ნ.ს.ჯ–იას" მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2019 წლის 11 ივლისის №566 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა - 3391.1 ლარის ოდენობით. იმავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2019 წლის 11 ივლისის №566 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით დამატებით 3784.9 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.1. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვან გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ის ფაქტი, რომ მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,15%- ის ოდენობით, რაც შეადგენს 7176 ლარს. საქმის მასალებითა და არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდებოდა, როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ვადაგადაცილების ოდენობა, რასაც თავად მოპასუხეც არ ხდიდა სადავოდ. შესაბამისად სამინისტროს პოზიცია სრულად იყო გამყარებული არსებული მტკიცებულებებით. კასატორის მტკიცებით, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხე არის მეწარმე სუსბიექტი და შესაბამისად მას ცოდნა და ასევე თავისუფალი ნება ჰქონდა, რომ ხელშეკრულების
აღნიშნულ პირობებზე ეთქვა უარი, თუმცა ხელშეკრულების დადების ეტაპზე, მხარეს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
6. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
8. მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული ნივთების მიწოდების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაა. ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
9. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ნ.ს.ჯ–ია”- შორის, 2019 წლის 11 ივლისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N566 ხელშეკრულება (NAT170007692), რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა, მეტალის საარქივო კარადები და სტელაჟები (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟით) ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2019 წლის 9 ოქტომბრისა. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს - 368 000 ლარს.
9.2. მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ნაწილ-ნაწილ ორ ეტაპად, კერძოდ, მოსარჩელეს 232 144 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა 2019 წლის 16 ოქტომბერს, 7 დღის დაგვიანებით, ხოლო 135 856 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა 2019 წლის 22 ოქტომბერს, 13 დღის დაგვიანებით.
9.3. 2019 წლის 11 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №566 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 368 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით - 7176 ლარი, დღეში - 552 ლარი.
10. ამდენად დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - შეთანხმებული საქონელი მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 232 144 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა 7 დღის დაგვიანებით, ხოლო 135 856 ლარის ღირებულების საქონელი - 13 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა. სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
12. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014); საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად განსაზღვრეს პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, მისი გაზრდის საფუძველი აღარ არსებობს.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი