საქმე №ას-1500-2020 27 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – რ.ა–ძე, თ.ა–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.შ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2020 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ი.შ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.ა–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და თ.ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელემ მოპასუხეებს ასესხა 25 000 აშშ დოლარი. 06.09.2017 წელს მოპასუხეებმა წერილობით აღიარეს 25 000 აშშ დოლარის ვალდებულება და მოსარჩელეს შეპირდნენ, რომ ვალს გადაიხდიდნენ 2018 წლის აგვისტოს თვეში. მოპასუხეებმა სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნეს.
3. მოპასუხეთა პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი 5 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნეს და მიუთითეს, რომ 06.09.2017 წლის ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება 20 000 აშშ დოლარის ნაწილში შესრულებული აქვთ, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ დაწერილი ხელწერილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.12.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; სარჩელი 20 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 25 000 აშშ დოლარი. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
6.1. სადავო არაა, რომ მოსარჩელემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, მოპასუხეებს, როგორც ფიზიკურ პირებს, ასესხა 25 000 აშშ დოლარი. 06.09.2017 წლის ხელწერილის თანახმად, მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელი ჰქონდათ 25 000 აშშ დოლარი. ისინი მოსარჩელეს წერილობით შეჰპირდნენ, რომ ვალს გადაუხდიდნენ 2018 წლის აგვისტოს თვეში.
6.2. მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ ხელწერილში, რომელსაც თარიღი არ აქვს, მითითებულია შემდეგი: „მე ი.შ–ი, თ.ა–ძეს ვაძლევ ამ ხელწერილს მასზედ, რომ მისგან მივიღე 2000 (ოციათასი) დოლარი“. დადგენილია და მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ხელწერილს ხელს აწერს მოსარჩელე. სადავო არაა არც ის გარემოება, რომ ხელწერილი შეიცავს ტექნიკურ შეცდომებს, კერძოდ: ხელწერილში მითითებული თ.ა–ძე არის თ.ა–ძე, ხოლო მითითებული თანხის ოდენობა არის 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელწერილზე დასმულია შპს „ A.“-ს ბეჭედი.
6.3. დადგენილია და უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ წინამდებარე დავაში მონაწილე ფიზიკურ პირთა მიერ დაფუძნებულ შპს-ებს - შპს „გ.-....“-ს, შპს „გ.-...“-ს და შპს „ა.კ–სა“ და შპს „ A.“-ს შორის, რომლის დირექტორიცაა მოსარჩელე, არსებობდა ეკონომიკური საფინანსო ურთიერთობები. ამ ურთიერთობების ფარგლებში მოპასუხეთა მიერ დაფუძნებულ შპს-ებს ჰქონდათ შპს „ A.“-ს ვალი - 500 000 აშშ დოლარი. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აღნიშნული ვალი სხვადასხვა დროს, ანუ ნაწილ-ნაწილ, მოვალეებმა შპს „გ.-.“-მა, შპს „გ.-...“-მა, შპს „ა.კ–მა“ შპს „ A.“-ს.... წლამდე გადაუხადეს.
6.4. სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, არსებობს, თუ არა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 623-ე მუხლიდან.
6.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისად, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დაადასტურა თავის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, რომ თანხა ნამდვილად გაასესხა, ვალის დაბრუნების და დავალიანების ამ ოდენობით არარსებობის ფაქტის დადასტურება კი, მოპასუხეთა ვალდებულებაა. აღნიშნულ დასკვნას აძლიერებს სსკ-ის 429-ე მუხლიც, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, კერძოდ, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს ნორმა, ერთის მხრივ, იძლევა დამატებით ინფორმაციას ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთის მოვალისათვის დაკისრების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ფულადი ვალდებულების შესრულება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ, ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
6.6. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ანუ მოვალეებმა სესხის თანხის სადავო ნაწილის - 20 000 აშშ დოლარის გადახდის დასადასტურებლად წარმოადგინეს მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი. ამ ხელწერილზე თარიღი მითითებული არ არის, ამასთან, აღნიშნულ ხელწერილზე დასმულია შპს „ A.“-ს ბეჭედი. დადგენილია, რომ 2013-2018 წლებში მოსარჩელე იყო შპს „ A.“-ს დირექტორი, მეორე მოპასუხე იყო შპს „გ. ....“-ის დირექტორი და დამფუძნებელი, ხოლო პირველი მოპასუხე იყო შპს „გ. ....“-ის დირექტორი და დამფუძნებელი. დადგენილია, რომ აღნიშნულ კომპანიებს შორის არსებობდა გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა და ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები, რა დროსაც შპს „ A.“-მ შპს-ებს ასესხა 500 000 აშშ დოლარი, რომლის ფარგლებშიც საქმეში წარმოდგენილია არაერთი ხელწერილი თუ მიღება-ჩაბარების აქტი ამ თანხების გადაცემის თაობაზე. დადგენილია, რომ 500 000 აშშ დოლარი მოპასუხეთა მიერ დაფუძნებულმა შპს-ებმა შპს „ A.“-ს გადაუხადეს. მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია, ხელწერილით მოსარჩელემ მასში მითითებული თანხა 20 000 აშშ დოლარი მოვალეებისაგან მიიღო როგორც ფიზიკურმა პირმა, თუ როგორც შპს „ A.“-ს დირექტორმა, ანუ შესაფასებელია ამ ხელწერილში აღნიშნული 20 000 აშშ დოლარი არის ერთერთი იმ მორიგ ჯერზე გადახდილი თანხათაგან, რასაც შპს-ები უხდიდნენ შპს „ A.“-ს (სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ოდენობით), თუ ეს არის ფიზიკურ პირთა, მოპასუხეთა მიერ ასევე ფიზიკური პირის, მოსარჩელისათვის გადახდილი ვალი.
6.7. მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ხელწერილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა გაუსტუმრეს მოსარჩელეს სესხად გადაცემული თანხიდან 20 000 აშშ დოლარი; პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როცა მოპასუხეთა მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო სუბიექტებს შორის და შპს „ A.“-ს შორის არსებობდა ვალდებულებითი ურთიერთობა 500 000 აშშ დოლარზე (რომელი ვალდებულებაც დღეის მდგომარეობით შესრულებულია), ცხადია, სწორედ მოვალე უნდა იყოს დაინტერსებული იმით, რომ მან კრედიტორისგან მიიღოს ისეთი შინაარსის დოკუმენტი (ვალის არარსებობის/გადახდის თაობაზე), რომელიც სრულად გამორიცხავს სხვაგვარ შეფასებას. უდავოა, რომ შესაფასებელი დოკუმენტი (რომლითაც მოპასუხეებს სურთ დადასტურება, რომ მოსარჩელის ვალი მათ მიერ გადახდილია) არის უთარიღო დოკუმენტი, რომელსაც მარჯვენა ზედა კუთხეში აწერია ციფრი 6 და დასმული აქვს შპს „ A.“-ს ბეჭედი. მოსარჩელის განმარტებით, მარჯვენა ზედა კუთხეში დასმული ციფრი 6 იმის მანიშნებელია, რომ მხარეთა მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტები და შპს „ A.“ სწორედ ამგვარი, ამ სახის დოკუმენტით ახდენდნენ ურთიერთშორის ანგარიშსწორებას 500 000 აშშ დოლარის მიღების თაობაზე და ანგარიშსწორების ყველა ჯერზე, ზედა მარჯვენა კუთხეში სწორედ ანალოგიურად თარიღდებოდა გაცემული ხელწერილი. მოსარჩელისვე განმარტებით, შპს „ A.“-ს ბეჭედი იმის დასტურია, რომ მოპასუხეებმა ამ ჯერზეც შპს „ A.“-ს ვალი გაისტუმრეს და არა მოსარჩელის. მოპასუხეთა განმარტებით (რასაც პირველი ინსტანციის სასამართლოც იზიარებს), მათ სასამართლოს წარუდგინეს მოსარჩელის მიერ გაცემული დოკუმენტი და თუ ეს ხელწერილი რაიმე ხარვეზის ან ბუნდოვანების შემცველია, ამაზე მოსარჩელემ (დოკუმენტის გამცემმა) უნდა აგოს პასუხი და არა მათ (დოკუმენტის მიმღებმა პირებმა). სააპელაცო სასამართლომ არ გაიზიარა ეს მსჯელობა და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება და მოპასუხეთა მოთხოვნის საფუძველზე გასცა დოკუმენტი. დოკუმენტს იგი საერთოდაც არ გასცემდა თუ ამ მოთხოვნას მას მოპასუხეები არ წაუყენებდნენ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რადგან დოკუმენტის მიღებით მოპასუხეები, როგორც მოვალეები, იყვნენ დაინტერესებულნი, სწორედ მათზეა იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რაც ამ დოკუმენტით უნდა დადასტურდეს. პალატამ მიიჩნია, რომ უთარიღო და ბეჭედდასმული დოკუმენტი (იმ რეალობაში, როცა პარალელურად, მხარეთა მიერ დაფუძნებულ შპს-ებს შორისაც არსებობდა ფულად ვალდებულებითი ურთიერთობა) სწორედაც რომ არის ბუნდოვანების შემცველი, კონკრეტულ დავაში მონაწილე ფიზიკურ პირთა შორის ანგარიშსწორების დასადასტურებლად. პალატის მოსაზრებით, ყოველგვარი ბუნდოვანების, ეჭვის გასაქარწყლებლად, სწორედ მოპასუხეები უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი (ეს მათი მტკიცების ტვირთია) იმით, რომ მოსარჩელისგან მიეღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა სრულყოფილი, სამართლებრივად სანდო, არ გააჩენდა ბუნდოვანებას და კითხვებს მათ მიერ კონკრეტული ვალდებულების შესრულების თაობაზე. ამ მოთხოვნებს წინამდებარე საქმეში მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ხელწერილი პალატამ არ მიიჩნია, სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორისათვის ვალის გადახდის დამადასტურებელ უტყუარ დოკუმენტად და მიუთითა, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს მათი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - 20 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. სესხის გადახდის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლი. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობის და მის საფუძველზე მოპასუხეების მიერ თანხის მიღების ფაქტი. 06.09.2017 წლის ხელწერილით დადგენილია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელი ჰქონდათ 25 000 აშშ დოლარი. ისინი მოსარჩელეს წერილობით შეჰპირდნენ, რომ ვალს გადაუხდიდნენ 2018 წლის აგვისტოს თვეში (იხ. ს.ფ. 19). სადავოა შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა, კერძოდ, მოპასუხეები მიუთითებენ, რომ 06.09.2017 წლის ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება 20 000 აშშ დოლარის ნაწილში შესრულებული აქვთ და გადასახდელი დარჩათ მხოლოდ 5000 აშშ დოლარი.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48). როგორც საპროცესოსამართლებრივი, ისე სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმებით, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს (შდრ. სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015წ.).
13. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა სსკ-ის 429-ე მუხლზე (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, სსკ-ის 429.1). მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ №ას-705-2019, 12.07.2019წ; №ას-251-2019, 05.06.2019წ.). ამდენად, თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (წინამდებარე დავაში მოპასუხეებს), შესაბამისი მტკიცებულება კი შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
14. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სესხის თანხის სადავო ნაწილის - 20 000 აშშ დოლარის გადახდის დასადასტურებლად წარმოადგინეს მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი. ამ ხელწერილზე თარიღი მითითებული არ არის, ამასთან, მასზე დასმულია შპს „ A.“-ს ბეჭედი, მარჯვენა ზედა კუთხეში კი აწერია ციფრი 6 (ს.ფ. 57). მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელწერილი შეეხება არა მოსარჩელის, არამედ შპს „ A.“-ს ვალის გასტუმრებას. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე დავაში მონაწილე ფიზიკურ პირთა მიერ დაფუძნებულ შპს-ებს - შპს „გ.-...“-ს, შპს „გ.-....“-ს და შპს „ა.კ–სა“ და შპს „ A.“-ს შორის, რომლის დირექტორიცაა მოსარჩელე, არსებობდა ეკონომიკური საფინანსო ურთიერთობები. ამ ურთიერთობების ფარგლებში მოპასუხეთა მიერ დაფუძნებულ შპს-ებს ჰქონდათ შპს „ A.“-ს ვალი - 500 000 აშშ დოლარი (ვალდებულება ამჟამად შესრულებულია). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ვალდებულების არსებობის შესახებ გაცემულ 06.09.2017 წლის ხელწერილში აღნიშნულია შემდეგი: „პირადად იაშა შაქარაშვილზე მისაცემი გვაქვს ვალი 25 000 (ოცდახუთიათასი) ა.შ.შ. დოლარი“, მოპასუხეებს უნდა წარმოედგინათ სათანადო მტკიცებულება თანხის უშუალოდ მოსარჩელისთვის (ფიზიკური პირისთვის) დაბრუნების შესახებ, რაც მათ არ განუხორციელებიათ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ უთარიღო და შპს „ A.“-ს ბეჭედდასმული დოკუმენტი მაშინ, როდესაც პარალელურად, მხარეთა მიერ დაფუძნებულ შპს-ებს შორისაც არსებობდა ფულად ვალდებულებითი ურთიერთობა, არის ბუნდოვანების შემცველი და ვერ მიიჩნევა თანხის გადახდის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მოპასუხეების მიერ შპს „გ...“-ის, შპს „გ. ....“-ისა და შპს „ა.კ–ის“ (ანუ იმ საზოგადოებების, რომელთა დირექტორებიც მოპასუხეები იყვნენ) შესრულებული ვალდებულების (500 000 აშშ დოლარის) გარდა დამატებით 20 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ. სუსგ №ას-902-2019, 30.09.2019წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 3269.90 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2288.93 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ა–ძისა და თ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. რ.ა–ძესა (პ/ნ: .......) და თ.ა–ძეს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეთ ჯიმშერ არობელიძის (პ/ნ: ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3269.90 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 28.12.2020წ.) 70% – 2288.93 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია