საქმე №ას-1267-2020 15 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.მ–ი, ხ.ს–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2020 წლის გადაწყვეტილებით სს ,,ლ.ბ–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კრედიტორი“) სარჩელი ს.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „მსესხებელი“) მიმართ დაკმაყოფილდა. სარჩელი ი.ს–ის, თ.ს–სა და ხ.ს–ის (შემდეგში ტექსტში ერთად მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, „მესამე მოპასუხე“, „მეოთხე მოპასუხე“, ერთად მოხსენიებული როგორც „თავდებები“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“, მეოთხე მოპასუხე პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული როგორც „კასატორები“) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N13890547 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15 450 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 10 813.17 ლარი, პროცენტი - 3247.50 ლარი და პირგასამტეხლო - 1389.33 ლარი. მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა N13890547 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 2160.69 ლარი; მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა N277770320012628 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1702.53 ლარი, სარჩელი თავდებების მიმართ დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოსარჩელესა და მსესხებელს შორის 31.05.2017 წელს გაფორმდა N13890547 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტი - 15 000 ლარი, სარგებელი - წლიური 28%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 10.03.2020 წლამდე, პირგასამტეხლო - 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტი უნდა დაფარულიყო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.
1.2. 31.05.2017 წელს მოსარჩელესა და თავდებებს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებთა პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15 450 ლარით.
1.3. N13890547 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა სრულად აითვისა.
1.4. მსესხებელმა ზედიზედ, სულ მცირე ორჯერ, დაარღვია საკრედიტო ვალდებულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და 10.10.2018 წლის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია. N13890547 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 19.08.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 17 610.69 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 10 813.17 ლარი, პროცენტი - 3247.50 ლარი, პირგასამტეხლო - 3550.02 ლარი.
1.5. პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 19.02.2018 წელს გაფორმდა N277770320012628 სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მსესხებელმა მიიღო 1702.53 ლარი. ხელშეკრულება უვადოდ დაიდო.
1.6. 2019 წლის 12 და 13 აგვისტოს მოპასუხეებს არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მოსარჩელისთვის ცნობილი მისამართზე. წერილი ჩაბარდა მესამე მოპასუხეს 18.08.2019 წელს.
1.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 873-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის წინაპირობების არსებობის ფაქტი და განმარტა, რომ N13890547 ხელშეკრულების 9.2 - 9.2.1.1 მუხლებით ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა ვადამდე ბანკის მიერ, თუ მსესხებელი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს კრედიტის თანხის ან/და კრედიტის თანხასთან დაკავშირებული გადასახდელების გადახდის ვალდებულებას და ასეთი შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გაგრძელდება 10 საბანკო დღეზე მეტ ხანს ან/და ასეთი დარღვევა განმეორდება ორჯერ. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკი დაირღვა 10.10.2018 წელს. დადგენილია, რომ გაფრთხილების წერილი ჩაბარდა მესამე მოპასუხეს 18.08.2019 წელს და განესაზღვრა დამატებითი ვადა - 5 დღე. სასამართლოს განმარტებით, მართალია გაფრთხილება არ შეესაბამება სსკ-ის 873-ე მუხლის მოთხოვნას, მაგრამ სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება. ვინაიდან მოსარჩელის მიერ დაწესებული დამატებითი ვადა უშედეგოდ გავიდა და მოპასუხეები არც სარჩელის აღძვრის შემდეგ გამოთქვამენ მზაობას დავალიანების დაფარვაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ორკვირიანი ვადის განსაზღვრას აზრი არ ჰქონდა და ხელშეკრულება შეწყვეტილია 24.08.2019 წლიდან.
1.8. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 623-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 405-ე, 891-ე, 898-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, N13890547 ხელშეკრულების ფარგლებში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს N13890547 ხელშეკრულების ძირი თანხის - 10 813.17 ლარის ნაწილში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3, 208-ე მუხლები), რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. სასამართლოს განმარტებით, სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან მსესხებელს ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 15 450 ლარს, მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ ამ ნაწილშია საფუძვლიანი თავდებებთან მიმართებით (სსკ-ის 898-ე მუხლი).
1.9. რაც შეეხება პირგასამტეხლოს (სსკ-ის 417-, 418-ე მუხლები), დადგენილია, რომ N13890547 ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განსაზღვრულია ვადაგადაცილებული თანხის 0,41%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელე ითხოვს 19.08.2019 წლის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს - 3550.02 ლარის გადახდას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. დასაშვებია მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი მაღალია, მაგრამ მოსარჩელე პირგასამტეხლოს გადახდას მხოლოდ ხელშკრულების შეწყვეტის მდგომარეობით ითხოვს. სესხის ძირითად თანხასთან შეფარდებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა შემცირდეს.
1.10. 19.02.2018 წლის სესხის ხელშეკრულებით მსესხებელს გადაეცა 1702.53 ლარი. ვინაიდან მოპასუხე შესაგებლით სარჩელს ფაქტობრივად არ შეედავა, სასამართლოს შესაძლებლობა მიეცა, მოთხოვნის საფუძვლიანობაზე ემსჯელა და მოსარჩელე აცდა არაკვალიფიციურად შედგენილი სარჩელის ნეგატიურ შედეგებს შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება უვადოდ დაიდო. სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. სარჩელით კრედიტორმა მოითხოვა უვადოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება. ვინაიდან მსესხებელმა მოთხოვნა არ შეასრულა, სარჩელი ამ მოთხოვნის ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების პრეტენზია, რომ სასამართლომ დაარღვია მხარის უფლება, ესარგებლა საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლზე და განმარტა, რომ მეოთხე მოპასუხის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ვერ მიიჩნეოდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების დასადასტურებლად და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა საქმის განხილვის გადადების თაობაზე შუამდგომლობა. რაც შეეხება აპელანტების პრეტენზიას სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯეროვანი შესრულების მიმართ მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესის, ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობასთან თანაფარდობის გათვალისწინებით, არ არსებობდა სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მსესხებელმა და მეოთხე მოპასუხემ, მოითხოვეს მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მსესხებლისთვის N277770320012628 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1702.53 ლარის და N13890547 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 2160.69 ლარის, ასევე მოპასუხეებისთვის N13890547 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 1389.33 ლარის დაკისრების ნაწილში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მსესხებლის და თავდები პირების მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე), ასევე სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლები.
9. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა N13890547 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დაირღვა. კასატორები (მსესხებელი და ერთ-ერთი თავდები) პრეტენზიას აცხადებენ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
10. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; №ას-1056-2021,17.12.2021წ.).
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკისრა მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა, რომელიც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იყო მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის დრომდე არსებული პერიოდისათვის. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ჯეროვანი შესრულების მიმართ მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესის, ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობასთან თანაფარდობის გათვალისწინებით არ არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის და სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად მისი შემცირების წინაპირობა (შდრ. სუსგ Nას-500-2022, 29.06.2022წ.; სუსგ Nას-500-2020, 10.12.2020წ.; სუსგ Nას-238-226-2016, 03.06.2016წ.).
12. რაც შეეხება მსესხებლისთვის N277770320012628 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1702.53 ლარის დაკისრების მართლზომიერებას, პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მსესხებელს სსკ-ის 867-ე, 361-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკისრა სესხად მიღებული თანხის გადახდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტები, რომლებიც შესაგებლით შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული ვერ იქნება საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.). შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით კვალიფიციურად შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული ვერ იქნება საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.მ–ისა და ხ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.მ–ს (პ/ნ ......) და ხ.ს–ს (პ/ნ .......) უკან დაუბრუნდეთ ლ.ტ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 10368855816, გადახდის თარიღი 20.01.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია