Facebook Twitter

საქმე №ას-490-2021 25 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ც.ს–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ნ.ვ.ს.ჰ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.03.2021 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელფასის, პირგასამტეხლოს, განაცდურისა და შვებულების თანხის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ც.ს–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „ნ.ვ.ს.ჰ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „დამსაქმებელი“ ან „ჰოსპიტალი“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის დირექტორის 19.04.2019 წლის ბრძანების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „გათავისუფლების შესახებ ბრძანება“) ბათილად ცნობა;

1.2. მოსარჩელის აღდგენა მოპასუხის ანესთეზია-რეანიმაციისა და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და სამედიცინო დირექტორის თანამდებობაზე;

1.3. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 3743.24 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდის დაკისრება;

1.4. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ორი თვის, 2019 წლის მარტისა და აპრილის, გადაუხდელი საშუალო ხელფასის - 7486.48 ლარისა და პირგასამტეხლოს - 07.05.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად დაყოვნებული ხელფასის 0.07%-ის დაკისრება;

1.5. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ორი წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის - 2018 წლისთვის 3598.4 ლარისა და 2019 წლისთვის 592.11 ლარის, ანაზღაურების დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელეს მოპასუხესთან უვადო შრომითი ურთიერთობა ჰქონდა 2013 წლის მარტიდან. მოსარჩელეს ჰოსპიტალში ეკავა სამედიცინო დირექტორის თანამდებობა, თუმცა არ იყო წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებების მქონე პირი. გარდა სამედიცინო დირექტორისა, მოსარჩელე ჰოსპიტალში ასრულებდა ანესთეზია-რეანიმაციისა და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი ანგარიშდებოდა გამომუშავების პრინციპის საფუძველზე.

2.2. 2019 წლის აპრილიდან მოპასუხემ მოსარჩელე უკანონოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია 2019 წლის მარტისა და აპრილის ხელფასი. მოსარჩელეს არ უსარგებლია 2018 წლისა და 2019 წლის აპრილამდე (ჯამურად 30 სამუშაო დღე) ანაზღაურებადი შვებულებით.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. დამსაქმებელმა მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა და მისი კვალიფიკაციის შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან. შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან შეწყდა სშკ-ის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს დაკავებულ თანამდებობაზე მისი აღდგენის წინაპირობა. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს არც განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა.

3.2. მოპასუხემ მოსარჩელეს ზედმეტად გადაუხადა თანხა ხელფასების დათვლისას დაშვებული შეცდომის გამო, შესაბამისად, მოსარჩელეს თავად აქვს მოპასუხის დავალიანება. რაც შეეხება შვებულების თანხას, აღნიშნულ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მხარეები 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების მომდევნო წელს გადატანის შესახებ არ შეთანხმებულან. დაუსაბუთებელია მოთხოვნა 2019 წლის შვებულების თანხის ანაზღაურებაზეც.

4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ 3813.91 ლარის გადახდის დაკისრება.

5. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

5.1. პერსონალის ხელფასების დათვლისათვის ჰოსპიტალში ფუნქციონირებს გამართული საინფორმაციო პროგრამა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს ხელფასების გენერირებას. 2018 წლიდან 2019 წლის მარტამდე ზოგიერთი/კონკრეტული სამედიცინო პერსონალის ხელფასები ითვლებოდა საინფორმაციო პროგრამის გარეშე, მანუალურად, რის შედეგადაც ხელფასების დათვლისას დაფიქსირდა გარკვეული ტიპის გადაცდომები. 2019 წლის თებერვლიდან გადაითვალა ზემოთ აღნიშნული სამედიცინო პერსონალის 2018 წლისა და 2019 წლის ხელფასები, რამაც გამოიწვია სხვაობა ანაზღაურებულ და რეალურად გასაცემ ხელფასებს შორის. აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა შეგებებული სარჩელით მოპასუხის ხელფასთან მიმართებითაც.

5.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 10856.93 ლარს. აღნიშნული თანხა ნაწილობრივ გაიქვითა დასაქმებულის მიერ მარტში მისაღები ხელფასით - 3631 ლარითა და აპრილში მისაღები ხელფასით - 3412.02 ლარით, რის გამოც შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიმართ დარჩა 3813.91 ლარის დავალიანება.

6. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:

შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია დავალიანება და მის მიერ მიღებული თანხა კუთვნილი სახელფასო ანაზღაურებაა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.01.2020 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების შესახებ ბრძანება; დადგინდა მოსარჩელის აღდგენა ჰოსპიტალში ანესთეზია-რეანიმაციისა და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და სამედიცინო დირექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 19.04.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 3743.24 ლარი (ხელზე ასაღები); მოსარჩელეს უარი ეთქვა ორი თვის გადაუხდელი ხელფასის, პირგასამტეხლოსა და ორი წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურებაზე; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 3813.91 ლარის გადახდა; გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

7.1. მოსარჩელეს 2013 წლის მარტიდან მოპასუხესთან უვადო შრომითი ურთიერთობა ჰქონდა. მოსარჩელეს ჰოსპიტალში ეკავა სამედიცინო დირექტორის პოზიცია. გარდა სამედიცინო დირექტორის პოზიციისა, მოსარჩელე ჰოსპიტალში ასრულებდა ანესთეზია-რეანიმაციისა და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.

7.2. მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი ანგარიშდებოდა გამომუშავების პრინციპის საფუძველზე. მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი, საშუალოდ (4 თვის ხელფასის გაანგარიშებით), შეადგენს 3743.24 ლარს.

7.3. მოპასუხის დირექტორის 19.04.2019 წლის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ვალდებულების უხეში დარღვევისა და დაკავებულ თანამდებობასთან მისი კვალიფიკაციის შეუსაბამობის გამო (საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები). მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სანიტარული პირობების დაცვა საოპერაციო სივრცეში და უშუალოდ ჰოსპიტლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა, პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიმართ მოთხოვნების დადგენა და განხორციელება, აგრეთვე - ლეტალობის კომისიის საქმიანობა და ონკოლოგიური ავადობის კომისიის ფუნქციონირება. აღნიშნული ვალდებულებები შედიოდა უშუალოდ მისი, როგორც სამედიცინო დირექტორის მოვალეობებში, თუმცა, დასაქმებულმა მათ თავი ვერ/არ გაართვა, რითაც უხეშად ხელყო ჰოსპიტლის საქმიანი რეპუტაცია და სამედიცინო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას შეუქმნა საფრთხე. ჰოსპიტლის საქმიანი რეპუტაციის ხელყოფა, თავის მხრივ, წარმოადგენს უხეშ დარღვევას.

7.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტული გარემოებები, რომლებსაც მოპასუხე მიიჩნევს მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეშ დარღვევად, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელის ვალდებულებად არ არის მიჩნეული. გარდა ამისა, სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული მოქმედებების განუხორციელებლობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ, როგორც დამსაქმებელმა, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების იმგვარი დარღვევა, რომელიც შესაძლოა შეფასებულიყო უხეშ დარღვევად და მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად. გარდა ამისა, სასამართლოს მითითებით, უსაფუძვლოა მოპასუხის შედავება იმის თაობაზეც, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, ამასთან, მოსარჩელე წლების განმავლობაში მუშაობდა ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე და მის გათავისუფლებამდე მოპასუხე მოსარჩელეს არაკვალიფიციურობაზე არ შესდავებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლი).

7.5. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, არსებობს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე - ანესთეზია-რეანიმაციისა და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველი. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 19.04.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, განაცდურის - 3743.24 ლარის გადახდა.

