Facebook Twitter

საქმე №ას-77-2023 29 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ.პ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.პ–ძე, მ.პ–ი, ნ.ს–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, განაწილვადება, აღსრულების ხარჯებისაგან გათავისუფლება.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.პ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ა.პ–ძის, მ.პ–ისა და ნ.ს–ის მიმართ 2012 წლის 11 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის (იპოთეკის ნაწილში), 2013 წლის 3 სექტემბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, ასევე, მოსარჩელის უძრავი ნივთების მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; იპოთეკის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 11 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 3 სექტემბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებები. მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ნივთების (ს/კ .....; ს/კ .........; ს/კ .........) მესაკუთრედ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

5. 2022 წლის 10 ოქტომბერს ქ.პ–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-5, მე-6, მე-8 პუნქტებით დაკისრებული საპროცესო ხარჯების გადავადება, ერთი წლის ვადით განაწილვადება და გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯებისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოთხოვნა საპროცესო ხარჯების გადავადებისა და გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯებისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული საპროცესო ხარჯების განაწილვადების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

7. ზემოაღნიშნული განჩინება ქ.პ–მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

9. ქ.პ–მა 2023 წლის 2 მარტს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დამატებით მოითხოვა:

9.1. გაუქმდეს - სააპელაციო სასამართლოს 16.11.21 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების აღსასრულებლად გაცემული 17.01.23 წლის ორი N2ბ/1359-19 სააღსრულებო ფურცელი;

9.2. შეწყდეს სააპელაციო სასამართლოს 16.11.21 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღნიშნული მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების აღსასრულებლად გაცემული 17.01.23 წლის N2ბ/1359-19 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული ორივე სააღსრულებო წარმოება - N23013292 სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი და A23016565 სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორია ა.პ–ძე (..0878);

9.3. გაუქმდეს აღნიშნული სააღსრულებო წარმოებების NA23013292 აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებები, კერძოდ:

9.3.1. ამოღებულ იქნეს მასზე, როგორც მოვალე სუბიექტზე არსებული მონაცემები მოვალეთა რეესტრიდან;

9.3.2. გაუქმდეს აღნიშნული სააღსრულებო წარმოებების ფარგლებში მის ყველა საბანკო ანგარიშზე გავრცელებული ყადაღები.

9.3.3. გაუქმდეს აღნიშნული სააღსრულებო წარმოებების გამო, მის საკუთრებაში უძრავ ქონებაზე, მდებარე, თბილისი, ......... ფართი: 20.76 კვ.მ., ს.კ......... გავრცელებული ყადაღა.

9.4. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, განჩინებაში უზენაესი სასამართლოს მიერ მიეთითოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიში და ა.პ–ძის შემთხვევაში, მისი პირადი საბანკო ანგარიში, რომლებზეც ყოველთვიურად ჩაირიცხება მის მიერ (განწილვადებული) თანხები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განცხადების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების საფუძვლიანობა.

12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული საპროცესო ხარჯების გადავადებისა და აღსრულების ხარჯებისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა ამავე გადაწყვეტილებით დაკისრებული საპროცესო ხარჯების განაწილვადების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის პირველი წინადადებითა და მე-8 პუნქტით დაკისრებული საპროცესო ხარჯების (5000 ლარი + 1000 ლარი) ჯამში 6 000 ლარის გადახდა განაწილვადდა განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, ერთი წლის ვადით. ამასთან, დადგინდა, რომ გადახდა უნდა განხორციელებულიყო, ყოველთვიურად, ყოველი თვის 29 რიცხვამდე 500 ლარის ოდენობით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263.1 მუხლი ადგენს შემდეგ ქცევის წესს: სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

14. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების საკითხზე საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული. სსსკ-ის 263.1 მუხლი უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გაანაწილვადოს ან გადადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა, მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება და აღსრულების გადადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად. აღნიშნული შეღავათის გავრცელებისას კანონმდებელი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესს. სწორედ ამით აიხსენება ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციაში საშეღავათო ზღვრული ვადის დაწესება, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ ვადასა და პირობებს, რომლებიც არც კრედიტორის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას არ გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1174-1094-2017, 11.10.2017).

15. მართალია, ზოგადად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობები დამყარებულია მხარეთა თანასწორობაზე, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე უპირატესი კრედიტორის ინტერესია. სააღსრულებო წარმოება ხორციელდება სწორედ კრედიტორის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოვალის ქონებისა თუ სხვა მატერიალური ხარჯების განკარგვის გზით. მხარეთა ამგვარ მდგომარეობას ლეგიტიმურს ის გარემოება ხდის, რომ კრედიტორს, რომლის დარღვეული უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების კანონიერ ძალაში შესული აქტით არის აღდგენილი, ჰქონდეს რეალური გარანტია, უფლების რეალიზაციისა. მიუხედავად ამგვარი ვითარებისა, კანონმდებლობა გარკვეულ ბალანსს ადგენს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის და კრედიტორის უფლებრივი მდგომარეობის უპირატესი გათვალისწინებით, დასაშვებად მიიჩნევს მოვალის უფლებების დაცვას, რათა ხელისუფლების ორგანოს ქმედებით (სააღსრულებო ორგანოები) მოვალეს არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამგვარ საშუალებათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების ერთჯერადად გადადება, მისი განაწილვადება და სხვა, ამ თვალსაზრისით საინტერესოა, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი კრედიტორისა და მოვალის უფლებები, სადაც ასევე გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მხარეთა მორიგების შესაძლებლობა (იხ. სუსგ: Nას-24-35-2014, 19.02.2014).

16. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება, კერძოდ, მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომლის გათვალისწინებითაც გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების განცხადება გასაზიარებელია. ამასთან, განცხადებაზე თანდართულია აღწერილი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებით (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი განმცხადებელს დაძლეული აქვს.

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ როდესაც გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო მსჯელობს აღსასრულებელი გადაწყვეტილების, სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველ ნაწილში დადგენილი წესით, გადავადების ან განაწილვადების, მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე, მნიშვნელოვანია გამოიკვლიოს, თუ რა რესურსი გააჩნია მოვალეს, კრედიტორის ინტერესის დასაკმაყოფილებლად. გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა კანონისმიერი დანაწესია, შესაბამისად, მისი გამოყენება სასამართლოს მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა ნორმის პრაქტიკაში რეალიზება, თუმცა, მნიშვნელოვანია ნორმის სწორი პრაქტიკული იმპლემენტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული საპროცესო სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების მიზანშეწონილობა და სახეზეა აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინების 3.1. პუნქტი და ერთი წლის ვადით განაწილვადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის - 2900 ლარის გადახდა, ამასთან გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, ყოველი თვის 29 რიცხვამდე 241.67 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩიება დარჩეს უცვლელად. ასევე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაცი სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც არ იქნა დაკმაყოფილებული განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯებისაგან გათავისუფლების თაობაზე.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. შესაბამისად, რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებას, რომლითაც შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების აღსასრულებლად გაცემული 2023 წლის 17 იანვრის N2ბ/1359-19 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოება/წარმოებები უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს.

19. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ 2023 წლის 2 მარტის შუამდგომლობის ფარგლებში დაყენებულ დამატებით მოთხოვნებს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 17 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების გაუქმება და განაწილვადებული თანხის გადახდის წესის განსაზღვრა), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ობიექტი მოცემულ შემთხვევაში არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ 2023 წლის 2 მარტის შუამდგომლობით დაყენებული დამატებითი მოთხოვნები, არ განეკუთვნება კერძო საჩივრის ფარგლებში განსახილველი საკითხს და შესაბამისად საკასაციო სასამართლო აღნიშნულზე ვერ იმსჯელებს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

20. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ გასაზიარებელია კერძოს საჩივრის ავტორის პოზიცია, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.პ–ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინების 3.1. პუნქტი და ერთი წლის ვადით განაწილვადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის - 2900 ლარის გადახდა, ამასთან გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, ყოველი თვის 29 რიცხვამდე 241.67 ლარის ოდენობით;

3. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩიება დარჩეს უცვლელად;

4. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება, რომლითაც შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების აღსასრულებლად გაცემული 2023 წლის 17 იანვრის N2ბ/1359-19 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოება/წარმოებები;

5. ქ.პ–ის 2023 წლის 2 მარტის შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი