საქმე №ას-559-2023 30 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.02.2023 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე, „კასატორი“, „შემსყიდველი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“) მიმართ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს სახით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, მაგრამ თითოეულ ადგილზე არანაკლებ დღეში 50 ლარისა), ჯამში 9578.03 ლარის დაკისრება მოითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.06.2021 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დაეფუძნა იმას, რომ არ დადგინდა შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდების ვადების დარღვევა.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.02.2023 წლის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 373.8 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. 28.07.2020 წელს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N15/3-288 (შემდეგში „ხელშეკრულება“), რომლის საგანი იყო საქონლის ხორცის კონსერვის შესყიდვა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული CON200000133 სატენდერო დოკუმენტაციით, დანართებით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობებითა და ფასით. შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობა განისაზღვრებოდა დანართ N1-ით, რომელიც ხელშეკრულებას ერთვოდა და მისი განუყოფელი ნაწილი იყო. ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 525 600 ლარს.
4.2. 27.01.2021 წლის მიღება-ჩაბარების აქტით მიმწოდებელმა ჩააბარა, ხოლო შემსყიდველის მატერიალური მარაგების სამსახურმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ნაწილი - 3984.500 კგ საქონლის ხორცის კონსერვი, რომლის ღირებულება შეადგენდა 46 538.96 ლარს.
4.3. 01.02.2021 წლის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მიმწოდებელმა ჩააბარა, ხოლო შემსყიდველის მატერიალური მარაგების სამსახურმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ნაწილი - 4001.400 კგ საქონლის ხორცის კონსერვი, რომლის ღირებულება შეადგენდა 46 736.35 ლარს.
4.4. 01.02.2021 წლის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მიმწოდებელმა ჩააბარა, ხოლო შემსყიდველის მატერიალური მარაგების სამსახურმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ნაწილი - 4005.625 კგ საქონლის ხორცის კონსერვი, რომლის ღირებულება შეადგენდა 46 785.70 ლარს.
4.5. 04.02.2021 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით აცნობა პროდუქციის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს თაობაზე და გადასახდელად განუსაზღვრა ერთი თვის ვადა.
4.6. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოპასუხემ დაადასტურა პროდუქციის ვადაგადაცილებით მიწოდების ფაქტი - 15.01.2021 წლის ნაცვლად მიაწოდა 27.01.2021 წელს, ანუ 12-დღიანი ვადაგადაცილებით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 5-დღიანი ვადაგადაცილებით, 27 იანვრის ნაცვლად - პირველ თებერვალს. ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირებულიყო. ვალდებულების შესრულების ვადის სხვა დარღვევა სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია.
4.7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ პროდუქციის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, მაგრამ იგი უნდა შემცირებულიყო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-ე, 418-ე მუხლებზე, ასევე - ამავე კოდექსის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლოს უფლება, შეამციროს პირგასამტეხლო, ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება, შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებას წარმოადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის შესაბამისადაც ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტორივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან.
4.8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 12-დღიანი დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენს დღეში 233.95 ლარს (რაც უდავოა მხარეთა შორის), ხოლო თორმეტ დღეზე დაანგარიშებით - 2803.08 ლარს. 5-დღიანი დაგვიანების შემთხვევაში ერთი დღის პირგასამტეხლო არის 187.04 ლარი (რაც ასევე უდავოა მხარეთა შორის), ხოლო ხუთ დღეზე დაანგარიშებით - 935.20 ლარი. ორივე ერთად შეადგენს 3738,28 ლარს.
4.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს, ნაცვლად 3738,28 ლარისა, უნდა დაეკისროს 373.8 ლარი. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დასკვნა ეფუძნება როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებსა და დანიშნულებას, ასევე - ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შესრულების ვადას, ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს (სსკ-ის 8.3, 115-ე მუხლები).
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. ამავე სასამართლოს 23.05.2023 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1.-4.6, 4.8 პუნქტებში მოცემული სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულებად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები.
10. ამდენად, მოპასუხის აღირების ფარგლებში დგინდება მის მიერ ვალდებულების ერთ შემთხვევაში, 12-დღიანი გადაცილებით, მეორე შეთხვევაში კი - 5-დღიანი გადაცილებით შესრულება (ვალდებულების დარღვევა) და ამ დღეებზე ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 3738,28 ლარი. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ შეამცირა სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. მისი პრეტენზია სრულიად დაუსაბუთებელია 5839,75 ლარის (9578.03-3738.28=5839,75) დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ამ თანხის დაკისრებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი. რაც შეეხება მოპასუხის მიერ აღირებული ვალდებულების დარღვევის ნაწილში მოთხოვნილ პირგასამტეხლოს, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მსჯელობას მასზე, რომ არ არსებობს მისი შემცირების წინაპირობა.
11. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა.
12. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ №ას-1292-2019, 24.12.2020წ; №ას-386-2019, 02.04.2021წ; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). ამრიგად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუკი აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს კვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.; სუსგ Nას-1098-2021, 26.07.2022 წ.).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).
15. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით შესაგებელში კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. შესაგებელში მხოლოდ იმის მონიშვნა, რომ მოპასუხე არ ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებებს, საკმარისი არ არის. სსსკ-ის 201.4 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, სრულყოფილად აესახა და დაესაბუთებინა თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც მას არ განუხორციელებია. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ. პ.17). აღნიშნული საპროცესო დანაწესის დარღვევა განაპირობებს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას.
16. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი.
17. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიღებული იქნეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოპასუხისთვის 3738.28 ლარის დაკისრების თაობაზე ახალი გადაწყვეტილება.
18. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხეს წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 448.59 ლარის გადახდა (სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.02.2023 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. შპს „ბ–ოს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაკისროს 3738.28 ლარის გადახდა.
5. შპს „ბ–ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 448.59 ლარის ოდენობით.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია