Facebook Twitter

ბს-37-27-გ-03 19 თებერვალი, 2004წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ზ. და მ. ბ.-ების სარჩელისა და ... გაერთიანების შეგებებული სარჩელის განსჯადობის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 30 სექტემბერს ზ. და მ. ბ.-ებმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ... გაერთიანების მიმართ და მოითხოვეს:

1. ¹... პატენტით დაცული გამოგონებების უნებართვოდ გამოყენებისათვის ზ. ბ.-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 5000 აშშ დოლარისა და საავტორო ჯილდოს 10000 აშშ დოლარის დაკისრება;

2. ¹... პატენტით დაცული გამოგონების უნებართვოდ გავრცელებისა და გამოყენებისათვის პატენტმფლობელის _ მ. ბ.-ის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2002წ. 30 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ... გაერთიანებამ შეგებებული სარჩელი აღძრა ზ. და მ. ბ.-ების წინააღმდეგ და მოითხოვა:

1. ... გაერთიანების საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამებისათვის კომპენსაციის სახით ზ. და მ. ბ.-ისათვის 50000 აშშ დოლარის დაკისრება;

2. ზ. და მ. ბ.-ების გამოგონების დამცავი დოკუმენტის _ საავტორო მოწმობის ¹... ნაცვლად გაცემული პატენტის დამცავი დოკუმენტის მეორე დამოუკიდებელი მუხლის გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ... გაერთიანების შეგებებული სარჩელი მორალური ზიანის სახით 50000 აშშ დოლარის კომპენსაციის ნაწილში უმოძრაოდ დარჩა, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

2003წ. 19 თებერვალს საოქმო განჩინებით სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, ზ. და მ. ბ.-ების გამოგონების დამცავი დოკუმენტის _ საავტორო მოწმობის ¹... ნაცვლად გაცემული პატენტის დამცავი დოკუმენტის მეორე დამოუკიდებელი მუხლის გაუქმების შესახებ შეგებებული სარჩელის ნაწილში მოპასუხედ საქპატენტის ჩაბმა და ვინაიდან საქპატენტი ადმინისტრაციული ორგანოა, სასამართლო კოლეგიამ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით ზ. და მ. ბ.-ების სარჩელი და ... გაერთიანების შეგებებული სარჩელი განსახილველად შემდეგი მოტივით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას:

... გაერთიანებამ შეგებებული სარჩელის მოპასუხედ, რომელიც მოსარჩელე ბ.-ების გამოგონების დამცავი დოკუმენტის _ საავტორო მოწმობის ¹... ნაცვლად გაცემული პატენტის დამცავი დოკუმენტის მეორე დამოუკიდებელი მუხლის გაუქმებას ეხება, დაასახელა საქპატენტი, ამიტომ სასამართლო კოლეგიამ სსკ-ის 26-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ საქმე განსახილველად მოპასუხე “საქპატენტის” ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გადაგზავნოდა თბილისის საოლქო სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებას განსჯადობით საქმის თბილისის საოლქო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ არ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია და 2003წ. 8 მაისის განჩინებით სასამართლოთა შორის საქმის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე შემდეგი საფუძვლებით გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში:

1. ზ. და მ. ბ.-ების სარჩელი პატენტით დაცული გამოგონების უნებართვოდ გამოყენებისა და გავრცელებისათვის ზ. ბ.-ის სასარგებლოდ ... გაერთიანებისათვის 5000 აშშ დოლარისა და საავტორო ჯილდოს 10000 აშშ დოლარის, ხოლო მ. ბ.-ის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ განეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს და სსკ-ის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტით, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავებს განეკუთვნება;

2. ... გაერთიანების შეგებებული სარჩელიც, სასამართლო კოლეგიის აზრით, ასევე სამოქალაქო დავას წარმოადგენს, რადგან “გამოგონების შესახებ” დებულების მე-11 მუხლისა და “საქართველოს საპატენტო კანონის” მე-3 მუხლის მიხედვით, პატენტი ადასტურებს ავტორობას და პრიორიტეტს ანიჭებს პატენტმფლობელის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე. სკ-ის 1100-ე მუხლის თანახმად, პატენტი წარმოადგენს სამრეწველო საკუთრებას და შესაბამისად, პატენტი როგორც საკუთრების ობიექტი, სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობს. სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს “საქპატენტის” მიერ გაცემული პატენტი არის გამოგონების დამცავი დოკუმენტი და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, დავის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უზენაეს სასამართლოში საქმის გადმოგზავნა პროცესუალურად გაუმართლებელია, რადგან მითითებული ნორმის მიხედვით ზემდგომი სასამართლო წყვეტს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას, რასაც განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, ადგილი არა აქვს. სახელდობრ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით, სსკ-ის მე-14, მე-16 მუხლების შესაბამისად, რადგან ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენდა საქპატენტი, სასამართლომ ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით საქმე განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რაც ამ კოლეგიას სადავოდ არ გაუხდია, არამედ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სადავოდ გახადა საქმის საგნობრივი განსჯადობა და მიიჩნია, რომ დავა წარმოადგენდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ, ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას, რის შემდეგაც თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიამ საქმე განსახილველად განსჯადობით კი არ გადასცა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიას, არამედ პირდაპირ, განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გარეშე, საქმე გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილს.

მოუხედავად ზემოაღნიშნული პროცესუალური დარღვევისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი განსახილველი დავის საგნობრივი განსჯადობის საკითხი და საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან:

1. ზ. და მ. ბ.-ები სარჩელით მოითხოვენ მათი პატენტით დაცული გამოგონების უნებართვოდ გამოყენებისა და გავრცელებისათვის მოპასუხე ჩაის, ... გაერთიანებისათვის თანხების დაკისრებას, რაც უდავოდ ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას განეკუთვნება და წარმოადგენს სსკ-ის მე-14 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯად დავას;

2. ... გაერთიანება შეგებებული სარჩელით ითხოვს პატენტის დამცავი დოკუმენტის _ საავტორო მოწმობის ¹... ნაცვლად მოსარჩელე ბ.-ების სახელზე გაცემული პატენტის მეორე დამოუკიდებელი მუხლის გაუქმებას. საკასაციო პალატა სრულიად იზიარებს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის სამართლებრივ შეფასებას, რომ პატენტი არის სახელმწიფოს (“საქპატენტის” სახით) მიერ გაცემული გამოგონების დამცავი დოკუმენტი და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. “გამოგონების შესახებ” დებულების მე-11 და “საქართველოს საპატენტო კანონის” მე-3 მუხლების თანახმად, პატენტი ადასტურებს ავტორობასა და პრიორიტეტებს, ასევე პატენტმფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე. მართალია, პატენტის დეფინიციას კანონი ზუსტად არ იძლევა, მაგრამ მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, იგი არის განაცხადის საფუძველზე სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლების შესაბამისად “საქპატენტის” მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აღწერს გამოგონებას და მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, შეხედულებისამებრ განკარგოს პატენტით დაცული ობიექტი მის გამოყენებაზე. სკ-ის 1100-ე მუხლის მიხედვით, პატენტი სამრეწველო საკუთრებას წარმოადგენს და როგორც საკუთრების ობიექტი, სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობს. პატენტის გაუქმების შესახებ დავაც სამართლებრივად ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაა და ისიც სსკ-ის მე-14 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სწორად განსაზღვრა განსახილველი დავის საგნობრივი განსჯადობა და საქმე სსკ-ის მე-14 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. და მ. ბ.-ების სარჩელი და ... გაერთიანების შეგებებული სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.