ას-1006-2023
09 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.პ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ბ–ნმა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ.პ.ის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვნის მოთხოვნით.
1.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილ იქნა მისი მშობლების მიერ 1980 წელს, სადაც იგი ცხოვრობდა ძმასთან, პ.პ–თან ერთად, მის გარდაცვალებამდე. ძმისშვილმა, ს.პ–მა უკანონოდ მოახერხა სამკვიდროს მიღება, რის შემდგომაც გასხვისდა ქონება სხვა პირზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ბ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ.პ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე, ქალაქი თბილისში, …….., კვარტალი II, კორპუსი №18, ს/კ № ….. და დადგინდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, ნ.პ–ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2023 წლის 07 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2023 წლის 29 მარტს 12:00 საათზე, რის შესახებაც სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ნ.პ–ს 2023 წლის 07 მარტს.
3.2. 2023 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო და განხილვის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 10 აპრილი, 12:00 საათი. ნ.პ–ს 2023 წლის 29 მარტს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღი და საათი.
3.3. 2023 წლის 10 აპრილს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.პ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3.5. სასამართლომ მიუთითა, რომ 2023 წლის 29 მარტის სხდომის დაწყებამდე ნ.პ–ი სატელეფონო შეტყობინებით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში. სასამართლო სხდომა გადაიდო 2023 წლის 10 აპრილისთვის და აპელანტს დაევალა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა. თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი. 2023 წლის 10 აპრილს აპელანტი სატელეფონო შეტყობინებით კვლავ დაუკავშირდა სასამართლოს და აცნობა, რომ იმყოფებოდა სამედიციო დაწესებულებაში, თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის ცნობა ან სხვა დოკუმენტაცია არც ამ შემთხვევაში წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, ვინაიდან, აპელანტმა ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.
3.6. სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ.პ–მა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადაადგილდებოდა, რის შესახებაც აცნობა მოსამართლის თანაშემწეს სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და ითხოვა პროცესის გადადება სხვა დროისათვის. სატელეფონო საუბრისას ასევე განუმარტა, რომ წარმოადგენდა შესაბამის მტკიცებულებებს.
3.7. ნ.პ–მა საჩივარს დაურთო 2023 წლის 04 აპრილის და ამავე წლის 10 აპრილის ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2023 წლის 04 აპრილის ცნობით დგინდება, რომ ნ.პ.ი 2023 წლის 28 მარტს მოთავსდა კლინიკაში, სადაც დაუდგინდა რკინადეფიციტური ანემია, სხვა შფოთვითი აშლილობანი, ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია, არასტაბილური სტენოკარდია, აორტის (სარქვლის) ნაკლოვანება, მიტრალური (სარქვლის) ნაკლოვანება, გულის შეგუბებითი უკმარისობა და ცნობის გაცემის დღემდე (2023 წლის 04 აპრილი) მკურნალობს კლინიკაში. ხოლო 2023 წლის 10 აპრილის ცნობა ადასტურებს, რომ ნ.პ–მა 2023 წლის 10 აპრილს 09:56 საათზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. პაციენტი მიუთითებდა, რომ ჰქონდა მარჯვენა მხარის, წინამხრისა და წელის მიდამოში ტკივილი და უჭირდა მოძრაობა. აღნიშნულ ცნობაში ძირითად დაავადებებად მითითებულია რკინადეფიციტური ანემია, ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია და ეზოფაგიტი, ასევე აღნიშნულია, რომ პაციენტი მკურნალობს რკინადეფიციტურ ანემიას, საყლაპავის წარმონაქმნის გამო. საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებდა მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას. საქმეში წარმოდგენილია ასევე 2023 წლის 05 ივნისს გაცემული ცნობა ნ.პ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის მოკლე ანამნეზით, პაციენტს დადგენილი აქვს რკინადეფიციტური ანემია, მელენა, კუჭის კარდიალური ნაწილის სიმსივნე დაუზუსტებელი. ჩივილებს წარმოადგენდა აბდომინალგია, საერთო სისუსტე, მარჯვენა მხარის სახსრის პარეზი, სპაზმური ხველა და სუფერბილიტეტი.
3.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით ნ.პ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3.8.1. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს გახდიდა სასამართლოს ხდომაზე მხარის გამოცხადებას. ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული დაავადება და ანამნეზი კი ვერ ჩაითვლებოდა საპატიო მიზეზად. შესაბამისად, აპელანტის მიერ სხდომაზე ორჯერ გამოუცხადებლობა და გადადების შუამდგომლობა საქმის წარმოების გაჭიანურების მიზანს ემსახურებოდა და არ არსებობდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა უკანონოდ. ნ.პ–ი არის ონკოლოგიური ავადმყოფი, რომელმაც პროცესის დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ითხოვა სხდომის გადადება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უგულებელყო მისი კონსტიტუციური უფლება სხდომაზე დასწრებისა და საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის შესახებ.
4.2. კასატორის მოსაზრებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებით მას მიეცემა შესაძლებლობა, განაგრძოს ცხოვრება მის კუთვნილ ბინაში და ამტკიცოს პროცესზე ის გარემოება, რომ მოპასუხე არის არასათანადო მოპასუხე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. 8. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
9. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა საპატიო გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
10. კასატორი, მისი გამოუცხადებლობის განაპირობებელ გარემოებად მიუთითებს იმაზე, რომ არის ონკოლოგიური ავადმყოფი, რომელმაც პროცესის დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ითხოვა სხდომის გადადება.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ ცნობაში მითითებული დაავადება და ანამნეზი ვერ ჩაითვლებოდა საპატიო მიზეზად და აპელანტის მიერ სხდომაზე ორჯერ გამოუცხადებლობა და გადადების შუამდგომლობა საქმის წარმოების გაჭიანურების მიზანს ემსახურებოდა, რის გამოც, არ არსებობდა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს გახდიდა სასამართლოს ხდომაზე მხარის გამოცხადებას.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეულწილად წარმოადგენს მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მექანიზმს, რასაც უკავშირდება ზემოთ განმარტებული, იმ მხარისათვის არასასურველი სამართლებრივი შედეგები, რომლის მიმართაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნულითაა განპირობებული კანონმდებლის მიერ იმ მკაცრად გაწერილი, სავალდებულო წინაპირობების დაწესება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვის. ერთ-ერთ ასეთ წინაპირობას წარმოადგენს იმ ფაქტის დადგენა, რომ მხარის მიერ საპროცესო ვალდებულების შესრულება, ამ შემთხვევაში პროცესზე გამოუცხადებლობა, გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით.
13. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14. კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
15. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის – ავადმყოფობის დასადასტურებლად წარადგინა 2023 წლის 04 აპრილის და ამავე წლის 10 აპრილის ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2023 წლის 04 აპრილის ცნობით დგინდება, რომ ნ.პ–ი 2023 წლის 28 მარტს მოთავსდა კლინიკაში (პირველი სხდომის თარიღი 2023 წლის 29 მარტი), სადაც დაუდგინდა რკინადეფიციტური ანემია, სხვა შფოთვითი აშლილობანი, ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია, არასტაბილური სტენოკარდია, აორტის (სარქვლის) ნაკლოვანება, მიტრალური (სარქვლის) ნაკლოვანება, გულის შეგუბებითი უკმარისობა და ცნობის გაცემის დღემდე (2023 წლის 04 აპრილი) მკურნალობდა კლინიკაში. რაც შეეხება უშუალოდ 2023 წლის 10 აპრილის ცნობას, აღნიშნული ადასტურებს, რომ ნ.პ–მა სასამართლოში ჩანიშნული სხდომის დღეს, 2023 წლის 10 აპრილს 09:56 საათზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. პაციენტი უჩიოდა მარჯვენა მხრის, წინამხრისა და წელის მიდამოში ტკივილს და უჭირდა მოძრაობა. აღნიშნულ ცნობაში ძირითად დაავადებებად მითითებულია რკინადეფიციტური ანემია, ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია და ეზოფაგიტი და აღნიშნულია, რომ პაციენტი მკურნალობს რკინადეფიციტური ანემიას, საყლაპავის წარმონაქმნის გამო. საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 05 ივნისს გაცემული ცნობა (საჩივრის განხილვის დღე) ნ.პ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ადასტურებს, რომ პაციენტს დადგენილი აქვს რკინადეფიციტური ანემია, მელენა, კუჭის კარდიალური ნაწილის სიმსივნე დაუზუსტებელი. ჩივილებს წარმოადგენდა აბდომინალგია, საერთო სისუსტე, მარჯვენა მხარის სახსრის პარეზი, სპაზმური ხველა და სუფერბილიტეტი.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას აპელანტის დაავადებისა და ანამნეზის შეფასებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მხარის განმეორებითი შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ, მისი ავადმყოფობის მოტივით, რაც ნათლადაა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებით, ვერ ჩაითვლება საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად. ცხადია, დაუსწრებელი გადწყვეტილების ინსტიტუტის თავისებურებათა გათვალისწინებით, ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ მიიჩნევა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა სამართლიანი პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს. სასამართლოს ვალდებულება, შეჯიბრებითობის საფუძველზე განახორციელოს საქმისწარმოება, რათა უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ შეილახოს რომელიმე მხარის უფლება, გულისხმობს თითოეული მხარის უფლებისა და ინტერესისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებასაც. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე სატელეფონო შეტყობინებით აცნობა სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და ითხოვა სხდომის გადადება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ 2023 წლის 10 აპრილს 09:56 საათზე ნ.პ–ი იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, აღენიშნებოდა ისეთი ჩივილები (მარჯვენა მხრის, წინამხრისა და წელის მიდამოში ტკივილი და უჭირდა მოძრაობა), რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა იმავე დღეს, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მის გამოცხადებას, რასაც სარწმუნოდ ხდის საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 04 აპრილსა და ამავე წლის 05 ივნისს გაცემული ცნობები.
17. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობდა აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობები, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად, უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
18. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.პ.ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე