საქმე №ას-916-2022 29 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.შ–ია (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სს „ს.რ–ა“
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებას, რომლითაც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ვ.შ–იას სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვ.შ–იას კუთვნილი N... უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემები შეიცვალაა და, ,,ნაცვლად დაუზუსტებელი ფართობის: 21000 კვ. მ-ისა, მითითებულ იქნა 19674.99 კვ.მ დაზუსტებული ფართი, ასახული ვ.შ–იას დაკვეთით 2014 წლის 18 ივნისს შპს „გ.....-ის“ მიერ, მისამართზე ზესტაფონი, სოფელი ........, შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის N1-3/490 ბრძანების მე-5 პუნქტი ვ.შ–იას კუთვნილი, საჯარო რეესტრში N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1674.8 კვ. მ მიწის ნაკვეთის სს „ს.რ–ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის N154 ბრძანება ვ.შ–იას კუთვნილი, საჯარო რეესტრში N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1674.8 კვ. მ მიწის ნაკვეთის ღირებულებით სს „ს.რ–ის“ საწესდებო კაპიტალის გაზრდის ნაწილში. უცვლელად დარჩა სახელმწიფო ბაჟის განაწილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტები.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
6. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
6.1. 2020 წლის 4 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 2007 წლის 5 ოქტომბრიდან, ვ.შ–იას საკუთრებად N....... საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 21000 კვ. მ დაუზუსტებელი ფართობი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობანი N1-N5, მდებარე მისამართზე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ......... საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2007 წლის 4 ოქტომბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება N1-4019.
6.2. უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ 2007 წლის 4 ოქტომბრის სანოტარო აქტით დადგენილია, რომ ვ.შ–იამ იყიდა სს „ს–ის“ კუთვნილი 21000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ამორტიზებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე მისამართზე: ზესტაფონი, სოფელი ......... ნასყიდობის საგანზე გამყიდველის საკუთრების უფლება დასტურდებოდა 2007 წლის 25 სექტემბერს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით - N......(ტ. I, ს. ფ. 25-31). მითითებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე სს „ს–ის“ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებია ზესტაფონის რაიაღმასკომის 1979 წლის 14 დეკემბრის N2232 განკარგულება, სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის 1990 წლის 20 მარტის ბრძანება N12-154, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს 1992 წლის 18 თებერვლის ბრძანება N12-11, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 23 აპრილის ბრძანება N21-3/272, N12/2827-06 გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის შესახებ 2000 წლის 28 თებერვლის განჩინება და ტერიტორიის აგეგმითი ნახაზი.
6.3. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2007 წლის 4 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი - სადავო მიწის ნაკვეთი - ამჟამად შემოსაზღვრულია ბეტონის ღობით, რომელიც არსებობდა 2007 წელსაც, როდესაც მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ნივთი და რომელსაც ფაქტობრივად ფლობდა სს „ს–ი“.
6.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 16 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ: „1) ვ.შ–იას მითითებით დაფიქსირებული, ზესტაფონის რაიონის სოფელ ........ში მდებარე, მისივე ფაქტობრივი ფლობის ნაკვეთის კონფიგურაცია მსგავსია წარმოდგენილი საკადასტრო გეგმით მოცემული ს.კ. #..... რეგისტრირებული უძრავი ქონების კონფიგურაციის. ფაქტობრივი ნაკვეთის ფართი 1325.0 კვ.მ-ით ნაკლებია დოკუმენტით მოცემული რეგისტრირებული ნაკვეთის ელექტრონულად დაუზუსტებელ ფართობზე; 2) 2008 წლის აპრილში შედგენილი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტით ვ.შ–იას მფლობელობაში დაფიქსირებული სარკინიგზო მისასვლელის პარამეტრები, ფაქტობრივად, ემთხვევა სარკინიგზო ხაზის სიდიდეს. წარმოდგენილი საკადასტრო კოდით ..... ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე დატანებულია მისასვლელი რკინიგზის ხაზის მისასვლელის ნაწილი სიგრძით 150 მეტრი; 3) ვ.შ–იას ფაქტობრივ მფლობელობასა და N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთს შორის არის გადაფარვა ფართით 1674.8 კვ.მ“ (ტ. I, ს.ფ. 35).
6.5. 2016 წლის 28 ივნისს, ვ.შ–იამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, წარადგინა 2015 წლის 16 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა და მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელება და მიწის ნაკვეთის დაზუსტებული კვადრატულობის - 19675 კვ.მ-ის - მითითება მოითხოვა (ტ. II, ს. ფ. 40, 41). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.07.2016 წლის #882016405106-037 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის (....... მესაკუთრე ს.რ–ა) საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა (ტ.2. ს.ფ. 60). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.08.2016 წლის #882016405106-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
6.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 16 ივლისის ექსპერტიზის დასკვნითა და შპს „გ.....-ის“ მიერ ვ.შ–იას დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ ვ.შ–ია ფაქტობრივად ფლობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ........ში მდებარე 19674.99 კვ.მ მიწის ნაკვეთს.
6.7. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის N1-3/490 ბრძანებით, მოპასუხე სს „ს.რ–ის“ საწესდებო კაპიტალში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილია, რომ მოპასუხე სს „ს.რ–ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა ქ. თბილისის ტერიტორიაზე და ასევე საქართველოს 34 რაიონში განთავსებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ღირებულება შეადგენდა 349 486 514 ლარს (ტ. I, ს.ფ. 83, მე-5 პუნქტი). დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაში შევიდა ზესტაფონის რაიონის ქვედა საქარაში მდებარე, მოსარჩელის მფლობელობაში არსებული 1674.8 კვ.მ მიწის ნაკვეთი ;
6.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის N154 ბრძანებით დადგენილია, რომ ცვლილება განხორციელდა სს „ს.რ–ის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში და გაიზარდა საწარმოს საწესდებო კაპიტალი. აღნიშნულის შედეგად, ნაცვლად 599 455 850 ლარისა, საწარმოს საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრა 952 457 160 ლარით. ამავე ბრძანებით, საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოს დაევალა შესაბამისი ცვლილების განხორციელება სამეწარმეო და საგადასახადო რეესტრის მონაცემებში და საწარმოზე სამეწარმეო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერის გაცემა (ტ. I, ს. ფ. 57).
6.9. საჯარო რეესტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 2007 წლის 27 აგვისტოდან, მოპასუხე სს „ს.რ–ის“ საკუთრებად N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია დაზუსტებული 11 686 კვ. მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ...... საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის ბრძანება N154 (ტ. II, ს. ფ. 181-182.).
7. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი - ბრძანებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება - რაც სხვა პროცესუალურ წინაპირობებთან ერთად, დამატებითი მოითხოვს სხვა წინაპირობის - იურიდიული ინტერესის მართლზომიერების არსებობას.
7.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016). არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი (შდრ, სუსგ №ას-375-359-2016, 17 ივნისი, 2016.).
8. დადგენილია, რომ 2007 წლის 5 ოქტომბრიდან, ვ.შ–იას საკუთრებად N ..... საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 21000 კვ. მ დაუზუსტებელი ფართობი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობანი N1-N5, მდებარე მისამართზე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ........ (საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2007 წლის 4 ოქტომბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება N1-4019). დადგენილია, რომ ნასყიდობის მომენტიდან დღემდე ვ.შ–ია ფლობს 19 674.99 კვ.მ უძრავ ქონებას, რომელიც შემოსაზღვრულია მყარი ბეტონის ღობით; ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მონეტში უძრავი ქონება იყო ამავე მდგომარეობაში და მას შემდეგ არ შეცვლილა ნაკვეთის პარამეტრები.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს.რ–ის" საკუთრებაში დარეგისტრირდა ქონება. შესაბამისად, ქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, დგინდება, რომ ვ.შ–იას ფაქტობრივ ფლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და №..... (მესაკუთრე სს ,,ს.რ–ა“) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთს შორის არის გადაფარვა ფართით 1674.8 კვ.მ, რაც ასახულია დანართზე N1 (ტ.I., ს.ფ. 35-42). ამავე დასკვნით დგინდება, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ........ში მდებარე ვ.შ–იას ფაქტობრივი ფლობის ნაკვეთის კონფიგურაცია მსგავსია წარმოდგენილი საკადასტრო გეგმით მოცემული ს.კ. №....... რეგისტრირებული უძრავი ქონების კონფიგურაციის. ფაქტობრივი ნაკვეთის ფართი 1325.0 კვ.მ-ით ნაკლებია დოკუმენტში ასახული რეგისტრირებული ნაკვეთის ელექტრონულად დაუზუსტებელ ფართობზე. სადავოდ ქცეული „სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 17,07 ნომერი 1-3/490 ბრძანების მუხლის მე-5 პუნქტში კი მითითებულია, რომ მოპასუხე სს „ს.რ–ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა ქ. თბილისის ტერიტორიაზე და საქართველოს 34 რაიონში განთავსებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ღირებულება შეადგენდა 349486514 ლარს და ამ ქონებაში შევიდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში მდებარე 2007 წლის 4 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელისთვის საკუთრების უფლებით გადაცემული და საჯარო რეესტრში №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არა სრულად, არამედ მისი ნაწილი 1674.8 კვ.მ ფართი (ტ.I, ს. ფ. 83). სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის №1-3/490 ბრძანებით, მოპასუხე სს „ს.რ–ის“ საწესდებო კაპიტალში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილია, რომ მოპასუხე სს „ს.რ–ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა თბილისის ტერიტორიაზე და საქართველოს 34 რაიონში განთავსებული მიწის ნაკვეთები. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაში შევიდა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული 1674.8 კვ.მ მიწის ნაკვეთი .
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო უძრავი ქონება სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17,07 ნომერი 1-3/490 ბრძანებით განიკარგა ისე, რომ მესაკუთრეს - ვ.შ–იას - არ გამოუვლენია სადავო უძრავი ქონების გასხვისების ნება. შესაბამისად, ნაწილობრივ ბათილად მართებულად იქნა ცნობილი „სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 17 ივლისის #1-3/490 ბრძანების მე-5 პუნქტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის N154 ბრძანება საჯარო რეესტრში N ...... საკადასტრო კოდის ქვეშ რეგისტრირებული 1674.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის სს ,,ს.რ–ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანისა და საწესდებო კაპიტალის 1674.8 კვ.მ ფართის ღირებულების გაზრდის ნაწილში, ასევე, მოსარჩელის კუთვნილი N ...... უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემები მართებულად შეიცვალაა და, ნაცვლად დაუზუსტებელი ფართობი: 21000 კვ. მ-ისა, მითითებულ იქნა 19674.99 კვ.მ დაზუსტებული ფართი, ასახული ვ.შ–იას დაკვეთით 2014 წლის 18 ივნისს შპს „გ.....-ის მიერ, მისამართზე ზესტაფონი, სოფელი ........, შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე“. მითითებული გარემოებები წარმოადგენს სადავოდ ქცეული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს (სსკ-ის 50-ე და 54-ე მუხლები), რომლის ბათილობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ნამდვილია.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15.კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი