№ას-1020-2023
12 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ბა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში ნ.ხ–ის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სს „ს.ბ–ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გორი, ......., საკადასტრო კოდი 66.45.21.152 და დადგინდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.
2.1. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, წარადგინა მისი გვარის შეცვლის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ ნ.ხ–მა შეიცვალა გვარი და არის ნ.ა–ბა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაბარებია სარჩელი.
2.2. გორის რიონული სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინებით ნ.ა–ბას საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაებ არ დაკმაყოფილდა.
2.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით ნ.ა–ბას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
3.1. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა 2023 წლის 03 აპრილს. გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 04 აპრილს და ამოიწურა 2023 წლის 18 აპრილს (17 აპრილი იყო დასვენების დღე). საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 20 აპრილს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
4.1. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და დაგვიანების მიზეზის საპატიოდ ჩათვლას. მიუთითებს, რომ გასაჩივრების პერიოდი დაემთხვა სადღესასწაულო (საააღდგომო) დღეებს, აპელანტმა ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი თანხისა და იურიდიული მომსახურების საფასურის მობილიზება, რის გამოც ვერ შეძლო საჩივრის დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის წარდგენა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, ნ.ა–ბას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა 2 დღის დაგვიანებით გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ: გასაჩივრების პერიოდი დაემთხვა სადღესასწაულო (საააღდგომო) დღეებს, აპელანტმა ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი თანხისა და იურიდიული მომსახურების საფასურის მობილიზება და ვერ შეძლო საჩივრის დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის წარდგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის საპატიოდ ჩათვლას.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11. ზემოაღნიშნული ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი. სსსკ-ის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივარშია საწინააღმდეგო მითითებული, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2023 წლის 03 აპრილს და მის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2023 წლის 20 აპრილს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, სსსკ 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე და ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა ნ.ა–ბას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ა–ბას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე