Facebook Twitter

საქმე №ას-1073-2023 5 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „ა–ი“, მ.მ–ვა, გ.გ–ვა (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ა–მა“, მ.მ–ვამ და გ.გ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელეები“, „კერძო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის მიღებაზე, რაზეც კერძო საჩივარი წარადგინეს მხარეებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4. 2023 წლის 12 ივლისს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და „გ.გ–ვას“ ნაცვლად მიეთითა „გ.გ–ვა“.

6. 2023 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელეებმა კვლავ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, საჩივარი სხვა საკითხების გარდა, შეიცავს მითითებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.

7. 2023 წლის 6 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოაგზავნა მოსარჩელეების კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს „ა–ს“, მ.მ–ვასა და გ.გ–ვას დაევალოთ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

9. ზემოაღნიშნული განჩინება მ.მ–ვასა და გ.გ–ვას, როგორც პირადად და როგორც შპს „ა–ის“ დირექტორს გაეგზავნათ საქმის მასალებში არსებულ მისამართზე და 2023 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა ნ.ფ–ვას (ადვოკატს).

10. 2023 წლის 25 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს (განცხადებას ხელს აწერენ, როგორც კერძო საჩივრის ავტორები, ისე შპს „ა–ის“ იურისტი - ნ.ფ–ვა, განცხადება წარმოდგენილია ასლის სახით). განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ საქმის განუხილველად დატოვებას. განცხადება, ასევე, შეიცავს მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული სავარაუდო უსწორობების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ საქმის მასალებში არსებულ მისამართზე. და 2023 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა ნ.ფ–ვას (ადვოკატს). ამავე განჩინებით განმცხადებლებს განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დატოვებული იქნება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

16. 2023 წლის 25 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს (განცხადებას ხელს აწერენ, როგორც კერძო საჩივრის ავტორები, ისე შპს „ა–ის“ იურისტი - ნ.ფ–ვა, განცხადება წარმოდგენილია ასლის სახით).

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია განცხადება წარმოდგენილია საპროცესო ვადის დაცვით, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არცერთ ნაწილში შევსებულა. რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ №ას-1073-2023 საქმის განუხილველად დატოვებას.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე მხარეს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს საქმის განუხილველად დატოვება.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა–ის“, მ.მ–ვასა და გ.გ–ვას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე