№ას-1087-2023 18 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.კ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2023წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.კ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", „კასატორი“) წარადგინა სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა:
- დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის 15.04.2022წ. №ბ126.126221052 ბრძანების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (სამსახურში აღდგენა) და მიუღებელი ხელფასის (განაცდურის) ანაზღაურება ბრძანების გამოცემიდან ყოველთვიურად - მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების (ხელშეკრულების შეწყვეტის) თარიღიდან თანამდებობაზე აღდგენის მომენტამდე.
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 04.08.2022წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის 15.04.2022წ. №ბ126.126221052 ბრძანება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერსა და მოსარჩელეს შორის დადებული 31.12.2020წ. №1 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.222-243).
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2022 წლის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2023წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 83-103).
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
9. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
10. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
11. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2023წ. გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენლის - მ.მ–ას (იხ.: 21.07.2022წ. გაცემული მინდობილობა ერთი წლის მოქმედების ვადით, სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებით, ტ.1, ს.ფ.183-185) სამუშაო ადგილის მისამართზე გაიგზავნა (ტ.2, ს.ფ.18, 108) და თანამშრომელს ჩაჰბარდა ფოსტის მეშვეობით 23.05.2023წ. (ტ.2, ს.ფ.111). საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტში (ისევე როგორც გასაჩივრების მთელი ვადის განმავლობაში) მინდობილობა იყო ვადაში მოქმედი და საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება მასზე, რომ მარწმუნებელს სურდა რწმუნებულისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა (სსსკ-ის 99-ე მუხლი).
12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
14. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 24 მაისს დაიწყო და ამავე წლის 13 ივნისს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 11.07.2023წ. (ტ.2, ს.ფ. 140), სასამართლოში კი წარდგენილ იქნა 12.07.2023წ. ((ტ.2, ს.ფ.121) გასაჩივრების ვადა დარღვეულია თავად საკასაციო საჩივარში მისი შედგენის თარიღად მითითებული 10.07.2023 წლიდანაც კი). ამდენად, სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადა დარღვეულია. კასატორი შუამდგომლობს გასაჩივრების ვადის აღდგენას, რაც, სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია.
15. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
16. სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო საჩივარს ერთვის კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. გ.კ–იას (პირადი ნომერი ......) უკან დაუბრუნდეს გ.შ–ას (პირადი ნომერი .......) მიერ 10.07.2023წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე