ას-449-2023
4 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ–ე“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.მ. ი.მ. ასული დ–ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.1 მოპასუხეებს შპს „დ–ე“-ს (ს/კ .....) და დ.ჭ–ძეს (პ/ნ .....) მოსარჩელე ი.მ. ი.მ. ასული დ–ვას (ი.ნ. ......) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2015 წლის 25 აგვისტოს N6 სესხის ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანების თანხის - 350 913,63 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 91 299,47 აშშ დოლარი, 2019 წლის 25 აგვისტომდე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტი - 199 214,88 აშშ დოლარი, 2019 წლის 25 აგვისტოდან 2022 წლის 29 აპრილამდე (სარჩელის შემოტანის თარიღი) ზიანი (მიუღებელი შემოსავალი) - 48 876,28 აშშ დოლარი და 2022 წლის 29 აპრილამდე (სარჩელის შემოტანის თარიღი) დარიცხული და გადაუხდელი შემცირებული პირგასამტეხლო – 11 523 აშშ დოლარი;
1.2 მოპასუხეებს შპს „დ–ე“-ს (ს/კ ......) და დ.ჭ–ძეს (პ/ნ .......) მოსარჩელე ი.მ. ი.მ. ასული დ–ვას (ი.ნ. ....) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2015 წლის 25 აგვისტოს N6 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის (მიუღებელი შემოსავალი) გადახდა ყოველდღიური დარიცხვის გაანგარიშებით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 50,02 აშშ დოლარს, 2022 წლის 29 აპრილიდან (სარჩელის შემოტანის თარიღი) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე;
1.3 მოპასუხეებს შპს „დ–ე“-ს (ს/კ .......) და დ.ჭ–ძეს (პ/ნ ......) მოსარჩელე ი.მ. ი.მ. ასული დ–ვას (ი.ნ. ......) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2015 წლის 25 აგვისტოს N6 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიური დარიცხვის გაანგარიშებით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8,38 აშშ დოლარს, 2022 წლის 29 აპრილიდან (სარჩელის შემოტანის თარიღი) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე;
1.4 მოპასუხეებს შპს „დ–ე“-ს (ს/კ .....) და დ.ჭ–ძეს (პ/ნ .....) მოსარჩელე ი.მ. ი.მ. ასული დ–ვას (ი.ნ. ......) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2015 წლის 03 სექტემბრის N7 სესხის ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანების თანხის - 753 594,28 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 278 722,64 აშშ დოლარი, 2019 წლის 01 სექტემბრამდე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტი - 289 268,79 აშშ დოლარი, 2019 წლის 01 სექტემბრიდან 2022 წლის 29 აპრილამდე (სარჩელის შემოტანის თარიღი) ზიანი (მიუღებელი შემოსავალი) – 148 142,85 აშშ დოლარი და 2022 წლის 29 აპრილამდე (სარჩელის შემოტანის თარიღი) დარიცხული და გადაუხდელი შემცირებული პირგასამტეხლო – 37 460 აშშ დოლარი;
1.5 მოპასუხეებს შპს „დ–ე“-ს (ს/კ .....) და დ.ჭ–ძეს (პ/ნ ......) მოსარჩელე ი.მ. ი.მ. ასული დ–ვას (ი.ნ. ......) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2015 წლის 3 სექტემბრის N7 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის (მიუღებელი შემოსავალი) გადახდა ყოველდღიური დარიცხვის გაანგარიშებით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 152,72 აშშ დოლარს, 2022 წლის 29 აპრილიდან (სარჩელის შემოტანის თარიღი) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე;
1.6 მოპასუხეებს შპს „დ–ე“-ს (ს/კ ......) და დ.ჭ–ძეს (პ/ნ ......) მოსარჩელე ი.მ. ი.მ. ასული დ–ვას (ი.ნ. .......) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2015 წლის 03 სექტემბრის N7 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიური დარიცხვის გაანგარიშებით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 27,87 აშშ დოლარს, 2022 წლის 29 აპრილიდან (სარჩელის შემოტანის თარიღი) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს „დ–ეს“ და დ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2023 წლის 9 თებერვალს 15:00 საათზე.
3.1 2023 წლის 6 თებერვალს შპს „დ–ეს“ და დ.ჭ–ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება, თუმცა 2023 წლის 9 თებერვალს დანიშნული სასამართლოს სხდომა გადაიდო სხვა საფუძვლით, კერძოდ, მოსამართლეთა არასრული კოლეგიური შემადგენლობის გამო.
3.2 სასამართლო სხდომა გადაიდო 2023 წლის 23 თებერვალს 13:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3.3 2023 წლის 16 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „დ–ეს“ წარმომადგენელმა დ.ხ–მა და განმარტა, რომ 2023 წლის 23 თებერვალს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თვენახევარია ჩანიშნული აქვს სხდომა, რის გამოც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 23 თებერვალს 13:00 საათზე ჩანიშნული სხდომის სხვა დროისთვის გადადება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით აპელანტების - შპს „დ–ეს“ და დ.ჭ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოწინააღმდეგე მხარის - ი.დ–ვას წარმომადგენლის შუამდგომლობა შპს „დ–ეს“ და დ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა; შპს „დ–ეს“ და დ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
4.1 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით იყო დაუსაბუთებელი და შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.
4.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული იქნა 13:00 საათზე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში - 14:00 საათზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლო სხდომებს შორის დროის ინტერვალის და იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული იქნა აპელანტის წარმომადგენლთან უშუალო კომუნიკაციით და მასთან შეთანხმებით, იგი ვალდებული იყო სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობის მიზნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „დ–ემ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5.1. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სხდომის გადადების შესახებ მისი მუამდგომლობა უსაფუძვლოდ. შპს „დ–ეს“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ მან გონივრულ ვადაში, ჩანიშნულ სხდომამდე 7 დღით ადრე, მიმართა სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება, სასამართლოს ჰქონდა საკმარისი დრო სხდომის გადასადებად და სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მდგომარეობა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით შპს ,,დ–ეს’’ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა გადაინიშნა 2023 წლის 23 თებერვალს, 13:00 საათზე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებში არსებული სატელეფონო აქტებით (იხ. ტომი 2, ს.ფ 203-204), რასაც კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ.
9.1 2023 წლის 16 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „დ–ეს“ წარმომადგენელმა დ.ხ–მა და განმარტა, რომ 2023 წლის 23 თებერვალს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თვენახევარია ჩანიშნული აქვს სხდომა, რის გამოც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 23 თებერვალს 13:00 საათზე ჩანიშნული სხდომის სხვა დროისთვის გადადება. (იხ. ტომი 2, ს.ფ 224)
9.2 დადგენილია ასევე, რომ 2023 წლის 23 თებერვალს 13:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ი.დ–ვას წარმომადგენელი მიხეილ ბუზარიაშვილი, რომელმაც აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა (იხ. ტომი 2, ს.ფ 226-228).
10. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სსსკ-ის 229-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ საფუძვლით, რომ აპელანტი (მოპასუხე), რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლიდან (1. თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 2. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას; 3. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ) და 229-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებიდან (თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები) გამომდინარე აპელანტის (მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ენცობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა შპს „დ–ესა“ და დ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა.
12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თუ რამდენად იყო კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით გამოწვეული.
13. სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა განსაკუთრებული ობიექტური გარემოების გამო.
13.1 განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სხდომის გამართვამდე 7 დღით ადრე განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ 2023 წლის 23 თებერვალს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თვენახევარის წინ ჩანიშნა სხდომა მისი მონაწილეობით, რის გამოც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 23 თებერვალს 13:00 საათზე ჩანიშნული სხდომის სხვა დროისთვის გადადება.
13.2 სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული იქნა 13:00 საათზე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში - 14:00 საათზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სასამართლო სხდომებს შორის დროის ინტერვალის და იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული იქნა აპელანტის წარმომადგენლთან უშუალო კომუნიკაციით და მასთან შეთანხმებით, იგი ვალდებული იყო სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობის მიზნით.
14. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მითითებულ მსჯელობას არ იზიარებს, რადგან მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში იკვეთება ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის გამოცხადებისათვის, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელმა 2023 წლის 16 თებერვლის განცხადებას დაურთო მტკიცებულება იმისა, რომ მას მონაწილეობა უნდა მიეღო საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვაში, რომელიც ჩანიშნული იყო 23 თებერვალს 14:00 საათზე, რაც სააპელაციო სასამართლოს 23 თებერვლის სხდომის დანიშვნამდე თვენახევრით ადრე დაინიშნა. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში 13:00 საათზე ჩანიშნულ პროცესზე გამოცხადების შემთხვევაში, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ადგილმდებარეობის და დედაქალაქში არსებული გადატვირთული საგზაო მოძრაობის გათვალისწინებით, აპელანტის წარმომადგენელი ვერ შეძლებდა 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დასწრებას. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 23 თებერვლის სხდომის დანიშვნა განხორციელდა აპელანტის წარმომადგენელთან შეთანხმებით, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ იყო საკმარისი საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც 9 თებერვლის სხდომა გადაიდო მოსამართლეთა არასრული შემადგენლობის გამო, აქედან გამომდინარე გარდა იმისა, რომ მხარეს ჰქონდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, მის ქმედებაში არ იკვეთებოდა პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა. ამდენად, უზენაესი სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტის მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების შესახებ დაუსაბუთებლად, რის შედეგადაც სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად (იხილეთ მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები: საქმე Nას-1047-2018, 30.11.18წ; ას-853-797-2017, 28.07.2017; ას-1109-2019, 22.11.2019წ).
14.1 უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ კანონში პირდაპირ მითითებულის გარდა, ნებისმიერი სხვა საფუძველი ინდივიდუალურად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს და ისე გადაწყდეს, არსებობს თუ არა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მხარის მიერ მითითებული გარემოებები უტყუარად უნდა ადასტურებდეს სხდომაზე გამოუხცხადებლობის შეუძლებლობას და შესაბამისი მტკიცებულებით უნდა იყოს გამყარებული.
15. კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირებისას სასამართლო ეფუძნება მოცემული დავის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, ცხადია, ყველა შემთხვევაში განსხვავებულია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე, რადგან საქმეში წარმოდგენილია სათანადო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება - თბილისის საქალაქო სასამართლოს უწყება. აღნიშნული ადასტურებს, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელიც სააპელაციო სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობას ადასტურებს. ამასთან საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აპელანტის წარმომადგენელმა გონივრულ ვადაში შეატყობინა სააპელაციო სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულუდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარისთვის როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სრულყოფილად უზრუნველსაყოფად, ისე კერძო და საჯარო ინტერესს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვისათვის, სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა), გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „დ–ეს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ლაშა ქოჩიაშვილი