7.6. რაც შეეხება შვებულების თანხის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7.7. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხეს მისცეს ზედმეტი ანაზღაურება, ჯამურად - 10856.93 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ წარმოადგინა დასაქმებულის სახელფასო ინფორმაციის ანალიზი 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის აპრილამდე. აღნიშნულ ამონაწერში მითითებულია დასაქმებულის მიერ გამომუშავებული შრომითი ანაზღაურება, რომელიც ფიქსირებულია „ჯამის“ გრაფაში. ამ გრაფის გვერდით არსებულ გრაფაში - „ჩარიცხული“ ის თანხებია, რომლებიც რეალურად ჩაერიცხა დასაქმებულს. ზემოაღნიშნული ამონაწერის ანალიზით დგინდება ზედმეტი ანაზღაურების გაცემის ფაქტი, რაც ასევე დასტურდება მოწმის ნ.კ–ის ჩვენებებით (იხ. 05.12.2019 წლის სხდომის ოქმი 13:11:03 – 14:00:23). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება შეგებებული სარჩელით მოპასუხეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს შრომითი ანაზღაურების სახით ზედმეტად გადაუხადა 10856.93 ლარი. აღნიშნული თანხიდან დამსაქმებელმა დასაქმებულს დაუქვითა მარტში მისაღები ხელფასი - 3631 ლარი და აპრილში მისაღები ხელფასი - 3412.02 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ აქვს 3813.91 ლარის დავალიანება, რაც თავისთავად გამორიცხავს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტს, ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დასაქმებულის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.

8. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. დასაქმებულმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო დამსაქმებელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.03.2021 წლის გადაწყვეტილებით - დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2019 წლის საშვებულებო თანხის კომპენსაციაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის საშვებულებო თანხის კომპენსაცია 592.11 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით; დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 22705.71 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.01.2020 წლის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით, 24.01.2020 წელს დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც დასაქმებული აღდგა ჰოსპიტალში ანესთეზია-რეანიმაციისა და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და სამედიცინო დირექტორის თანამდებობაზე 24.01.2020 წლიდან. ამავე ბრძანებით დასაქმებულს მიეცა სახელფასო განაცდური 01.05.2019 წლიდან - 24.01.2020 წლამდე, ყოველთვიურად 3743.24 ლარი. სააპელაციო ეტაპზე წარმოდგენილი საგადახდო დავალების შესაბამისად, დამსაქმებელმა დასაქმებულს 19.04.2019 წლიდან 24.01.2020 წლამდე პერიოდზე იძულებითი განაცდურის სახით, ჯამურად აუნაზღაურა 33935.43 ლარი. დამსაქმებლის განმარტებით, მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისა, ჰოსპიტალი უარს არ ამბობს სააპელაციო საჩივარზე და არ ეთანხმება გადაწყვეტილებით მიღებულ შედეგს.

9.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მის მიერ მიღებული ბრძანების კანონშესაბამისობა, რის გამოც გამართლებულია არამართლზომიერად გათავისუფლებული პირის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და მის სასარგებლოდ დამსაქმებლისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრება. პალატამ არ გაიზიარა დამსაქმებლის პრეტენზია, რომ მოსარჩელეს არ აქვს რეალური ინტერესი, აღდგეს თავდაპირველ პოზიციაზე, რადგან უკვე დასაქმებულია ქუთაისში, სხვა კლინიკაში და მოთხოვნას მხოლოდ იძულებითი განაცდურის მისაღებად აყენებს, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია სამსახურში აღდგენასთან. პალატამ განმარტა, რომ სხვა კლინიკაში დასაქმება არ გამორიცხავს უკანონოდ გათავისუფლებული პირის ინტერესს, აღდგეს თავდაპირველ სამსახურში. ამავდროულად, სსკ-ის 115-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, უფლების ბოროტად გამოყენებად ვერ შეფასდება არამართლზომიერად გათავისუფლებული მუშაკის ინტერესი, მიიღოს იძულებითი განაცდური. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე დასაქმდა სხვა დაწესებულებაში და, შესაბამისად, იღებდა შრომის ანაზღაურებას, სსკ-ის 394-ე, 408-ე, 411-ე მუხლებზე დაყრდნობით, პალატამ გამართლებულად მიიჩნია მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის სახით არა გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე (19.04.2019წ.-24.01.2020წ) ყოველთვიური ხელფასის ოდენობის შესაბამისად - 33 935.43 ლარის, არამედ მითითებული თანხისთვის სამი თვის ანაზღაურების გამოკლება და დასაქმებულისთვის 22 705.71 ლარის (ხელზე ასაღები) მიკუთვნება.

9.3. მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა სახელფასო დავალიანებისა და მასთან დაკავშირებული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას, რასაც უპირისპირდება შეგებებული სარჩელი. ამ ნაწილში, პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია სახელფასო ანაზღაურების ზედმეტად გაცემის ფაქტი. სშკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 33-ე მუხლი) თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი. ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით, დამსაქმებელმა მოსარჩელეს დაუქვითა მარტში მისაღები ხელფასი - 3631 ლარი და აპრილში მისაღები ხელფასი - 3412.02 ლარი. სსკ-ის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. სსკ-ის 444-ე მუხლის თანახმად, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა, ერთი მხრივ, დამსაქმებლის მოთხოვნა, ჯამურად - 10 856.93 ლარი და, მეორე მხრივ, დასაქმებულის მოთხოვნა 2019 წლის მარტისა და აპრილის სახელფასო ანაზღაურებასთან მიმართებით, ჯამურად - 7043.02 ლარი, უნდა გაიქვითოს ხელფასის ანაზღაურებაზე დასაქმებულის მოთხოვნა და, ამავდროულად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს, სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა აუნაზღაურდეს დარჩენილი სხვაობა, როგორც უსაფუძვლოდ გაცემული თანხა - 3813.91 ლარი.

9.4. დასაქმებული ითხოვს ორი წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურებას, კერძოდ, 2018 წლისთვის - 3598.40 ლარის, ხოლო 2019 წლისთვის - 592.11 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნა სააპელაციო პალატამ გამართლებულად მიიჩნია მხოლოდ 2019 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში. პალატის მითითებით, შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია დამსაქმებლის ინიციატივით, 2019 წლის აპრილში. უდავოა, რომ 2019 წელს დასაქმებულს არ უსარგებლია შვებულებით. ამდენად, კანონით განსაზღვრული 24-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების პროპორციულად, დასაქმებულს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ ნამუშევარი პერიოდის შესაბამისად, გამოუყენებელი შვებულება 6 დღის პროპორციულად - 592.11 ლარის ოდენობით. რაც შეეხება 2018 წლის შვებულების ანაზღაურებას, აღნიშნულ ნაწილში პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა. პალატის მითითებით, დასაქმებულს არ გამოუხატავს შვებულების უფლებით სარგებლობის ნება, მისი მომდევნო წლისათვის გადატანის მოთხოვნითაც არ მიუმართავს დამსაქმებლისათვის, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, წინა წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნა გაუმართლებელია. დასაქმებულს ჰქონდა უფლება, ესარგებლა შვებულებით 2018 წელს, რისი გამოუყენებლობაც არ წარმოშობს სამომავლოდ ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დასაქმებულმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.01.2020 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება (იხ. ბრძანება, ტ.1, ს.ფ. 205) და დადგინდა მისი აღდგენა ჰოსპიტალში ანესთეზია-რეანიმაციისა და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და სამედიცინო დირექტორის თანამდებობაზე. ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19.04.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 3743.24 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა.

15. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით, 24.01.2020 წელს, დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც დასაქმებული აღდგა ჰოსპიტალში ანესთეზია-რეანიმაციისა და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და სამედიცინო დირექტორის თანამდებობაზე 24.01.2020 წლიდან. ამავე ბრძანებით დასაქმებულს მიეცა სახელფასო განაცდური გათავისუფლებიდან 24.01.2020 წლამდე, ყოველთვიურად 3743.24 ლარი (ტ.2, ს.ფ. 247-248). დამსაქმებელს სადავო არ გაუხდია მისი ოდენობა, პირიქით, ბრძანებაში არაორაზროვნადაა მითითება, რომ ამით ჰოსპიტალი გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით ნაწილობრივ აღასრულებს.

16. 24.02.2020 წელს დამსაქმებელმა დასაქმებულს იძულებითი განაცდურის სახით ჯამურად აუნაზღაურა 33 935.43 ლარი (ტ.2, ს.ფ. 242).

17. 02.03.2020 წელს დამსაქმებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.01.2020 წლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.156-168), რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, ახალი გადაწყვეტილებით, განაცდურის ოდენობად განისაზღვრა 22 705.71 ლარი (ხელზე ასაღები). შესაბამისად, გათვალისწინებით იმისა, რომ დამსაქმებელმა განაცდურის სახით 24.01.2020 წლამდე, ყოველთვიურად 3743.24 ლარი (ხელზე ასაღები), აანაზღაურა ნებაყოფლობით, რამაც შეადგინა 33 935.43 ლარი, სააპელაციო პალატამ კი განაცდური განსაზღვრა 22 705.71 ლარით (ხელზე ასაღები), მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია იძულებითი განაცდურის შემცირების (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში მოსარჩელეს დამსაქმებლისათვის დასაბრუნებელი აქვს 11 229,72 ლარი) კანონიერება.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (სუსგ №ას-98-94-2016, 26.07.2016წ; №ას-368-2019, 31.07.2019წ.).

19. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება საქართველოს შრომის კოდექსიდან გამომდინარე დასაქმებულის უფლებაა. ეს უფლება რეალიზდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უკანონოდ ცნობს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებას და მას სამუშაოზე აღადგენს. ამასთან, დასაქმებულს იძულებითი განაცდური აუნაზღაურდება სრულად, იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის, შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის მომენტიდან სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სუსგ №ას-392-2019, 27.11.2020წ.). იძულებითი განაცდური წარმოადგენს სწორედ იმ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა პირვანდელი მდგომარეობა აღდგეს იმ სახით, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.). განაცდური ის შემოსავალია, რომელიც უკანონოდ დათხოვნილმა პირმა დათხოვნიდან აღდგენამდე პერიოდში ვერ მიიღო და უნდა მიიღოს, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება, შეწყვეტის მომენტიდან, გაგრძელებულად მიიჩნევა, შესაბამისად, განაცდურის ანაზღაურება დამსაქმებლის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაა („საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 272-273). განაცდურს არ შეიძლება გამოაკლდეს ის შემოსავლები, რომელთა მიღებას დასაქმებული იძულებით მოცდენის გარეშეც შეძლებდა.

20. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები: დამსაქმებელმა უკანონოდ შეწყვიტა შრომის ხელშეკრულება დასაქმებულთან, ანუ აშკარაა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედება; დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობითა და კუთვნილი ანაზღაურების /ხელფასის მიუღებლობით.

21. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისა, მოპასუხემ უარი არ თქვა გასაჩივრების უფლებაზე, ვინაიდან არ დაეთანხმა შედეგს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ სადავო საკითხი შეეხება განაცდურს, რომელიც განგრძობადია და მისი შეწყვეტა დამოკიდებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) აღსრულების თარიღზე.

22. საკასაციო პალატის შეფასების საგანია - მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უფლებათა რელიზაციის ფარგლებში და ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპის გათვალისწინებით, ფაქტი მოსარჩელის სხვაგან დასაქმების შესახებ, წინამდებარე დავაში რამდენად შეიძლება დასდებოდა საფუძვლად უკვე აღსრულებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული განაცდურის სააპელაციო სასამართლოს მიერ შემცირებას.

23. საკასაციო სასამართლო ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ მოპასუხე, რომლისთვისაც საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზევე იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ მოსარჩელე გათავისუფლების შემდეგ დასაქმდა სხვა კლინიკაში, არ უთითებდა ამ ფაქტზე, როგორც განაცდურის შემცირების წინაპირობაზე (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.175-191). უშუალოდ განაცდურთან დაკავშირებით მოპასუხის შესაგებელი დაფუძნებული იყო მხოლოდ მასზე, რომ „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოსარჩელესთან მოხდა სშკ-ის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის წინაპირობა, არ უნდა დაკმაყოფილდეს არც განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა“ (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.184). ამდენად, განაცდურის შემცირების საკითხი არ გამხდარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობის საგანი (გადაწყვეტილება არ შეიცავს ამ საკითხზე დასაბუთებას).

24. უფრო მეტიც, დამსაქმებელი არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 02.03.2020 წელს (ანუ განაცდურის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემდეგ რამდენიმე დღეში) წარდგენილ სააპელაციო საჩივარში უთითებდა დასაქმებულის მიერ სხვა სამუშაო ადგილზე ხელფასის მიღებას განაცდურის გამომრიცხავ/მისი ოდენობის მაკორექტირებელ გარემოებად, ანუ გადაწყვეტილებას განაცდურის დაკისრების ნაწილში არ მიიჩნევდა უკანონოდ იმ საფუძვლით, რომ განაცდურს არ გამოაკლდა სხვა დამსაქმებლისაგან მიღებული თანხა (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.156-168). სააპელაციო საჩივარში მოცემულია მსჯელობა, რომ მოსარჩელე სამუშაოზე აღდგენას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მიიღოს იძულებითი განაცდურიც, შრომითი ხელშეკრულება კი დამსაქმებლის მიერ შეწყვეტილია სშკ-ით დადგენილი წესის სრული დაცვით. სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული 11.06.2020 წელს (ტ.2, ს.ფ.209-211). მხოლოდ 25.02.2021 წელს დააზუსტა დამსაქმებელმა სააპელაციო საჩივარი/თავისი პოზიცია და ზემოაღნიშნული გარემოება მიუთითა განაცდურის ოდენობის მაკორექტირებელ ფაქტორად, ასევე - წარმოადგინა გაანგარიშება, რა თანხა უნდა გამოჰკლებოდა განაცდურს (ტ.2, ს.ფ.255-264). შესაბამისად, დასაქმებულს, რომელმაც მიიღო დამსაქმებლის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით გადახდილი კომპენსაცია, შეეძლო ეფიქრა, რომ გათავისუფლების უკანონობის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარების შემთხვევაში, მიღებული თანხა სრულად დარჩებოდა მას. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ნაწილში, არის ზოგადი, არ არის დადგენილი მოსარჩელის სხვა კლინიკაში დასაქმების კონკრეტული პირობები.

25. პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე თავად განსაზღვრავს, რომელ მოთხოვნას რა საფუძვლით დაუპირისპირდება შესაგებლით. განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (სუსგ №ას-354-2021, 25.06.2021წ., პ. 101, 102).

26. მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოასწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სსსკ-ის მე–4 მუხლი) (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, მე-2 გამოცემა, თბილისი, 2005, გვ. 157). პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201.4. მუხლი). საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).

27. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1124-1080-2016, 10.03.2017წ.). ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებში სოციალური პარტნიორობა ვლინდება ამ ურთიერთობის მხარეების ერთმანეთზე ზრუნვით.

28. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა წინამდებარე საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მხარეთა მიერ საპროცესო უფლებების რეალიზების ფარგლებს, ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპის შესაბამისად დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვას სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით, მიიჩნევს, რომ გათავისუფლების შემდეგ მოსარჩელის სხვა დაწესებულებაში დასაქმება წინამდებარე საქმეში ვერ დაედება საფუძვლად დამსაქმებლის მიერ ნებაყოფლობით ანაზღაურებული განაცდურის შემცირებას. ამრიგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტიდან, 19.04.2019 წლიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე, 24.01.2020 წლამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება -ყოველთვიურად 3743,24 ლარი (ხელზე ასაღები).

29. რაც შეეხება ორი თვის გადაუხდელი ხელფასის, პირგასამტეხლოსა და 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მართლზომიერებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობა.

30. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

30.1. დამსაქმებელმა დასაქმებულს შრომითი ანაზღაურების სახით ზედმეტად გადაუხადა 10856.93 ლარი (ტ.1, ს.ფ. 249);

30.2. დასაქმებულს არ ანაზღაურებია 2019 წლის მარტის თვის ხელფასი - 3631 ლარი და აპრილის თვის ხელფასი - 3412.02 ლარი. მითითებული სახელფასო დავალიანება დამსაქმებელმა გაქვითა ზედმეტად გაცემულ ხელფასთან 10856.93 ლართან. გაქვითვის შესაბამისად, დარჩენილი სხვაობა შეადგენს 3813.91 ლარს.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებას დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის შრომითი ანაზღაურების სახით 10856.93 ლარის ზედმეტად გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება დასტურდება დასაქმებულის სახელფასო ინფორმაციის ანალიზისა (ტ.1, ს.ფ. 249) და მოწმის ჩვენების (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.12.2019 წლის სხდომის ოქმი, 13:11:03 – 14:00:23, ტ.2, ს.ფ. 44-89) საფუძველზე. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ, რადგან ერთმანეთს დაუპირისპირდა, ერთი მხრივ, დამსაქმებლის მოთხოვნა, ჯამურად - 10 856.93 ლარი და, მეორე მხრივ, დასაქმებულის მოთხოვნა 2019 წლის მარტისა და აპრილის სახელფასო ანაზღაურებასთან მიმართებით, ჯამურად - 7043.02 ლარი, აღნიშნული მოთხოვნები უნდა გაიქვითოს (სსკ-ის 442.1 და 444-ე მუხლები) და შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს, სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა აუნაზღაურდეს დარჩენილი სხვაობა, როგორც უსაფუძვლოდ გაცემული თანხა - 3813.91 ლარი. შესაბამისად, არ არსებობს სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დასაქმებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა მართლზომიერად.

32. კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილშიც, რომლითაც უცვლელად დარჩა 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

33. სშკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა ანიჭებს დასაქმებულს უფლებას, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს (სუსგ №ას-836-1122-09, 26.03.2010წ; №ას-557-532-2016, 30.01.2017წ., პუნ. 44). სშკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დასაქმებულს არ გამოუხატავს შვებულების უფლებით სარგებლობის ნება, მისი მომდევნო წლისათვის გადატანის მოთხოვნითაც არ მიუმართავს დამსაქმებლისათვის, ამრიგად, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე (შდრ. სუსგ №ას-201-2022, 03.06.2022წ.).

34. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.03.2021 წლის გადაწყვეტილება დამსაქმებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პუნქტები: 2, 2.1, 2.2, 6) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 19.04.2019 წლიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენამდე (24.01.2020 წლამდე), ყოველთვიურად 3743,24 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით. დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

35. კასატორმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა მის მიერ საკასაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება (ტ.2, ს.ფ. 344-345). სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ; სუსგ №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში არსებული დავის საგნის ღირებულებიდან მოსარჩელის მიერ მოგებული ნაწილის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის (იხ. სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ტ.1, ს.ფ. 158-162; მინდობილობა 165-167; ტ.2, ს.ფ. 411-415) ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 439,34 ლარის გადახდა. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით არ იცვლება გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 1000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

36. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამრიგად, სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საკასაციო სასამართლოში არსებული დავის საგნის ღირებულებიდან მოსარჩელის მიერ მოგებული ნაწილის 5%-ის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის - 549.17 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ც.ს–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.03.2021 წლის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ნ.ვ.ს.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პუნქტები: 2, 2.1, 2.2, 6) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ა(ა)იპ „ნ.ვ.ს.ჰ–ს“ ც.ს–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2019 წლის 19 აპრილიდან ც.ს–ის სამსახურში აღდგენამდე (2020 წლის 24 იანვრამდე), ყოველთვიურად 3743,24 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.03.2021 წლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. ც.ს–ის შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ა(ა)იპ „ნ.ვ.ს.ჰ–ს“ ც.ს–ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით დაეკისროს 439,34 ლარის გადახდა.

6. ა(ა)იპ „ნ.ვ.ს.ჰ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 549.17 ლარის გადახდა.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია