Facebook Twitter

№ას-458-2022

13 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ე.პ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ს–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში სს „ე.პ. ჯ–თას“, შპს „ბ–ოს“, შპს „გ.კ–ას“, შპს „ჯ–ის“, შპს „ე–ის“, შპს „კ–ის“, შპს „ი. და მ–ის“, შპს „ქ.ს–ის“, შპს „ს.ს.ს...“-ის, შპს „ე.ი.ლ.ჯ“-ის და შპს „ს.ს.წ.გ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით - 24181.70 ლარის დაკისრების თაობაზე, საიდანაც დახოცილი ძროხების საბაზრო ღირებულებაა 10 400 ლარი, ნამატის (ხბოს) მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 2400 ლარი, რძის მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 6877.50 ლარი (მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ასევე დააზუსტა მოპასუხეთა წრე).

2. მოპასუხეებმა - სს „ე-პ.ჯ–ამ“, შპს „ს.ს.ს...“-მა, შპს „ე–მა“, შპს „ქ.ს–მა“, შპს „ი. და მ–მა“, შპს „გ.კ–ამ“, შპს „ჯ–მა“, შპს „კ–მა“ და შპს „ბ–ომ“ წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს, ხოლო, მოპასუხეებს - შპს „ე.ი.ლ.ჯ“-ის და შპს „ს.ს.წ.გ–ს“ შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ე.ს–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - სს „ე.პ.ჯ–იას“, შპს „გ.კ–ას“, შპს „ჯ–ს“, შპს „ე–ს“, შპს „ი. და მ–ს“, შპს „ქ.ს–ს“, შპს „ს.ს.ს...“-ს, შპს „ე.ი.ლ.ჯ“-ისა და შპს „ს.ს.წ.გ–ს“ მოსარჩელე ე.ს–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 15677.50 ლარის გადახდა, ხოლო, ე.ს–ის სასარჩელო მოთხოვნა შპს „ბ–ოსა“ და შპს „კ–ის“ მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „გ.კ–ამ“, შპს „ჯ.კ–მა“; შპს „ს.ს.ს...“-მა, შპს „ქ.ს–მა“, შპს „ე–ი-გ–მა“, შპს „ი. და მ–მა“; სს „ე-პ.ჯ–ამ“ და შპს „ე.ი.ლ.ჯ“-იმ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „ე-პ.ჯ–ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს „ე-პ.ჯ–ასათვის“ 15 677,50 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 470,33 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, დარჩა უცვლელად, ხოლო, შპს „გ.კ–ას“, შპს „ჯ.კ–ის“, შპს „ს.ს.ს...“-ის, შპს „ქ.ს–ის“, შპს „ე–ი-გ–ის“, შპს „ი. და მ–ისა“ და შპს „ე.ი.ლ.ჯ“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „გ.კ–ას“, შპს „ჯ–ის“, შპს „ე–ის“, შპს „ი. და მ–ის“, შპს „ქ.ს–ის“, შპს „ს.ს.ს...“-ისა და შპს „ე.ი.ლ.ჯ“-ის მიმართ მოსარჩელე ე.ს–ის სასარგებლოდ 15677.50 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და მათ მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2013 წლის 07 სექტემბერს, მოსარჩელე ე.ს–ის კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, გორის რაიონის სოფელ .......... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.წ–ის (შპს „კ–ი“) გვერდით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

6.1.1. სააპელაციო პალატამ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2013 წლის 07 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ .......... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.წ–ის (შპს „კ–ი“) გვერდით, 35/10 ქვესადგურ ფ–ან გამომავალი 10 კვ. ფ. „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის ფაქტი დაფიქსირდა. მოსარჩელე მისი კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვას სს „ე-პ.ჯ–ას“ მხრიდან აბონენტებისათვის, კერძოდ, მოპასუხეებისათვის ელექტოენერგიის მიწოდების პროცესში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის ფაქტს უკავშირებდა, რასაც სადაოდ ხდიდნენ აპელანტები.

6.1.2. სადავო საკითხთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ შსს გორის რაიონულ სამმართველოში, 2013 წლის 7 სექტემბერს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად, ე.ს–ის კუთვნილი 2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაუფრთხილებლობით დახოცვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1881 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, თუმცა, შემდეგში კვალიფიკაცია სსკ-ის 2401-ე მუხლის პირველი ნაწილით შეიცვალა.

6.1.3. სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსის წერილის მიხედვით დგინდება, რომ სპეციალისტების (ვეტ.ექიმები) მიერ დათვალიერებულ იქნა ე.ს–ის კუთვნილი ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თუმცა, ვინაიდან პირუტყვი დიდი ხნის დახოცილი იყო და ლეში გახრწნის პროცესში იმყოფებოდა, სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა.

6.1.4. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სიკვდილის მიზეზი სპეციალისტების (ვეტ.ექიმები) მიერ ვერ დადგინდა, თუმცა, ამ მიმართებით, საყურადღებო იყო სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ურთიერთშეჯერების, ერთობლივად გაანალიზების, გონივრული და ობიექტური განსჯის შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ე.ს–ის კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. კერძოდ, პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

- 2013 წლის 07 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ .......... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.წ–ის უკანა მხარეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, გზას სამხრეთის მხარეს გასდევს ბეტონის ბოძებზე დამაგრებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. გზას სამხრეთის მხარეს ორი ცალი ბეტონის ბოძზე გამავალი ელექტროსადენის ერთი ხაზი არის დაშვებულ მდგომარეობაში და დევს ბუჩქნარზე. აღნიშნული ბოძიდან 15 მეტრში ბუჩქებთან ძირს გდია მკვდარი ყავისფერი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ძროხა), რომელსაც ყურზე უკეთია ყვითელი პლასტმასისმაგვარი ნაჭერი, სადაც აწერია 63443. ყავისფერი მკვდარი ძროხიდან დაახლოებით 32 მეტრის მანძილზე გადის წყლის არხი, რომლის ნაპირები ორივე მხარეს არის დაბეტონებული. აღნიშნულ არხში გდია თაფლისფერი ძროხა, რომელსაც ყურზე უკეთია ყვითელი პლასტმასისმაგვარი ნაჭერი, სადაც აწერია 63444. არცერთ მკვდარ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს არ აღენიშნება გარეგანი დაზიანების კვალი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ორი სული მკვდარი ძროხა, რომლებიც ხელწერილის ჩამორთმევით ჩაბარდა მის მესაკუთრეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ყვითელი ფერის პლასტმასის მაგვარი ნაჭრები, რომლებსაც აწერია ნომრები - 63443 და 63444 და დაილუქა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ფოტოგადაღება მიმდინარეობდა, ფოტოსურათები ერთვის ოქმს და ფოტოსურათებში ჩამოვარდნილი ელექტრო სადენი დაფიქსირებულია, რომელიც დევს ასკილის ბუჩქზე; ელექტროსადენის ქვეშ მკვდარი ყავისფერი ძროხა გდია, ხოლო, მეორე მკვდარი თაფლისფერი ძროხა გდია წყლის არხში, რომელიც ჩამოვარდნილ ელექტროგადამცემ ხაზთან ახლოსაა.

- მოსარჩელე ე.ს–ის შვილის - ლ.ს–ის მიერ, გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენების მიხედვით, 2013 წლის 06 სექტემბერს, მისი და მისი ოჯახის კუთვნილი ძროხები საბალახოდ გორის რაიონის საოფელ ........ მინდვრებში გაუშვეს. საღამოს რომ აღარ დაბრუნდნენ, ის და მამამისი მოსაძენად წავიდნენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე წისქვილკომბინატის უკანა მხარეს მთელ სიგრძეზე აშენებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც სავარაუდოდ გ.წ–ი და ს–ო ქარხანა მარაგდება. ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ არის ასკილის ბუჩქი. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი ასკილის ბუჩქებზე იყო ჩამოვარდნილი, ხოლო მათი კუთვნილი ერთი მეწველი ძროხა ძირს ეგდო, მეორე მეწველი ძროხა კი, ცოტა მოშორებით, ფერდობის ძირში გამავალ წყლის არხში ჩავარდნილიყო. აღნიშნულის შესახებ მამამისს აცნობა და 112-ში დარეკეს. ცოტა ხნის შემდეგ, ადგილზე სს „ე-პ.ჯ–ას“ თანამშრომელი ა.ბ–ი მივიდა, რომელმაც თქვა, რომ ჩამოვარდნილი ხაზი სს „ე-პ.ჯ–ას“ არ ეკუთვნოდა და ს–ო ქარხნის საკუთრებას წარმოადგენდა. ა.ბ–მა სპეციალური მოწყობილობით შეამოწმა გადიოდა თუ არა დენი და დარეკა, რომ დენი გამოერთოთ. ამის შემდეგ წავიდნენ დანარჩენი დაკარგული 2 სული პირუტყვის მოსაძებნად.

- ლ.ს–ის ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა ე.ს–მა და დამატებით განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მისი შვილი დანარჩენი პირუტყვის მოსაძებნად წავიდა, ს–ოს ინჟინერი - ვ.მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნული ხაზი ს–ო - შპს „გ–ის“ საკუთრება იყო და მოვიდა იმის გამო, რომ ს–ოს დენის მიწოდება შეუწყდა (ტ.2, ს.ფ. 8-9).

- ე.ს–ი მოწმის სახით განმეორებით 2013 წლის 23 სექტემბერს დაიკითხა, რა დროსაც განმარტა, რომ 2013 წლის 7 სექტემბერს ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვადნისას დაიხოცა მისი კუთვნილი საქონელი, თუმცა 7 სექტემბერს ადგილზე, წისქვილკომბინატის უკანა მხარეს 2 სული ძროხა იპოვა, დანარჩენი ორი კი დაიკარგა; 21 სექტემბერს კი მას შეატყობინეს, რომ სოფელ ტ–თან სარწყავ არხში 2 სული მკვდარი ძროხა იპოვეს. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ შემთხვევის ადგილიდან ქვემოთ, სოფელ ტ–ის მხარეს დაახლოებით 100 მეტრში, სარწყავ არხში, რომელიც დაფარულია მაყვლის ბუჩქებით, მისი კუთვნილი 2 სული მკვდარი ძროხა ეგდო, რომელთაგან ერთი წაბლისფერი იყო, დაახლოებით 300 კილოგრამს იწონიდა და 8 ლიტრს იწველიდა. მოსაგები იყო დეკემბერ-იანვარში, ხოლო, მეორე ძროხა 2 წლის და 6 თვის იყო, ღია წაბლისფერი, დაახლოებით 250 კილოგრამი და მოსაგები იყო იანვრის თვეში (ტ.2, ს.ფ. 64-66).

- მოწმის სახით დაკითხული სს „ე-პ.ჯ–ას“ თანამშრომლის, წამყვანი ინჟინრის, ა.ბ–ის ჩვენებით, 2013 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე მობილურ ტელეფონზე დაურეკა უფროსმა და უთხრა, რომ .......... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.წ–ის უკანა მხარეს, ელექტროგადამცემი ხაზი იყო ჩამოვარდნილი და დახოცილი იყო პირუტყვი. ადგილზე მისვლისას გაარკვია, რომ იზოლატორიდან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი იყო ჩამოვარდნილი, რომელიც სს „ე-პ.ჯ–ას“ ბალანსზე არ ირიცხება. ელექტროგადამცემი ხაზი იდო ასკილის ბუჩქზე და დახოცილი იყო 2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ერთი ეგდო გზის პირას ასკილის ბუჩქთან, მეორე ცოტა მოშორებით წყლის არხში, რომელიც გადის წისქვილკომბინატის ძირში. ადგილზე დახვდა დახოცილი საქონლის მესაკუთრე ე.ს–ი. მან ქვესადგურის მორიგესთან დარეკა, რომელიც ასევე ადგილზე გავიდა და თქვა, რომ აღნიშნული ხაზი იყო ს–ოს (ფიდერი ს–ო) საკუთრება. ამის შემდეგ ქვესადგურის მორიგეს გამოართვევინა ელექტროენერგია (ტ.2, ს.ფ. 38-39).

- 2013 წლის 21 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ......... მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სარწყავ არხში ნანახი იქნა 2 სული დახოცილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც ხელწერილის საფუძელზე ჩაბარდა მეპატრონეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ფოტოგადაღება მიმდინარეობდა, ფოტოსურათები ერთვის ოქმს და ფოტოსურათებში დაფიქსირებულია სარწყავ არხში ჩავარდნილი 2 სული დახოცილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ტ.2, ს.ფ. 67-95).

- 2016 წლის 31 მარტის №001820116 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2013 წლის 07 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ .......... მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.ს–ის კუთვნილი ოთხი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაღუპვის დროს დარღვეული იყო ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 პუნქტის მოთხოვნა; ამავე დასკვნის მიხედვით განიმარტა, რომ საქართველოს ენრეეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანების, „უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას“ 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, აკრძალულია 8 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოება 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის სეგხ-ის მიწაზე დავარდნილ სადენთან, ძაბვის ქვეშ მყოფ 6-35 კვ სეგ-ის რკინაბეტონის საყრდენებთან, თუ არსებობს მიწასთან შერთვის დენის გადინების ნიშნები (იზოლატორის დაზიანება, სადენის საყრდენთან შეხება, ნიადაგიდან ტენის აორთქლება, ელექტრული რკალის წარმოშობა ანძის გრუნტში ჩამაგრების ადგილებში და სხვა); ამავე დასკვნით დგინდება, რომ ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 მოთხოვნის თანახმად, - დაუსახლებელ პუნქტში 110 კვ-მდე, საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზსა და მიწის ზედაპირს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 6 მეტრს. მოცემულ შემთხვევაში, ელექტროსადენი ჩამოვარდნილია და დევს ბუჩქებზე, რასთან შეხებამაც გამოიწვია ძროხების სიკვდილი, შესაბამისად, აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 პუნქტის მოთხოვნა (ტ.2, ს.ფ. 216-224).

- 18.08.2016 წლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით, ს.ს. №011070913.. საქმეზე ე.ს–ის პირუტყვის დახოცვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2401 მუხლის პირველი ნაწილით, ე.ს–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად და დაზარალებულად ცნობის საფუძველი 2013 წლის 07 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ .......... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.წ–ის გვერდით, 35/10 ქვესადგურ „ფ–ან“ გამომავალი 10 კვ. ფ. „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად, მისი კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაღუპვა გახდა, რის შედეგადაც ე.ს–ს მიადგა 6200 ლარის მნიშვნელვანი ზიანი (ტ.2, ს.ფ. 226-227).

6.1.5. პალატამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული თითოეული გარემოება და მტკიცებულება ცალ-ცალკე, განყენებულად, მოსარჩელე ე.ს–ის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სიკვდილის უშუალო მიზეზს შესაძლოა ვერ ასახავდა, თუმცა, მათი ურთიერთშეჯერების, ერთობლივად გაანალიზების, გონივრული და ობიექტური განსჯის შედეგად, პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სარწმუნოდ მიიჩნია ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის გამო, ელექტროენერგიის ზემოქმედების შედეგად დაიხოცა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის მასალებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებითა ცალსახად დგინდებოდა, რომ ელექტროენერგიის ზემოქმედების შედეგად, ე.ს–ის კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიხოცა, რაც გამორიცხავდა მოპასუხეებისა და იმავე დროს აპელანტების პოზიციას მასზედ, რომ დახოცილი პირუტყვის ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ იყო. პალატის განმარტებით, საწინააღმდეგო მოსაზრების გაზიარების მიზნით, შემდავებელს სასამართლოსთვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც სასამართლოსთვის უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მისი პოზიციის სისწორეს, აღნიშნულს კი, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.

6.2.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვის შედეგად, მოსარჩელე ე.ს–ს 15 677.50 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

6.2.1. მითითებული საკითხის გამორკვევის მიზნით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ მტკიცებულებებზე:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 21 ოქტომბრის №004722913 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვის შედეგად ე.ს–ზე მიყენებული ზარალის ოდენობა შეადგენს 3200 ლარს, ხოლო, №004722713 დასკვნის თანახმად კი, ასევე 2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვის შედეგად ზარალი შეადგენს 3200 ლარს.

- 18.08.2016 წლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად ე.ს–ის კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაღუპვით, მას მიადგა 6200 ლარის ოდენობით ზიანი.

- ა(ა)იპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის 2017 წლის 05 ივნისის №1/5/0076 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ე.ს–ის საკუთრებაში არსებული ოთხი სული შვიცური ჯიშის მეწველი ძროხების სიკვდილის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ოთხი წლის განმავლობაში შეადგინა 24 181.70 ლარი, კერძოდ:

- 4 სული შვიცური ჯიშის მეწველი ძროხების საბაზრო ღირებულება - 10 400 ლარი;

- ხბოების მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 2400 ლარი;

- რძის მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 6877.50 ლარი.

6.2.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, მტკიცებულებებს წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვთ. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ამ თვალსაზრისით შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და მათგან, 4 სული დახოცილი მსხვილფეხა რქოსანი საქონლის საბაზრო ღირებულების შეფასებისას, უპირატესობა მიანიჭა გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მიერ გაცემულ დასკვნებს, ვინაიდან აღნიშნული დასკვნები სასამართლოს მოსაზრებით, უფრო რეალურად ასახავდა ზიანს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ა(ა)იპ ექსპერტთა კავშირის მიერ გაცემულ დასკვნას, აღნიშნული დასკვნა დახოცილი საქონლის საბაზრო ღირებულების შეფასების ნაწილში, სასამართლოს მოსაზრებით ბუნდოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შეფასებული იყო კონკრეტულად შვიცური ჯიშის ძროხის ფასი, განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელის კუთვნილი ძროხების კონკრეტული ჯიში დადგენილი არ იყო. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ლოგიკური და, შესაბამისად, მოტივირებული იყო. სასამართლოს მოტივაცია კი, მოპასუხის მხრიდან შესაბამისი კონტრარგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, გაქარწყლებული ვერ იქნა. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ ზიანის ოდენობა დაუსაბუთებელი იყო, რადგან წარმოდგენილი მასალებით არ ჩანდა, დაცემული საქონლის ხორცი თავად მოსარჩელემ გამოიყენა თუ რეალიზაცია გაუკეთა. აღნიშნული არგუმენტის საპირისპიროდ, პალატამ მიუთითა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსის წერილზე, რომლის მიხედვით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა, რადგან პირუტყვი დიდი ხნის დახოცილი იყო და ლეში გახრწნის პროცესში იმყოფებოდა. აღნიშნული გარემოება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქონლის ხორცის გამოყენებას ანდა მისი რეალიზაციის შესაძლებლობას გამორიცხავდა.

6.3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ საქმის განხილვისას და ასევე შსს გორის რაიონულ სამმართველოში გამოძიებისას, ქ. გორში, 35/10 ქვესადგურ „ფ–ან“ გამომავალი 10 კვ. ფ. „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრე, რომლის ჩამოვარდნამაც მოსარჩელის კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვა გამოიწვია, ვერ დადგინდა; თუმცა, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დასახელებული ხაზით, სს „ე-პ.ჯ–ა“ ელექტროენერგიას შპს „გ.კ–ას“, შპს „ჯ.კ–ს“, შპს „ს.ს.ს...“-ს, შპს „ქ.ს–ს“, შპს „ე–ი-გორს“, შპს „ი. და მ–ს, სს „ე-პ.ჯ–ას“, შპს „ე.ი.ლ.ჯ“-ის სწორედ ზემოაღნიშნული ფ. „ს–ოს“ (შპს „კ–ის“ კუთვნილი ქვესადგურის) გავლით აწვდიდა.

6.3.1. დასახელებული საკითხების გამორკვევისას, პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

- სს „ე-პ.ჯ–ას“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 26 ოქტომბრის №5009263 წერილის მიხედვით, ქვესადგურ „ფ–ან“ გამავალ 10 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ს–ოზე“ ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობისათვის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, ვინაიდან მსგავსი თხოვნით ეკომპანიისთვის არავის არ მიუმართავს. ამავე წერილით დგინდება, რომ სემეკის 18.09.08 #20 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ავალდებულებს არალიცენზიატ ქსელის მფლობელ პირს მისი ელ.ხაზებით სარგებლობის თმენას, სხვა მომხმარებელთა ელ.ენერგიით მომარაგების მიზნით. ანუ, მესაკუთრეს აქვს კანონისმიერი ვალდებულება ითმინოს მისი ელ.ხაზების გამოყენება, ხოლო, აღნიშნულ მომსახურებაში კანონით დადგენილი საფასურის მოთხოვნა ამ პირების უფლებას (და არა ვალდებულებას) წარმოადგენს. ამ დრომდე კი, ეკომპანიისათვის მსგავსი თხოვნით და სემეკის 30.12.13 #15 დადგენილებით განსაზღვრული წესების დაცვით, არავის მიუმართავს. წერილშივე განმარტებულია, რომ ვინაიდან 10 კვ. ეგხ „ს–ო“ არ წამორმოადგენს სს „ე-პ.ჯ–ას“ საკუთრებას, ხაზის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი დანიშნული არ ჰყავთ. აბონენტად აყვანას ეკომპანია ნორმატიული წესების, კერძოდ, 18.09.08 #20 დადგენილების (მათ შორის მე-4, მე-5, მე-6; 26-ე; 26' და სხვა.) შესაბამისად ახორციელებს. ეკომპანია ვალდებულია აბონენტამდე მიიყვანოს ელ.ენერგია, მაგრამ ეკომპანიის პასუხისმგებლობა მთავრდება გაყოფის წერტილთან (აღრიცხვის კვანძთან) და შიდა ქსელის გამართულ მდგომარეობაში არსებობაზე პასუხისმგებელი თავად აბონენტია (ტ.2, ს.ფ. 187-188).

- მოწმის სახით დაკითხული შპს „გ. ს. ქ.კ–ას“ მთავარი ინჟინრის - ვ.ხ–ის ჩვენების მიხედვით, ს–ო ქარხანას ელექტროენერგია მიეწოდება ფ–ეს 35/10 კვ. ქვესადგურიდან 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზით „ს–ო“, რომელიც არ წარმოადგენს ს–ო ქარხნის საკუთრებას და საბუთებით არ ირიცხება ს–ო ქარხნის ბალანსზე. აღნიშნული 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგია მიეწოდება დაახლოებით 15-დან 20-მდე სხვადასხვა ობიექტს, რომელთა ზუსტი რაოდენობა და დასახელება მისთვის უცნობია. ამასთან, მისივე ჩვენებით, ფ–ეს 35/10 კვ. ქვესადგურიდან გამავალი 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ს–ო“ არ ირიცხება შპს „გ.კ–ას“ ბალანსზე და ამ ხაზით მარაგდება დაახლოებით 15-დან 20-მდე სხვადასხვა დაწესებულება (ტ.2, ს.ფ. 41-44); იმავეს უთითებს შპს „გ. ს. ქ. - კ–ას“ შრომის, დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერი - ზ.მ–ი (ტ.2, ს.ფ. 45-48); შპს „გ.კ–ას“ მიერ გამომძიებლისათვის გაგზავნილი მიმართვის მიხედვით, შპს „ფ–ან“ გამომავალი 10 კვ ფიდერი მათ ბალანსზე არ არიცხება და მათივე ინფორმაციით აღნიშნული ფიდერიდან მოდის ხაზი, რომელზეც ჩართულია დაახლოებით 10 ორგანიზაცია, მათ შორის ამ ხაზით მიეწოდება ელექტროენერგია მათ ტრანსფორმატორებამდე (ტ.2, ს.ფ. 120); შპს „კ–ის“ ე სამსახურის უფროსის, ა.ყ–ძის ჩვენებით, შპს „კ–ი“ ადრე იწოდებოდა შპს „ფ–“. წისქვილკომბინატს საკუთრებაში აქვს 35/10 ქვესადგური „ფ–ე“. აღნიშნულ ქვესადგურში დგას ორი ტრანსფორმატორი, რომელთაგან ერთს მთლიანად მოიხმარს შპს „კ–ი“, ხოლო მეორე ტრანსფორმატორს მოიხმარს ე-პ.ჯ–ა“ და ამ ტრანსფორმატორიდან გადის 10 კვ. ფიდერი ს–ოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც, როგორც მისთვისაა ცნობილი არ ირიცხება „ე-პ.ჯ–ას“ ბალანსზე და წესით უნდა ირიცხებოდეს იმ წარმოების ბალანსზე, ვინც აღნიშნული ხაზიდან მოიხმარს ელექტროენერგიას. აღნიშნული ხაზიდან ელექტროენერგიას მოიხმარს შპს „გ.კ–ა“ წვენების ქარხანა და ასევე სხვა რამდენიმე საწარმო, თუ რომელი საწარმოებია მისთვის უცნობია, თუმცა, ვინაიდან სს „ე-პ.ჯ–ა“ მოიხმარს 35/10 ქვესადგური „ფ–ეს“ ერთ ტრანსფორმატორს, წესით მას უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება იმ მომხმარებლებთან, რომლებსაც ელექტროენერგია მიეწოდებათ აღნიშნული ტრანსფორმატორიდან გამავალი 10 კვ ფიდერი „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზიდან (ტ.2, ს.ფ. 137-138); მოწმის სახით დაკითხული სს „ე-პ.ჯ–ას“ გორის მომსახურების ცენტრის მენეჯერის, ს.ყ–ის ჩვენებით, 35/10 ქვესადგური „ფ–ე“, რომელიც არის წისქვილკომბინატის საკუთრება და მის მართვაშია. ქვესადგურში დგას ორი ტრანსფორმატორი, რომელთაგან ერთს მთლიანად მოიხმარს შპს „კ–ი“ (ყოფილი ფ–ე), ხოლო, მეორე ტრანსფორმატორს მოიხმარს „ე-პ.ჯ–ა“ და იმ ტრანსფორმატორიდან გადის 10 კვ ფიდერი ს–ოს მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი, რომელიც არ ირიცხება „ე-პ.ჯ–ას“ ბალანსზე და არც მის მართვაშია. აღნიშნული ტრანსფორმატორიდან გამოდის კიდევ რამდენიმე ფიდერი, რომლებიც აბონენტების საკუთრებაში და მართვაშია და ამავდროულად მათი კერძო საკუთრებაა, ხოლო, ერთერთ ფიდერზე, რომელსაც ჰქვია „ფ–უნა“ ემსახურება სს „ე-პ.ჯ–ა და მისი დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებას სს „ე-პ.ჯ–ა“ აღადგენს. რაც შეეხება ქვესადგური „ფ–ან“ გამომავალი 10 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელსაც ს–ო ქარხანა მოიხმარს, სავარაუდოდ მისივე საკუთრებაა და სს „ე-პ.ჯ–ას“ ბალანსზე არ ირიცხება, შესაბამისად, არც მისი შეკეთების ვალდებულება გააჩნია (ტ.2, ს.ფ.143-144); მოწმის სახით დაკითხული შპს „ე–ის“ წარმომადგენლის, ტ.მ–ის ჩვენებით, შპს „ე–ს“ ელექტროენერგია ფ–ეს 35/10 კვ ქვესადგურიდან გამავალი 10 კვ. ელექტროგადამცემი „ს–ო“ ხაზით მიეწოდება, მაგრამ აღნიშნული ხაზი მის ბალანსზე არ ირიცხება (ტ.2, ს.ფ. 154); მოწმის სახით დაკითხული შპს „ს.ს.ს...“-ის დირექტორის შ.ა–ძის ჩვენებით, იგი 1995 წლიდან ფლობს შპს „ს.ს.ს...“-ს, ომელიც ქ. გორში, ...... მდებარეობს და მხოლოდ ოფისი აქვს, საწარმოო პროცესი არ მიმდინარეობს და ელექტროენერგია „ფ–ეს“ 35/10 კვ. სადგურიდან გამომავალი 10 კვ. ელექტროგადამცემი „ს–ო“ ხაზით „საქმიანი ეზოს“ ტერიტორიაზე განთავსებული ტრანსფორმატორის გავლით მიეწოდება (ტ.2, ს.ფ.171-172).

- სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გამომძიებლისადმი გაგზავნილი წერილის მიხედვით, ქ. გორში, ...... მე-2 კილომეტრზე მდებარე 35/10 ქვესადგურ „ფ–ან“ გამომავალი 10 კვ. ფიდერი „ს–ო“ ელექტროგადამცემი ხაზი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის ბალანსზე არ ირიცხება და მათთვის უცნობია, თუ ვის ბალანსზე და ვის მართვაშია დასახელებული ელექტროგადამცემი ხაზი (ტ.2, ს.ფ. 108).

- შსს გორის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებლისათვის გაგზავნილ წერილში, სს „ე-პ.ჯ–ას“ ფილიალის დირექტორი, მართალია, აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული 10 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით იკვებებიან: შპს „ი–ა ....“, საქმიანი ეზო, საგზაო სამმართველო, უსინათლოთა საზოგადოება, წვენების ქარხანა, შპს „კ. და კ–ია“ და ს–ო ქარხანა, თუმცა, იგი ვერ მიუთითებდა თუ ვინ იყო ელექტროგადამცემი ხაზის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი. წერილშივე აღნიშნული იყო, რომ მათთვის უცნობი იყო თუ ვის ბალანსზე ირიცხებოდა ელექტროგადამცემი ხაზი (ტ.2, ს.ფ. 63).

6.3.2. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე ვინმეს, მათ შორის, მოპასუხედ დასახელებული პირთა საკუთრების უფლება საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდებოდა. უფრო მეტიც, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი არავის ბალანსზე არ ირიცხებოდა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილისა და აპელანტების მიერ, სადავო ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ზიანზე, როდესაც მომეტებული საფრთხის წყაროს (ნაგებობის ან ნივთის) მესაკუთრე არ იკვეთება და ეგამანაწილებელი კომპანია ამ ქონების ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო, მესამე პირები კი, მისით სარგებლობდნენ.

6.3.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ელექტროენერგიის რეალიზაციისას დარღვეული იყო ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები.

6.3.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გორში 35/10 ქვესადგურ „ფ–ან“ გამომავალი 10 კვ. ფ. „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით, რომლის ჩამოვარდნის შედეგადაც მოსარჩელის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიხოცა, სს „ე-პ.ჯ–ა“ ახორციელებდა ელექტროენერგიის განაწილებას, ხოლო, იმ გარემოების გამორკვევის მიზნით, თუ რამდენად იყო დაცული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №20 დადგენილების მოთხოვნები, პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილებით, ტექნოლოგიურ-მასალათმცოდნეობითი ექსპერტიზა დაინიშნა, რომელსაც შემდეგი კითხვები დაესვა: 1) რამ გამოიწვია მაღალი ძაბვის 10 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ჩამოვარდნა და იზოლატორის დაზიანება; 2) შესაძლებელია თუ არა მაღალი ძაბვის იზოლატორის ექსპლუატაციის ვადის გასვლას გამოეწვია ელექტრო სადენის ჩამოვარდნა.

- სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილებით, ექსპერტიზას შემდეგი კითხვები დაესვა: 1) აკმაყოფილებდა თუ არა 35/10 ქვესადგურ „ფ–ან“ გამომავალი 10 კვ. ფიდერი „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი უსაფრთხოების ნორმებს; 2) რას შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნა; 3) უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაცული უნდა ყოფილიყო თუ არა აღნიშნული ტერიტორია (ტ.2, ს.ფ. 204-205).

- 2016 წლის 31 მარტის №001820116 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2013 წლის 07 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ .......... მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.ს–ის კუთვნილი ოთხი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაღუპვის დროს დარღვეული იყო ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 პუნქტის მოთხოვნა; 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის სადენის ჩამოვარდნა შესაძლებელია გამოეწვია, როგორც გარემო კლიმატურ პირობებს, ასევე ფიზიკურ ზემოქმედებასა და იზოლატორის არასათანადო დამაგრებას ტრავერსზე; საქართველოს ენეგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანების, „უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას“ მუხლი 57 პუნქტი 3-ის მოთხოვნის თანახმად, აკრძალულია 8 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოება 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის სეგხ-ის მიწაზე დავარდნილ სადენთან, ძაბვის ქვეშ მყოფ 6-35 კვ. სეგ-ის რკინაბეტონის საყრდენებთან, თუ არსებობს მიწასთან შერთვის დენის გადინების ნიშნები (იზოლატორის დაზიანება, სადენის საყრდენთან შეხება, ნიადაგიდან ტენის აორთქლება, ელექტრული რკალის წარმოშობა ანძის გრუნტში ამაგრების ადგილებში და სხვა). ასეთ შემთხვევაში, სადენებთან და ანძებთან ადამიანების და ცხოველების მიახლოების აღსაკვეთად ორგანიზებული უნდა იყოს დაცვა, შეძლებისდაგვარად უნდა დაყენდეს გამაფრთხილებელი პლაკატები ან ნიშნები და მომხდარის შესახებ ეცნობოს ხაზის მფლობელს.

ამავე დასკვნით დგინდება, რომ ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 მოთხოვნის თანახმად, - დაუსახლებელ პუნქტში 110 კვ-მდე, საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზსა და მიწის ზედაპირს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 6 მეტრს. მოცემულ შემთხვევაში, ელექტროსადენი ჩამოვარდნილია და დევს ბუჩქებზე, რასთან შეხებამაც გამოიწვია ძროხების სიკვდილი, შესაბამისად, აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 პუნქტის მოთხოვნა (ტ.2, ს.ფ. 216-224).

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 სექტემბრის წერილის მიხედვით, 2013 წლის 16 სექტემბერს, დილის 10 საათიდან 07 სექტემბრის დილის 10 საათამდე აღინიშნა უნალექო ამინდი, ღრუბლოიანობა ამ პერიოდში 01-4 ბალის ფარგლებში იყო (მცირე მოღრუბლულობა). დღის განმავლობაში ქროდა სუსტი (3-8 მ/წმ), 06 სექტემბრის 22 საათზე - 10 მ/წმ (ზომიერი). ჰაერის მინიმალურმა ტემპერატურამ შეადგინა +8°, მაქსიმალურმა +25° (ტ.2, ს.ფ 169). მოცემული წერილის მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის სადენის ჩამოვარდნა შეუძლებელია გარემო ბუნებრივ პირობებს გამოეწვია.

- სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ქვესადგური შემოღობილი არ იყო. ამასთან, სადენებთან და ანძებთან ადამიანების და ცხოველების მიახლოების აღსაკვეთად, შესაბამისი ზომები მიღებული არ იყო.

- მოწმის სახით დაკითხული შპს „გ. ს. ქ.კ–ას“ შრომის, დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერის - ზ.მ–ის გაკითხვის ოქმის მიხედვით, იზოლატორის სამაგრი, რომელიც პლასტმასისაა და რითიც ელექტროგადამცემი ხაზი ბეტონის ბოძზე იყო დამაგრებული, გატეხილი იყო, რის გამოც ელექტროგადამცემი ხაზი ჩამოვარდა. ამის შემდეგ იგი და ვ.ხ–ი წავიდნენ გ–ში და მივიდნენ სს „ე-პ.ჯ–ას“ გორის ცენტრის უფროსთან მ.ყ–თან, რომელსაც ვაჟამ სთხოვა აღნიშნული ხაზის შეკეთება, რადგან ს–ოს ქარხანაში პროდუქცია უფუჭდებოდათ, მაგრამ მ.ვ–მა განაცხადა, რომ აღნიშნული ხაზი მათ ბალანსზე არ ირიცხებოდა და სს „ე-პ.ჯ–ა“ ვერ შეაკეთებდა (ტ.2, ს.ფ.45-48).

- ამასთან, მოწმის სახით დაკითხული შპს „გ.კ–ას“ მთავარი ინჟინრის, ვ.ხ–ის განმარტებით, 2013 წლის 7 სექტემბერს მათ მიერ აღდგენილი იქნა ელექტროგადამცემი ხაზი, ვინაიდან სს „ე-პ.ჯ–ამ“ უარი განაცხადა საკუთარი ხარჯებით ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული ხაზი არ ირიცხებოდა მათ ბალანსზე. რაც შეეხება ს–ო ქარხანას, მას არ ჰყავს სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელსაც შეხება აქვს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან და არ დაუცვიათ უსაფრთხოების ნორმები, ვინაიდან ს–ო ქარხანას არ ჰქონდა ამის ცოდნა და ვალდებულება (ტ.2, ს.ფ. 224-225).

6.3.2. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სს „ე-პ.ჯ–ა“ ელექტროენერგიის მომხარებელებისათვის მიწოდებისას ვალდებული იყო დაეცვა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებითა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ელექტროენერგიის რეალიზაციისას, სს „ე-პ.ჯ–ას“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

6.4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ელექტროენერგიის რეალიზაციისას, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ სს „ე-პ.ჯ–ას“ უნდა დაკისრებოდა.

6.4.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, 10 კვ. ფ. „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის მეშვეობითაც აბონენტებს მიეწოდებოდა ელექტროენერგია, წარმოადგენდა მომეტებული საფრთხის წყაროს, რასაც მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, თუმცა, მხარეთა შორის დავას იწვევდა ის გარემოება, თუ ვინ იყო 10 კვ. ფ. „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი, რადგან სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი, მომეტებული საფრთხის წყაროს პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა.

6.4.2. პალატამ აღნიშნა, რომ მომეტებული საფრთხის წყაროს შემცველი ნაგებობის ფლობა უნდა ხორციელდებოდეს კანონის შესაბამისად, საკუთრების ან სხვა სანივთო უფლების საფუძველზე. აღნიშნული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ ვინ იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის კანონიერი მფლობელი.

6.4.3. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, სს „ე-პ.ჯ–ას“ რეგისტრირებული საკუთრების უფლება 10 კვ. ფ. „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე არ დასტურდებოდა, თუმცა, ის გარემოება, რომ ელექტროგადამცემი ხაზის მიმართ მესაკუთრეობის ფაქტი ვერ დადგინდა, არ გამორიცხავდა ამ ნაგებობაზე მფლობელობის არსებობას. პალატის განმარტებით, ქონების ექსპლუატაცია ან მისი სხვა ფორმით გამოყენება წარმოადგენს ნივთზე ფაქტობრივი ბ–ობის გამოხატვის ერთერთ ყველაზე უფრო ტიპიურ ფორმას. ნივთით სარგებლობა უშუალოდ არის დაკავშირებული ნივთის ფლობასთან და ხშირ შემთხვევაში მოსარგებლე და მფლობელი ერთი და იგივეა, თუმცა, მფლობელობა, როგორც ირიბი ან პირდაპირი, უნდა გაიმიჯნოს ხაზოვანი ნაგებობიდან მოწოდებული პროდუქტის, მოცემულ შემთხვევაში, ელექტროენერგიის მოხმარებისაგან. იმისათვის, რომ ელექტროგადამცემი ხაზით მოსარგებლეები ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტებად იქცნენ, აუცილებელია ხაზოვან ნაგებობასთან მათი სამართლებრივი კავშირის დადგენა. ამ მიზნით, სასამართლომ უნდა დაადგინოს ამ ქონებასთან მიმართებით მესაკუთრე ხომ არ იყო შეზღუდული სანივთო უფლების მატარებელი პირი, ანუ არაპირდაპირი მფლობელი, ხოლო მოპასუხე - მართლზომიერი, პირდაპირი მფლობელი.

6.4.4. პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ვინმეს ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო ხოლო, მარტოოდენ ელექტროენერგიის მოხმარება, ელექტროგადამცემ ხაზზე მფლობელობის დადგენის საფუძველი ვერ გახდებოდა. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ ვინაიდან მოპასუხეები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობდნენ, იგულისხმებოდა, რომ მისი მფლობელები იყვნენ.

6.4.5. განსახილველ შემთხვევაში, პალატის მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ სს „ე-პ.ჯ–ას“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრალეულ ქმედებას, რაც გამოიხატა წინდახედულობისა და უსაფრთხოების ნორმების უგულველყოფაში, კერძოდ, კონტროლის განხორციელების გარეშე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზში ელექტროენერგიის გატარებაში; მის აღდგენასა თუ ზედამხედველობაზე პასუხიმგებელი პირი ყოლის ვალდებულების იგნორირებაში; მაღალი ძაბვის ელექტროსადენით ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებაში მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნული გადამცემი ხაზის მესაკუთრე; აღნიშნული ქმედებები კი, მართლსაწინააღმდეგო იყო იმდენად, რამდენადაც ეწინააღმდეგებოდა უსაფრთხოების სტანდარტებს, რასაც ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები და უსაფრთხოების ტექნიკის წესები ადგენდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ სს „ე-პ.ჯ–ას“ მიერ, უსაფრთხოების, წინდახედულების ნორმების უგულველყოფითა და აუცილებელი ყურადღებიანობის მაღალი ხარისხის დარღვევით მიწოდებულმა ელექტროენერგიამ გამოიწვია დამდგარი ზიანი.

6.4.6. პალატამ აღნიშნა, რომ სს „ე-პ.ჯ–ა“ ვალდებული იყო მის მიერ, მომხარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდებისას დაეცვა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და ეკონტროლებინა ყველა შუალედური რგოლი და იმ დანადგარების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, რომელსაც იგი ელექტროენერგიის გადასაცემად იყენებდა ანდა მათზე ფაქტობრივი ბ–ობა და პასუხისმგებლობა, ხელშეკრულებით მესამე პირისათვის გადაეცა, რასაც განსახვილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. ასეთ შემთხვევაშიც, მართალია, დაზარალებულის წინაშე მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების წინაპირობები არ შეიქმნებოდა, თუმცა, ხელშეკრულებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს, თანამოპასუხედ აქცევდა. ბრალის წილის ხარისხი კი, ერთმანეთს შორის გადასაწყვეტ საკითხად დარჩებოდა. შესაბამისად, განსახილველ დავაში ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ სს „ე-პ.ჯ–ა“ წარმოადგენდა.

6.4.7. რაც შეეხება დანარჩენი მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნას, პალატამ იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხეთა წრიდან, 10 კვ. ფ. „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრე, ანდა მფლობელი არ იკვეთებოდა, ხოლო, მოსარჩელეს ზიანი მიადგა სს „ე-პ.ჯ–ას“ მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, რაც გამოიხატა წინდახედულობისა და უსაფრთხოების ნორმების უგულველყოფაში, კონტროლის განხორციელების გარეშე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზში ელექტროენერგიის გატარებაში, მის აღდგენასა, თუ ზედამხედველობაზე პასუხიმგებელი პირი ყოლის ვალდებულების იგნორირებაში, დადგენილად მიიჩნია, რომ ზიანისთვის პასუხისმგებელ სუბიექტს მხოლოდ სს „ე-პ.ჯ–ა“ წარმოადგენდა, ხოლო, დანარჩენი მოპასუხეები არასათანადო მოპასუხეებს წარმოადგენდნენ, შესაბამისად, მათ მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაადგინა, რომ 10 კვ. ფ. „ს–ოს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრე, ანდა მფლობელი არ იკვეთებოდა; ამასთან, საგულისხმო იყო, რომ ელექტროგადამცემი ხაზები (ეგხ) რეგისტრაციასავალდებულო საკუთრების ობიექტს წარმოადგენს. პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ ხაზზე ვერც ვინმეს მხრიდან განხორციელებული ფაქტობრივი ბ–ობა დადგინდა. შესაბამისად, დაისვა კითხვა, თუ ვის უნდა ეგო პასუხი აღნიშნული ხაზოვანი ნაგებობიდან მომდინარე ზიანზე. პალატის განმარტებით, ხაზოვან ნაგებობას, გარდა მესაკუთრისა, ანდა მფლობელისა, შეიძლება ჰყავდეს მოსარგებლე და მომხმარებელი. მოსარგებლე, ანუ პირი, რომელიც აღნიშნულ ხაზს ელ.ენერგიის მისაწოდებლად იყენებს და სუბიექტები, რომლებიც ელ.ენერგიას მოიხმარნენ. მოსარგებლე შეიძლება გაუთანაბრდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის კონტექსტში მფლობელს, თუმცა, პასუხისმგებლობა მომხმარებელს ვერ დაეკისრება, რადგან მომხმარებელს აქვს ელ.ენერგიის მასთან უსაფრთხოდ მიტანის მოთხოვნის უფლება, ხოლო ელ.ენერგიის მიმწოდებელია ვალდებული მომხმარებლამდე ელ.ენერგია უსაფრთხოდ მიიტანოს.

6.5.1. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრე და სივრცობრივი მფლობელი ვერ დადგინდა, თუმცა, გამოიკვეთა მოსარგებლე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ელ.ენერგიის ადრესატებამდე (მომხმარებლებამდე) უსაფრთხოდ მიტანაზე, მათ შორის, ყველა იმ დანადგარისა, თუ ნაგებობის უსაფრთხოებაზე, რომელსაც ის აღნიშნული მიზნისთვის იყენებდა. უფრო მეტიც, პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებული სიფრთხილე ელ.ენერგიის ლიცენზიანტებმა სწორედ იმ ხაზოვანი ნაგებობის სარგებლობისას უნდა გამოიჩინონ, რომელიც არავის საკუთრებასა, ანდა მფლობეობაშია და შესაბამისად, არც მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირია დანიშნული. ანუ, პალატის მოსაზრებით, ვინც ელ.ენერგიას აწოდებს, მანვე უნდა უზრუნველყოს მიწოდებისათვის გამოსადეგი გადამცემი ხაზების უსაფრთხოება, რათა მომხმარებლამდე ელ.ენერგია უსაფრთხოდ მივიდეს. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, ყველა პირი, ვინც ელ.ენერგიას მოიხმარს, გახდება პასუხისმგებელი მასთან მიტანილი ელ.ენერგიით მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტთან.

6.5.2. ამ მიმართებით, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სს „ე-პ.ჯ–ას“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 26 ოქტომბრის №5009263 წერილზე, რომლის მიხედვითაც, „ქვესადგურ „ფ–ან“ გამავალ 10 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ს–ოზე“ ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობისათვის ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო, ვინაიდან მსგავსი თხოვნით ეკომპანიისთვის არავის მიუმართავს“. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ თუ ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრე ან მფლობელი არ დგინდება, რაღა თქმა უნდა, ხელშეკრულების გასაფორმებლად სს „ე-პ.ჯ–ას“ არავინ მიმართავდა, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავდა იმას, რომ რომელ ელექტროგადამცემ ხაზებზეც ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო, უსაფრთხოება არ უნდა ყოფილიყო დაცული. უფრო მეტიც, სწორედ ასეთი ხაზებით ექსპლუატაცია წარმოუშობდა ლიცენზიანტ კომპანიას ვალდებულებას, თავად უზრუნველეყო არავის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული ხაზებით უსაფრთხო სარგებლობა. ამავე წერილით დადგინდა, რომ სემეკის 18.09.08 №20 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ავალდებულებდა არალიცენზიანტ ქსელის მფლობელ პირს მისი ელ.ხაზებით სარგებლობის თმენას, სხვა მომხმარებელთა ელ.ენერგიით მომარაგების მიზნით. ანუ, მესაკუთრეს ჰქონდა კანონისმიერი ვალდებულება ეთმინა მისი ელ.ხაზების გამოყენება, ხოლო, აღნიშნულ მომსახურებაში კანონით დადგენილი საფასურის მოთხოვნა ამ პირების უფლებას (და არა ვალდებულებას) წარმოადგენდა. წერილშივე განმარტებული იყო, რომ ვინაიდან 10 კვ. ეგხ „ს–ო“ არ წამორმოადგენდა სს „ე-პ.ჯ–ას“ საკუთრებას, ხაზის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი დანიშნული არ ჰყავდათ. აბონენტად აყვანას ეკომპანია ნორმატიული წესების, კერძოდ, 18.09.08 წლის №20 დადგენილების (მათ შორის მე-4, მე-5, მე-6; 26-ე; 26' და სხვა.) შესაბამისად ახორციელებდა. ეკომპანია ვალდებული იყო აბონენტამდე მიეყვანა ელ.ენერგია, მაგრამ ეკომპანიის პასუხისმგებლობა მთავრდებოდა გაყოფის წერტილთან (აღრიცხვის კვანძთან) და შიდა ქსელის გამართულ მდგომარეობაში არსებობაზე პასუხისმგებელ პირს თავად აბონენტი წარმოადგენდა. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ ეკომპანია ვალდებული იყო აბონენტამდე უსაფრთხოდ მიეტანა ელ.ენერგია, ხოლო, ის, რაზედაც ეკომპანიას ნორმატულად ვალდებულება (პასუხისმგებლობა) მოხსნილი ჰქონდა, შიდა ქსელის გამართულ ფუნქციონირებას წარმოადგენდა. განსახილველ შემთხვევაში, 10 კვ. ეგხ „ს–ო“ არ წამორმოადგენდა ე.წ. „შიდა ქსელს“, რაზეც სს „ე-პ.ჯ–ას“ შეეძლო პასუხისმგებლობა მოეხსნა. რაც შეეხება შპს „გ.კ–ას“, შპს „ჯ.კ–ს“, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №“-ს, შპს „ქ.ს–ს“, შპს „ე–ი-გ–ს“, შპს „ი. და მ–სა“ და შპს „ე.ი.ლ.ჯ“-ს, პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული სუბიექტები 10 კვ. ეგხ „ს–ოს“ მესაკუთრეები ან მფლობელები იყვნენ. ისინი, მარტოოდენ აღნიშნული ხაზით მიწოდებული ელექტროენერგიის მომხმარებლებს წარმოადგენდენ. მომხმარებელი კი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხო ექსპლოატაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტი ვერ იქნებოდა, რადგან ასეთად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი მფლობელს, მოცემულ კონტექსტში კი, ხაზით მოსარგებლეს, ანუ განსახილველ შემთხვევაში, სს „ე-პ.ჯ–ას“ მიიჩნევდა.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით სს „ე-პ.ჯ–ამ“ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.1. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და არც სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ძროხების სიკვდილი ელექტროენერგიის ზემოქმედებამ გამოიწვია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ირკვევა, რომ პირუტყვის დაცემის მიზეზი ვერ დადგინდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ არის დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული უმნივნელოვანესი ელემენტი - მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის საქონლის დაცემასა და სს „ე-პ.ჯ–ას“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

7.1.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სს „ე-პ.ჯ–ა“ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელად ითვლება, რადგან იგი ამ ქონებით სარგებლობს. ამ მტკიცების საპირისპიროდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის დარგი მეტად სპეციფიურია. სრულიად შესაძლებელია, რომ განაწილების ლიცენზიატი არ იყოს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი, მაგრამ სარგებლობდეს ამ ხაზით. ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობა არ არის დამოკიდებული უშუალოდ ხაზის მფლობელობაზე. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, დადგენილიც რომ იყოს სს „ე-პ.ჯ–ას“ საკუთრება ან მფლობელობა ელექტროგადამცემ ხაზზე, სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლი ადგენს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, მაგრამ მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა, ანუ, აუცილებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.

7.1.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო უსამართლოდ და კანონშეუსაბამოდ აფართოებს ეკომპანიის პასუხისმგებლობას. ამასთან, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სს „ე-პ.ჯ–ას“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრალეულ ქმედებას, რაც გამოიხატა წინდახედულობისა და უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფაში, კერძოდ, კონტროლის განხორციელების გარეშე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზში ელექტროენერგიის გატარებაში; მის აღდგენასა თუ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის ყოლის ვალდებულების იგნორირებაში; მაღალი ძაბვის ელექტროსადენით ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებაში მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნული გადამცემი ხაზის მესაკუთრე, რაც ეწინააღმდეგება ელექტროენერგიის მოხმარების დროებით წესებს და უსაფრთხოების ტექნიკის წესებს. კასატორმა აღნიშნა, რომ მსგავსი შინაარსის ნორმები საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების“ შესახებ №434 დადგენილებაში არ არსებობს. ამასთან, გაუგებარია რას გულისხმობს სასამართლო „კონტროლის განხორციელების გარეშე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზში ელექტროენერგიის გატარებაში“, რადგან ყველა ელექტროგადამცემი ხაზისათვის მუდმივი პერსონალური ზედამხედველის მიჩენის ვალდებულება არ არსებობს. ეკომპანიის მიერ ელექტროენერგიის გატარება ხდებოდა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რადგან ელექტროგადამცემი ხაზი სრულად აკმაყოფილებდა უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებს, რაც კასატორის მოსაზრებით დასტურდება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.09.2013 წლის დასკვნით.

7.1.4. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული; ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. კასატორი უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს საკუთარი პირუტყვი მწყემსისა და ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე ყავდა გაშვებული, რაც დასტურდება მისივე ჩვენებით სისხლის სამართლის საქმეში და პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომაზე მიცემული განმარტებით. მწყემსის არსებობის შემთხვევაში, იგი არ მისცემდა საშუალებას პირუტყვს, მიახლოებოდნენ ჩამოვარდნილ ელექტროგადამცემ ხაზს და შესაბამისად, ზიანი თავიდან იქნებოდა აცილებული.

7.1.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორისათვის ალოგიკურია მეთოდი, რომლითაც სასამართლომ დაადგინა ზიანის ოდენობა, კერძოდ, სასამართლომ ერთი მხრივ, არ გაიზიარა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის 2017 წლის 05 ივნისის №1/5/0076 დასკვნა 4 სული შვიცური ჯიშის მეწველი ძროხების საბაზრო ღირებულების დადგენის ნაწილში, ხოლო, მეორე მხრივ, სრულად გაიზიარა ხბოების და რძის მიუღებლობით მიყენებული ზიანი. კასატორის მოსაზრებით, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ ძროხები არ იყო შვიცის ჯიშის და არც დასტურდებოდა საქმის მასალებით, შესაბამისად, ხბოების და რძის მიუღებლობით მიყენებული ზიანიც იქნებოდა სულ ცოტა 1/3-ით ნაკლები. დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის დასკვნით ზიანი დათვლილია შვიცის ჯიშისთვის, რომლის წველადობა, იმავე დასკვნის თანახმად, დღეში 12 ლიტრამდეა, ხოლო, მოსარჩელე თავად უთითებს სისხლის სამართლის საქმეში ჩვენების მიცემისას, რომ მისი ძროხები დღეში 8 ლიტრს იწველიდნენ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით, სს „ე-პ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მისი კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვის შედეგად, რომლის მიზეზი, მისი განმარტებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნა გახდა.

15. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს არასახელშეკრულებო ზიანის - დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი ნორმები, ვინაიდან ზიანის მიყენებამდე მხარეები არ იმყოფებოდნენ ვალდებულებით ურთიერთობაში.

16. პალატა აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 1000.1 (თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიშ, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან ფეთქებადსაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერებების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

18. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ კასატორის პირველი პრეტენზია იმ გარემოებას შეეხება, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და არც სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ძროხების სიკვდილი ელექტროენერგიის ზემოქმედებამ გამოიწვია. შესაბამისად, კასატორის სადავოდ ხდის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას მოსარჩელის კუთვნილი საქონლის დახოცვასა და სს „ე-პ.ჯ–ას“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას არ უკავშირებს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარ განაჩენს. ასეთი განაჩენი მოთხოვნის უფლების მქონე პირს ათავისუფლებს მხოლოდ მტკიცების ტვირთისაგან. სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ გამორიცხავს, არ აქარწყლებს პირის უფლებას, სამოქალაქო-სამართლებრივი პრეტენზიის წაყენების შესახებ მანამდე, მისი მსვლელობისას ან მის გარეშე, თუმცა, ასეთ ვითარებაში, საჭიროა, რომ სახეზე იყოს ე.წ. „გენერალური დელიქტის“ სრული შემადგენლობა: მიყენებული ზიანი, დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, სამართალდარღვევის ბრალი. ამასთან, ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედებისა (უმოქმედობისა). ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას - ე.წ. „გენერალურ დელიქტს“ (სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1005-2020, 26.02.2021 წ.)

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანის მიმყენებელს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, აანაზღაუროს ზიანი „გენერალური დელიქტის“ არარსებობის შემთხვევაშიც, კერძოდ კი, მის ქმედებაში ბრალისა და მართლწინააღმდეგობის არქონის დროსაც.

21. ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მულის 1-ლი (თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს) და მე-2 (თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი) ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევები.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის განხილვისას, მტკიცების ტვირთის ზოგადი წესიდან გამონაკლისის დადგენას არც პროცესუალური კანონმდებლობა და არც სამოსამართლო სამართალი (პრაქტიკა) არ იცნობს. დელიქტური ვალდებულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, მტკიცებულებათა წარდგენა უფრო ლოგიკური და ბუნებრივია, რომ დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოპასუხე მხარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად ზიანი მიადგა, ხოლო, მოპასუხეს საკუთარი მტკიცების ფარგლებში ევალება, რომ წარადგინოს შედავება, რომელიც სრულად (ან ნაწილობრივ) გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სავალდებულებელო წინაპირობებს (ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ერთობლიობას) (იხ. სუსგ№ას-80-80-2018, 20 აპრილი, 2018 წელი). შესაბამისად, მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.სუსგ Nას-72-72-2018, 15.02.2018 წ.).

23. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე, შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

24. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. დასახელებული მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - 2013 წლის 07 სექტემბრისა და 21 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმების, მოსარჩელე ე.ს–ისა და მისი შვილის - ლ.ს–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების, სს „ე-პ.ჯ–ას“ თანამშრომლის, წამყვანი ინჟინრის - ა.ბ–ის ჩვენების, 2016 წლის 31 მარტის №001820116 ექსპერტიზის დასკვნისა და 18.08.2016 წლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების - ურთიერთშეჯერების, ერთობლივად გაანალიზების, გონივრული და ობიექტური განსჯის შედეგად, დგინდებოდა ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის გამო, ელექტროენერგიის ზემოქმედების შედეგად დაიხოცა.

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, სასამართლო ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (შდრ. სუსგ №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი). განსახილველ შემთხვევაშიც, სააპელაციო პალატამ სადავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინა, რაზედაც ვრცლად იმსჯელა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში (იხ. ამ განჩინების 6.1.4.-6.1.5. პუნქტები), ხოლო, მოპასუხემ ვერ შეძლო თავის წილი მტკიცების ტვირთის წარმატებით რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სათანადო ხარისხის მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა.

27. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ კასატორის მომდევნო პრეტენზია იმ გარემოებას ეხება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სს „ე-პ.ჯ–ა“ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელად იმ მოტივით, რომ იგი ამ ხაზით სარგებლობს. კასატორის განმარტებით, ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობა არ არის დამოკიდებული უშუალოდ ხაზის მფლობელობაზე.

28. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია კასატორის ზემოაღნიშნული შედავება, რადგან ის გარემოება, რომ სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურის მიმართ მოპასუხის მესაკუთრეობის ფაქტი ვერ დგინდება, არ გამორიცხავს ამ ნაგებობაზე მის მფლობელობას. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა კასატორს მიუთითებს ერთ-ერთ საქმეზე, სადაც უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მფლობელობა არ შეიძლება გაიზომოს ნივთთან სივრცობრივი კავშირურთიერთობით. მფლობელობა ფაქტია და იგი გამიჯნულია საკუთრებასთან. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც, ან ორივე ერთად. მფლობელობაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებებიც, მათ შორის, ნივთის გამოყენების უფლებაც. მოცემულ შემთხვევაში, როცა სს „თ.-ი“ მის კუთვნილ პროდუქციას, ელექტროდენს, მიაწოდებდა შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებულ ქვესადგურს და ახდენდა ამ ქვესადგურის გამოყენებას, ფაქტობრივად იგი იყო ამ ქვესადგურზე გარკვეული უფლების მატარებელიც.“ „მფლობელობის მიმართ გამოიყენება ორი სხვადასხვა დონის მფლობელობა: პირდაპირი და არაპირდაპირი. ნივთი შეიძლება ან მარტო პირდაპირი მფლობელის ბ–ობაში იმყოფებოდეს, ანდა იმავდროულად არაპირდაპირი მფლობელის ბ–ობის ქვეშაც. თუ ნივთის მფლობელობა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ხდება (სანივთო, ვალდებულებითი), ამ ურთიერთობაში მესაკუთრე წარმოადგენს არაპირდაპირ მფლობელს, ხოლო ის, ვინც გამოიყენებს ამ ნივთს, პირდაპირ მფლობელს. მოცემულ შემთხვევაში, სს „თ-ი“ აწვდიდა რა ელენერგიას ქვესადგურს და იყენებდა ამ ნაგებობას თავისი პროდუქციის სარეალიზაციოდ, იგი მისი პირდაპირი მფლობელი იყო, ხოლო მითითებული ქვესადგური იყო რა შპს „გ-ის“ საკუთრება, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმეთვალყურეოდ ჰქონდა მიტოვებული, ამ ქვესადგურის არაპირდაპირი მფლობელი იყო“ (იხ. სუსგ. საქმეზე №3კ/571-01, 8.08.2001წ.).

29. ამდენად, ანალოგიურ საქმეში, სასამართლომ სს „თ-ი“ მიიჩნია ელექტროქვესადგურის პირდაპირ მფლობელად და მას, არაპირდაპირ მფლობელთან (მესაკუთრესთან) ერთად, დააკისრა პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანისათვის.

30. საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ არგუმენტს გაიზიარებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსამართლოდ და კანონშეუსაბამოდ გააფართოვა ეკომპანიის პასუხისმგებლობა და არასწორად დაადგინა, რომ სს „ე-პ.ჯ–ას“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრალეულ ქმედებას, რაც გამოიხატა წინდახედულობისა და უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფაში.

31. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმეორებით განმარტავს, რომ განსახილველი დავა კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია და მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლია, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგბელობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს მხოლოდ ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა. შესაბამისად, მფლობელის (სს „ე-პ.ჯ–ას“) ბრალის დადგენა მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი არ არის.

32. ასევე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს ზიანის არაგონივრულ ოდენობასთან მიმართებით და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოპასუხეს, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ზიანის ოდენობასთან მიმართებით გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე კი, სადავო გარემოების სამტკიცებლად მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს ზიანის ოდენობასთან მიმართებით მისი პოზიციის გაზიარების საფუძველს. ამასთან, კასატორმა მიუთითა მხოლოდ ზიანის არაგონივრულ ოდენობაზე, თუმცა არ განუმარტავს, რა შეიძლება იყოს ზიანის გონივრული ოდენობა.

33. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას ზიანის დადგომაში შერეული ბრალის არსებობის თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზიანის ოდენობის შერეული ბრალის პრინციპის გათვალისწინებით დაანგარიშების საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული; ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი) და დამატებით განმარტავს, რომ თუ რაიმე სპეციალური კანონი განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი მოქმედებს ყველა სახელშეკრულებო და კანონისმიერი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას ეხება საქმე (Oetker, in MüKo BGB, 7. Aufl., 2016, § 254, Rn 7 ff) (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 415, ველი 9). დელიქტურ ვალდებულებებთან მიმართებაში სსკ-ის 415-ე მუხლის გამოყენება ეფუძნება ამავე კოდექსის 326-ე მუხლს, რომლის თანახმადაც წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (შდრ. სუსგ-ებები: Nას-786-735-2017, 03.11.2017წ.; Nას-150-150-2018 , 16.03.2018წ; ას-504-481-2016, 30.09.2016წ.).

34. პალატა აღნიშნავს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, კონკრეტული ზიანის დადგომაში არა მხოლოდ დამზიანებელს, არამედ ასევე დაზარალებულსაც შეაქვს თავისი „წვლილი“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი აწესრიგებს როგორც იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა მოხდეს დაზარალებულის ამ „წვლილის“ გათვალისწინება, ასევე, მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 405, ველი 1). შერეული ბრალის არსებობისას სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა გულისხმობს არა ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის მიერ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას და ზიანის შესაბამისი ნაწილის დაზარალებულზე (კრედიტორი) დაკისრებას. ამ ვითარებაში არსებული ზიანი მოვალისა და დაზარალებულის ერთობლივი მოქმედების განუყოფელი შედეგია. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება მხარეთა ბრალეულობის ხარისხით – უფრო მეტად თუ რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული (სსკ-ის 415-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 254-ე პარაგრაფი – ,,თანაბრალეულობა” (იხ: Münch Komm BGB/Oetker §254. Bd 2a. Rn. 10. Palandt/Heinrichs, §254. Rn.15. Staudinger/Schiemann. §254. Rn.67. Bamberger/Roth., Grüneberg §254. Bd. 1. Rn.11. 19)) (სუსგ Nას-992-2020, 29.09.2021წ.).

35. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უშუალოდ მიუთითებენ ზიანის გამომწვევ უშუალო მიზეზზე - მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნაზე, ხოლო, რაიმე მტკიცებულება, რაც ზიანის მიყენებაში მოსარჩელის ბრალსაც დაადასტურებდა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ მწყემსის არსებობის შემთხვევაში, იგი არ მისცემდა საშუალებას პირუტყვს, მიახლოებოდნენ ჩამოვარდნილ ელექტროგადამცემ ხაზს და შესაბამისად, ზიანი თავიდან იქნებოდა აცილებული. აღნიშნული მოსაზრება საკასაციო პალატის მოსაზრებით უსაფუძვლოა იმდენად, რამდენადაც 2016 წლის 31 მარტის №001820116 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2013 წლის 07 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ .......... მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.ს–ის კუთვნილი ოთხი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაღუპვის დროს დარღვეული იყო ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 პუნქტის მოთხოვნა; ამავე დასკვნის მიხედვით განიმარტა, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანების, „უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას“ 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, აკრძალულია 8 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოვება 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის სეგხ-ის მიწაზე დავარდნილ სადენთან, ძაბვის ქვეშ მყოფ 6-35 კვ სეგ-ის რკინაბეტონის საყრდენებთან, თუ არსებობს მიწასთან შერთვის დენის გადინების ნიშნები (იზოლატორის დაზიანება, სადენის საყრდენთან შეხება, ნიადაგიდან ტენის აორთქლება, ელექტრული რკალის წარმოშობა ანძის გრუნტში ჩამაგრების ადგილებში და სხვა); ასეთ შემთხვევაში, სადენებთან და ანძებთან ადამიანების და ცხოველების მიახლოების აღსაკვეთად ორგანიზებული უნდა იყოს დაცვა, შეძლებისდაგვარად უნდა დაყენდეს გამაფრთხილებელი პლაკატები ან ნიშნები და მომხდარის შესახებ ეცნობოს ხაზის მფლობელს. ამავე დასკვნით დგინდება, რომ ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 მოთხოვნის თანახმად, - დაუსახლებელ პუნქტში 110 კვ-მდე, საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზსა და მიწის ზედაპირს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 6 მეტრს. მოცემულ შემთხვევაში, ელექტროსადენი ჩამოვარდნილია და დევს ბუჩქებზე, რასთან შეხებამაც გამოიწვია ძროხების სიკვდილი, შესაბამისად, აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 პუნქტის მოთხოვნა (ტ.2, ს.ფ. 216-224). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ტერიტორიაზე არ იყო ორგანიზებული შესაბამისი დაცვა, გამაფრთხილებელი პლაკატები ანდა ნიშნები, მწყემსს, იქ ყოფნის შემთხვევაშიც, შეუძლებელია ევარაუდა მიწასთან შერთვის დენის გადინების ნიშნების არსებობაზე.

36. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, სს „ე-პ.ჯ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 784 ლარის 70% – 548.8 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ე.პ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. სს „ე-პ.ჯ–ას“ (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 784 ლარის (საგადასახადო დავალება N96210002, გადახდის თარიღი 22.03.2022) 70% – 548.8 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე