საქმე №ა-3037-ა-16-2022 30 ნოემბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განმცხადებელი – სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – საშვებულებო ანაზღაურების დაკისრება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ.ბ–ძემ მოპასუხე სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ფასიანი შვებულების - 2500 ლარის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით - საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ საკასაციო საჩივარი, ხარვეზის შევსების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველად.
9. 2022 წლის 13 ივნისს კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
10. განმცხადებლის მითითებით: განჩინება სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ჩაჰბარდა 2022 წლის 6 მაისს, რაც ნიშნავს, რომ კასატორისათვის განჩინებით დადგენილი 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 7 მაისს და დასრულდა 2022 წლის 11 მაისს, კერძოდ: კასატორი მხარისათვის მიცემული 5-დღიანი ვადა მოიცავდა 2022 წლის 7, 8, 9, 10, 11 მაისს, რაც ნიშნავს, რომ განსაზღვრული 5-დღიდან 3 დღე იყო უქმე - 7-8 მაისი გახლდათ შაბათ-კვირა, ხოლო 9 მაისი - დასვენების დღე და ფაქტობრივად მხარეს ჰქონდა არა 5, არამედ 2 დღე იმისათვის, რომ აღმოეფხვრა ხარვეზი, მითითებული ხარვეზების შევსება მხოლოდ ერთ კასატორ ორგანიზაციაზე არ იყო დამოკიდებული და 5-დღიანი ვადიდან ფაქტობრივად მხარეს მხოლოდ 2 სამუშაო დღე ჰქონდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თავად ხარვეზის შევსება დამოკიდებული იყო ისეთ პროცედურასთან, რომელსაც არასამუშაო დღეებში თეორიულად ვერ შეასრულებდა კასატორი.
10.1. განმცხადებელი მიუთითებს 3644-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმესთან და ხარვეზის შინაარსთან მიმართებით ვადა, რომელიც მხარეს მიეცა, არის გონივრულობის ფარგლებს მიღმა, რის გამოც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ახალი გარემოებები, რაც 2022 წლის 11 მაისისთვის მხარისათვის არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა, სცოდნოდა, რაც საქმისწარმოებისათვის საკმარისი საფუძველია,, კერძოდ:
10.2. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არის საბიუჯეტო ორგანიზაცია და ნებისმიერი ფინანსური ბრუნვა, იქნება ეს ხელფასების გაცემა თუ სახელმწიფო ბაჟის გადარიცხვა სასამართლოში, ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით, ხოლო სახელმწიფო ხაზინა ამოწმებს ნებისმიერ გადარიცხვას და მხოლოდ ამის შემდეგ გვიდასტურებს. ამდენად, როდესაც სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან სახელმწიფო ბაჟის სახით სასამართლოს რეკვიზიტებზე ირიცხება თანხა, ის ჯერ სახელმწიფო ხაზინას ერიცხება და შემდეგ დადასტურების შესაბამის ორგანიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ ერთ-ერთი ხარვეზი სწორედ იყო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 25 ლარის შევსება, რომელიც სასამართლოს რეკვიზიტებზე კასატორის მხრიდან გადაირიცხა 2022 წლის 11 მაისს, თუმცა სახელმწიფო ხაზინამ გადარიცხვა დაადასტურა 2022 წლის 13 მაისს, ვინაიდან 12 მაისიც უქმე დღე იყო, რის გამოც ხაზინის მიერ ბაჟის დასტურის მიღებისთანავე 2022 წლის 13 მაისს გაიგზავნა სასამართლოში ყველა დოკუმენტი, რაც საჭირო იყო ხარვეზის შესავსებად. ამდენად, სახელმწიფო ხაზინას რომ 2022 წლის 11 მაისსვე დაედასტურებინა გადარიცხვა, გზავნილს იმავე დღეს ჩააბარებდნენ ფოსტას. ამდენად, სახელმწიფო ხაზინა თუ 2022 წლის 11 მაისს არ დაადასტურებდა გადარიცხვას და ეს მოხდებოდა 2022 წლის 13 მაისს თუ 14 მაისს, ეს მხარისათვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი, მაგრამ, თუ ხაზინა გადარიცხვას დაადასტურებდა 2022 წლის 11 მაისს, ასეთ შემთხვევაში კასატორი ვადის მიხედვით ხარვეზს აუცილებლად შეავსებდა, ამდენად, ამის განსაზღვრა წინასწარ, კასტორის განმარტებით, თეორიულად შეუძლებელი იყო.
10.3. ამდენად, განმცხადებელი შუამდგომლობს, რომ განახლდეს საქმე Nას-476-2022; საქართველოს საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან საქმეში გამოვლინდა ახალი გარემოება, რომელიც საფუძველია იმისა, რომ განახლდეს წარმოება, ვინაიდან კასატორმა მისთვის დაკისრებული ვალდებულება შეასრულა დადგენილ ვადაში 2022 წლის 11 მაისს, თუმცა ვადის დარღვევა გამოიწვია სახელმწიფო ხაზინის ქმედებამ, რის გამოც საქმისწარმოება უნდა განახლდეს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის განცხადება დასაშვებად მიიჩნია და მისი განხილვა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ №ას-1455-2019, 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება).
15. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ №ას-796-796-2018, 2018 წლის 6 ივლისის განჩინება).
16. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების (საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის (თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში „აპრიორი“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას. საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს (სუსგ №ას-5815-2019, 14 დეკემბერი, 2021 წელი).
21. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, განმცხადებლი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებასა და საქმისწარმოების განახლებას და მიუთითებს, რომ სასამართლოს რეკვიზიტებზე კასატორის მხრიდან გადაირიცხა 2022 წლის 11 მაისს, თუმცა სახელმწიფო ხაზინის მიერ გადარიცხვა დადასტურდა 2022 წლის 13 მაისს, ვინაიდან 12 მაისი, ასევე, უქმე დღე იყო, რის გამოც ხაზინის მიერ ბაჟის დასტურის მიღებისთანავე 2022 წლის 13 მაისს გაიგზავნა სასამართლოში ყველა დოკუმენტი, რაც საჭირო იყო ხარვეზის შესავსებად. ამდენად, სახელმწიფო ხაზინას რომ 2022 წლის 11 მაისსვე დაედასტურებინა გადარიცხვა, იმავე დღეს ჩააბარებდნენ ფოსტას გზავნილს.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამდენად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის არსებობისას სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მექანიზმს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ განცხადების ავტორს აღნიშნული საპროცესო შესაძლებლობით არ უსარგებლია და სასამართლოსათვის ვადის გაგრძელების მოთხოვნის შუამდგომლობით არ მიუმართავს. მეტიც, გათვალისწინებით იმისა, რომ განმცხადებელს სახელმწიფო ხაზინასთან ხშირი ურთიერთობა აკავშირებს (როგორც თავად განცხადების ავტორი აღნიშნავს - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არის საბიუჯეტო ორგანიზაცია და ნებისმიერი ფინანსური ბრუნვა, იქნება ეს ხელფასების გაცემა თუ სახელმწიფო ბაჟის გადარიცხვა სასამართლოში, ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით, ხოლო სახელმწიფო ხაზინა ამოწმებს ნებისმიერ გადარიცხვას და მხოლოდ ამის შემდეგ ადასტურებს), შესაბამისად, განმცხადებლისათვის წინასწარ სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ სახელმწიფო ხაზინიდან, იმავე დღეს (2022 წლის 11 მაისს) დადასტურებას ვერ მიიღებდა. ამდენად, განმცხადებელი, რომელიც იურიდიული პირია, წინდახედულების მინიმალური სტანდარტის დაცვის პირობებშიც კი, ჰქონდა შესაძლებლობა, უფრო კვალიფიციურად მოეხდინა საკუთარი უფლებების რეალიზება და საპროცესო ვალდებულებების შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის არგუმენტი, რომ კასატორმა ვალდებულება შეასრულა დადგენილ ვადაში 2022 წლის 11 მაისს და ვალდებულების დარღვევა გამოიწვია სახელმწიფო ხაზინის ქმედებამ, ვერ იქნება გაზიარებული.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას აუცილებლად დასაკმაყოფილებელი კუმულაციური წინაპირობებია: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო გარემოების ახლად აღმოჩენილად მიჩნევის არც ერთი წინაპირობის დასაბუთება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ განცხადება არ იქნეს დაკმაყოფილებული.
24. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სამართალწარმოების ეტაპზე, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე არსებითად არ მსჯელობს, დამატებით მაინც მიუთითებს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო წარმოებაში თუ მიიღებდა, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო მაინც განუხილველად დარჩებოდა, ვინაიდან მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ, კასატორის საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები სადავო გარემოებებთან მიმართებით, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების - სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას ვერ ამტკიცებს.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმისწარმოების განახლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი