საქმე №ას-1235-2020 29 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თ. ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ქ.მ–ი, ლ.ბ– (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.08.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – კომლის ქონებისა და სამკვიდროს მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 17.10.2019 წლის გადაწყვეტილებით ქ.მ–ის და ლ.ბ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე, „მეორე მოსარჩელე“, ერთად - „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი ა.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ, კომლის ქონებისა და სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.08.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელეები არიან პ.წ–სა და მ. (მ.) წ–ის შვილები, ხოლო მოპასუხე არის პ. და მ. (მ.) წ–ების შვილიშვილი - მესამე ქალიშვილის, თ. წ–ის შვილი.
3.2. პ. და მ. წ–ებს ასევე ჰყავდათ ვაჟი - ბ. (ა.) წ–ი, რომელიც გარდაიცვალა 1971 წელს, 24 წლის ასაკში და მას ცოლ-შვილი არ დარჩენია.
3.3. პირველი მოსარჩელე 1980 წლიდან დაქორწინებულია, ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - მ–ი და ოჯახთან ერთად ცხოვრობს თბილისში.
3.4. მეორე მოსარჩელე 1974 წლიდან დაქორწინებულია, ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ბ–ი და ოჯახთან ერთად ცხოვრობს ჭიათურაში.
3.5. მოპასუხე 1986 წლამდე ჩაწერილი იყო ბაბუის - მამის მამის, ჟ.გ–ის კომლში, თერჯოლის რაიონის თ–ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...........
3.6. ვინაიდან პ. წ–ს გარდაეცვალა ერთადერთი ვაჟიშვილი, რომელსაც ა–ს ეძახდნენ, გადაწყვიტა თავის კომლში ჩაეწერა შვილიშვილი - მოპასუხე და აღეზარდა იგი ოჯახის გამგრძელებლად. 1986 წელს მოპასუხე ამოეწერა ჟ.გ–ის კომლიდან და ბაბუის (დედის მამის) პ.წ–ს სურვილით ჩაეწერა მის კომლში, თერჯოლის რაიონის სოფელ .......
3.7. თერჯოლის რაიონის სოფელ თ–ს 1986-1995 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, პ.წ–ს კომლი შედგებოდა სამი წევრისაგან: პ.წ–, მ. წ–ი და მოპასუხე. 1986-1988 წლებში კომლს ეწერა 0.50 ჰა მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი შეადგენდა 100 კვ.მ-ს. 1996-2006 წლებში, საკომლი წიგნების მიხედვით, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად რეგისტრირებულია მოპასუხე. 1996-1997 წლებში კომლს ეწერა 1.00 ჰა მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი შეადგენდა 100 კვ.მ-ს. 2002, 2004 წლების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში მოპასუხე ირიცხება 328 ნომრად, რომელიც მიწის ნაკვეთს ფლობდა და გადასახადს იხდიდა 10 000 კვ.მ-ზე.
3.8. 1986-1995 წლებში პირველი მოსარჩელე არ ყოფილა პ.წ–ს კომლის წევრი.
3.9. პ.წ– და მ. (მ.) წ–ი გარდაიცვალნენ 1991 წელს.
3.10. პ.წ–ს და მ. წ–ის გარდაცვალებისას, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, ხოლო კომლის ქონებაზე -საცხოვრებელ სახლზე სამკვიდრო არ გახსნილა, ვინაიდან კომლში ცხოვრობდა კომლის ბოლო და ერთადერთი წევრი - მოპასუხე.
3.11. 1993 წელს გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი. ამ დროს კომლის ერთადერთი წევრი იყო მოპასუხე, შესაბამისად, კომლის მთლიანი ქონება გარდაიქმნა მხოლოდ მის საკუთრებად. მოპასუხემ მიწის რეფორმის შედეგად საკუთრებაში მიიღო მიწის ნაკვეთები და 1996-1997 წლებში მის კომლს აწერია 1.00 ჰა და საცხოვრებელი სახლი, ფართით - 100 კვ.მ.
3.12. მიწის ნაკვეთებზე უფლების დამდგენი საბუთები - მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი N7191/2001, რომელიც გაცემულია ა. წ–ის სახელზე, ეკუთვნის მოპასუხეს, როგორც წ–ების კომლის ერთადერთ წევრს. სადავო მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი (ს/კ .....; ს/კ .......) რეგისტრებულია მოპასუხის სახელზე.
3.13. 09.11.2017 წლის N02-3/176789 საარქივო ცნობა, რომელიც ინფორმაციულად ზოგადი ხასიათისაა და მოიცავს 1976-2006 წლების პერიოდს, მიუთითებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, კომლში ჩაწერილი იყვნენ პ.წ–, მ. წ–ი, პირველი მოსარჩელე და მოპასუხე, თუმცა 30.08.2017 წლის N33/129237 ცნობა აზუსტებს პერიოდს, მონაცემებს და კონკრეტულად უთითებს, რომ 1986-1995 წლებში კომლის წევრები იყვნენ მხოლოდ პ.წ., მ. წ–ი და მოპასუხე. ამ პერიოდში პირველი მოსარჩელე კომლში არ ფიქსირდება. უშუალოდ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროს - 1993 წელს, კომლის წევრი იყო მხოლოდ მოპასუხე.
3.14. სასარჩელო მოთხოვნაა პირველი მოსარჩელე, როგორც კომლის წევრი, ცნობილ იქნას კომლის ქონების 1/4 წილზე მესაკუთრედ. გარდა ამისა, მოსარჩელეები ცნობილ იქნენ მესაკუთრეებად მშობლების სამკვიდრო ქონების 1/3 – 1/3 წილზე.
3.15. სასამართლოს განმარტებით, საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონების სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი და სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.09.1992 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონება და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში სსკ) გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელეების მტკიცების ტვირთია იმ გარემოების დადასტურება, რომ პირველი მოსარჩელე საკოლმეურნეო კომლის გაუქმებისას ირიცხებოდა დედ-მამის კომლში, რაც სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით დადასტურებული ვერ იქნა.
3.16. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს რა 09.11.2017 წლის #02-3/176789 მიმართვასთან მიმართებით რაიონული სასამართლოს შეფასებას, აღნიშნავს, რომ ის ზოგადი ხასიათისაა და მოიცავს ზოგად ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პ.წ–ს კომლში სხვადასხვა დროს – 1976 წლიდან 1995 წლის ჩათვლით, ირიცხებოდნენ პ.წ., მ. (მ.) წ–ი, პირველი მოსარჩელე და მოპასუხე; ამასთან, მიმართვა არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტული პირების ამ კომლის წევრებად აღრიცხვის შესახებ, ანუ #02-3/176789 მიმართვა არ შეიცავს დაზუსტებულ/დეტალურ ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ პერიოდში ირიცხებოდნენ სადავო კომლის წევრებად მიმართვაში მითითებული პირები და მათ შორის პირველი მოსარჩელე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული წერილი ვერ ჩაითვლება, სადავო პერიოდში პირველი მოსარჩელის კომლის წევრობის ფაქტის დამადასტურებელ სათანადო და უდავო მტკიცებულებად. საქმეში, წარმოდგენილია ამონაწერი 1986–1995 წლების საკომლო წიგნიდან, რომელიც შეიცავს დაზუსტებულ მონაცემებს კონკრეტულ პერიოდში პ.წ–ს კომლის შემადგენლობის შესახებ და რომლის თანახმად, პირველი მოსარჩელე მითითებულ პერიოდში, მშობლების კომლის წევრად არ ირიცხება. კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 30.08.2017 წლის #33/129237 წერილის თანახმად, 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში, კომლის უფროსად ირიცხება პ. ს.ძე წ–ი, ხოლო კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: 1.პ. ს. ძე წ–ი (ხაზი აქვს გადასმული, გარდაცვლილია); 2. მ. ნ. ასული წ–ი - ცოლი (ხაზი აქვს გადასმული გარდაცვლილია; 3. ა. ჟ. ძე გოგბერაშვილი - შვილიშვილი (მოპასუხე) - ოჯახის უფროსი. ამავე პერიოდში კომლს ერიცხება 0.50 ჰა. მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით – 100 კვ.მ.. 1986-1995 წლების საკომლო ჩანაწერების თანახმად, პირველი მოსარჩელე პ.წ–ს კომლის წევრი არ ყოფილა.
3.17. პ.წ– და მ. წ–ი გარდაიცვალნენ 1991 წელს. 1986–1995 წლებისა და შემდგომი პერიოდის საკომლო ჩანაწერების მიხედვით, კომლის ერთადერთ წევრად აღრიცხულია მოპასუხე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ პ. და მ. წ–ების გარდაცვალებისას, 1991 წელს პირველი მოსარჩელე არ იყო კომლის წევრი, ის კომლის წევრი არ იყო არც 1993 წელს - საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა კომლის ქონების ¼ ნაწილის მესაკუთრედ აღიარების შესახებ.
3.18. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მტკიცება სოფელ თ–ს სასოფლო საბჭოს 1986–1995 წლების საკომლო წიგნში პ.წ–ს კომლის წევრად მოპასუხის აღრიცხვის თაობაზე ჩანაწერის სიყალბის შესახებ, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ ყოფილა. წონად არგუმენტზე თუ მტკიცებულებაზე, ჩანაწერის სიყალბის ფაქტის დასადგენად, მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ.
3.19. სსკ-ის 1507.1 მუხლის (სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ) თანახმად, მოსარჩელეების მოთხოვნის მართლზომიერება უნდა შეფასდეს სადავო პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე. მითითებულ პერიოდში, საკოლმეურნეო კომლის სამართლებრივ სტატუსს, კომლის ქონების, კომლის წევრისა და კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეობის სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავდა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი (სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლის (1964 წლის რედაქცია) თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომის საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემთხვევაში კომლის (იმ მოქალაქის ოჯახის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება. თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომის საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემდეგ კომლში (იმ მოქალაქის ოჯახის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენება ამ კარით დადგენილი წესები, ე.ი. მემკვიდრეობითი სამართლის საერთო წესები). ამდენად, კომლის ქონებაზე მემკვიდრეობა იხსნებოდა კომლის მხოლოდ უკანასკნელი წევრის გარდაცვალების შემდეგ. პ. და მ. (მ.) წ–ების გარდაცვალების შემდეგ კომლის ქონებაზე მემკვიდრეობა არ გახსნილა და სადავო უძრავი ქონებაც მოსარჩელეთა მშობლების სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა, რადგან კომლში რჩებოდა მისი უკანასკნელი წევრი - მოპასუხე. ეს გარემოება კი გამორიცხავს, პ. და მ. (მ.) წ–ების მემკვიდრეების მხრიდან სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობის გზით საკუთრებაში მიღებას და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
3.20. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ სახელმწიფო კოლმეურნეობების რეორგანიზაციისა და ახალ ორგანიზაციულსამართლებრივ ფორმაზე გადასვლის პერიოდისათვის (1993 წელი), მოპასუხე იყო პ. და მ. წ–ების კომლის უკანასკნელი და ერთადერთი წევრი, რაც კომლის მთლიან ქონებაზე მისი საკუთრების უფლების წარმოშობის საკმარის საფუძველია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია პირველი მოსარჩელისთვის, როგორც კომლის წევრისთვის, კომლის ქონებიდან წილის საკუთრებაში გადაცემაზე უარის, ასევე, მოსარჩელეებისთვის კომლის ქონებიდან შესაბამისი წილის, როგორც მშობლების სამკვიდროში შემავალი ქონების, მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის კანონიერება.
9. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ პირველ მოსარჩელეს კომლის ქონებაზე უფლება არ წარმოშობია. როგორც საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ, ამავე კოდექსის 125-ე მუხლით კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის - არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.09.1992 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულსამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონება და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის კომლის წევრების საერთო საკუთრება თანაბარი წილით. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება სსკ-ით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (შდრ. №ას-1063-983-2017, 17.10.2017წ; №ას-1430-1350-2017, 30.04.2018წ.). ამდენად, ის ფაქტი, რომ პირი საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისათვის იყო კომლის წევრი, წარმოადგენს დანარჩენი წევრების თანაბრად კომლის ქონებაზე მისი მესაკუთრედ ცნობის საფუძველს.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულება საკომლო წიგნის ჩანაწერია, საიდანაც განსახილველ შემთხვევაში ცალსახად დგინდება, რომ პირველი მოსარჩელე კომლის გაუქმების მომენტისათვის არ იყო კომლის წევრი (იხ. 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერი, ტ.1, ს.ფ.62), რაც კომლის ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
11. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას კომლის კუთვნილი უძრავი ნივთის, როგორც მშობლების სამკვიდროში შემავალი ქონების 1/3-1/3 წილის მესაკუთრედ მოსარჩელეთა ცნობის თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეების მშობლები გარდაიცვალნენ 1991 წელს (ტ.1, ს.ფ. 33, 38), ანუ ორივე შემთხვევაში სამკვიდრო გააიხსნა სსკ-ის ამოქმედებამდე (სსკ-ის 1504-ე მუხლის თანახმად იგი ამოქმედდა 25.11.1997 წლიდან). შესაბამისად, სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული საკითხები სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია) უნდა მოწესრიგდეს (სსკ-ის 1507-ე მუხლის თანახმად: 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს) (შდრ. სუსგ Nას-322-322-2018, 23.03.2020წ.).
12. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემთხვევაში კომლის (იმ მოქალაქის ოჯახის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება. თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემდეგ კომლში (იმ მოქალაქის ოჯახის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენება ამ კარით დადგენილი წესები, ე.ი. მემკვიდრეობითი სამართლის საერთო წესები. ამდენად, სადავო პერიოდში არსებული საკანონმდებლო რეგულაციით კომლის ქონებაზე მემკვიდრეობა იხსნებოდა კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, პ. და მ. (მ.) წ–ების გარდაცვალების შემდეგ კომლის ქონებაზე მემკვიდრეობა არ გახსნილა და სადავო უძრავი ქონებაც მოსარჩელეთა მშობლების სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა, რადგან კომლში დარჩა მისი უკანასკნელი წევრი - მოპასუხე. ეს გარემოება კი გამორიცხავს, პ. და მ. (მ.) წ–ების მემკვიდრეების მხრიდან სადავო უძრავი ქონების, როგორც სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით საკუთრებაში მიღებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (შდრ. სუსგ-ებები: Nას-724-686-2013, 30.09.2013წ.; Nას-569-537-2012, 02.07.2012წ.). უსაფუძვლოა კასატორების მსჯელობა მოპასუხის კომლის წევრად არასწორად რეგისტრაციის და ჩანაწერების სიყალბის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, საკომლო ჩანაწერები ეფუძნება ჩანაწერის შესრულების დროს მოქმედ კანონმდებლობასა და მის საფუძვლად განხორციელებულ პროცედურებს, ისევე, როგორც კანონით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომლის წევრად პირის რეგისტრაცია თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იგი აკმაყოფილებდა კომლის წევრად რეგისტრაციის პირობებს (სუსგ №ას-1350-1387-2014, 15.07.2015წ.; სუსგ №ას-337-337-2018, 31.01.2022წ.). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საწინააღმდეგოს მტკიცება სწორედ იმ მხარის ტვირთია, რომელიც სადავოდ ხდის ჩანაწერს და რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. მეორე მოსარჩელე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო პირველ მოსარჩელეს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 312.50 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 218.75 ლარი. ამასთან, საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილია 150 ლარი, რაც უკან უნდა დაუბრუნდეთ მოსარჩელეებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.მ–ისა და ლ.ბ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ქ.მ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 312.50 ლარის (საგადახდო დავალება №10181866527, გადახდის თარიღი 01.12.2020წ.) 70% – 218.75 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. ქ.მ–სა (პ/ნ: ....6) და ლ. ბ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეთ ვ.დ–ის (პ/ნ:.....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 150 ლარი (საგადახდო დავალება №9978493334, გადახდის თარიღი 15.10.2020წ.), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
რევაზ ნადარაია