საქმე №ა-4909-შ-145-2023 31 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.გ–ძე (კ–ი)
ბრძანება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება
დავის საგანი – გვარის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანებით დადგინდა, რომ განმცხადებელი (დ. კ–ი) ამ ბრძანების სრული დაცვით უნდა გახდეს ცნობილი სახელით დ.გ–ძე, რომლის ტარების და არა სხვა სახელის ტარების უფლებაც აქვს დ.გ–ძეს.
2. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანებით ირკვევა, რომ იგი ძალაშია შესული.
3. 2023 წლის 3 ოქტომბერს დ.გ–ძემ (კ–ი) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა პირად მონაცემებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა განუმარტეს, რომ საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოში, თბილისშია დაბადებული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დ.გ–ძეს (კ–ი) დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) მის მიერ ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა; ბ) ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული (აკინძული (შეკერილი) და ნოტარიულად დამოწმებული) ასლი, დამოწმებული ქართული თარგმანით.
6. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს საქმის მასალებში არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 19 ოქტომბერს.
7. 2023 წლის 23 ოქტომბერს შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობის ტექსტი და ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანების დედანი, დამოწმებული ქართული თარგმანით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დ.გ–ძის (კ–ი) შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება, რომლითაც დადგინდა, რომ განმცხადებელი (დ. კ–ი) ამ ბრძანების სრული დაცვით უნდა გახდეს ცნობილი სახელით დ.გ–ძე, რომლის ტარების და არა სხვა სახელის ტარების უფლებაც აქვს დ.გ–ძეს, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.გ–ძის (კ–ი) შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება, რომლითაც დადგინდა, რომ განმცხადებელი (დ.კ–ი) ამ ბრძანების სრული დაცვით უნდა გახდეს ცნობილი სახელით დ.გ–ძე, რომლის ტარების და არა სხვა სახელის ტარების უფლებაც აქვს დ.გ–ძეს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი