Facebook Twitter

საქმე №ას-828-2022 29 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა „გ-დ.“, ი/მ ი.გ–ი, ი/მ გ.მ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.05.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 25.10.2021 წლის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემსყიდველი“) სარჩელი ამხანაგობა "გ-დ–ის" (შემდეგში „ამხანაგობა“, „მიმწოდებელი“), ინდივიდუალური მეწარმე ი.გ–ის და ინდივიდუალური მეწარმე გ.მ–ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ინდივიდუალურ მეწარმე ი.გ–ს და ინდივიდუალურ მეწარმე გ.მ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლო - 825 ლარი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 23.07.2018 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N79. შესყიდვის ობიექტი იყო სატენდერო დოკუმენტაციითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო მომსახურება დანართი 1-ის შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 9000 ლარს.

1.2. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 27.08.2018 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N87. შესყიდვის ობიექტი იყო სატენდერო დოკუმენტაციითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 7500 ლარს.

1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 23.07.2018 წლის და 27.08.2018 წლის ხელშეკრულებების 12.5 მუხლების შესაბამისად მხარეს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ყოველი ფაქტის გამო მეორე მხარის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით; 12.6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 20%-ის ოდენობით.

1.4. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არიან ინდივიდუალური მეწარმე ი.გ–ი და ინდივიდუალური მეწარმე გ.მ–ძე (შემდეგში „ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები“).

1.5. მიმწოდებელმა არ შეასრულა 23.07.2018 წლის და 27.08.2018 წლის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

1.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო ნარდობის ხელშეკრულებები. შესყიდვის ობიექტი იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ჭიათურაში სატენდერო დოკუმენტაციითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, თუმცა მიმწოდებელმა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

1.7. სსკ-ის 930-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სოლიდარულად ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს.

1.8. სსკ-ის 417-ე შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებების 12.6 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი შეადგენს საერთო თანხის 20%-ს, თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს სოლიდარულად უნდა დაჰკისრებოდათ შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების ხუთი პროცენტის ოდენობით პირგასამტეხლო - 23.07.2018 წლის N79 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 450 ლარი, ხოლო 27.08.2018 წლის N87 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 375 ლარი, რაც საკმაოდ გონივრული ოდენობაა. რაც შეეხება ყოველ გადაცილებულ დღეზე 0,02 პროცენტის მოთხოვნას, სასამართლოს მითითებით, ეს პირობა ამ ურთიერთობაში არ დამდგარა, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები საერთოდ არ შესრულებულა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.05.2022 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი და პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე შედავების პირობებში, სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიმწოდებელი ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს დააკისრა გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ, თუმცა საკასაციო საჩივარი პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან მიმართებაში სრულიად დაუსაბუთებელია.

9. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

11. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

12. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).

13. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

14. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების და ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად შეამცირა ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 20-%-ით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა საერთო ღირებულების 5-%-მდე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო ადეკვატური და გონივრულია.

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია