Facebook Twitter

ბს-358-342(გ-06) 31 ოქტომბერი, 2006წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 24 იანვარს ყვარლის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ფ-მა მოპასუხეების _ ყვარლის რაიონის სოფ. შილდის საკრებულოსა და ი. ფ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კომლის სტატუსის აღდგენა და ყვარლის რაიონის სოფ. შილდის საკრებულოს ჩანაწერის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ყვარლის რაიონის გამგეობის 1993წ. 4 ნოემბრის ¹333 გადაწყვეტილებით ი. ფ-მა და მისმა მეუღლე მ. ფ-მა შვილად აიყვანეს მოსარჩელე. ეს უკანასკნელი ჩაეწერა კომლში, რომელიც დარეგისტრირდა ყვარლის რაიონის სოფ. შილდის საკრებულოში. კომლში ასევე ჩაეწერნენ მ. ფ-ის შვილები _ გ. ფ-ი და ნ. ფ-ი. კომლის უფროსად აღრიცხული იყო ი. ფ-ი, რომელზედაც რეგისტრირებული იყო კომლის ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები. სახლი შედგებოდა საცხოვრებელი 87 კვ.მ-ს და 35 კვ.მ დამხმარე ფართისაგან. მშობლებთან დაძაბული ურთიერთობის განმუხტვის მიზნით, მოსარჩელე დროებით გადავიდა მეუღლის ბინაში. მოპასუხემ ისარგებლა ამ გარემოებით და შილდის საკრებულოში გააუქმა კომლი, მათ შორის, მოსარჩელისა და მისი შვილების თაობაზე ჩანაწერი.

მოსარჩელე მოითხოვდა კომლის სტატუსის აღდგენას იმ საფუძვლით, რომ “სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკომლე მეურნეობა იყო ამ მუხლით გათვალისწინებული საადგილმამულო მეურნეობა, რომელიც ერთი ფიზიკური პირის, აგრეთვე მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრთა საკუთრებას წარმოადგენდა. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო საადგილმამულო წიგნში. “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სარეგისტრაციო ბარათის ჩანაწერის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით დაშვებული იყო ოჯახის კომლის წევრთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ან სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის გრაფაში აღრიცხულიყო ოჯახის უფროსი. სარეგისტრაციო ბარათზე ასეთი ასახვა ტექნიკური ხასიათის იყო და არ ზღუდავდა რომელიმე თანამესაკუთრის კანონიერ უფლებას. გარდა ამისა, ყვარლის რაიონის სოფ. შილდის საკრებულო არ იყო უფლებამოსილი, გაეუქმებინა ჩანაწერი ი. ფ-ზე აღრიცხული კომლის შესახებ. საკრებულოსათვის ცნობილი იყო, რომ კომლი შედგებოდა 5 წევრისაგან. კომლის ჩანაწერის გაუქმებაზე სავალდებულო იყო კომლის წევრთა თანხმობა. შილდის საკრებულოს მოქმედებით შეილახა მოსარჩელის ქონებრივი უფლებები. ი. ფ-ი არ იყო უფლებამოსილი, ერთპიროვნულად გაესხვისებინა კომლის ქონება, მით უფრო, რომ მოეთხოვა კომლის გაუქმება. მას შეეძლო მოეთხოვა კომლიდან გამოყოფა. მოსარჩელის მოსაზრებით, ყვარლის რაიონის სოფ. შილდის საკრებულოს მოქმედება არასწორი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ კომლის გაუქმება ხდებოდა არა ჩანაწერში ხაზის გადასმით, არამედ ადმინისტრაციული აქტის გამოცემით, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 4 ოქტომბრის განჩინებით მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილებაზე განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგი მოსაზრებით: სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავდა იმ ადმინისტრაციულ საქმეთა ჩამონათვალს, რომელსაც განიხილავდა სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამ მუხლის შესაბამისად საქმის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევისათვის აუცილებელი იყო ორი ძირითადი პირობის არსებობა: ა. სადავო სამართალურთიერთობის გამომდინარეობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან ან როცა ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა; ბ. სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანო.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა კომლის სტატუსის აღდგენა და ჩანაწერის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რაც არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოპასუხის სახით ადმინისტრაციული ორგანოს _ საკრებულოს მონაწილეობა არ ცვლიდა განსახილველი საქმის სამართლებრივ ბუნებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 2006წ. 12 აპრილის განჩინებით არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებას და მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შემოწმების მიზნით განსახილველად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა კომლის სტატუსის აღდგენას და ჩანაწერის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას. იგი სადავოდ ხდიდა და უკანონოდ მიიჩნევდა ყვარლის რაიონის სოფ. შილდის საკრებულოს მოქმედებას საკომლო წიგნში მოსარჩელის ჩანაწერისა და კომლის გაუქმების შესახებ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის სადავოდ ქცეული უფლება სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა რიგს არ მიეკუთვნებოდა და იგი განხილული და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებით, ვინაიდან აღნიშნული დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გამოერკვია, მოქმედებდა თუ არა კანონიერად ყვარლის რაიონის სოფ. შილდის საკრებულო საკომლო წიგნში ჩანაწერის გაუქმებისას. ამ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს, სოფ. შილდის საკრებულოს მოქმედების კანონიერება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურსამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. კომლთან დაკავშირებით სოფლის საკრებულოს მოქმედების სადავოობის დროს სარჩელის განსჯადობის საკითხის განსაზღვრისათვის, შესაბამისად, ამოსავალია სადავო მოქმედების შინაარსის უშუალო მატერიალურსამართლებრივი საფუძველი _ კერძო სამართლის თუ საჯარო სამართლის კანონმდებლობა.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დავის საგანია კომლის სტატუსის აღდგენა და ყვარლის რაიონის სოფ. შილდის საკრებულოს საკომლო ჩანაწერის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. მოსარჩელის აზრით, კომლიდან გასვლა საჭიროებდა კომლის ყველა სრულწლოვანი წევრის წერილობითი თანხმობას, რასაც ადგილი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავისი არსით ეხება კომლის ქონებაზე უფლებას, რაც თავისი ბუნებით წარმოადგენს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავას და სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, განიხილება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ყვარლის რაიონის სოფ. შილდის საკრებულოს მიერ კომლის გაუქმება და საკომლო დავთარში (საკომლო წიგნში) სათანადო ჩანაწერის შეტანა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად არ განეკუთვნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კომპეტენციის სფეროს. საკომლო დავთარს (საკომლო წიგნს) აწარმოებდა რაისაბჭოს აღმასკომი, რომელიც “საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ” 25.12.68წ. კანონის 22-ე მუხლის თანახმად, დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას, ამასთანავე, მიწის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლი გაყრილად ან გაუქმებულად ითვლებოდა მხოლოდ აღმასკომში რეგისტრაციის მომენტიდან.

ამჟამად მოქმედი “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” მთავრობის 22.09.92წ. ¹949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.93წ. ¹29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კოლმეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით შეიცვალა საკოლმეურნეო კომლის იურიდიული სტატუსი და იგი ჩამოყალიბდა საკომლო მეურნეობად, რომელიც საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით წარმოადგენს ფერმერულ მეურნეობას, საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით მის ძირითად დანიშნულებას შეადგენს არა დამხმარე მეურნეობის, არამედ მთლიანად სასოფლო-სამეურნეო წარმოების წარმართვა. ფერმერული მეურნეობა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას; მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში), თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი უთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და საადგილმამულო მეურნეობაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების არსებობა მოწესრიგდეს სამოქალაქო კანონმდებლობის (1323-ე, 1463-ე, 1514-ე მუხ.), შესაბამისად, საადგილმამულო წიგნში რეგისტრაციით, რაც საფუძველი იქნება სოფლად მცხოვრები ოჯახის (რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ მიწაზე ეწევა საერთო საქმიანობას) კომლად მიჩნევისა. იმის გათვალისწინებით, რომ მ. ფ-ის კომლის გაუქმება ახალი სკ-ის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელდა სასამართლომ უნდა ომსჯელოს განსახილველი ურთიერთობების მიმართ აღნიშნული კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობაზე, რომლებიც ეხება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციას. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები სადავო პერიოდში მოქმედი “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენდა რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახური (მთავარი რეგისტრატორი, ზონის რეგისტრატორი), რეგისტრაციის მიზანი იყო მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გაცემის, შეზღუდვისა ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადღეისოდ კომლთან დაკავშირებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს აქტი, საკომლო წიგნში (დავთარში) ჩანაწერი, თავისი ბუნებით არ პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ აქტის მოთხოვნებს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებასა და მოვალეობას. საკრებულოს გასაჩივრებულ ჩანაწერს არ აქვს უფლებაწარმომქნელი მნიშვნელობა, დავთარში რეგისტრაციის სამართლებრივი შინაარსი დეტერმინირებულია უფლების წარმომქმნელი კერძოსამართლებრივი ხასიათის მატერიალურსამართლებრივი, ქონებრივ-საოჯახო ურთიერთობებით, რის გამო უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა. საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მატერიალური ნორმების რეალიზაციის შესაბამისი პროცესუალური, კერძოდ კი სამოქალაქო სამართალწარმოების ნორმებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მიიჩნევს, რომ სახეზეა სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმე, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე მ. ფ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების _ ყვარლის რაიონის სოფ. შილდის საკრებულოსა და ი. ფ-ის მიმართ, მ. ფ-ის სააპელაციო საჩივრით განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.