Facebook Twitter

საქმე №ას-523-2023 6 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ღ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ჯ.ო.ს.“ (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ჯ.ო.ს.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ღ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2023 წლის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის/კომპენსაციის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.04.2022 წლის გადაწყვეტილებით ნ.ღ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, ან „დასაქმებული“) სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „თ.ჯ.ო.ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კომპანია“) 20.01.2020 წლის გადაწყვეტილება (შეტყობინება) მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ტურიზმის გაყიდვების აღმასრულებლის თანდამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 750 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით, 24.01.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2023 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 20.01.2020 წლის გადაწყვეტილება (შეტყობინება) მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 13 500 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 01.01.2016 წელს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დასაქმებული დაინიშნა ტურიზმის გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე. ხელშეკრულება მოქმედებდა 3 თვის ვადით. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება არაერთხელ გაგრძელდა. 01.11.2017 წელს მხარეთა შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა ტურიზმის გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე და განისაზღვრა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ცვლიდა მანამდე არსებულ ზეპირ თუ წერილობით შეთანხმებას/მოლაპარაკებას და აუქმებდა მათ. ხელშეკრულება გაფორმდა უვადოდ.

3.2. 20.01.2020 წლის შეტყობინებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 24.01.2020 წლიდან კომპანია წყვეტდა მასთან შრომით ხელშეკრულებას, თანახმად საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტისა.

3.3. 24.01.2020 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების მოთხოვნით. 30.01.2020 წლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა შემდეგი: 20.03.2015 წელს რეესტრში დარეგისტრირდა იურდიული პირი შპს „ფ–ი“, რომლის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრეა ჯ.დ–ი, დირექტორი - გ.გ–ძე, ხოლო კომპანიის იურიდიული მისამართია მ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისამართი. 24.02.2017 წელს იურიდიულმა პირმა შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ე.ე.ე.ჯ–ია“. შპს „ე.ე.ე.ჯ–ია“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სტაბილურად თანამშრომლობდა კონკრეტულ პარტნიორებთან და იღებდა მათგან თანხებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ე.წ. CIP მომსახურებისათვის, CIP დარბაზში რეკლამების განთავსებისათვის და ავია ბილეთების რეალიზაციისათვის. რეალურად აღნიშნულ მომსახურებებს ასრულებდა მოპასუხე, თუმცა შემოსავალს იღებდა შპს „ე.ე.ე.ჯ–ია“. ამგვარი ქმედებით იგი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა კომპანიას. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მ.გ–ისთვის, გ.გ–ძესთვის და მოსარჩელისთვის. უფრო მეტიც, ხსენებული პირები, კომპანიაში მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რიგ შემთხვევებში უშუალოდ მონაწილეობდნენ აღნიშნულ მოქმედებში, მათ შორის, გასცემდნენ მითითებებს თანხების და საანგარიშსწორებო დოკუმენტების მოძრაობის შესახებ და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის ხელმძღვანელობასა და პარტნიორებს დაკარგული აქვთ მათი პროფესიონალიზმისა თუ კეთილსინდისიერების მიმართ ნდობა და შეუძლებლად მიაჩნიათ ამ პირებთან მომავალში შრომითი ურთიერთობების გაგრძელება.

3.4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების კანონიერება მოწმდება შეწყვეტის შესახებ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით. იმისათვის, რომ ნებისმიერი გარემოება არ მოხვდეს სშკ-ის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) დანაწესის მოქმედების სფეროში და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ გაამართლოს, მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეფასდეს დამსაქმებლის მხრიდან მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეფუძნება თუ არა ობიექტურად გამართლებულ გარემოებას.

3.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ 20.01.2020 წლის გადაწყვეტილება (შეტყობინება) მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არის უკანონო. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ო” ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს. განსახილველ შემთხვევაში უშუალოდ მოსარჩელეს დამსაქმებელი ედავება თანხების და საანგარიშსწორებო დოკუმენტების მოძრაობის შესახებ მითითებების გაცემას. როგორც შესაგებელში და სასამართლო სხდომებზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, მოსარჩელე პირდაპირ მითითებებს აძლევდა მოპასუხის მთავარი ბუღალტრის თანაშემწეს, რომ კორპორატიული კლიენტებისთვის, შპს „ა–ის“ და შპს „უ.ე–თვის“ გაწეული ტურისტული მომსახურებისთვის ინვოისების გამოწერა მომხდარიყო შპს „ე.ე.ე.ჯ–იას“ სახელით. რაც შეეხება პრეტენზიას ჯ.ჯ–ის, მ.გ–ის და გ.გ–ძის ქმედებებთან, აღნიშნული, სასამართლოს განმარტებით, წინამდებარე დავასთან მიმართებაში არარელევანტურია და სასამართლო არ იკვლევს მათ. არ დასტურდება არანაირი სახელშეკრულებო ან ზეპირსიტყვიერი ურთიერთობა მოსარჩელესა და შპს „ე.ე.ე.ჯ–იას“ შორის და მასზე არც მოპასუხე მიუთითებს. მოპასუხე აპელირებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, მ.გ–ი და გ.გ–ძე არიან ერთი ოჯახის წევრები და ისინი ერთად, თანამდებობრივი მდგომარეობების გამოყენებით, მონაწილეობდნენ მოპასუხე კომპანიისთვის ზიანის მიმყენებელ ქმედებებში, რამაც დაუკარგა დამსაქმებელს მოსარჩელის კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმისადმი ნდობა. სასამართლოს განმარტებით, უნდა შეფასდეს კონკრეტულად მოსარჩელის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება, რამდენადაც, ფაქტი, რომ პირი რაიმე უკანონო ქმედებას სჩადის, თავისთავად არ გულისხმობს მისი ოჯახის წევრის მხრიდანაც ამგვარი ქმედების ჩადენას, თუნდაც ისინი დასაქმებულნი იყვნენ ერთ დამსაქმებელთან და ასრულებდნენ იდენტურ საქმეს.

3.6. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ დამსაქმებელს არც 20.01.2020 წლამდე და არც შემდგომ არ გააჩნდა რაიმე მონაცემი, რომ მოსარჩელის საქმიანობა იყო შეუსაბამო სამსახურის მოთხოვნებთან. არ არსებობს დოკუმენტაცია, რაც დაამტკიცებს, რომ 20.01.2020 წლამდე დამსაქმებელმა შეისწავლა და განიხილა მოსარჩელის მხრიდან რაიმე სამსახურებრივი დარღვევა ან შეუსაბამობა, მას არც რაიმე სახის საყვედური, პრეტენზია ან შენიშვნა მიუღია მუშაობის პერიოდში. მოსარჩელე უარყოფს ბუღალტრულ თუ ფინანსურ საქმიანობაში მონაწილეობას, მისი განმარტებით, იგი ასრულებდა ტუროპერატორის ფუნქციებს, რაც გულისხმობდა ჯავშნის სისტემაში სასტუმროებისა და ავიაბილეთების შერჩევის, ვიზის და სასტუმროს მოკვლევისა და თანხის დადგენის პროცესს, ხოლო შემდგომ მისი გაფორმება და თანხებთან დაკავშირებული ტრანზაქციები ეხებოდა კომპანიის ბუღალტერიას და მას არ ჰქონდა წვდომა სხვა ფინანსურ დოკუმენტაციასთან, იგი არ იყო უფლებამოსილი მიეცა მითითებები ბუღალტრის თანაშემწისთვის.

3.7. მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრების ჭრილში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელე იყო მონაწილე იმ ზიანისმიმყენებელი ქმედებებისა, რასაც ახორციელებდნენ მისი ოჯახის წევრები და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს „პ.ა–ის“ დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა, რომ 2015 წლის 20 მარტიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს „ე.ე.ე.ჯ–იამ“ მოპასუხის ნაცვლად სულ მიიღო 710 845.18 ლარი, 28 320 აშშ დოლარი და 11 609.38 ევრო. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს არანაირი სამართლებრივი კავშირი შპს „ე.ე.ე.ჯ–იასთან“ არ ჰქონია და ამდენად, აღნიშნული იურიდიული პირის ქმედებაზე დაყრდნობით მისი გათავისუფლების კანონიერების დასაბუთება საფუძველს მოკლებულია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (20.01.2020 წელი) წინ უსწრებს აუდიტის დასკვნას, რომელიც დათარიღებულია 16.03.2020 წლით. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის არაკეთილსინდისიერება და არაკომპეტენტურობა. დასაქმებული ვერ უთითებს მოსარჩელის კონკრეტულ გადაცდომებზე და ეყრდნობა მხოლოდ დასკვნაში მითითებულ ფაქტებს. მოპასუხის ძირითადი პრეტენზიები მიმართულია მოსარჩელის დედისა და ძმის მიმართ, ძირითად აქტორებადაც მათ მოიხსენიებს, თუმცა, მათთან ერთად, მოსარჩელესაც აქცევს ამ ჯაჭვში, რასაც სააპელაციო პალატა სათანადო მტკიცებულებების გარეშე ვერ გაიზიარებს. აპელირება იმაზე, რომ მოსარჩელე მთავარი ბუღალტერის თანაშემწეს ავალებდა გარკვეული ტრანზაქციების შესრულებას, სასამართლოსთვის დაუსაბუთებელი შედავებაა, რადგან მთავარი ბუღალტერი და მისი თანაშემწე პოზიციურად არ იმყოფებოდნენ მოსარჩელის დაქვემდებარებაში. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა, დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიურ ვალდებულებაა, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე. შრომის კოდექსში მოქმედი „Ultima Ratio” პრინციპი დამსაქმებელს ავალდებულებს დასაქმებული გაათავისუფლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი არ აქვს. შრომით ურთიერთობაში დამსაქმებლის ინტერესი უნდა იყოს, აკონტროლოს დასაქმებული და მისცეს შესაბამისი მითითებები/გაფრთხილება/საყვედური, თუ დასაქმებული რაიმეს არასწორად აკეთებს. ამ ფუნქციის არშესრულება წლების განმავლობაში დამსაქმებლის მხრიდან და შემდეგ აპელირება იმაზე, რომ არ იცოდა, რას აკეთებდა დასაქმებული, რომელსაც იერარქიით კომპანიაში რამდენიმე ზემდგომი პირი ჰყავდა, არ არის დასაბუთებული. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამსაქმებელი აპელირებს თანხების მითვისებასა და უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, მაშინ როდესაც აღნიშნული არ არის დადგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, შესაბამისად, მოპასუხის მითითება კანონდარღვევის, დანაშაულებრივი სქემის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული.

3.8 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, კერძოდ, მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაში, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

3.9. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 38.8 მუხლზე და განმარტა, რომ როდესაც დგინდება გათავისუფლების ბრძანების უკანონობა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, ხომ არ არის შესაძლებელი დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი და მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ არსებობს ვაკანტური პოზიცია, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის აღდგენა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ახალი საშტატო ნუსხა, სადაც მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიცია, ან მისი ფუნქციების მატარებელი სხვა თანამდებობა მითითებული არ არის. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა არაერთხელ განმარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად საწარმოში საერთოდ აღარ არსებობს თანამდებობა - ტურიზმის გაყიდვების აღმასრულებელი, რომელსაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე იკავებდა. უფრო მეტიც, ამ ფუნქციის მატარებელი სხვა თანამდებობაც არ არსებობს, ვინაიდან კომპანია ტურიზმის მიმართულებით აღარ აგრძელებს საქმიანობას. აქედან გამომდინარე, არ არსებობს დასაქმებულის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3.10. სშკ-ის 38.8 მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, როგორც სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს. სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ, დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის ხარისხის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით მოპასუხეს კომპენსაციის სახით დაკისრებოდა 18 თვის მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია 13 500 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

საკასაციო საჩივრ(ებ)ის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ.

4.1. მოსარჩელე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

4.2. მოპასუხე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ. №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; Nას-861-861-2018, 25.09.2018წ.; Nას-45-2019, 05.04.2019წ.) სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).

9. 20.01.2020 წელს მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას).

10. აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (სუსგ №ას-188-2021, 08.04.2021წ.).

11. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).

12. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტულ და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით (შდრ. სუსგ Nას-652-2020, 26.10.2021წ.). საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 02.02.2016წ; №ას-1001-2018, 05.03.2021წ.).

14. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ დამსაქმებლის მითითება მოსარჩელის ოჯახის წევრებთან დაკავშირებული იურიდიული პირის მიერ მისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაზე, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებული არ არის მოსარჩელის აღნიშნულ იურიდიულ პირთან რაიმე ფორმის სამართლებრივი კავშირის არსებობა, არ შეიძლება შეფასდეს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტურ გარემოებად. საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (20.01.2020წ.) რამდენიმე თვით წინ უსწრებს აუდიტის დასკვნას, რომელიც დათარიღებულია 16.03.2020 წლით და რომელსაც ეყრდნობა მოპასუხე ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების მიზნით. მოპასუხე ვერ უთითებს ვერც მოსარჩელის მიერ რაიმე კონკრეტული გადაცდომის ჩადენის ფაქტს, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის აპელირება მოსარჩელის მხრიდან მის დაქვემდებარებაში არმყოფი პირებისთვის ფინანსური ტრანზაქციების შესრულებაზე მითითებების გაცემასთან დაკავშირებით. უდავოა ისიც, რომ მუშაობის პერიოდში დასაქმებულის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა რაიმე დისციპლინური სახდელი.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია შრომითი ურთიერთობის სტაბილურობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა, მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს და მართებულად ცნო იგი ბათილად სასამართლომ.

16. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

17. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ Nას-1135-2018, 31.05.2019წ. ; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს/მოპასუხეს, აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარეზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმება არის შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული შესაძლებელია გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (სუსგ Nას-890-857-2016, 09.10.2017წ.; სუსგ Nას-475-456-2016, 24.06.2016წ.). სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას (სუსგ ას-637-637-2018, 29.08.2018წ.).

19. სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაქმებულის საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციას ახალი საშტატო ნუსხა აღარ ითვალისწინებს. არ დასტურდება არც ტოლფასი თანამდებობის არსებობა. ამდენად, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებას მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება წარმოადგენს და არ არსებობს დასაქმებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი.

20. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-1165-2022წ., 22.03.2023წ.; Nას-361-2022, 10.06.2022წ.; სუსგ Nას-1482-2019, 29.05.2020წ.). სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (სუსგ. Nას-632-2019წ., 21.06.2019წ.). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; Nას-361-2022, 10.06.2022 წელი). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 18 თვის შრომის ანაზღაურების ჯამური ოდენობით განსაზღვრული კომპენსაცია - 13 500 ლარი, გონივრულია. ამავე მსჯელობის შესაბამისად, უსაფუძვლოა პრეტენზია კომპენსაციის არასაკმარისობის და მისი ოდენობის გაზრდის თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. რაც შეეხება მოპასუხე კასატორის შუამდგომლობას ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტების მითითების და საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას. საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი (შდრ. სუსგ Nას-211-2020, 21.07.2020წ.; სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.).

23. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი; ასევე დაუშვებელია მოპასუხის საკასაციო საჩივარი და მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 472.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „თ.ჯ.ო.ს.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. შპს „თ.ჯ.ო.ს.“-ის შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. ნ.ღ–ძეს (პ/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მ.ც–ის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 17135589729, გადახდის თარიღი 18.05.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. შპს „თ.ჯ.ო.ს.ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მ.ქ–ძის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 675 ლარის (საგადასახადო დავალება #9126, გადახდის თარიღი 22.05.2023წ.) 70% – 472.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია