Facebook Twitter

საქმე №ას-1460-2022 14 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ა(ა)იპ „თბილისის №27 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №37 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №112 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №156 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №167 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №192 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №197 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №198 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №215 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.07.2022 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.03.2020 წლის გადაწყვეტილებით:

1.1. შპს „ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოსარჩელის სასარგებლოდ ა(ა)იპ „თბილისის №137 საბავშვო ბაგა-ბაღს“ დაეკისრა 8949.8 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 649.7 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 1767 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №107 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 18 870.5 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 1386 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 3403 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №27 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 22031.40 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 12 980 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 3510 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №37 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 17 501.75 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 10325 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 3403 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 28 353.20 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 16 756 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 5215 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №112 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 20 432.70 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 12 036 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 3802 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №156 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 22 232.15 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 13 098 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 4424 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №167 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 17 038.2 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 10030 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 3264 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №192 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 18 078.45 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 10 620 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 3072 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №197 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 20633.45 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 11 800 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 4178 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №198 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 21 655.45 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 12 744 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 3502 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №215 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 22 195.65 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 13 039 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 3579 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის დიდი ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 5610.05 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 450 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 999 ლარის გადახდა;

1.2. ა(ა)იპ „თბილისის №27 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №37 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №112 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №156 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №167 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №192 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №197 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №198 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №215 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №137 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №107 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის დიდი ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის“ შეგებებული სარჩელები მიმწოდებლის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - ა(ა)იპ „თბილისის №27 საბავშვო ბაგა-ბაღმა“, ა(ა)იპ „თბილისის №37 საბავშვო ბაგა-ბაღმა“, ა(ა)იპ „თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღმა“, ა(ა)იპ „თბილისის №112 საბავშვო ბაგა-ბაღმა“, ა(ა)იპ „თბილისის №156 საბავშვო ბაგა-ბაღმა“, ა(ა)იპ „თბილისის №167 საბავშვო ბაგა-ბაღმა“, ა(ა)იპ „თბილისის №192 საბავშვო ბაგა-ბაღმა“, ა(ა)იპ „თბილისის №197 საბავშვო ბაგა-ბაღმა“, ა(ა)იპ „თბილისის №198 საბავშვო ბაგა-ბაღმა“, ა(ა)იპ „თბილისის №215 საბავშვო ბაგა-ბაღმა“ (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კასატორები“), მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.07.2022 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა მოსარჩელის სასარგებლოდ საგარანტიო თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საბანკო გარანტიის თანხის აპელანტებისთვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში ეფუძნება შემდეგს:

3.1. 14.09.2017 წელს მოსარჩელესა (მიმწოდებელი) და მოპასუხეებს (შემსყიდველი) შორის გაფორმდა ხელშეკრულებები მოსარჩელის მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებისა და კვებითი მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულებები არსებითად იდენტური შინაარსისაა, განსხვავებულია მათი ღირებულება.

3.2. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან - 10 დღის ვადაში.

3.3. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელებს შესაბამისი ბაგა-ბაღი და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“.

3.4. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით.

3.5. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ანდა არაჯეროვანად შესრულებისათვის ან ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%.

3.6. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3.7. 14.09.2017 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152, 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს; შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

3.8. 14.09.2017 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152, 2015 წლის 3 აპრილი); შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

3.9. 14.09.2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, მოსარჩელის მიერ ა(ა)იპ „თბილისის №27 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით, შეადგენს 22 031.4 ლარს; ა(ა)იპ „თბილისის №37 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 17 501.757 ლარს; ა(ა)იპ „თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 28 353.2 ლარს; ა(ა)იპ „თბილისის №112 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 20432.7 ლარს; ა(ა)იპ „თბილისის №156 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 22232.15 ლარს; ა(ა)იპ „თბილისის №167 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 17038.2 ლარს; ა(ა)იპ „თბილისის №192 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 18078.45 ლარს; ა(ა)იპ „თბილისის №197 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 20633.45 ლარს; ა(ა)იპ „თბილისის №198 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ – 21 655.45 ლარს; ა(ა)იპ „თბილისის №215 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 22195.78 ლარს.

3.10. მოპასუხეებმა უარი განაცხადეს მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

3.11. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 15.12.2017 წლის №09/13005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

3.12. მოპასუხეებმა სს „ბ.ბ–გან“ სრულად გამოითხოვეს საბანკო გარანტიის თანხები.

3.13. სადავო არ არის, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების მიხედვით კი, მოსარჩელეს შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 03.04.2015 წლის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ შემსყიდველისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული სასურსათო პროდუქტი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.

3.14. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 14.09.2017 წელს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის დეკემბრის თვეში მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეებისთვის მიწოდებული კარაქი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე. უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით მოსარჩელეს მოპასუხეებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე, უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ შემსყიდველისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 4.1, 102, 103.1 მუხლებზე და განმარტა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებს ეკისრებოდათ, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია.

3.15. დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 19.12.2017 წლის №09/13126 მიმართვის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ „მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 31.12.2013 წლის №441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები“. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. ამდენად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შესწავლილი არ არის უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები, მისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობა. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ აღნიშნული საფუძველია მითითებული. მიწოდებული პროდუქტის უშუალოდ ნიშან-თვისებების, მისი შემადგენლობის შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თვით მოსარჩელემ წარმოადგინა და საქმის მასალებს ერთვის აღნიშნული პროდუქტის მიმწოდებლის - შპს „ა.წ–ის“ მიმართვა, რომლის თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომმა და ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა შეადგენდა 80.0%-ს. შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით, შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი და მითითებულია ეტიკეტირების წესის დარღვევაზე, რაც, შესაბამისი პროდუქტის მახასიათებლების შესწავლისა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარების გარეშე, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტი შესაბამისობაში არ იყო ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში მოსარჩელემ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.

3.16. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს. ამასთან, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებით დადგენილია, რომ 2017 წლის ივლისამდე ანუ იმ დრომდე, ვიდრე მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით პროდუქტ „ყველის“ რეგლამენტირება მოხდებოდა, მოსარჩელე მოპასუხეებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგივე პროდუქციას აწვდიდა, რაც სადავო პერიოდში მიაწოდა. საგულისხმოა ასევე, მოსარჩელისთვის ხსენებული პროდუქტის („იმერული“) მიმწოდებლის შპს „ნ“-ის განმარტება, რომლის თანახმად, პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.

3.17. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 477-ე, 487-ე, 488.1, 490.1, 491-ე, 492-ე მუხლებით. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეებს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის მიწოდებულია პროდუქტი „იმერული“, ნაცვლად „ყველისა“, რაც მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს ადასტურებს. უდავოა, რომ შემსყიდველმა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. დადგენილია ისიც, რომ შემსყიდველს მოსარჩელისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. ასევე, მოპასუხეებს არ მოუთხოვიათ ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან რეალიზებული არ არის ნაკლიანი მიწოდებისას მყიდველისთვის სამოქალაქო კოდექსის ზემოთ დასახელებული რომელიმე ნორმით მინიჭებული უფლებამოსილება (მაგ: ზიანის მოთხოვნა, თანხის შემცირება და ა.შ.). მყიდველმა ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მიიღო მიწოდებული პროდუქცია, გამოიყენა და მხოლოდ სახელშეკრულებო ვადის ბოლო თვეს განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან და უარი განაცხადა დეკემბრის თვის მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა და მიიჩნია, რომ მიწოდებული პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება პროდუქტი ჩაითვალოს იმგვარ არსებითად ნაკლის მქონედ, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ ყველის ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ამ პროდუქტის აღდგენილი რძისაგან დამზადების შესახებ, არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეებს ანაზღაურების ვალდებულებისაგან, იმ პირობებში როცა პროდუქცია მიღებულია და სრულად მოხმარებულია. რაც შეეხება კარაქს, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ 14.09.2017 წელს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებისთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიწოდებული პროდუქციის ფასი ექვემდებარება ანაზღაურებას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 2017 წლის დეკემბერში მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

3.18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდაც. დადგენილია, რომ 14.09.2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხეებს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებიათ 2017 წლის დეკემბრის თვეში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეებს ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე, 418.1, 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანი იყო ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით. პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობასთან მიმართებით მოპასუხეებს კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებიათ.

3.19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნები საბანკო გარანტიის ნაწილში მიმწოდებლის სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

3.20. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 494.1, 394.1, 408.1 მუხლებით და მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაადასტურა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობის - ზიანის არსებობა იმ პირობებში, როდესაც მხარეს მიღებული და გახარჯული აქვს პროდუქტი მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ წარადგინეს დასაბუთებული პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ არ დგინდება ზიანის არსებობის ფაქტი. ამასთან, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი (სარჩელის დასაბუთებულობის თვალსაზრისით განვითარებული მსჯელობა) საფუძველს აცლის შეგებებული სარჩელის დასაბუთებულობას, რაც მისი უარყოფის საფუძველია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მიწოდებული პროდუქტის, ყველი „იმერულის“ საფასურის გადახდის ნაწილში მოპასუხეების ვალდებულების არარსებობას. კასატორებს მიაჩნიათ, რომ რძეზე დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, ხელშეკრულების იმგვარი დარღვევაა, რაც ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან პროდუქტის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, მას არ ეკისრება ვალდებულება გადაიხადოს თანხის დარჩენილი ნაწილი, ხოლო ის რაც უკვე ანაზღაურებულია, გადახდილია ვალდებულების გარეშე და ექვემდებარება დაბრუნებას.

9. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხეებისთვის მიწოდებული პროდუქტი, ყველი „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიმწოდებლის მხრიდან შემსყიდველისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტის მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს. თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით. სსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (სუსგ №ას-596-2020, 29.10.2020წ.). დადგენილია და სადავო არ არის, რომ შემსყიდველმა მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ამასთან, შემსყიდველს მიმწოდებლისათვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა ან ფასის შემცირება მოუთხოვია. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეები (შეგებებული სარჩელის ავტორები) არ უთითებენ, თუ რა ოდენობით ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. კასატორები მიიჩნევენ, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე კასატორების მითითება არასწორია. პალატა განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას და არა ანაზღაურებაზე სრულად უარს. ამასთან, ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც მიმწოდებელმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (შდრ. სუსგ №ას-1057-2020, 20.01.2022წ.). შესაბამისად, საფუძვლიანია სარჩელი ნასყიდობის საფასურის გადასახდელი ნაწილის დაკისრების თაობაზე. საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

10. კასატორების პრეტენზია ასევე შეეხება მიწოდებული პროდუქტის - „კარაქის“ ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ვალდებულების არარსებობას. კასატორების განმარტებით, მიმწოდებელმა მიაწოდა ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს და არ არსებობდა მისი ღირებულების ანაზღაურების საფუძველი.

11. დადგენილია და შედავებული არ არის, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან (სუსგ №ას-596-2020, 29.10.2020წ., პ. 89). პალატა მიუთითებს, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე, ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, მიმწოდებელმა სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სარჩელი ნასყიდობის საფასურის აუნაზღაურებელი ნაწილის და სახელშეკრულებო ვადებში თანხის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მართებულად არ დაკმაყოფილდა.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ „თბილისის №27 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №37 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №112 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №156 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №167 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №192 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №197 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №198 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №215 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა(ა)იპ „თბილისის №27 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 204859787) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3200.13 ლარის (საგადახდო დავალება №221130152123747, გადახდის თარიღი 30.11.2022წ.) 70% – 2240.09 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. ა(ა)იპ „თბილისის №37 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 406184025) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2680 ლარის (საგადახდო დავალება №221201095019402, გადახდის თარიღი 01.12.2022წ.) 70% – 1876 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. ა(ა)იპ „თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 206070259) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4424.50 ლარის (საგადახდო დავალება №5174893057, გადახდის თარიღი 01.12.2022წ.) 70% – 3097.15 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. ა(ა)იპ „თბილისის №112 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 211351945) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3584.20 ლარის (საგადახდო დავალება №5174886731, გადახდის თარიღი 30.11.2022წ.) 70% – 2508.94 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. ა(ა)იპ „თბილისის №156 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 206034183) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3719.80 ლარის (საგადახდო დავალება №221201121028663, გადახდის თარიღი 01.12.2022წ.) 70% – 2603.86 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

7. ა(ა)იპ „თბილისის №167 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 206034227) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2596.97 ლარის (საგადახდო დავალება №221130152913618, გადახდის თარიღი 30.11.2022წ.) 70% – 1817.88 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

8. ა(ა)იპ „თბილისის №192 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 204861042) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2687.70 ლარის (საგადახდო დავალება №221130153745030, გადახდის თარიღი 30.11.2022წ.) 70% – 1881.39 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

9. ა(ა)იპ „თბილისის №197 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 211351776) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3085 ლარის (საგადახდო დავალება №221130154017538, გადახდის თარიღი 30.11.2022წ.) 70% – 2159.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

10. ა(ა)იპ „თბილისის №198 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 211351883) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3403.40 ლარის (საგადახდო დავალება №221130170816587, გადახდის თარიღი 30.11.2022წ.) 70% – 2382.38 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

11. ა(ა)იპ „თბილისის №215 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 206034361) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3454 ლარის (საგადახდო დავალება №221130163149388, გადახდის თარიღი 30.11.2022წ.) 70% – 2417.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

12. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია