№ას-1109-2023 18 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ჭ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ზ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ზ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე) სარჩელი აღძრა გ.ჭ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:
- გაიქვითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელისთვის დაკისრებული ფულადი ვალდებულება 9000 აშშ დოლარის ოდენობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრებულ ვალდებულებასთან - 21 714 აშშ დოლარიდან, მხოლოდ 9000 აშშ დოლარის ნაწილში;
- მოპასუხეს დაეკისროს 2152 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.09.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ. 225-245). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ. 300-316). განჩინებაზე 25.07.2023 წელს საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
4. კასატორმა 31.07.2023 წელს წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მიუთითა, რომ აღარ სურს მისი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო რომ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
6. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ. 300-316). განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. საქმის მასალებში 31.07.2023 წელს წარმოდგენილია კასატორის განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და დაადასტურა, რომ აღარ აქვს საკასაციო საჩივრის განხილვის ნება (ს.ფ.3301). საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განაწილდა 08.09.2023 წელს.
8. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-712-2020, 04.03.2021 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი).
9. კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორმა იქამდე განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014, №ას-1238-2022, 04.10.2022). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 284-ე, 285-ე, 396.4 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2023 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე