№ას-915-2023 18 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ლ–ია
მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ე.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.05.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ლ–იამ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) წარადგინა სარჩელი დ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა შპს „ბ.კ“-ში მოპასუხის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.03.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2., ს.ფ. 3-23). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.05.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.4, ს.ფ. 70-86). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2023 წლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე განესაზღვრა ხარვეზი და დაუდგინდა ვადა მის შესავსებად (ტ.4, ს.ფ.115-116). კასატორმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო და მის შესავსებად იშუამდგომლა ვადის გაგრძელების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.08.2023 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე მის სრულად შესავსებად (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად). ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.4, ს.ფ. 135,136).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.08.2023 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - ა.გ–ს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (სამუშაო ადგილზე) (იხ.: მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.64,65; საკასაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ.98, 120) და ჩაჰბარდა მის თანამშრომელს 03.08.2023 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.4, ს.ფ.138).
7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 04.08.2023 წელს და ამოიწურა 14.08.2023 წელს, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო კვირა. ამდენად, კასატორს ხარვეზი 14.08.2023 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია (ტ.4, ს.ფ.139).
10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-495-2023, 10.05.2023წ.; №ას-138-2023, 04.05.2023წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ლ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე