№ას-1121-2023 22 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შპს „ფ.ბ–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.05.2023წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრისთვის ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ტ.კ–მა“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და ნ.გ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, „კასატორი“) წარადგინეს სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და შპს „ფ.ბ–ის“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს:
- ბათილად იქნეს ცნობილი პირველი მოპასუხის გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლებითაც მეორე მოსარჩელეს უარი ეთქვა დირექტორის ცვლილების თაობაზე საწარმოში მიღებული გადაწყვეტილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე; პირველ მოპასუხეს დაევალოს მეორე მოპასუხის 2020 წლის 24 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმისა და 2020 წლის 5 მაისის პარტნიორთა განმეორებითი კრების ოქმის საფუძველზე მოახდინოს სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მეორე მოსარჩელის მეორე მოპასუხის დირექტორად დანიშვნის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.09.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 345-351). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.05.2023წ. განჩინებით პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ.101-111). განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც პირველმა მოსარჩელემ, ასევე მეორე მოსარჩელემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
5. სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. შესაბამისად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, იგი უნდა გაასაჩივროს სააპელაციო წესით და თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მის სააპელაციო საჩივარს, უფლებამოსილია წარადგინოს საკასაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არა აქვს საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება.
6. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ პირველმა მოსარჩელემ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია მეორე მოსარჩელეს.
7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე მოსარჩელე, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, არ არის უფლებამოსილი სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს საკასაციო წესით (იხ.: სუსგ №ას-652-614-2012, 18 მაისი, 2012წ.; საქმე №ას-614-584-2013, 22 ივლისი, 2013წ.; №ას-55-2020, 27 იანვარი, 2020წ.), რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მეორე მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.05.2023წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე