Facebook Twitter

საქმე №ას-741-2022 6 აპრილი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ბ–მა სარჩელი აღძრა ქ.კ–ძის მიმართ, საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის მოთხოვნით.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თ.ბ–ი ცნობილი იქნა, მოპასუხე ქ.კ–ძის სახელზე, ქუთაისი, ....... ს/კ ...... რიცხული საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ მოპასუხე ქ.კ–ძისათვის, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25% - 11 109,15 ლარის გადახდის სანაცვლოდ (რომელიც განთავსებულია საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე);

3. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ახსნა-განმარტება ცალსახად ადასტურებს მის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. კასატორის განმარტების თანახმად, 2020 წლის 25 ივნისს, 10:30 საათზე გამოემგზავრა ქუთაისის მიმართულებით, თუმცა ტრანსპორტის შეფერხებამ გამოიწვია სასამართლო სხდომაზე დროულად გამოუცხადებლობა. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია, შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება უსაფუძვლოა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატის განსჯის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების შემოწმება და, ამ კონტექსტში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

13. სსსკ-ის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ. №ას-738-2019, 19.12.2019წ.).

14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 25 ივნისს 16:00 საათზე. სატელეფონო შეტყობინების აქტით მხარეებს მიეცათ შეთავაზება, რომ სხდომა ჩატარდებოდა დისტანციურად, თუმცა თავად მოპასუხე ქ.კ–ძის წარმომადგენელმა თ.გ–მა გამოთქვა სურვილი სასამართლო პროცესზე გამოცხადების თაობაზე. სასამართლო სხდომა 16:00 საათის ნაცვლად გაიხსნა, 16:37 საათზე. რადგან თ.გ–ი დაუკავშირდა სხდომის მდივანს ტელეფონის საშუალებით და ითხოვა 15 წუთით სხდომის გადადება, მისი განმარტებით, უკვე ქალაქ ქუთაისში იმყოფებოდა და რამდენიმე წუთში გამოცხადდებოდა სასამართლოში. 16.37 საათზე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოპასუხის წარმომადგენელს დაელოდა 16.51 საათამდე. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ არ მივიდა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ დააყენა შუამდგომლობა და კიდევ ერთხელ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც დაკმაყოფილდა. საჩივრის განხილვის დროს მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მას დააგვიანდა სხდომაზე გამოცხადება, რის თაობაზეც სასამართლოს აცნობა, შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები. სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივად არ იყო დასაბუთებული, მისივე განმარტებით, სასამართლოში დროულად გამოუცხადებლობა გამოიწვია ტრანსპორტის შეფერხებამ.

16. ქ.კ–ძის წარმომადგენელი თ.გ–ი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა 2020 წლის 25 ივნისს, 17:10 საათზე, რა დროსაც მან სასამართლოს კანცელარიაში დაარეგისტრირა განცხადება სხდომის ოქმის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 243). ზემოაღნიშნულ სასამართლო სხდომაზე ასევე არ გამოცხადდნენ თავად მოპასუხე ქ.კ–ძე და მისი მეორე წარმომადგენელი ი.ა–ძე.

17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (იხ.: სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021 ).

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (საქართველოს უზენაესი ასსამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის საქმე Nას-780-780-2018 გადაწყვეტილება). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

19. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია. პალატას მიაჩნია, რომ სწორად იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას. შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016).

21. ამდენად, საქმის განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობას უკავშირდება მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდი. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს. თუმცა ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ უნდა დადგეს ისეთი მხარის მიმართ, რომლის მიერაც საპროცესო მოვალეობების შეუსრულებლობა განპირობებულია ობიექტური საფუძვლით (იხ.: სუსგ Nას-1647-2018, 03.01.2019წ.). პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ ვივარაუდოთ გამოუცხადებელი მხარის მხრიდან მოცემული დავის მიმართ ინტერესის დაკარგვა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ქ.კ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ.გ–ის მიერ 11.08.2022წ. №14132927074 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 555.50 ლარის 70% – 388.85 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი