Facebook Twitter

საქმე №ას-1355-2023 30 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. (ა.) ი–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ე–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ.გ.ც–ს“ კომპეტენციის არმქონედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.ე–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ლ.ე–სა და ა. (ა.) ი–ს შორის დავის განხილვაზე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ.გ.ც–ს“კომპეტენციის არმქონედ ცნობა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა; მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ.გ.ც–“ ლ.ე–სა და ა. (ა.) ი–ს შორის 2013 წლის 27 ივნისის ერთობლივი საინვესტიციო პროექტის განხორციელებისა და იპოთეკის შესახებ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვაზე ცნობილ იქნა კომპეტენციის არმქონედ.

3. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ა. (ა.) ი–ის წარმომადგენელმა წარადგინა კერძო საჩივარი. მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნას საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

5. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

6. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი.

8. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეებს: არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ; საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ; არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ; სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ; საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

9. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და ცალსახად ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების საკითხებზე მსჯელობის უფლება აქვს სააპელაციო სასამართლოებს, რომელთა მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობასაც სსსკ არ ითვალისწინებს (მუხ. 356 21, 35624).

10. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ განჩინების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც გადაწყდა არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხი.

11. სსსკ-ის 35616-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განჩინება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის უფლებამოსილი განიხილოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვინაიდან არ არსებობს მისი კანონიერების შემოწმების თაობაზე კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1366-2020, 4 დეკემბერი, 2020 წელი).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. (ა.) ი–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე